USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«The New York Times» (აშშ): „უკრაინის კონტრშეტევას ფართო დანაღმული ველები აბრკოლებს“
Date:  

 „უკრაინის არმიის კონტრშეტევა თითქმის ორი თვეა მიმდინარეობს, მაგრამ საომარი მოქმედებები იმ მოლოდინს არ ამართლებს, რაც დასავლეთში და უკრაინაში იყო შექმნილი. რა უშლის ხელს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას? მთავარი და სერიოზული დაბრკოლება, რასაც უკრაინის არმია აწყდება, ექსპერტების აზრით, ესაა რუსების მიერ დანაღმული ველები - ფრონტის ხაზი და მის მიღმა არსებული ყოველი მეტრი სიკვდილს თესავს“, - ნათქვამია ამერიკულ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის კონტრშეტევას ფართო დანაღმული ველები აბრკოლებს“ (ავტორი - მეთიუ ბიგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სამწუხაროდ, კიევს საკმარისად არ აქვს ის ინსტრუმენტები და სპეციალური ტექნიკა, რომელიც დანაღმულ ველებს გააუვნებლებს.

ფილადელფიაში არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის რობერტ ლის თქმით, პრობლემა იმაშია, რომ რუსეთმა გზებისა და მინდორ-ველების დანაღმვა „ინოვაციური წესით“ განახორციელა, თავდაცვის რამდენიმე ხაზის ჩარჩოებში. სწორედ მათი გადალახვის მცდელობის დროს განიცადა უკრაინის არმიამ მძიმე ტექნიკისა და პირად შემადგენლობის დიდი დანაკარგები კონტრშეტევის საწყის ეტაპზე, რის სედეგადაც საომარი მოქმედებების ინტენსივობა შეფერხდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ, გარკვეული დასკვნების შედეგად, უკრაინის არმიის სახმელეთო ქვედანაყოფებმა შეტევა კვლავ განაახლეს - „ამჟამად ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, კიევმა შეტევაში ახალი სარეზერვო ძალები ჩააბა. უკრაინა ასევე იყენებს ტანკებსა და სპეციალურ განმნაღმავ ტექნიკას, დასავლელი მოკავშირეების მხრიდან მიწოდებულს.

მაგრამ როგორც კი უკრაინელებმა სპეცტექნიკა ბრძოლის ველზე გაიყვანეს დანაღმული ველების გასაუვნებლად, რუსებმა თავიანთი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ავიაცია გამოიყენეს და უკრაინის არმიის მოწყვლადი ადგილებით ისარგებლეს.

ავსტრალიის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორის მიკ რაიანის თქმით (იგი ლოუის ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელია), განნაღმვის ტექნოლოგია ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არცთუ სწრაფად ვითარდებოდა, მისი სრულყოფა დაყოვნდა დრონებისა და ზუსტ მართვად რაკეტებთან შედარებით.

„უკრაინას განნაღმვის პროცედურის დასახვეწად ახალი ტექნოლოგიების შექმნა ჭირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აუცილებელია „განნაღმვის მანჰეტენის პროექტი“, - ამბობს მიკ რაიანი, რომელსაც მხედველობაში აქვს მეორე მსოფლიო ომის წლებში არსებულიაშშ-ის პროგრამა ატომური ბომბის შექმნისათვის.

უკრაინას კონტრშეტევის წარმატებით გასავითარებლად ფაქტიურად არ აქვს სამხედრო-საჰაერო ძალები ანუ სახმელეთო ძალების ჰაერიდან მხარდაჭერა არ ხდება. ავიაცია კონტრშეტევის წარმატებისათვის აუცილებელია - დამრტყმელი ვერტმფრენები, რეაქტიული ავიაგამანადგურებლები, ბომბდამშენები.. დასავლეთი კი ავიასაშუალებების გადაცემას აჭიანურებს.

შეიარაღების დეფიციტისა და სხვა პრობლემების მიუხედავად, უკრაინის არმია ცდილობს სამ ფრონტზე შეტევას - მათგან ორი სამხრეთის სექტორშია, ზაპოროჟიედან და ხერსონიდან, ერთი კი ჩრდილოეთში, ბახმუტთან (არტემოვსკთან), რომელიც რუსულმა არმიამ მაისში დაიკავა. უკრაინის სარდლობა ისე მოქმედებს, რომ რუსეთი აიძულოს ძალების გადანაწილებაში შეცდომა დაუშვას, რასაც კიევი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

„უკრაინელები ცდილობენ რუსებს პრობლემები შეუქმნან ისე, რომ მათ რეზერვები მთლიანად გამოიყენონ“, - ამბობს რობერტ ლი, რომელიც ამას წინათ დაბრუნდა კიევიდან, სადაც იგი უკრაინის არმიის სარდლობის წარმომადგენლებს ესაუბრა.

ფილადელფიელი მკვლევარის აზრით, თუ უკრაინა მხოლოდ ერთი მიმართულებით მიაღწევს წარმატებას და აღმოჩნდება, რომ ეს მთავარ მიმართულებას წარმოადგენს, მაშინ შედეგები არასაკმარისი იქნება. სავარაუდოდ, რუსეთი სწრაფად იმოქმედებს და ფრონტის ხაზის გარღვევის ადგილზე რეზერვებს გადაისვრის. „ამიტომ აუცილებელია შეტევა წარმატებით სამივე მიმართულებით განხორციელდეს“.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/07/31/world/europe/ukraine-counteroffensive-minefields.html?auth=login-google1tap&login=google1tap

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way