USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „რატომ არ დაურეკა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის“
თარიღი:  815

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში” (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია „რატომ არ დაურეკა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“ (ავტორი - ვივიან ვანგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩინეთი ოდესღაც უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და კიევისაგან ქერს, სიმინდს და იარაღს ყიდულობდა. ამჟამინდელი სამხედრო კონფლიქტის პირობებში იბადება კითხვა: ისევ თუ არსებობს ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის?

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდმირ ზელენსკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთავმჯდომარე სი ძინპინს შორის უკანასკნელად სატელეფონო საუბარი იანვარში გაიმართა, როცა მხარეებმა ერთმანეთს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცეს, ასევე დააფიქსირეს „პოლიტიკური ნდობის გაღრმავება“ და „მტკიცე მეგობრობა“. ამ მოვლენიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ ჩინეთის ახლო პატნიორის - რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. მას შემდეგ სი ძინპინი, ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე თხოვნის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტს არცერთხელ არ დალაპარაკებია. შეიძლება ითქვას, რომ პეკინსა და კიევს შორის ის „საღი და სტაბილური ურთიერთობა“, რომლის შესახებაც თავის დროზე ორივე ლიდერი აცხადებდა, დღეს შორეულ მოგონებადღა რჩება.

საკითხი - როდის დაელაპარაკება სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკის და საერთოდ, მოისურვებს თუ არ „ცისქვეშეთის“ ლიდერი მასთან საუბარს (მიუხედავად იმისა, რომ მათი კონტაქტი დასავლელ ლიდერებსაც სურთ), იმ გაურკვეველ რეალობას ასახავს, რომელიც ორ ქვეყანას შორის რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ფონზეა შექმნილი. ადრე უკრაინა-ჩინეტს შორის ურთიერთობა ფართოვდებოდა და მტკიცდებოდა, დღეს კი ორივე მხარე „პოლიტიკურად ჟონგლიორობს“ და ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან კიდეც.

კიევს ჩინეთისაგან თითქოსდა რაღაცის იმედი აქვს - იქნებ პეკინმა მოსკოვი უკანდახევაში დაარწმუნოსო, თუმცა უკრიანას მშვენივრად ესმის, რომ ჩინეთმა უკვე მოახდინა თავისი პოზიციის დემონსტრირება - სი ძინპინს არ სურს ასეთი ნაბიჯის გადადგა და პირიქით, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს. უკრაინაში ჩინეთის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა სულ უფრო ნეგატიური ხდება.

პეკინს, თავის მხრივ, სურს ომის მიმართ თითქოსდა ნეიტრალური დამოკიდებულება შეინარჩუნოს. ზელენსკისთან საუბარი სი ძინპინის საერთაშორისო ავტორიტეტს კიდევ უფრო განამტკიცებდა, მაგრამ პეკინი ომს „შუალედურ ბრძოლად“ თვლის სამომავლო მსოფლიო წესრიგის მისაღწევად, რომლის დროსაც ბარიკადების ერთ მხარეს აშშ დგას, მეორე მხარეს კი - ჩინეთი და რუსეთი. პეკინის აზრით, უკრაინა მთლიანად დასავლეთის ნებას ემორჩილება და მასთან პირისპირ საუბარი არაფრის მომტანი არ იქნება.

ვერ ვუარვყოფთ იმასაც, რომ უკრაინას დღეს ჩინეთისათვის ისეთი ეკონომიკური მიმზიდველობა აღარ აქვს, როგორც ადრე ჰქონდა.. ამჟამად უკრაინის ეკონომიკაში ჩადებული ჩინური ინვესტიციები განადგურებულია. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება უკრაინა მომავალში“, - ამბობს ჯუ ფენი, ნანკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი, - ამიტომაც იბადება კითხვა: არსებობს თუ არა დღეს ჩინეთ-უკრაინის ურთიერთობა?“.

2017-2021 წლებში ჩინეთ-უკრაინის ვაჭრობის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა და „ცისქვეშეთი“ კიევის მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა. უფრო მეტიც - 2019 წელი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა „ჩინეთის წლად“ გამოაცხადა. ჩინური კომპანიები კიევის მეტროს ახალ სადგურებს აშენებდნენ, ფართოვდებოდა იარაღით ვაჭრობაც... ჩინეთმა თავისი პირველი ავიამზიდი უკრაინისგან შეიძინა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იყო შემორჩენილი, ჩამოწერილი გემის სახით (შემდეგ პეკინმა გაარემონტა და მწყობრში ჩააყენა).

ფართოვდებოდა კავშირები კულტურის სფეროშიც: პეკინის პარკში დგას უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს ძეგლი. ბევრი უკრაინელი ახალგაზრდა სწავლობს ჩინეთის უნივერსიტეტებში...

თუმცა იმ პერიოდშიც არსებობდა არაერთგვაროვნული გეოპოლიტიკური დაძაბულობა კიევსა და პეკინს შორის. ჩინეთი თავს იკავებდა რუსეთის კრიტიკისაგან ყირიმის ანექსიის გამო. თავის მხრივ, უკრაინაზე გავლენას ახდენდა ამერიკაც - ვაშინგტონი კიევისაგან პეკინთან დისტანციის დაცვას ითხოვდა. სწორედ ამ ზეწოლის გამო 2021 წელს უკრაინამ უარი განაცხადა ჩინეთისათვის 3,6 მილიარდი დოლარის პროდუქციის (აეროკოსმოსური ტექნიკის) მიყიდვაზე

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ჩინეთის პოზიცია მკაფიო გახდა - პეკინმა კრემლის დეზინფორმაციული პროპაგანდა კარგად აითვისა, პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოიღო სიტყვა „შეჭრა“ და ა.შ. ჩინური მასმედია აქებს და ადიდებს რუსულ იარაღს, იქმნება პოპულარული ვიდეოთამაშები, აკრიტიკებენ უკრაინის მთავრობას, რომელიც მთლიანად დასავლეთის ნებას ასრულებს.

უკრაინა ასეთ სიტუაციაში ფრთხილად მოქმედებს: კიევმა პოზიტიურად შეაფასა ჩინეთის წარმოდგენილი 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც დასავლეთმა გააკრიტიკა და რომელშიც საუბარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე. კიევი თვლის, რომ დღეისათვის ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, ჩინეთი რუსეთს იარარს არ მიაწოდებს.

„მაგრამ უკრაინელები - როგორც მთავრობა, ისე უბრალო ხალხიც, სულ უფრო მეტად გულგატეხილნი რჩებიან ჩინეთის პოლიტიკით“, - ამბობს იური პოიტა კიევის კვლევითი ცენტრიდან „ახალი გეოპოლიტიკა“. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ჩინეთის მიმართ ნეგატიური განწყობის მქონეთა რაოდენობამ 2021 წლიდან 18%-ით მოიმატა.

რასაკვირველია, სი ძინპინის მოსკოვურმა ვიზიტმა, რომლის დროსაც პეკინმა კრემლთან მტკიცე თანამშრომლობა დადასტურა, უკრაინელებს კიდევ უფრო გაუტეხა გული. „უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთითან დამოკიდებულებაში დიდ ილუზიებში იყო. ახლა ვხედავ, რომ ეს ილუზიები თანდათან იფანტება, განსაკუთრებით პეკინის მოსკოვთან დაახლოების ფონზე“, - ამბობს იური პოიტა.

ასე რომ, პეკინმა საეჭვოა კიევთან დაახლოება დაიწყოს. მართალია, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის უკრაინელ კოლეგას ესაუბრა, მაგრამ  არც უკრაინულ და არც ჩინურ მხარეს არ განუცხადებიათ ორ ქვეყანას შორის რაიმე კავშირების გაფართოების პერსპექტივაზე.

ჩინელი ექსპერტების მტკიცებით, ამჟამად იმ პირობებში, როცა არც უკრაინა და არც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისაკენ არ იხრებიან, სი ძინპინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრიდან მაინცდამაინც დიდი სარგებელი არ იქნება. მით უმეტეს, რომ ამერიკა უკრაინას აფრთხილებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ტერიტორიების დაკარგვის ტოლფასია.

„ისე არავინ იფიქროს, რომ ჩვენ კონტაქტებს თავს ვარიდებთ. საკითხი ასე დგას: რაზე უნდა ილაპარაკონ ლიდერებმა?", - ამბობს ვან ივეი, პეკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი. „ზელენსკი, ალბათ, სატელეფონო ზარს იმას უკავშირებს, რომ ჩინეთი რუსეთს ჯარის უკან გაყვანას მოსთხოვს, მაგრამ ეს ხომ აბსოლუტურად არარეალურია“.

ურთიერთობების გაურკვევლობას გრძნობენ ისეთი რიგითი ადამიანებიც, როგორიც 32 წლის უკრაინელი ანტონ მატუსევიჩია - იგი შანხაიში უკვე 8 წელია ცხოვრობს, თავისი ბიზნესი ააწყო და ცოლად ჩინელი ქალი ჰყავს. მისი თქმით, ჩინელების უმეტესობა მხარს რუსეთს უჭერს. „შევეცადე უკრაინის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილიყო, ჩავატარე კულტურული ღონისძიებები დახმარების მიზნით, მაგრამ... ძნელია ადამიანთა აზრის შეცვლა. ვნახოთ, მსგავს აქციებს სამომავლოდაც გავაგრძელებთ“, - ამბობს ანტონ მატუსევიჩი, მაგრამ მას სულ უფრო მეტი ეჭვი შეაქვს თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, ჩინეთში ცხოვრების თაობაზე: „ვხედავ, რომ ჩინური სისტემა და საზოგადოება უკრაინას არ თანაუგრძნობს, არ ეხმარება... და თუ პეკინი მოსკოვისათვის იარაღის მიწოდებას დაიწყებს, მაშინ იძულებული ვიქნები ჩინეთიდან სხვაგან წავიდე. არსებობს საზღვარი, რომლის გადაკვეთა, ჩვენ, უბრალოდ არ შეგვიძლია“, - ხაზს უსვამს ანტონ მატუსევიჩი.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/04/15/world/asia/why-chinas-leader-hasnt-called-the-president-of-ukraine.html

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის