USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „ქართველი მეღვინეები, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ, უპირატესობას მაინც დასავლეთს ანიჭებენ“
თარიღი:  878

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 21 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „ქართველი მეღვინეები, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ, უპირატესობას მაინც დასავლეთს ანიჭებენ“.

პუბლიკაციის ავტორია ამერიკელი ჟურნალისტი, გაზეთის მოსკოველი კორესპონდენტი ივანე ნეჩეპურენკო, რომელიც ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდა და პუბლიკაციების სერიალი გამოაქვეყნა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის თაობაზე. ამჯერად იგი ამერიკელ მკითხველს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მდგომარეობას აცნობს (კახეთის მაგალითზე) და ქართველ ბიზნესმენებს და მეღვინეებს ესაუბრება.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

კავკასიის ჯერ კიდევ მწვანით მოსილი ქედების ფონზე ლევან ელოშვილი საბჭოური წარმოების დაჟანგებულ სატვირთო ავტომანქანას ქოქავს და ყურძენი ჩასაბარებლად ახლოს მდებარე ღვინის ქარხანაში მიაქვს. იქ ვაზის ნაყოფი - ყურძენი - გადამუშავდება, დაიწურება და მიღებული პროდუქცია - ქართული ღვინო - გარკვეული დროის შემდეგ გასაყიდად რუსეთში გაიგზავნება.

მეორე, არცთუ ისე დიდ ღვინის ქარხანაში, [რომელიც კომპანია „ჭოტიაშვილების მარანს“ ეკუთვნის] ვხედავთ, თუ როგორ ურევს კახა ჭოტიაშვილი ქვევრებში (თიხის დიდ ჭურჭლებში) ჩასხმულ წითელ და ფორთოხლისფერ „მდუღარ“ ყურძნის წვენს, რომელიც დაღვინების შემდეგ ევროპისა და შეერთებული შტატების მოდური რესტორნებისა და ღვინის ბარებისთვისაა განკუთვნილი.

ეს ორი სცენა ასახავს ორ მიდგომას საქართველოს მეღვინეობაში, რომელიც დღეს კახეთში და მევენახეობის სხვა რეგიონებში დისკუსიების საგანს წარმოადგენს: საით უნდა იყოს ორიენტირებული ქართული მეღვინეობის ბიზნესი - რუსეთისაკენ თუ დასავლეთისაკენ?

კახეთში და მევენახეობის სხვა რეგიონებში შექმნილი სიტუაცია გვაჩვენებს იმას, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ძლიერი ქვეყნების ინტერესებს შორის მოქცეული. ერთნი, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეღვინე-ბიზნესმენები, ცდილობენ, რომ ევროპასთან მეტი კავშირი ჰქონდეთ, სადაც ისინი თავიანთ პოლიტიკურ მომავალს ხედავენ, მეორენი კი ფიქრობენ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ტრადიციულ მომხმარებელთან ჰქონდეთ ეკონომიკური კავშირები, ანუ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას უფრო მეტად რუსეთთან ვაჭრობა განაპირობებს.

საერთოდ, ქართული მეღვინეობა დიდი ხანია რუსეთთან არის დაკავშირებული, რომელიც საქართველოსთვის მსოფლიოში უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს. ქართული ღვინის რუსეთში გაყიდვა განსაკუთრებით გაიზარდა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როცა დასავლეთმა რუსეთს სანქციები გამოუცხადა და იტალიურ-ფრანგული ღვინოების ექსპორტი აიკრძალა.

ამჟამად ბევრი ქართველი მეღვინე ფიქრობს, რომ დროა შეწყდეს რუსეთზე დამოკიდებულება, რომელიც პოლიტიკურ რისკებთანაა დაკავშირებული და უფრო მეტად ორიენტაცია ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე აიღონ.

კახა ჭოტიაშვილი, თავის მხრივ, ქართული მეღვინეობის ნათელ მომავალს იმაში ხედავს, თუ ისინი რუსულ ბაზარს მოწყდებიან და რაოდენობის ნაცვლად, ყურადღებას ხარისხზე გაამახვილებენ, რომელიც დასავლეთის ბაზრებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. იმ დროს, როცა ღვინის მსხვილი კომპანიები მეტ-ნაკლებად მაინც რუსეთზე დამოკიდებულები რჩებიან, შედარებით მცირე ბიზნესისთვის უპირატესობა ისაა, რომ ბოთლებში ცოტა, მაგრამ მაღალხარისხოვანი ღვინო ჩამოასხან და შემოსავლები დასავლური ბაზრებიდან მიიღონ. როგორც კახა ჭოტიაშვილი ამბობს, მისი კომპანია ამაყობს, რომ ყოველწლიურად გაყიდულ 50 ათას ბოთლს „ჭოტიაშვილების მარნის ეტიკეტი ამშვენებს. „ცვენ მხოლოდ ღვინოს კი არ ვყიდით, არამედ რეკლამირებას ვუწევთ ქართულ კულტურასაც“, - ამბობს იგი და ქარხნის სადეგუსტაციო დარბაზში, ბოკალში ახმას მშრალ ღვინოს, ქარვისფერ „ჩიტითვალას“, ანანასის არომატით. „ჩვენთან საქართველოში, ნავთობი არ გვაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ გვაქვს ღვინო“, - ხუმრობს კახა.

რუსეთში გასაყიდი ღვინო უფრო ტკბილი და იაფფასიანი ჯიშებისგან არის დამზადებული, ის ბითუმად იყიდება და შეიძლება სუპერმარკეტში ერთი ბოთლი რამდენიმე დოლარი ღირდეს, რაც ბევრად ნაკლებია დასავლეთის ღვინის ბუტიკების ფასებზე.

„კარგი იქნებოდა, თუ ქართული ღვინო რუსულ ბაზრას მოწყდება და უფრო მომგებიან ბაზრებს იპოვის“, - ამბობს თინა კეზელი, საქართველოს მეღვინეთა ასოციაციის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ნაწილობრივ ეს აიხსნება იმით, რომ „რუსეთის ბაზარაი ყოველთვის ძალზე პოლიტიზებულია“ - მოსკოვი წარსულში ხშირად კრძალავდა ქართული ღვინების იმპორტს, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბული ხდებოდა, მაგალითად, 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში. „რუსეთი ხელმძღვანელობს პრინციპით: „თუ გინდათ ქართული ღვინო გაიყიდოს და თქვენთვის ბაზარი არ დავხუროთ, როგორც გეტყვით, ისე უნდა მოიქცეთ“.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ზოგიერთმა ქართველმა მეღვინე-ბიზნესმენმა უარი თქვა ღვინის რუსეთში გაყიდვაზე, თუმცა სხვებმა რუსეთის ბაზარზე თავიანთი პროდუქციის გატანა გაზარდეს.

საქართველოს სტატისიკური სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელს ქართული ღვინის 70% რუსეთში იქნა რეალიზებული, 214 მილიონი დოლარის მოცულობით, რაც 54%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ომამდე.

ბევრი ქართველისათვის დისკუსიას ქართული ღვინის მრეწველობის პერსპექტივის საკითხს პირადული ხასიათი აქვს.

საქართველოში მეღვინეობა ჯერ კიდევ 8 ათასი წლის ჩაისახა და ქვეყნის თვითმყოფადობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ზოგჯერ ისე ჩანს, რომ ყოველი ქართველი მეღვინეა და რომ ყველას აქვს სახლში თავისი საკუთარი მარანი - ტრადიციული ღვინის სარდაფი.

საქართველოს როგორც ქრისტიანული ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ რელიქვიად ითვლება ვაზის ლერწმისაგან შექმნილი ჯვარი. ქართული სუფრა და ნადიმები ღვინით თქმული სადღეგრძელოების გარეშე წარმოუდგენელია, ეს არის ყოველი ქართველის ცხოვრების წესი.

ქარტულ სოფლებში ჩასული მოგზაურები უარს ვერ იტყვიან იქაური მარნების ნახვაზე და იმ ღვინის დეგუსტაციაზე, რომლებიც მიწაში ჩაფლულ თიხის დიდ ჭურჭლებში - ქვევრებშია შენახული, ძირითადად პირადი სარგებლობისათვის. საბჭოთა პერიოდში, როცა ღვინო სამრეწველო წესით მზადდებოდა, როგორც წესი, ტკბილი და დაბალი ხარისხისა იყო, თუმცა მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეში დღემდე ცნობილია ლეგენდა, რომ ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ ძალიან მოსწონდა იოსებ სტალინს, რომელიც წარმოშობით საქართველოდან იყო.

„ბევრი ქართული ღვინო იმ დროს მაინცდამაინც კარგი ხარისხით არ გამოირჩეოდა“, ამბობს რობერტ ჯოზეფი, ბრიტანელი ღვინოთმცოდნე და კრიტიკოსი, რომელიც საქართველოს პირველად ჯერ კიდევ 1988 წელს ეწვია.

მისტერ ჯოზეფის თქმით, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს მეღვინეობაში სერიოზული გარდაქმნები მოხდა. ცხადია, გაიზარდა ღვინის სამრეწველო წესით დამზადება, მაგრამ იმავდროულად იმატა იმ ენთუზიასტების რაოდენობამაც, რომლებიც ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდებით ხელმძღვანელობენ და მაღალხარისხოვან სასმელებს აწარმოებენ, ძირითადად დასავლურ ბაზრებზე გასაყიდად.

გიორგი დაქიშვილი სწორედ ამ ენთუზიასტთა ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც მეღვინის ოჯახში დაიბადა. მამამისი ხელმძღვანელობდა „საფერავის“ წარმოებას, რომელიც იოსებ სტალინის კიდევ ერთ საყვარელ ღვინოს წარმოადგენდა.  გიორგი დაქიშვილმა პირველმა დაიწყო 2000-იანების დასაწყისში ამ ტრადიციული ქარვისფერი ღვინის ქვევრში დაყენება და დღეს მისი პროდუქცია ძირითადად დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და იაპონიის ბუტიკებში იყიდება, მცირე რაოდენობით - რუსეთშიც.

„რუსეთის ბაზარი იოლი ბაზარია - იქ ქართული ღვინოები კარგად არის ცნობილი და დიდი ფულის ჩადება რეკლამისათვის საჭირო არ არის“, - ამბობს გიორგი, - მაგრამ იმავდროულად რუსული ბაზარი არასტაბილურია პოლიტიკური მიზეზების გამო“.

2006 წელს, როცა კრემლსა და თბილისის ახალი პროდასავლურ მთავრობას შორის ურთიერთობა დაიძაბა, რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი 7 წლით აკრძალა. ამის გამო ბევრი ღვინის კომპანია გაკოტრდა, თუმცა ბევრსაც დასავლური ბაზრებისაკენ ლტოლვის მოტივაცია გაუჩნდა.

„მე მადლობას ვუხდი რუსეთს ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესებისათვის. იმიტომ, რომ ემბარგო რომ არ ყოფილიყო, ჩვენ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებოდით რუსეთზე დამოკიდეული, ახლა კი დასავლეთთან ფართო კავშირები გვაქვს“, - ამბობს გიორგი დაკითვილი, - ამავე დროს შეცდომა იქნებოდა, რუსულ ბაზარზე მთლიანად უარი რომ ვთქვათ“.

ზურაბ მღვდლიშვილი, კომპანია „ნიკალას მარანის“ მფლობელი, რომელიც ნატურალური ღვინოების დამზადებაზე სპეციალდება (ქიმიკატების გარეშე) თავის სოფელ კარდენახში (კახეთში), ამბობს, რომ რუსეთის ბაზარზე ღვინოს არ გაყიდის.

„მე, უბრალოდ, რუსეთი არ მომწონს“, - ამბობს ზურაბი, რომელიც იმავდროულად საქართველოს ნატურალური ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა, იგი ყოველწლიურად 10 ათას ბოთლ ღვინოს აყენებს და მათი დიდი ნაწილი ნიუ-იორკში იყიდება.

რასაკვირველია, მცირე მეწარმეების შესაძლებლობები იმ მსხვილი კომპანიების ფონზე ფერმკრთალდება, რომლებიც რუსეთის ბაზრით სარგებლობენ.

თუმცა, ზურაბ მღვდლიშვილის ერთი ბოთლი ღვინო ნიუ-იორკში 18 დოლარი ღირს, ქართული ღვინის მასობრივი წარმოების პროდუქტი კი რუსულ ბაზარზე მხოლოდ 2-3 დოლარად იყიდება.

რობერტ ჯოზეფი, რომელიც ვლადიმერ კუბლაშვილთან - ღვინის უდიდეს მწარმოებელ კომპანიის „ხარებას“ მთავარ მეღვინესთან თანამშრომლობს, ამბობს, რომ იქმნება პროექტი დასავლეთის ბაზრებზე გასასვლელად, რომელიც კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის დიდი რაოდენობით გაყიდვას ითვალისწინებს.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/11/20/world/europe/georgia-russia-wine-sanctions.html

მსოფლიო
European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, ევროპელები აშშ-ს უფრო მეტად მიიჩნევენ საფრთხედ, ვიდრე ჩინეთს

POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.

2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.

მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.

ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.

„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.

POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.

European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.

ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.

იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.

გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.

გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.

„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).

ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.

თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.

გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.

ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.

„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.

ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.

„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.

გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.

მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის