USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „საბჭოთა საახალწლო კლასიკური ფილმი, რომელსაც თვით კრემლის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანებიც კი უყურებენ“
თარიღი:  1111

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „საბჭოთა საახალწლო კლასიკური ფილმი, რომელსაც თვით კრემლის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანებიც კი უყურებენ“ (ავტორი - ვალერია საფრონოვა). ვრცელ პუბლიკაციაში განხილულია ერთ-ერთი საბჭოთა საახალწლო კინოსურათი, რომელსაც გადაღებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბევრი დღესაც სიამოვნებით უყურებს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

საკმაოდ ბევრია ფილმები, რომელთა ბევრჯერ ნახვა ბევრ ადამიანს არ სწყინდება, პირიქით, მოთხოვნილება აქვს უყუროს. ერთ-ერთი ასეთი კინოსურათია საბჭოთა ფილმი „ბედის ირონია, ანუ გაამოთ!“, რომელიც საბჭოთა ტელეეკრანზე პირველად 1976 წლის პირველ იანვარს აჩვენეს (რეჟისორი ელდარ რიაზანოვი).

როცა მთელ მსოფლიოში რუსულენოვანი მოსახლეობა საახალწლო გემრიელ საჭმელებს ამზადებს, „ბედის ირონია“ ბევრი ოჯახის ტელეეკრანზე მოჩანს საახალწლო ფონად: ზოგი პირდაპირ ტელეპროგრამით უყურებს, ზოგი კი „იუთუბით“, ზოგი კი „სმოტრიმ“-ით - რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ვებ-საიტით.

ეს ფილმი ერთმანეთში ითავსებს რომანტიკული კომედიის ელემენტებს, ფრონდერული სოციალური კომენტარებით, სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეულ საბჭოური ცხოვრების ერთფეროვნებით, რომელიც მას საკმაოდ პიკანტურ ხასიათს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში საბჭოთა ხელისუფლების შენიღბული კრიტიკა ჩანდა (და ამას „ზემოთაც“ კარგად ხედავდნენ), „ბედის ირონიის“ ჩვენება ყოველწლიურად, ახალი წლის წინ ტრადიციულად გრძელდებოდა და ახლაც გრძელდება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - კერძოდ, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში და, რა თქმა უნდა, რუსეთშიც.

ბევრი ადამიანისათვის, რომლებიც საბჭოთა კავშირში ან მისი დაშლის პერიოდში გაიზარდნენ, „ბედის ირონია“ საახალწლო დღესასწაულების დროს თითქმის იგივეა, რაც ამერიკელებისთვის საშობაოდ „გრინჩი“ და „მარტო სახლში“. თუმცა ამერიკული უწყინარი ანალოგებისაგან განსხვავებით, „ბედის ირონია“ ხშირად დავას და გაღიზიანებას იწვევს, განსაკუთრებით 2014 წლიდან, როცა რუსეთმა ანტიუკრაინული მოქმედება დაიწყო. სამხედრო- პოლიტიკურმა უთანხმოებამ უკრაინაში რუსული კულტურისა და მისი ატრიბუტებისაგან გაუცხოება გამოიწვია.

ბევრმა იცის, მაგრამ მაინც გავიხსენოთ: ფილმი იწყება მოკლე სატირული მულტფილმით საბჭოთა ბიუროკრატიის შესახებ, რომელიც დეკრეტებითა და ბრძანებებით ნერგავდა საბჭოთა ერთნაირ და ერთი ტიპის - მართკუთხედის ფორმის საცხოვრებელ კორპუსებს, რომლებშიც ყველა ბინა ერთმანეთს ჰგავდა, ხშირად ერთნაირი დასახელების ქუჩებზე მდებარეობდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად კარის საკეტებიც კი ერთნაირი ჰქონდათ (სხვადასხვა ქალაქების საცხოვრებელ მასივებში). ჰოდა, მოხდა საახალწლო სასწაული... ფილმის გმირი - მოსკოველი ჟენია ლუკაშინი, რომელმაც მეგობრებთან ერთად 31 დეკემბერს აბანოში იყო და საკმაოდ ბევრი არაყი დალია, დათვრა და შეცდომით ლენინგრადში (ახლა სანქტ-პეტერბურგი) გაფრინდა, ტაქსში ჩაჯდა, მივიდა იგივე ქუჩაზე („ულიცა სტროიტელეი“) მდებარე სახლში (კორპუსი 25, ბინა 12), კარი თავისი მოსკოვური გასაღებით გააღო, ტანსაცმელი გაიხადა და საწოლზე დაიძინა. და როცა ბინის ნამდვილი მფლობელი ნადია შეველიოვა მოდის, იწყება „ტრაგიკომედია“...

ალმა-ატაში (ყაზახეთი) გაზრდილი ბალჟან ბეკენოვა ამბობს, რომ 1990-იან წლებში ფილმს ქვეყნის ყველა ტელეარხზე აჩვენებდნენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთი და ცენტრალური აზიის რიგი რესპუბლიკები, შეიძლება იტქვას, რუსეთის გავლენის სფეროში დარჩნენ. დროთა განმავლობაში ბალჟან ბეკენოვა იმდენად მიეჩვია ფილმის ყურებას, რომ ყოველთვის ელოდებოდა საახალწლოდ, თუმცა დღეს იგი აღიარებს, რომ შესაძლოა რუსულენოვანი პოპულარული ფილმების ნახვა ადამიანებში გარკვეულწილად რუსულ კულტურულ მსოფლმხედველობას აყალიბებს.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ბალჟან ბეკენოვა საცხოვრებლად ევროპაში წავიდა - ჯერ პრაღაში, შემდეგ ბერლინში - მაინ აქვს მოთხოვნილება, რომ ყოველ ახალ წელს, „სადღესასწაულო განწყობა“ რომ შეიქმნას, „ბედის ირონიას“ უყუროს. „ეს ფილმი ჩემს სახლს მაგონებს, ჩემს ახალგაზრდობას... მე ჩემს გერმანელ ქმარს ვაყურებინე კიდეც და ავუხსენი, რომ მანაც გაიგოს ჩემი ცნობიერების ნაწილი“.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ფილმი „ბედის ირონია“, რომელსაც ადრე ტელეარხები რეგულარულად „ატრიალებდნენ“, ბევრმა უკრაინელმა უარყო როგორც რუსეთის იმპერიალისტური წარსულის გადმონაშთი. რა თქმა უნდა, რუსული ენა დღესაც ფართოდაა გავრცელებული უკრაინაში, უკრაინულ ენასთან ერთად, მაგრამ ამჟამად რუსული ფილმები და რუსულენოვანი გადაცემები სახელმწიფო და კერძო ტელეარხების პროგრამებიდან უმეტესად ამოღებულია.

2015 წელს უკრაინის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა კულტურის იმ მუშაკების სია, რომლებიც ქვეყნის ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. მასში შეყვანილი იქნა ვალენტინა ტალიზინაც (ფილმის მეორე პლანის მსახიობი). კულტურის სამინისტროს არ განუმარტავს მიზეზი, მაგრამ ცნობილია, რომ 2014 წელს მან ხელი მოაწერა საჯარო წერილს ყირიმის რუსეთისადმი მიერთების  მხარდასაჭერად. უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, ვალენტინა ტალიზინას მონაწილეობით ფილმების ჩვენების გამო, ქვეყნის ტელეარხებს მსხვილი ჯარიმები ელოდებათ.

როგორც უკრაინის კინოაკადემიის ხელმძღვანელი ოლღა ბრეგმანი განმარტავს, რუსეთი ხელს უწყობს საბჭოთა პოპ-კულტურული არტეფაქტების რეკლამირებას, რათა მოსახლეობას ძველი დროის მიმართ ნოსტალგია გაუღვიძოს, როცა საბჭოთა კავშირი (ჩათვალე - რუსეთი) მძლავრ იმპერიას წარმოადგენდა და რომელსაც უკრაინა დამონებული ჰყავდა. ეს იყო ეპოქა, როცა ამჟამინდელი პენსიონერები იმ დროს ახალგაზრდები იყვნენ: „რუსეთმა საბჭოური კინოკლასიკა თავის მემკვიდრეობად გადააქცია და ინსტრუმენტად იყენებს, რომ უფროსი თაობა გააკონტროლოს და მათზე გავლენა მოახდინოს“, - ამბობს ოლღა ბრეგმანი.

და მაინც ბევრისათვის „ბედის ირონია“ იყო და რჩება ცხოვრების ნაწილად. „არის ათამდე თუ თხუთმეტამდე საბჭოთა ფილმი, რომლის ხელახლა ნახვა ახლაც სიამოვნებით შემიძლია“, - ამბობს 50 წლის დიმიტრი კანევსკი, რომელიც ხარკოვში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ 1990-იანი წლებიდან აშშ-ში ცხოვრობს, - მახსოვს, საახალწლო არდადეგების დროს თხილამურებით ვსრიალებდით, ჰოკეის ვთამაშობდით, შემდეგ სახლში მოვდიოდით და „ბედის ირონიას“ ვუყურებდით. ასეთი ფილმები არ მომბეზრდება“.

55 წლის ალა მალანი ყაზახეთის ქ. პავლოდარში გაიზარდა, ახლა კი აშშ-ში ცხოვრობს. მის თქმით, „ბედიას ირონია“, ალბათ, 25-ჯერ მაინც აქვს ნანახი. „საახალწლოდ სკოლებში და სახლებში მანდარინით და შოკოლადით სავსე პაკეტებს გვჩუქნიდნენ, ტელევიზორში კი ჟენიას და ნადიას არაჩვეულებრივ საახალწლო თავგადასავალს აჩვენებდნენ“, - იხსენებს ალა.

სვეტლანა ბულაშევსკაია, რომელიც თავის ოჯახთან ერთად ოდესიდან გერმანიაში 1990-იან წლებში წავიდა, ამბობს, რომ ფილმს 2024 წლის 31 დეკემბერსაც სიამოვნებით უყურა - იმ განსხვავებით, რომ ადრე რუსულ არხზე უყურებდა, მაგრამ რადგანაც ახლა რუსულ ტელეარხებზე ძლიერი პროკრემლური გავლენა იგრძნობა, „ბედის ირონიას“ მხოლოდ „იუთუბზე“ უყურებს. „ჩვენ რუსულ ტელეარხებს თითქმის აღარ ვუყურებთ და რუსულ ენაზე მხოლოდ საპროტესტო ლიტერატურას ვკითხულობთ. მუსიკოს-მომღერლებიდან კი ვუსმენთ იმათ, ვინც მკაფიოდ ავლენს ანტიკრემლურ პოზიციას“, - ამბობს სვეტლანა.

მაგრამ „ბედის ირონია“ ოჯახის წევრებისათვის სადღესასწაულო ფილმების სიაში რჩება - რამდენიმე მიზეზის გამო:

ფილმის მეორე პლანის მსახიობი ლია ახეჯაკოვა კრემლის მტკიცე მოწინააღმდეგე გახდა 2022 წლიდან, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. გასულ წელს იგი იმ თეატრიდანაც კი წავიდა, სადაც თავისი შემოქმედებითი სამსახიობო კარიერა შექმნა, სამთავრობო ჩინოვნიკების მოქმედებისადმი პროტესტის ნიშნად. პოლონელმა მსახიობმა ბარბარა ბრილსკამ, რომელიც „ბედის ირონიაში“ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს (ნადია), მხარი დაუჭირა ლია ახეჯაკოვას გადაწყვეტილებას და მას რუსეთიდან გაქცევისაკენ მოუწოდა, რომელიც არტისტისათვის „უღირს ქვეყნად“ გადაიქცა.

კრემლის მხარდამჭერებმაც თავიანთი პოზიცია გამოხატეს და რუსეთის კულტურის სამინისტროს და კინოსტუდია „მოსფილმს“ მოუწოდეს ფილმში ბარბარა ბრილსკას და ლია ახეჯაკოვას გმირები ნეოროქსელის დახმარებით ჩაენაცვლებინათ, თუმცა „მოსფილმის“ ხელმძღვანელმა ამ იდეას „სისულელე“ უწოდა.

მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სვეტლანა ბულაშევსკაია და მისი ქმარი იგორ როგოვი ფილმში თავიანთი ბავშვობისა და ახალგაზრდობის საოცნებო ნაწილს ხედავენ.

„ჩვენი სიძულვილი რუსეთის მთავრობისადმი იმდენად უსაზღვროა, რომ მას სიტყვებით ვერ გამოვხატავთ... მაგრამ ეს ფილმი განსაზღვრული რიტუალის ნაწილს წარმოადგენს და მასზე უარის თვით ახალ წელზე უარის თქმას ნიშნავს. ჩვენ ვერ შევძლებთ იმის უარყოფას, რაც ჩვენ ახალგაზრდობასთან გვაკავშირებს“, - ამბობს სვეტლანა და იგორი.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/12/31/arts/television/the-irony-of-fate-new-years.html?searchResultPosition=1

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის