აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგეი: ბევრმა უკრაინულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტა“ (ავტორი - ქონსთანთ მეჰიუთი), რომელიც ამერიკული ფინანსური დახმარების პროგრამების შეჩერებას ეხება. „უკრაინაში თითქმის ყველა დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალება ამერიკული ფულით არსებობდა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
სულ ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განკარგულება გამოსცა აშშ-ის საგარეო დახმარებისა და განვითარების პროგრამების მთლიანად შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ საომარი მოქმედებებით გაწამებულ უკრაინაში მისი შედეგები უკვე სრულად იგრძნობა. რამდენიმე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისინი იძულებულნი არიან თავიანთი საქმიანობა შეაჩერონ, ვეტერანების და შიდა გაადაადგილებული პირების მომსახურების ჩათვლით.
განკარგულების მოქმედების ვადა 90-დღიანია, ანუ იმ დრომდე, სანამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საგარეო დახმარების აუდიტს არ დაასრულებს.
შეერთებულმა შტატებმა, რომელიც უკრაინისათვის მთავარ ფინანსურ-მატერიალურ მხარდამჭერს წარმოადგენს, ომის დაწყებიდან კიევს 37 მილიარდზე მეტი დოლარის დახმარება გაუწია. ამ თანხაში შედის მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურება და ბიუჯეტში მისი პირდაპირი ჩარიცხვა ხდება. დახმარება ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.
უკრაინის საქველმოქმედო ორგანიზაციის „იმედი უკრაინისათვის“ გენერალური დირექტორის იური ბორჩკოს თქმით, დახმარების შეწყვეტის შედეგები დაუყონებლივ გამოვლინდება: „როგორც ჩემი ორგანიზაცია, ასევე რამდენიმე უკრაინული საქველმოქმედო გაერთიანება ფროტის ხაზის პირას მდებარე სოფლების მოსახლეობას შეშით ამარაგებს. ახლა, შუაგულ ზამთარში, შეშის მიწოდების შეჩერებას მოსახლეობა სწრაფად იგრძნობს. ხერსონისა და ხარკოვის ოლქების ფრონტისპირა ნაწილებში ელექტროენერგიის მიწოდება დიდი ხანია აღარ ხდება და თუ ამას უშეშობაც დაემატება, ადამიანები სთბოსა და საჭმლის მომზადების წყაროს გარეშე დარჩებიან“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მთავრობას დაავალა მოამზადოს ანგარიში იმ შედეგების თაობაზე, რაც ამერიკული დახმარების შეწყვეტას მოჰყვება. მისი თქმით, მთავრობა განსაზღვრავს, თუ რომელი მიმართულებაა ყველაზე კრიზისული. შესაბამისად, ხელისუფლება გარკვეულ საკომპენსაციო თანხას გამოძებნის და ამერიკულ დახმარებას როგორმე ჩაანაცვლებს - განსაკუთრებით ომის ვეტერანებთან და ბავშვებთან დაკავშირებით, ასევე ინფრასტრუქტურის მუშაობის უზრუნველსაყოფად.
USAID-ის წარმომადგენელმა დაუდასტურა „ნიუ-იორკ თაიმსს“, რომ პროგრამების მოქმედება და გრანტების გაცემა სამი თვით არის შეჩერებული, ანუ იმ ხნის განმავლობაში, სანამ აუდიტი არ დასრულდება. გამონაკლისის სახით მუშაობას გააგრძელებენ ის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო მდივნის სპეციალური ნებერთვა ექნებათ. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, დახმარების გაყინვა გაპირობებულია იმით, რომ აუცილებელია უპირატესობა აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვას მიენიჭოს და რომ უწყება ძველებურად ბრმად აღარ გააგრძელებს „ფულის ისეთ ფანტვას, თუ მას ამერიკელი ხალხისთვის სარგებელი არ მოაქვს“.
კიევში მოქმედი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ცდილობენ, რომ უკრაინისათვის გარკვეული გამონაკლისი იქნეს დაშვებული, რადგან საომარ მდგომაეობაში მყოფი ქვეყნის მოსახლეობისათვის დახმარება უკიდურესად აუცილებელია. განსაკუთრებით ეს ეხება სკოლების, საავადმყოფოების, მუნიციპალური სამსახურების მუშაობას, წყლით და გაზით უზრუნველყოფას, სასურსათო პროგრამებს: „როცა ადამიანები ადგილზე იღებენ დახმარებას, ეს მიგრაციულ პროცესებს ამცირებს“, - ამბობს იაროსლავ იურჩიშინი, უკრაინელი დეპუტატი.
ივონა კოსტინას - ვეტერანებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია Veteran Hub-ის ხელმძღვანელის თქმით, „სამწუხაროდ, დახმარების 90-დღიანი შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგავთ პერსონალს, ოფისს და რაც მთავარია, ჩვენი კლიენტურის ნდობას... დაფინანსების მოულოდნელი შეწყვეტა პარტნიორობის სანდოობას ძირს უთხრის“.
რა თქმა უნდა, მსგავს არასახარბიელო მდგომარეობაში არიან სხვა არასამთავრობოებიც, მაგალითად, ACTED-ის ორგანიზაცია. მისი წარმომადგენლის თქმით, რომელმაც სახელის გამხელა არ მოისურვა, მოუწევთ თითქმის 100 თანამშრომლის გათავისუფლება ხელფასის გადახდის გარეშე, რომელიც მათ საბანკო ანგარიშებზე იანვრის ბოლოს უნდა დარიცხულიყო. „ჩვენ სპეციალურად მიგვითითეს, რომ გადაგვეხედა და გაგვეუქმებინა ის პროგრამები, რომლებიც გენდერულ თანასწორობასა და ჰომოსექსუალისტების უფლებების დაცვას ემსახურება“.
უკრაინაში ბევრი მედიაპროექტი გრანტებით არსებობს, რაც მათ დამოუკიდებელი სტატუსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, მაგრამ ახლა მათ მდგომარეობას საფრთხე ექმნება, ისინი დახმარებას იტხოვენ.
ბოგდან ლოგვინენკო, მედიაპროექტ Ukrainer-ის დამფუძნებელი, რომელიც უკრაინის შესახებ უცხოურ ენაზე გამოქვეყნებულ სტატიებს უკრაინულ ენაზე თარგმნის, აცხადებს, რომ მას იმედი არ აქვს, რომ 90 დღის გასვლის შემდეგ ამერიკული დაფინანსება აღდგება: „ჩვენი საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი შანსი ჩვენ თვითონვე ვართ“, - აღნიშნავს იგი და საზოგადოებას საქველმოქმედო შეწირულებებისაკენ მოუწოდებს. ბოგდან ლოგვინენკოს თქმით, დრემდე უკრაინის დამოუკიდებელი მასმედიის 80%-ზე მეტი აშშ-ის მიერ ფინანსდება.
როგორც ჩანს, ყველა ორგანიზაციისათვის არ იყო ცნობილი, რომ მათ დაფინანსება შეუწყდებოდათ. მაგალითად, საქვემოქმედო ფონდის Схід SOS-ის მმართველი საბჭოს ოქსანა კიანცევას განცხადებით, მის ორგანიზაციას საქმიანობის შეჩერების შესახებ შეტყობინება წინასწარ არ მიუღია და აქედან გამომდინარე, დაფინანსების შეწყვეტა სრულიად მოულოდნელად მოხდა.
გამოკითხული ორგანიზაციების უმრავლესობა შექმნილი სიტუაციის გამო უკიდურესად არიან შეშფოთებულები: „რეალური მდგომარეობა გვაჩვენებს, თუ რამდენად ახლოს დგას ჩვენთან დიდი გეოპოლიტიკა“, - ამბობს ლესიკ იაკიმჩუკი, არასამთავრობო ჯგუფის „ლინზის“ დირექტორი, რომელიც საბავშვო ონლაინ-პროგრამებს ამუშავებს, - „გამოდის, რომ დამფინანსებელ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს შეუძლიათ უკრაინელი ბავშვების მდგომარეობა გააუარესოს. ეს არის დიდი პოლიტიკის ნეგატიური ექო“.
წყარო: https://www.nytimes.com/2025/01/28/world/europe/ukraine-trump-aid-freeze.html
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.