USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The New York Times»: „საქართველოს პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს“
თარიღი:  450

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს. პრეზიდენტი ვეტოს დადებას აპირებს, მმართველი პარტიას კი ვეტოს გადალახვა შეუძლია“. პუბლიკაციის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელიც თბილისში იმყოფება და პროცესებს თვალს ადევნებს.

სტატიაში მიმოხილულია ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა, რომლებმაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ქუჩაში გამოსვლა აიძულა, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაჩაღებული პროპაგანდის შედეგად.

„ოპოზიციამაც და მთავრობამაც ერთი შეხედვით მშვიდი სახელწოდების („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) მქონე კანონპროექტის მიღება საქართველოს ისტორიაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენად წარმოადგინეს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ კანონპროექტი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას განამტკიცებს, უზრუნველყოფს დაფინანსების გამჭვირვალობას. თავის მხრივ, ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტის მოთხოვნების რეალიზება საქართველოს დასავლეთთან დააშორებს“, - ნათქვამია მასალაში.

„ამერიკელი ოფიციალური პირები არ მალავენ, რომ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობაში პრობლემები მართლაც შეექმნება“, - წერს პუბლიკაციის ავტორი. იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიანის თბილისში ვიზიტის მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა ტელეგამოსვლის დროს თავისი უკმაყოფილება გამოამჟღავნა საქართველოს ხელისუფლების მოქმედების მიმართ: თუ კანონპროექტი საბოლოოდ დღევანდელი სახით შევა ძალაში და თუ მთავრობა საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობას არ შეწყვეტს, მაშინ აშშ იძულებული გახდება სანქციების დაწესებაზე იფიქროს, რომელიც ცალკეული პირების მიმართ ფინანსური და სავიზო შეზღუდვებით შეიძლება გამოიხატოს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ გადაიხედოს საქართველოსათვის აშშ-ის 390-მილიონიანი დოლარის დახმარების  გამოყოფის საკითხიც.

სტატიის ავტორი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტსაც, რომ ქართველმა პოლიციელებმა დააკავეს და სცემეს თბილისში 1990-იანი წლებიდან მცხოვრები ამერიკელი მოქალაქე, იურისტი ტედ ჯონასი, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.

პუბლიკაციაში ფართოდ არის გადმოცემული როგორც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელი „ანტიდასავლური“ კრიტიკული გამოსვლა „პროსამთავრობო“ მიტინგზე, აგრეთვე  „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეთა თვალსაზრისები: „მმართველ პარტიას სურს ხელისუფლებაში მუდმივად დარჩეს და ამიტომ მას რუსეთის იმედი აქვს“, - ციტირებს სტატიის ავტორი 39 წლის იურისტის ილია ბურდულის გამონათქვამს.

„ზოგიერთი კომენტატორი მხარს უჭერს მთავრობას და აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორი, რომელიც დასავლეთის მიერ ფინანსდება, ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. როგორც ჩანს, თბილისის მოქმედებას იწონებს კრემლიც: პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ევროკავშირი კი ქვეყნის პროევროპულ ორიენტაციას ეჭვის ქვეშ აყენებს“, - აღნიშნავს ავტორი.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი საქართველოში „გაჭიმულ ბაგირზე მოსიარულესავით“ მოქმედებდა და ბალანსს იცავდა: ერთი მხრივ, აქტიურად უწყობდა ხელს ქართველი ხალხის პროდასავლურ სწრაფვას და მეორე მხრივ - ყველანაირად ცდილობდა, რომ თავისთან მიეახლოვებინა მმართველი პარტია, რათა ის მოსკოვის ხელებში არ ჩავარდნილიყო. სწორედ ამიტომ მიანიჭეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომ ქვეყანა კრემლის ორბიტაზე არ დაბრუნებულიყო

მაგრამ დასავლეთის ბალანსირება სულ უფრო რთული ხდებოდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომელმაც ბევრი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა აიძულა ვიღაცის მხარე დაეჭირა. სხვათა შორის, რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა საქართველოს და ზოგიერთ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყანას გარკვეული სარგებლობა მოუტანა - მათ ტერიტორიაზე გადიოდა რუსეთთან ვაჭრობის გზები, დასავლური სანქციების დარღვევით.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ დასავლეთის ყურადღება უკვე სხვა მოვლენებით არის დაკავებული, ბრიუსელს და ვაშინგტონს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინტერესები გაუჩნდა და, შესაბამისად, საქართველოს მიმართ მათი ყურადღება შესუსტდა, ამიტომაც იფიქრა, რომ ამ კანონპროექტის მიღების გამო ის ფასი, რომლის გადახდა მას მოუწევს, შეიძლება მაინცდამაინც დიდი არ იყოს“, - ამბობს სტატიის ავტორთან საუბრისას ქართველი პოლიტიკური ანალიტიკოსი მიხეილ კეჭაღმაძე, - მთავრობას არ სურს ევროპასთან ინტეგრირება. ისინი კანონპროექტის მიღებით ინტეგრაციას ძირს უთხრიან“.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/05/14/world/europe/georgia-parliament-foreign-agents-bill.html

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის