USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „რუსეთი ცდილობს აშშ-სა და უკრაინისაგან დათმობებს მიაღწიოს და მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დროს იგებს“
თარიღი:  394

ამერიკის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი ცდილობს აშშ-სა და უკრაინისაგან დათმობებს მიაღწიოს და მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დროს იგებს“ (ავტორი - პოლ სონი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების შედეგები და რუსეთის პრეტენზიები - თუ როგორ სარგებლობს კრემლი სიტუაციით და რატომ ეთანხმება დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

დააკვირდით მხარეთა პოზიციებს: უკრაინამ ჩათვალა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტას მიაღწია. რუსეთმა განაცხადა, რომ ჯერ ეკონომიკური სანქციები მომიხსენით და ცეცხლს შემდეგ შევწყვეტო. ამერიკა კი საერთოდ არ ახსენებს ვადებს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ერთი და იგივეს იმეორებს - სისხლისღვრა შეწყვიტეთო.

წინააღმდეგობრივი განცხადებები, რომლებმაც ამ კვირაში გაიჟღერა ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, იმ არეულ-დარეული პროცესის გამოხატულებაა, რომლითაც, ექსპერტ-ანალიტიკოსების თქმით, კრემლი დროს აჭიანურებს და ამით იგებს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას განზრახული ჰქონდა რიგი შეთანხმებების დადება ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩოებში, რათა გზა გაეკვალა ფართო დაზავებისაკენ და, საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ, მაგრამ დღემდე ამ ეტაპობრივი შეთანხმებების დახმარებით ფაქტიურად მხოლოდ რუსეთი იყო მოგებული - სარგებლობდა რა იმით, რომ თეთრი სახლი მშვიდობისმყოფელის სახელის მოპოვებას ესწრაფვის და ამიტომ კრემლს ბევრ საკითხში უთმობს.

სამშაბათს, საუდის არაბეთში მოლაპარაკების შემდეგ, როცა თითქოსდა მხარეები შეთანხმდნენ შავ ზღვაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე, მოსკოვმა მოულოდნელად განაცხადა, რომ შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა ძალაში, როცა რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკს („როსსელხოზბანკ“) სანქციებს მოუხსნიან და მას „სვიფტის“ სისტემაში ჩართავენ. თუ ვაშინგტონი კრემლის პრეტენზიას დათანხმდება და ამ მიზნით ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათაც ამერიკას მიბაძონ, მაშინ შავ ზღვაზე დაზავება უფრო მეტ სარგებელს მოსკოვს მოუტანს, ვიდრე კიევს.

გავიხსენოთ, რომ შავ ზღვაზე დაზავების მოლაპარაკების წინ რუსეთმა და უკრაინამ, აშშ-ის შუამავლობით, კიდევ ერთი შეთანხმება გააფორმეს - ერთმანეთის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დაბომბვების 30-დღიანი მორატორიუმის გამოცხადების თაობაზე. ეს შეთანხმებაც მოსკოვისთვის არის სასარგებლო, რადგან რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - ნავთობგადადმამუშავებელ ქარხნებს, ნავთობბაზებს და გაზსაცავებს უკრაინის დრონები წარმატებით ანადგურებდნენ, თუმცა, რადგანაც კონტროლის მკაფიო მექანიზმი შემუშავებული არ ყოფილა, მხარეებმა ერთმანეთისათვის ბრალდებების წაყენება დაიწყეს შეთანხმების პირობების დარღვევაში.

მარტის დასაწყისში კრემლმა ასევე ფაქტიურად უარყო ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის ამერიკული ინიციატივა, რომელზეც კიევი დათანხმდა. ვლადიმერ პუტინმა შემხვედრი მოთხოვნები წამოაყენა: უკრაინამ მობილიზაცია უნდა შეაჩეროს და უარი უნდა თქვას იარაღის იმპორტზე. რასაკვირველია, ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში უკრაინა მოწყვლადი იქნებოდა, თუ ომი განახლდებოდა.

„აშკარად ჩანს, რომ რუსები დროს აჭიანურებენ და ეს მათ კარგად გამოსდით“, - თქვა ყოფილმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა, ამჟამად კი ატლანტიური საბჭოს მეცნიერ-თანამშრომელმა ვაშინგტონში დენიელ ფრიდმა, რომელიც წარსულში რუსეთთანაც ატარებდა მოლაპარაკებებს, - რუსები რეზინას ჭიმავენ და ზედიზედ აყენებენ პირობებს, რათა ჩვენ ამ სირთულეების  გადაწყვეტაში „ჩავეფლოთ“.

სამშაბათს დონალდ ტრამპმა რუსეთის ტაქტიკა აღიარა, მაგრამ კრიტიკისაგან თავი შეიკავა. იგი თვლის, რომ მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის სურვილი ნამდვილად აქვს, თუმცა, შეასაძლოა „დროს მართლაც აჭიანურებენ“ რიგი მიზეზების გამო. შემდეგ მან გაიხსენა, რომ თვითონაც არაერთხელ უსარგებლია მსგავსი მიდგომით საქმიანი მოლაპარაკებების დროს, როცა კონტრაქტის პირობები არ მოსწონდა, მაგრამ სურდა „თამაშში დარჩენილიყო“.

რუსეთმა მოლაპარაკების გასაგრძელებლად მთელი რიგი მოთხოვნები წამოაყენა, რომელთაგან რამდენიმეს შესრულება სრულიად შეუძლებელია. მაგალითად, მოთხოვნისა, რომ დაბრუნებოდნენ 2022 წლის შეთანხმებას, რომელიც გაეროს მხარდაჭერით დაიდო (მარცვლეულის ექსპორტი სპეციალური საზღვაო დერეფნით) და რომლის ძალითაც, რუსეთს გემების გაკონტროლების უფლება ჰქონდა. (...)

დონალდ ტრამპი სიტყვით თითქოსდა „დაემუქრა“ რუსეთს, რომ თუ კრემლი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამდა მშვიდობის დასამყარებლად, ასეთ ჯიუტობას მოსკოვისათვის ნეგატიური შედეგები მოჰყვებოდა. საერთოდ, მსგავსი დამუქრებები ადრეც ყოფილა, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია. ამის ნაცვლად თეთრმა სახლმა დაუჯერა ვლადიმერ პუტინის განცხადებებს, რომ მას დიდი სურვილი აქვს კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აცხადებდა, რომ რუსეთ-აშშ-ის თანამშრომლობის განახლებას დიდი მნიშვნელობა ექნება ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის პირობები შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე იმის კიდევ ერთ დადასტურებად ჩათვალა, რომ კრემლი ცდილობს რაც შეიძლება მეტი დათმობა მიიღოს ამერიკისგან და უკრაინისგან, თავის ჭეშმარიტ ზრახვებს კი მალავს.

არაფერი არ მიანიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა თავის მიზანზე უკრაინის მთლიანი დამორჩილების შესახებ. მას ძველებურად სურს უკრაინა ისეთ სატელიტ ქვეყნად გადააქციოს, რომელიც რუსული ჩექმის ქვეშ იქნება მოქცეული. იგი რეგულარულად ხაზს უსვამს, რომ რუსეთის არმია ბრძოლის ველზე წარმატებებს აღწევს და ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ კიევისათვის არის სასარგებლო, თუმცა იმავდროულად პუტინს აწყობს სწრაფი დაახლოება  ტრამპის ადმინისტრაციასთან და ამერიკელებს ერთობლივ პროექტებს სთავაზობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროში და არქტიკული საზღვაო გზის ათვისების თანამშრომლობაში.

მოსკოვის პირობები შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ირგვლივ საეჭვოა, რომ უახლოეს მომავალში შესრულდეს - თუნდაც იმიტომ, რომ ზემოთ ხსენებული „როსსელხოზბანკის“ „სვიფტის“ სისტემაში ჩართვისათვის აუცილებელია არა მარტო აშშ-ის, არამედ მისი ევროპელი მოკავშირეების თანხმობაც, რაც საკმაოდ რთულია - ისინი გაღიზიანებულები არიან იმით, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობისათვის მათ არ დაუძახეს.

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ალექსანდრე კოლიანდრი თვლის, რომ ბანკის მიმართ სანქციების მოხსნა მოსკოვს სერიოზულ მოგება-სარგებელს მოუტანს. „რუსებს სურთ სანქციები მოეხსნას ერთ-ერთ მსხვილ ბანკს, რომელსაც სახელმწიფო ფლობს. იმიტომ, რომ როგორც კი ბანკი სანქციებისაგან თავისუფალი იქნება, მისი მეშვეობით კრემლი ყველაფერს გააკეთებს, რაც მოსურვება - გარიგებების დადებას, თანხის გადარიცხვებს ერთი ქვეყნიდან მეორეში, იმპორტის ფასის გადახდას დოლარებში და რაც მთავარია, თავიანთი პროდუქციის ექსპორტშიც დოლარებს მიიღებენ“, ამბობს ალექსანდრე კოლიანდრი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოსკოვი, ვაშინგტონი და კიევი თავიანთ უთანხმოებას მოაგვარებენ, ეს მხოლოდ სტატუს-ქვოს დადასტურება იქნება: უკრაინას 2023 წლის ბოლოდან შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებს, რუსეთს კი მარცვლეულიც გააქვს და ნავთობიც, თუმცა შეზღუდულად.  შესაბამისად, შეთანხმება ადასტურებს იმას, რაც უკვე ხდება. „ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება, - ამბობს ანალიტიკური კომპანიის „სოვეკონის“ დირექტორი ანდრეი სიზოვი, - ჩემი აზრით, პირიქით არის. ეს იმას აჩვენებს, რომ პროგრესი სრული დაზავებისაკენ და ცეცხლის სრული შეწყვეტისაკენ ძალიან მოკრძალებულია, თუ ის საერთოდ არსებობს“.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.