USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „რუსეთის ჯარები ომით დაიღალნენ, მაგრამ უკრაინის კიდევ უფრო მეტი ნაწილის ოკუპირება სურთ“
თარიღი:  556

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის ჯარები ომით დაიღალნენ, მაგრამ უკრაინის კიდევ უფრო მეტი ნაწილის ოკუპირება სურთ. ცეცხლის შეწყვეტამ შეიძლება რუსეთის მოსახლეობისა და არმიის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვიოს“ (ავტორი - ანატოლი კურმანაევი).

გთავაზობთ ვრცელ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბევრი რუსი ჯარისკაცი თვლის, რომ ცეცხლის შეწყვეტა ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე მიუღებელია და თუ კრემლი დასავლეთის მოთხოვნას დაეთანხმება, ხელისუფლება ეროვნული  რისხვის გამოვლენის წინაშე დადგება.

აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ამასწინანდელი დიპლომატიური მანევრების შემდეგ ბევრმა უკრაინელმა და მათმა ეროპელმა მოკავშირეებმა დონალდ ტრამპი  დაადანაშაულეს იმაში, რომ იგი კრემლს ზედმეტად გადაჭარბებულ და მნიშვნელოვან დათმობებს სთავაზობს, ოღონდაც მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას დათანხმდეს.

მაგრამ რუსეთის არმიის სანგრებიდან და სამხედრო ჰოსპიტალებიდან სიტუაცია სულ სხვაგვარად მოჩანს: ბევრი რუსი ჯარისკაცისთვის და რუსი ნაციონალისტისათვის, რომლებიც სამხედროებს მხარს უჭერს, ვაშინგტონის სამშვიდობო წინადადები, პირიქით, ძალიან მცირეა და, შესაბამისად, მიუღებელი. ამას წინათ გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ ესაუბრა რამდენიმე რუს ჯარისკაცს - მათ ეჭვი შეაქვთ დიპლომატიურ ძალისხმევის შედეგიანობაში და, მათი აზრით, ის მოლაპარაკება, რომელიც პარასკევს სტამბოლში გაიმართა, ხანმოკლე გამოდგა და პრაქტიკულად რუსეთისათვის რაიმე სარგებელი არ მოუტანია. სატელეფონო საუბრების დროს ჯარისკაცებმა უარყვეს უკრაინისთან ცეცხლის უსიტყვო შეწყვეტა და ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის ჯარებმა უნდა იბრძოლონ, უკიდურეს შემთხვევაში, მანამ, სანამ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ოთხ ოლქს (დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებს) მთლიანად არ დაიკავებს - ანუ იმათ, რომლებზეც რუსეთის პრეტენზიას აცხადებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით სრულად ვერ აკონტროლებს.

„ჩვენ ყველა დავიღალეთ და, რა თქმა უნდა, სახლში დაბრუნება გვინდა. მაგრამ მანამდე ოთხი ოლქი მთლიანად უნდა დავიკავოთ, რომ მომავალში მეტი ბრძოლა აღარ დაგვჭირდეს“, - თქვა სერგეიმ, მობილიზებულმა ჯარისკაცმა, რომლის ასეული დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე იბრძვის, - „თორემ სხვანაირად ისე გამოვა, რომ ჩვენი ბიჭები ტყუილად დაიღუპნენ“.

ეს ინტერვიუ იშვიათი შანსია იმისა, რომ გავიგოთ რუსეთის არმიის ჯარისკაცების მორალური სულისკვეთება. მათში გამოაშკარავებულია ჯარის ის შიდა განწყობა, რომელიც ვლადიმერ პუტინისათვის პრობლემა გახდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ცეცხლის შეწყვეტას თავდაპირველი მიზნის მიუღწევლად დათანხმდება. ჯარისკაცების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ თავის დროზე რუსეთისადმი უკრაინის ოთხი ოლქის სწრაფი მიერთების ფაქტი შეიძლება პრეზიდენტისათვის მოლაპარაკების დროს შემზღუდავი ფაქტორი გახდეს იმდენად, რამდენადაც მათ გაკონტროლებამდე ცეცხლის შეწყვეტას ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დამარცხებად ჩათვლის.

 „ნიუ-იორკ თაიმსის“ რედაქციამ ინტერვიუს მიმცემი ჯარისკაცების ვინაობა შეამოწმა როგორც სოციალური ქსელების, ასევე პირადი დოკუმენტების მიხედვით და რა თქმა უნდა, მათ ვინაობას არ გაამხელს, რაიმე არასასურველი შედეგის თავიდან აცილების მიზნით.

ჯარისკაცები სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში მსახურობენ და სხვადასხვა მიმართულებით იბრძვიან, მაგრამ ბევრი მათგანი ნეგატიურად აფასებს სამხედრო თანამდებობის პირებს და ზურგის ოფიცრებს, რომლებიც ომით ფულს შოულობენ, მდიდრდებიან და ფრონტის წინა ხაზის პრობლემები არ აღელვებთ. მათი რადიკალური განწყობა რუსეთს საკმაო პრობლემებს უმზადებს სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, როცა ისინი სახლებში დაბრუნდებიან, სამოქალაქო ცხოვრებას განაახლებენ და როცა სამხედრო რელსებზე გადასული წარმოება ისევ მშვიდობიან რელსებს დაუბრუნდება..

„თქვენ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში არის მილიონი ადამიანი, რომლებიც მკვლელობას მიეჩვივნენ და სისხლის დაღვრის არ ეშინიათ? - რიტორიკულად იკითხა დიმიტრიმ, - „მილიონი გაჯავრებული მკვლელი - ეს ძალიან სერიოზული რამ არის, თუ ისინი დაინახავენ, რომ ხელისუფლება მათ მხარეს არ არის“.

ზოგიერთი გამოკითხული ჯარისკაცისათვის ძალიან ძნელია შეურიგდეს იმას, რომ საკუთარი სიცოცხლის გაწირვამ და მისმა ბრძოლამ უქმად ჩაიარა, ომში გაწეულმა მსხვერპლმა გამარჯვება არ მოიტანა, ანუ ხელისუფლება მათ პოზიციას ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაც და რუსეთიც ცოცხალი ძალის დანაკარგებს არ ამჟღავნებენ, დამოუკიდებელი მკვლევარების გამოთვლით, საერთო ჯამში დაიღუპა და მძიმედ დაიჭრა მილიონზე მეტი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი.

„მე ომის დაწყების დროიდან ვიმყოფები საბრძოლო პირობებში და, გულწრფელად გეტყვით, ძალიან დავიღალე“, - თქვა კიდევ ერთმა ჯარისკაცმა, რომელსაც ასევე დიმიტრი ჰქვია, - აღარ მაქვს სურვილი მუდმივად „ვიხარშო ამ სუპში“.

დიმიტრი სერგეისთან ერთად იქნა მობილიზებული 2022 წლის ბოლოს, რითაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის არმიის მოულოდნელი კონტრშეტევა შეაჩერა. მობილიზებულები დაეხმარნენ რუსეთის არმიის სარდლობას ფრონტის სტაბილიზებაში და ინიციატივის ხელში ჩაგდებაში, მაგრამ მათ წინა ხაზზე გაურკვეველი ვადით დარჩენა მოუწიათ. რუსეთის არმიის სარდლობამ ასევე გარკვეველი ვადით გაუგრძელა კონტრაქტები მოხალისეებსაც, რომლებიც შინ დაბრუნება სურდათ. ეს ნიშნავს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება და შემდგომი დემობილიზაცია რუსი მებრძოლების დიდი ნაწილისათვის ერთადერთ რეალურ შანსს წარმოადგენს, რომ ისინი უახლოეს დროში შინ ცოცხლები და უვნებელნი დაბრუნდნენ.

ინტერვიუში ჯარისკაცები ჩივიან, რომ მათ იშვიათად  აძლევენ სამხედრო სამსახურიდან დროებით გათავისუფლების უფლებას, რომ ხედავენ მეთაურების კორუფციულ მოქმედებებს და რომ იშვიათი ხანმოკლე შვებულებების დროს თანამემამულეთა გულგრილობას აწყდებიან. ზოგიერთ ჯარისკაცს რუს ბიზნესმენებზე ნეგატიური თვალსაზრისი აქვთ და ფიქრობენ, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ, რადგანაც სახელმწიფო ხარჯების და სამხედრო შეკვეთების ბუმის დროს ისინი მდიდრდებიან.

„ამას წინათ ვიდეორგოლი გამომიგზავნეს: ბიჭები და გოგონები კაფე-ბარებში უზრუნველად ცეკვავენ დაღამებიდან გათენებამდე, ჩვენ კი აქ ვიბრძვით და სიკვდილის საფრთხის წინაშე ვდგავართ“, - ამბობს ანდრეი დონეცკიდან, - „ჩვენი არსებობა დავიწყებული აქვთ. ვიღაცეებისათვის ჩვენ გმირები დიდი ხანია აღარ ვართ“.

ბევრი რუსი სამხედრო მოსამსახურისათვის ამ მზარდი უკმაყოფილების ფონზე სადაო ტერიტორიების კონტროლი გადაიქცა იმ მიზნად, რომლის შესრულება აუცილებელია და რომლის შემდეგ ისინი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდებიან, ანუ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ეს საკითხი არავისთვის საკამათო არ არის.

„ჩვენ მსოფლიოს ჩვენი ძალა ვაჩვენეთ. ჩვენს წინააღმდეგ მთელი დასავლეთი ომობს, მაგრამ პრინციპში უშედეგოდ“, - ამბობს ევგენი, - „მე არავითარი დათმობის მომხრე არ ვარ. იმიტომ, რომ ვიცი მიწის თითოეული გოჯის ფასი“.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ მოკლე დროში კრემლმა მოჩვენებითი „რეფერენდუმები“ ჩაატარა მის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ ოლქში, სადაც საომარო მოქმედებები მიმდინარეობდა. მოსახლეობამ თითქოსდა მხარი დაუჭირა ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, რაც კრემლმა იურიდიულად დაადასტურა კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანით. მაგრამ სამი წლის ბრძოლების შემდეგ ოთხი ოლქიდან მოსკოვი მთლიანად მხოლოდ ერთ ფლობს - ლუგანსკის ოლქს, დანარჩენ სამს - დონეცკის, ხესონის და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიას -რუსეთი მხოლოდ 65%-დან 75%-მდე აკონტროლებს.

ომის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულ უარს აცხადებდა რუსეთისათვის ჩამოთვლილი ოლქების ტერიტორია დაეთმო და ითხოვდა თავის საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების აღდგენას, ყოველგვარი სავარაუდო დაზავებისა და ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად. თუმცა ბოლო თვეებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი პოზიციები შეარბილა და დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას საერთაშორისო გარანტიების გარეშე იმ იმედით, რომ ტერიტორიების დათმობა დროებითი იქნება.

უკრაინაში და დასავლეთში თვლიან, რომ ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის ფაქტიური გაყინვა კრემლისადმი მსხვილ დათმობას წარმოადგენს: იმის გარდა, რომ უკრაინის მილიონით მოქალაქე რუსეთის კონტროლქვეშ იცხოვრებს, ეს კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედება წახალისდება.

მაგრამ რუსებს ომის შეწყვეტისადმი თავიანთი დამოკიდებულება აქვთ:  ჯარისკაცებთან ინტერვიუებისა და საზოგადოებრივი გამოკითხვების განზოგადებული შედეგები მოწმობს, რომ ასეთი დაზავება რუსეთის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არ დააკმაყოფილებს. კრემლის მიერ წარმოებულმა  მრავალწლიანმა მილიტარისტულმა პროპაგანდამ და ბრძოლის ველზე მოპოვებულმა მეტ-ნაკლებმა წარმატებებმა ბევრი რუსი იმაში დაარწმუნა, რომ მათ ქვეყანას ეგზისტენციალურ ბრძოლა აქვს დასავლეთთან, რაც მხოლოდ უკრაინის კაპიტულაციით უნდა დასრულდეს.

„თუ ახლა ცეცხლი ჩვენი პირობების საფუძველზე არ შეწყდება, მაშინ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“, - თქვა რუსმა ჯარისკაცმა ნიკოლაიმ, - „იმიტომ, რომ საწინააღმდეგო შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ხუთი თუ ათი წლის შემდეგ, ისევ ომი მოგვიწევს“.

უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა იგივე შიშები გამოხატეს და განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმების დადებას უსაფრთხოების დასავლური გარანტიების გარეშე მომავალში ისევ რუსეთის ჯარების შეყვანა მოჰყვება.

ვლადიმერ პუტინმა თავისი ომის მიზნებად თავიდანვე უკრაინის დემილიტარიზება და დენაციფიცირება დაასახელა, რომელშიც იგულისხმება ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების შეცვლა, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარი და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა, რომელსაც, კრემლის ყალბი მტკიცებით, გენოციდი ემუქრება.

აპრილის შუა რიცხვებში რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერენ ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ამ თავდაპირველი მიზნების მიღწევას არ შეესაბამება. მსგავსი გამოკითხვები აჩვენებს, თუ რა მძიმე და რთული იქნება ვლადიმერ პუტინისათვის ის, რომ ამჟამინდელი სტატუს-ქვო რუსი ხალხის წინაშე გამარჯვებად წარმოაჩინოს.

რასაკვირველია, რუსეთში ბევრი არ ელოდება, რომ ვლადიმერ პუტინს, თავისი აბსოლუტური ძალაუფლების პირობებში, დაუყონებლივი პოლიტიკური ანგარიშწორება ელოდება სამშვიდობო შეთანხმების გამო.  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე ტოტალური კონტროლი პრეზიდენტს შესაძლებლობას მისცემს, რომ ნებისმიერი შედეგი მოსახლეობას წარმატებად მოაჩვენოს - ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მაინც. თუმცა არასტაბილური და მოჩვენებითი გამარჯვება საბოლოო ჯამში შეიძლება უკმაყოფილებაში გადაიზარდოს, რომელსაც შეიძლება მორიგი „ვაგნერის ამბოხება“ მოჰყვეს - ისე როგორც 2023 წელს მოხდა.

კრემლის ჩინოვნიკები, ალბათ, ამ მხრივ კიდევ ერთ არასასიამოვნო ფაქტს გაიხსენებენ - როცა ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანამ 1989 წელს ვეტერანები გააბოროტა და საბჭოთა სახელმწიფოს კრახი დააჩქარა. ასევე, რუსეთის არმიის არცთუ ისე ბრწყინვალე გამარჯვებამ ჩეჩენ სეპარატისტებზე საზოგადოებაში უკმაყოფილობა გააჩინა, რომლითაც ვლადიმერ პუტინმა კარგად ისარგებლა ხელისუფლებაში მოსასვლელად 2019 წელს.

„რასაკვირველია, მე მინდა ცეცხლის შეწყვეტა - იმიტომ, რომ ცივი მშვიდობა ცხელ ომს ბევრად სჯობს“, - ამბობს ყოფილი „ვაგნერელი“ დიმიტრი, - „მაგრამ ჩვენ უკვე ისეთი დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ, რომ ახლა გაჩერება არ შეგვიძლია“.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის