USD 2.7078
EUR 3.1367
RUB 3.3394
თბილისი
The New York Times: პუტინი არც ისეთი ძლიერია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს
თარიღი:  1099

გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times აქვეყნებს საინტერესო სტატიას, გთავაზობთ თარგმანს.

10 წლიანი მმართველობის მანძილზე პირველად   პუტინის ხელისუფლება გადის ხანგრძლივ გამოცდას გამძლეობაზე.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ათასობით მანიფესტანტი გამოდის უქმე დღეებში  რუსეთის სოფლებისა და ქალაქების ქუჩებში, რათა გამოხატოს თავისი პროტესტი კორუფციასთან მებრძოლი ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო. უკმაყოფილებისა და პროტესტის ამგვარ შთამბეჭდავ გამოვლინებას კი კრემლი  მხოლოდ უხეშ ძალას უპირისპირებს. მაგალითად, გასულ კვირა დღეს  5000 კაცი დააკავეს და ამით მოხსნეს ერთ დღეს დაკავებულთა რაოდენობის რუსული რეკორდი, მათ შორის 1500 კაცი მხოლოდ მოსკოვზე მოდიოდა.

პროტესტის ჩახშობის ეს სტრატეგია წარმატებულად გამოიყენებოდა ადრეც.

2011-2012 წლების ზამთარში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ქუჩის აქციებით მმართველი პარტიის- „ედინაია როსია“-მიერ ფალსიფიცირებული  არჩევნები, რომელმაც პუტინი  პრეზიდენტის პოსტზე  დააბრუნა. მაგრამ ეს ხალხმრავალი პროტესტი საბოლოო ჯამში წარმატებით იქნა ჩახშობილი საპოლიციო და სასამართლო რეპრესიების გზით. თუ ვიმსჯელებთ სადამსჯელო ოპერაციებისა და რეპრესიის მასშტაბით, პუტინი ფიქრობს, რომ ამჯერადაც ამ მეთოდით მოახერხებს მღელვარების ტალღის ჩაცხრომას.იგი ელოდება საპროტესტო მუხტის განელებას და ამის დიდი იმედი აქვს.

 შესაძლოა ის მართალია, რადგან , მიუხედავად ყველაფრისა,  მანიფესტანტთა რიცხვი მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან შედარებით კვლავაც უმნიშვნელოა. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის  დადებითი რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა გასული წლების მაქსიმუმთან შედარებით,  მას მაინც მაღალი მხარდაჭერა აქვს. რუსულ ელიტაში განხეთქილების რაიმე ნიშნები არ ჩანს  და კვლავაც ხელისუფლების განკარგულებაშია მძლავრი რეპრესიული აპარატი. გარდა ამისა, კრემლს მტკიცედ უპყრია ხელთ პოლიტიკური ძალაუფლების ბერკეტები: სახელმწიფო დუმაში 450 ადგილიდან 335 „ედინაია როსიას“ დეპუტაციაზე მოდის და დანარჩენი ადგილებიც, პრინციპში, ხელისუფლების მხარდამჭერ პარტიებზეა გადანაწილებული.

მაგრამ გადაჭარბებით არ უნდა შევაფასოთ  პუტინის   ძალაუფლება და იმ პოლიტიკური სისტემის მდგრადობა, რომელსაც იგი  ხელმძღვანელობს.  არც მისი ძალაუფლება და არც პოლიტიკური სისტემა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

სისტემას, რომელსაც ხშირად წარმოაჩენენ ავტორიტარულ მონოლითად, სინამდვილეში  რაღაც უცნაური და წინააღმდეგობრივია. ეს სისტემა თავის საფუძველში არადემოკრატიულია(კომუნიზმის კრახის შემდეგ რუსეთში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მოსულა ხელისუფლებაში,  არ შემდგარა ხელისუფლების გადაცემის პრეცედენტი), მაგრამ იგი ინარჩუნებს ლეგიტიმურობას ელექტორატის მხარდაჭერისა და კონსტიტუციური ნორმების მოჩვენებითი  დაცვის გზით. როგორც ამბობს რუსი პოლიტოლოგი  დიმიტრი ფურმანი  ესაა „დემოკრატიის იმიტაცია“ . როგორც არ უნდა სურდეს პუტინს  ავტორიტარულ ლიდერად  ყოფნა, სულერთია, მას  უწევს კანონიერებისა და რეგულარული არჩევნების მოჩვენებითი სურათის შექმნა.

და სწორედ ამაში იმალება   კრემლის პოლიტიკური  სისტემის სისუსტის საიდუმლო.  ეს სისტემა  ქმნის შესაძლებლობას, მართალია ძალიან მცირე, მაგრამ მაინც შესაძლებლობას რუსი ხალხისათვის,  რომ მან არა მხოლოდ გამოხატოს თავისი უკმაყოფილება, არამედ ეს უკმაყოფილება გაფორმდეს პოლიტიკური შედეგებით.

სწორედ ამით განსხვავდება ამჟამინდელი საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ალექსეი ნავალნი უდგას სათავეში 2011-2012 წლების პროტესტისაგან. ანტიკორუფციულ დღის წესრიგის გარდა  ნავალნიმ შეიმუშავა „გონივრულად ხმის მიცემის“ („умное голосование“) სტრატეგია, რაც იმას გულისხმობს, ამომრჩეველი მობილიზდეს იმ კანდიდატების ირგლივ, რომლებიც ყველაზე უკეთ გაართმევენ თავს „ედინაი როსიას“ კანდიდატების დამარცხებას, მოახერხა დაქსაქსული საპროტესტო  ხმების მიზანმიმართულ ძალად ქცევა.

ამ სტრატეგიის შეფასება, რომელიც აპრობირებულ იქნა 2019 წლის  ადგილობრივ არჩევნებზე, ჯერ კიდევ ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ესაა ახალი გამოწვევა პუტინისა და მისი პარტიისათვის.  გამოკითხვის მიხედვით სადღეისოდ პუტინის „ედინაია როსია“ აგროვებს ხმების დაახლოებით 30 პროცენტს და მოუწევს თადარიგის დაჭერა და სიფრთხილის  გამოჩენა-პარლამენტის არჩევნები  სექტემბერში უნდა გაიმართოს.

მასობრივი გამოსვლებისთვის საფუძველი  საკმარისზე მეტია. გასული წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთის შემოსავლების საშუალო მაჩვენებელი დაეცა 10%-ზე მეტად. პანდემიამ გამოიწვია ისედაც მოწყვლადი ეკონომიკის მეტად დაცემა. ცხოვრების დონე ძველებურად დაბალია: 2020 წელს  20 მილიონი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ამ მოცემულობაში ნავალნის ანტიკორუფციული მასალები(მათ შორის ფილმები, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი ის ფუფუნება, რომელშიც ბანაობენ ხელისუფლების წარმომადგენელები გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე) პირდაპირ მიზანში ურტყამს.

კრემლისთვის ყველაზე შემაშფოთებელი ამ ყველაფერში არის ის, რომ ამ იდეებმა, ამ საპროტესტო მუხტმა გამოძახილი ჰპოვა რუს ახალგაზრდებში.  პუტინის ხელისუფლების დროს გამოზრდილი თაობა უფრო მეტი აზარტით გამოდის საპროტესტოდ, ვიდრე უფროსი თაობის ადამიანები და მეტი აქტიურობით უპირისპირდება ხელისუფლებას.

პროტესტზე ხელისუფლების აგრესიული რეაქცია ჩაფიქრებულია როგორც ძალის დემონსტრაცია.  მაგრამ იგი აგრეთვე მიუთითებს  იმ არათანმიმდევრულობაზე, იმ არამდგრად ერთსულოვნებაზე, რაზეც დგას სისტემა. ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში, ისეთებში, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი და სომხეთი არჩევნებმა,რომლებიც საეჭვოდ ჩატარდა, გამოიწვია იმ მასშტაბის საპროტესტო ტალღა, რომელიც დამთავრდა ხელისუფლების შეცვლით.

კრემლს სურს გამორიცხოს ამგვარი გამოსავლის თვით შესაძლებლობაც კი. ნავალნის დასჯასთან ერთად  კრემლმა დააკავა რამდენიმე მისი უახლოესი  თანამებრძოლი.  სამშაბათს ნავალნის მიუსაჯეს  ორწელიწადნახევარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. როგორც ჩანს, ყველა მომდევნო ტალღა პროტესტისა ჩახშობილი იქნება ძალის გამოყენებით.

უახლოესი კვირეებისა და თვეების განმავლობაში  პუტინი აღმოჩნდება დილემის წინაშე. ქანჩის კიდევ უფრო მოჭერა  გამოიწვევს უკმაყოფილებისა და პროტესტის მატებას, ხოლო მომავალი საპარლამენტო არჩევნების ღიად გაყალბება სრულად ჩამოხსნის მის ხელისუფლებას მოჩვენებითი დემოკრატიულობის ნიღაბს. მაგრამ თუკი დაუშვებს, რომ ნავალნის მოძრაობა გაიზარდოს და გაძლიერდეს, კრემლი აღმოჩნდება სერიოზული წინასაარჩევნო პრობლემების წინაშე, რომლისთვისააც ის მზად არ არის.

იქამდე, სანამ  შეძლებს „იმიტირებული დემოკრატიის“ რეჟიმი აქციოს ნამდვილ, ცოცხალ დემოკრატიად, რუსეთს მოუწევს გრძელი გზის გავლა. მაგრამ პირველად ხდება, რომ  ყველა კოზირი პუტინის  ხელში აღარაა და იგი  აღარ  წარმოადგენს პოლიტიკური ვითარების „ხაზეინს“.

წყარო: The New York Times

 

 

 

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 19 ნოემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების ბოლო წარუმატებელი მატჩები ყველასთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ მთავარი სწორი ანალიზის გაკეთებაა.

„ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. რაც შეეხება საქართველოს ერივნულ ნაკრებს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ბიჭებს. ეს ის თაობაა, რომელმაც ფეხბურთის სიყვარული განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანა. გვქონდა კარგი თამაშები, ისტორიაში პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მარცხი ყოველთვის დასანანია. ფეხბურთში, როგორც იტყვიან მოგება და წაგება ძმები არიან. წინასწარ რთულია ისაუბრო იმაზე, რომ ყველა თამაშს მოიგებ. ხდება წარუმატებლობაც.

მინდა, ჩვენს ბიჭებს მივმართო, გული არ გაიტეხოთ. მთავარია, სწორი ანალიზი გაკეთდეს, რა იყო მიზეზი ამ წარუმატებლობისა. შეუძლებელია, ყოველთვის კარგად ითამაშო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ მაშინაც კი, როცა წარუმატებლობაა. რას ვიზამთ, სპორტია. ყველას გვაქვს სურვილი, რომ ნაკრებმა ყოველთვის მოიგოს, მაგრამ ასეც ხდება. გული არ გაიტეხოთ, თავი მაღლა ავწიოთ და გავაკეთოთ ანალიზი, რატომ იყო ჩვენი თამაშები წარუმატებელი და შემართებით მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფეხბურთელების მიზანმიმართული შეურაცხყოფა მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები მათ გულშემატკივრობას არ შეწყვეტენ.

„ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიებს ფეხბურთელების, სპორტსმენების მიმართ. ეს დამოკიდებულება ყველა სფეროშია, ხდება ადამიანების შეურაცხყოფა. ვინც ჯანსაღად აზროვნებს და უყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველა თქვენს გვერდითაა. მახსოვს წარუმატებელი პერიოდი, როცა ვერ ვიგებდით თამაშებს და გულშემატკივრების უმრავლესობა, მიუხედავად ნიჰილიზმისა, თქვენს გვერდით იყო, არასდროს მიუტოვებიხართ. ასე იქნება მომავალშიც - სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან თქვენი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ 2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება.

მისივე თქმით, ის ჯარიმები, რომლებიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, მის არასათანადო წესით ტრანსპორტირებას, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას, ასევე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციას ეხება, დაახლოებით, 5-ჯერ გაიზრდება.

„აღნიშნულ საკითხებზე განსაზღვრული ჯარიმები უკვე მრავალი წელია არსებობს, თუმცა ჯარიმის ეს ოდენობები ვეღარ უზრუნველყოფს პრევენციულ ხასიათს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვემზადებინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6 000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევისთვის გაიზრდება 2 500-დან 30 000 ლარამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების დაკისრება რამდენჯერმე გადავადდა, რათა ამ ბიზნესით დაინტერესებული სუბიექტები სათანადოდ მომზადებულიყვნენ.

„აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებს უნდა მოემზადებინათ სარეალიზაციო ადგილები დადგენილი წესის შესაბამისად. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას მათთან ჰქონდა კომუნიკაცია და დეტალურად გავაცანით თუ სად, როგორ და რა პირობებში აქვთ უფლება ამ მასალების განთავსების და შემდეგ რეალიზაციის. მიმდინარე წლის დასაწყისში, კვლავ დავაანონსეთ, რომ ეს წელი იქნებოდა ბოლო საშეღავათო პერიოდი და 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, უკვე დავიწყებდით კონტროლს და არასათანადო წესით რეალიზაციის შემთხვევებს უკვე დავაჯარიმებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, იცვლება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირი ადმინისტრაციული საჩივარს არ ჩაიბარებს, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და 30-ე დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად.

თბილისის მერის განმარტებით, ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარება საჩივრის ავტორის მიერ არ ხდება.

„მიუხედავად იმისა, თუ რამდენით გაიზრდება ჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევაზე, მექანიზმს ბოლომდე ვერ ექნება პრევენციული ხასიათი, თუ პროცესი ბოლომდე არ მივიდა. ჩვენი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი ჯარიმას რომ გამოწერს და ჩასაბარებლად მიდის, კონკრეტული ობიექტის მეპატრონე არ იბარებს ხოლმე. ეს ყველაფერი, ცხადია, კეთდება მიზანმიმართულად, რადგან თუ ამ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს პირი, ვერ მოხდება ამ ჯარიმების აღსრულება. შესაბამისად, შეიძლება წლები ისე გავიდეს, რომ პირმა საერთოდ არ ჩაიბაროს ეს გადაწყვეტილება და არც ამ ჯარიმის გადახდა მოუწიოს.

აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად. ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტს უკვე შეეძლება, რომ გადაწყვეტილება აღსრულოს, თუ, რა თქმა უნდა, პირი ამის შემდეგ სასამართლოს არ მიმართავს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

„ტაქსების რეფორმა რამდენიმე ეტაპად განვახორციელეთ: შემოღებულ იქნა მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა; დადგინდა A კატეგორიის ტაქსის ფერის სტანდარტი; აიკრძალა მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მგზავრთა გადაყვანა; დაინერგა მობილური აპლიკაციები ტაქსით მომსახურების პროცესის გამარტივების მიზნით; აუცილებელი გახდა ტაქსის მანათობლის გამოყენება და ა.შ. ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით შეწყდა ნებართვის გაცემაც და ძალაში დარჩა მხოლოდ უკვე აღებული ნებართვები. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად უდიდესი ეკონომიკური აქტივი გაუჩნდა თითოეული ნებართვის მფლობელ პირს და მას ეს აქტივი უკვე თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, განკარგოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ცვლილებების სრულყოფილად დანერგვა და მათ შორის ტაქსის მძღოლების ადაპტირება რეგულაციებთან გარკვეულ დროს და ენერგიას მოითხოვდა.

„მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რა თქმა უნდა, აქტიური და უშუალო კომუნიკაციები მიმდინარეობდა ამ სფეროთი დაინტერესებულ თითოეულ პირთან. ხდებოდა მათთან შეხვედრები, მოსაზრებების გაცვლა და შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა. ამ პროცესებში იყო შემთხვევები, როცა მგზავრთა ტაქსით გადაყვანა ხორციელდებოდა ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით. ამიტომ, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მანვე მოსახლეობას განუმარტა, რომ 2025 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სამართალდარღვევებზე უკვე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები მთელი სიმკაცრით.

„მივმართავ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული საკითხები. იმედი მაქვს, რომ ყველა ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესების ფარგლებში. ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მივაწოდებთ პარლამენტს. აქვე მინდა, ვთხოვო პარლამენტის წარმომადგენლებს, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ საკანონმდებლო ინიციატივებში, რადგან აღნიშნული საკითხები პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. ასევე, მიგვაჩნია, რომ ცვლილებებს, სამართალდარღვევების შემცირების კუთხით, ქმედითი პრევენციული ხასიათიც ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერია დეველოპერებს ახალ სერვისს შესთავაზებს. კერძოდ, მშენებელს/დეველოპერს მიეცემა შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართოს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას და სამშენებლო ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობა შეამოწმოს.

თბილისის მერის განმარტებით, ეს არის სამშენებლო სექტორისთვის შეთავაზებული დამატებითი სერვისი, რომელიც მშენებლობის პროცესს ყველა ეტაპზე სანებართვო პირობების თანახმად წარმართავს.

„იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენთვის სამშენებლო მიმართულება - სწორი სანებართვო პროცესი და მშენებლობების დარღვევის გარეშე წარმოება. ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მშენებლობას ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელი უკავია. ამიტომ, ჩვენი მხრიდან აღნიშნული სფერო ყოველთვის მხარდაჭერილია, თუმცა მთავარია, პროცესი მიმდინარეობდეს სწორად, დარღვევების გარეშე. ჩვენ არავის ვუშლით ხელს, განახორციელოს აღმშენებლობა და განვითარება, მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება მწვანე, რეკრეაციული სივრცეების ან სპორტული მოედნების ხარჯზე. იცით, როგორ დავუპირისპირდით იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც წლების განმავლობაში ნორმად იყო მიღებული და არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა რეკრეაციული არეალების ხარჯზე. პირიქით, ხელს ვუწყობთ ასეთი სივრცეების ქალაქისთვის დაბრუნებას. პარალელურად, ხელს ვუწყობთ აღნიშნული სექტორის განვითარებასაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ თავისი დამოკიდებულება გაამკაცრა და რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა.

„ჩვენს მიერ განხორციელებული ამ ცვლილებებით, უკვე მაქსიმალურად ვახდენთ სამშენებლო დარღვევების პრევენციას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თავად მშენებლები, დეველოპერებიც უკვე დაინტერესებულები არიან, რომ სამშენებლო პროცესი წარმართონ დარღვევების გარეშე. გვინდა, ამ მიმართულებით დამატებითი სერვისი შევთავაზოთ სამშენებლო სექტორს. კერძოდ, თუ მშენებელს/დეველოპერს აქვს ეჭვი, რომ თუნდაც მცირედი დარღვევა აქვს მშენებლობაზე, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართონ მუნიციპალურ ინსპექციას და მოითხოვონ სამშენებლო ობიექტის შემოწმება, რამდენად სწორად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი და ხომ არ არის ის სანებართვო პირობებთან შეუსაბამო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ ბევრი დეველოპერი ისარგებლებს ახალი სერვისით.

„აღნიშნული სერვისის მიღება დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რისთვისაც მათ შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით მოუწვეთ შესაბამისი ოდენობის მოსაკრებლის გადახდა, რომელიც იქნება არაუმეტეს 40 000 ლარისა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ისარგებლებს ამ სერვისით, რაც ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, თავად მშენებლობას, რათა პროცესი იყოს წარმართული სანებართვო პირობების შესაბამისად და თუ სადმე, რომელიმე ეტაპზე ფიქსირდება დარღვევა, მისი გამოსწორება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის