USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „პროტესტები საქართველოში - უკრაინაში ადრე მომხდარი რევოლუციების გამოძახილი“
дата:  830

აშშ-ის გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 11 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია თბილისში მყოფი ამერიკელი ჟურნალისტის ჯეფრი გეტლმანის სტატია სათაურით „პროტესტები საქართველოში - უკრაინაში ადრე მომხდარი რევოლუციების გამოძახილი“. პუბლიკაციაში მეტ-ნაკლებად ორივე მხარის - ოპოზიციისა და ხელისუფლების - წარმომადგენლების თვალსაზრისია ნაჩვენები, რაც საკმაოდ იშვიათია ბოლო თვეების უცხოურ (დასავლურ) მასმედიაში.

„ავტორმა თითქმის მთელი კვირა გაატარა საქართველოს დედაქალაქ თბილისში და ესაუბრა როგორც ოპოზიციის ლიდერებს და საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ასევე სამთავრობო ჩინოვნიკებს - დაძაბული სიტუაციისა და ხშირად ძალადობრივი შეტაკებების ფონზე“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს ქალაქებში შექმნილი სიტუაცია გარკვეულწილად უკრაინაში 10 წლის მომხდარ მოვლენებს გვაგონებს, ომამდელს, როცა რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობამ იმატა. შთაბეჭდილება ისეთია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს ხელისუფლებას ავტორიტარიზმის სიმპტომები აქვს და სულ უფრო შორდება ევროკავშირს და უახლოვდება მოსკოვს. შესაბამისად, ქალქებში მასობრივი პროტესტები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები მთავრობის გადადგომას [და არჩევნების განმეორებით ჩატარებას] ითხოვენ. სამაგიეროდ, მათ წინააღმდეგ პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები გამოდიან, რომლებიც ახალგაზრდების მიმართ ძალას გადაჭარბებით იყენებენ - ფიზიკურად სცემენ და აკავებენ. თითოეული მხარე თავის სიმართლეს ამტკიცებს და სერიოზული კრიზისის წინამძღვრებს ქმნის ქვეყანაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა რუსეთის ბატონობისაგან თავდასაღწევად.

საქართველო - ქვეყანა, რომელიც ევროპის კონტინენტის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მის შორეულ გარეუბანში მდებარეობს. მისი ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა სარისკო ნაბიჯიც კი იყოს - იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ სურს რუსეთს, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოს და არ სურს თავისი რეგიონული გავლენის შესუსტება.

ბოლო წლებში რუსეთთან დაძაბული დამოკიდებულება სხვადასხვა დონით ვლინდება როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვასა და ყველაზე უკიდურესად, უკრაინაში. სამივე სახელმწიფო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს წარმოადგენენ და სამივეს ტერიტორიებიდან რუსეთს გარკვეული ნაწილები აქვს ოკუპირებული. საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას და მის ფარგლებს გარეთაც აშფოთებთ უკრაინის მდგომარეობა, რომელმაც 2014 წელს სახალხო რევოლუცია (მაიდანი) გადაიტანა, ქვეყანა მოსკოვის ორბიტას წარმატებით ჩამოშორდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მდგომარეობა დამანგრეველ ომამდე მივიდა.

„მთავრობა ცდილობს საქართველოს ევროპული კურსი შეცვალოს და რუსეთს დაუახლოვოს. ეს ხდება მოსახლეობის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, რომელსაც სურს წინ იაროს დასავლეთისაკენ მიმავალ გზით. ევროინტეგრაცია თითქმის შეუქცევად პროცესად მოჩანდა“, - ამბობს ქრისტინა ფლორეა, ისტორიკოსი კორნელის უნივერსიტეტიდან (აშშ, ნიუ-იორკის შტატი), რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტია., - „საქართველოში მიმდინარე მოვლენები ძალიან ჰგავს იმ მოვლენებს, რომლებიც უკრაინაში მოხდა“.

მას შემდეგ, რაც ნოემბერში მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ გადაავადებს თავის ძალისხმევას ევროკავშირიში გასაწვეიანებლად, ქუჩებში ათასობით აღშფოთებული ადამიანი გამოვიდა, პროევროპულად განწყობილნი. პროტესტებმა მთავრობისაგან მკაცრი პასუხის გაცემა გამოიწვია - პოლიციის რაზმებმა დემონსტრანტთა გამოსვლებზე მკაცრი რეაგირება მოახდინეს.

ლაზარე მაღლაკელიძე, 20 წლის სტუდენტი-პროგრამისტი, ამბობს, რომ ამას წინათ გამართულ საპროტესტო აქციაზე იგი რამდენიმე შავფორმიანმა (ამოსაცნობი ნიშნების გარეშე) ავტოფურგონში შეათრია, სცემა, მათ შორის სახის არეშიც, ცხვირი გაუტეხა და გაუპატიურებით დაემუქრა. მან მაჩვენა ვიდეოჩანაწერები და სამედიცინო ცნობები იმის დასადასტურებლად, რომ რაც მას თავს გადახდა, სინამდვილეს წარმოადგენს. ლაზარეს ნიღაბი აქვს აფარებული. მისი აზრით, საქართველოს მოვლენები ძალიან ჰგავს უკრაინაში რამდენიმე წლის წინ მომხდარ მოვლენებს, რომლის დროსაც მოსახლეობა მაღალი იდეალებისათვის იბრძოდა. „დიახ, რუსეთთან დაპირისპირებაში არის დიდი რისკი, მაგრამ ზოგჯერ უკეთესია მოკვდე, ვიდრე უღირსი ცხოვრებით იცხოვრო და იარსებო“.

კავკასიის კონფლიქტებში ხშირად ერეოდნენ უცხოეთის დიდი სახელმწიფოები. აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ საქართველოს პროცესებზე და მხარი დაუჭირეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოსახლეობის იმ ფენას, რომლის წარმომადგენლებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება სურდათ. დასავლეთის ასეთი მოქმედება ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევს.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ბოლო შეტაკებებმა დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერტობაში გაჩენილი ბზარი გააფართოვა. 10 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას მხარდაჭერას შეუმცირებს - პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის საშინელი ფაქტების გამო მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი (ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ) „ქართული ოცნების“ მთავრობის მოქმედება კრიტიკულად შეაფასა: „ანტიდემოკრატიულ ქმედებებში“ დაადანაშაულა და საქართველოსთან დიდი ხნის წინ ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მოქმედება ცალმხრივად შეაჩერა.

საქართველო, რომელიც მაღალმთიან კავკასიის რეგიონში მდებარეობს და რუსეთსა და თურქეთს შორის არის მოქცეული, მრავალი საუკუნის განმავლობაში ასრულებდა ერთგვარი გეოპოლიტიკური დერეფან-ხიდის როლს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, თუმცა ქვეყანა და მისი მოსახლეობა [ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში] სულ უფრო მეტად უყურებს დასავლეთს. ამასწინანდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის (3,7 მილიონი) 82%-ის სურვილია, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროინტეგრაციის დებულება თვით ქვეყნის ძირითად კანონშია დაფიქსირებული.

პროტესტები კი გასულ წელს დაიწყო, როცა მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც მოსახლეობამ, როგორც ჩანს, ევროპისაგან დაშორებად აღიქვა.

უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ პარლამენტმა მიიღო რუსეთის მსგავსი ანტიდემოკრატიული კანონი, რომელიც მიმართულია იმ უფლებადამცველთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის საშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლეთისაგან ფინანსურ დახმარებებს იღებენ. შემდეგ ხელისუფლებამ ასევე მიიღო კანონი, რომელიც სერიოზულად ავიწროვებს გეების უფლებებს. ევროპელმა ჩინოვნიკებმა ორივე კანონი დაგმეს და თბილისი გააფრთხილეს, რომ ხელისუფლება ასეთი მოქმედებით ძირს უთხრის საქართველოს შანსებს ევროპულ კლუბში შესასვლელად. შემდეგ კი, ნოემბერში, მმართველმა პარტიამ გააკეთა გასაოცარი განცხადება, რომ საქართველო ოთხი წლით აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. სწორედ ეს განცხადება გახდა სიტუაციის ამრევი, რომელიც ბევრმა ქართველმა, უმეტესად კი ახალგაზრდებმა, ევროპაში თავისუფალი გადაადგილებისა დ სამუშაოს ძიებისათვის ხელის შემშლელ ფაქტორად ჩათვალეს.

უნდა ითქვას, რომ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობები ატარებდნენ ყველანაირ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ იყო მიმართული, ხოლო ქართველი ბიზნესმენები ცდილობდნენ ევროპასთან ვაჭრობაში მოგება მიეღოთ. მაგრამ ახლა, როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ უარი თქვა ევროპულ გზაზე „რუსული პროექტის სასარგებლოს“.

საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკები უარყოფენ ბრალდებას, რომ მათ რუსეთის გზა აირჩიეს და აცხადებენ, რომ უსაფუძვლო და არასწორია მათთვის ანტიდასავლურობისა და „რუსეთუმეობის“ იარლიყების მიწებება.

„ჩვენი პოზიცია ნათელია და მკაფიო: ჩვენ გვინდა ვიარსებოთ როგორც სახელმწიფო“, - აცხადებს ლევან მახაშვილი - პარლამენტის წევრი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საგარეო პოლიტიკის გატარებაში.

„სამწუხაროდ, მეზობლებს არ ირჩევენ. სამწუხაროდ, ჩვენი მეზობელი რუსეთია და, შესაბამისად, რუსეთის მხრიდან ყოველდღიურად ვაწყდებით ეგზისტენციალურ მუქარებს უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - მეუბნება ლევან მახაშვილი. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა გაატაროს, რომლის ძირითადი მიმართულება ისევ დასავლური ორიენტაცია იქნება, მაგრამ გაატაროს „ძალიან ფრთხილად’, რათა რუსეთის თავის საწინააღმდეგოდ არ განაწყოს. „ბევრი ევროპელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების განცხადებას შეუძლია რუსეთთან კონფრონტაციის პროვოცირება, რაც საქართველოსათვის დიდ ზარალის მომტანი იქნება“, - ამბობს დეპუტატი და მაგალითის სახით იხსენებს დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს, რომლებსაც თავდაპირველად საქართველო შეუერთდა, მაგრამ როცა ნათელი გახდა, თუ რა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა ქვეყანას ასეთი ამკრძალავი ზომები რუსეთთან ვაჭრობაში, თბილისმა უარი თქვა სანქციების პრაქტიკაში გატარებაზე. საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, რომ მის მიერ გამოცხადებული სანქციები რუსეთს ვერანაირად ვერ დააზიანებდა, თვითონ კი ძალიან დაზარალდებოდა.

დეპუტატის თქმით, კიდევ უფრო აბსურდული იყო უკრაინის თხოვნა, რომ საქართველოს ნება მიეცა ქართველი მოხალისე მებრძოლებისათვის თავისუფლად წასულიყვნენ უკრაინაში საბრძოლველად. „ასეთი ნაბიჯი ბიძგს მისცემდა საომარი მოქმედებების ესკალაციას რუსეთთან მიმართებით, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ისედაც აქვს ოკუპირებული, 2008 წელს მომხდარი ინტენსიური „ხუთდღიანი ომის“ შედეგად.

26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ მას პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი აქვს, მაგრამ ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და რომ დამკვირვებლებმაც გამოხატეს თავიანთი შეშფოთება ელექტორატზე ზეწოლისა და მისი დაშინების გამო.

არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატები აცხადებდნენ, რომ თუ მოსახლეობას არ სურს ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლმა მოიცვას, მაშინ მათ მხარი პარტიის პრაგმატულ პოლიტიკას უნდა დაიჭირონ. მმართველმა პარტიამ ამ მხრივ შესაბამისი საარჩევნო-სარეკლამო პლაკატებიც გამოფინა - საქართველოში აღმშენებლობა მიმდინარეობს, უკრაინის ქალაქები კი ნანგრევებად არის ქცეული.

ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, საქართველოს პოლიტიკას რეალურად მართავს და აკონტროლებს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ დამაარსებელი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და დღემდე მოსკოვთან კავშირები არ დაუკარგავს. სწორედ მისი სურვილით ხდება ქვეყნის დაშორება ევროკავშირისაგან. ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობა მკაცრად უსწორდება მომიტინგეებს, სცემს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რაც „რუსული გეგმის“ კიდევ ერთ დადასტურებას წარმოადგენს. მართლაცდა, ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ ურტყამენ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ახალგაზრდებს, რომლებიც მიწაზე არიან წაქცეულები. ერთ-ერთი ვიდეოეპიზოდი ეხება ჟურნალისტ გურამ როგავას, რომელმაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. (...)

საქართველო, რა თქმა უნდა, უკრაინისაგან განსხვავდება. საქართველო სლავური ქვეყანა არ არის. საქართველო არ ყოფილა საბჭოთა მძიმე მრეწველობის ან სოფლის მეურნეობის ცენტრი. საქართველო გეოგრაფიულად არ არის ისე ახლოს დასავლეთ ევროპასთან, როგორც უკრაინა.  საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომი მაინცდამაინც ისეთ დიდ შეშფოთებას არ იწვევს, როგორც პოლონეთში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში და ევროკავშირის სხვა წევრე-ქვეყნებში. და მაინც, საქართველო მაინც ფრონტისპირა ქვეყანას წარმოადგენს და საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფება. „კავკასიის რეგიონის ქვეყნები იმდენად მჭიდროდ არიან რუსეთთან დაკავშირებულნი, რომ მათი გაწყვეტა ძალიან რთულია“, - ამბობს ქრისტინა ფლორეა, - სწორედ ამაშია პრობლემა“.

ბევრი ქართველი შეშფოთებულია არამხოლოდ პოლიტიკური გადახრით, არამედ სოციოკულტურული ცვლილებებითაც. დავით აფაქიძე, მხატვარი, ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად ადარდებს კანონი გეების სესახებ, რომელიც ძალაში გასულ კვირას შევიდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი კრძალავს ერთსქესიან ქორწინებებს და სისიხლის სამართლის სასჯელია გათვალისწინებული მათთვის, ვინც ერთსქესიანთა ურთიერთობას რეკლამას გაუწევს.

დავით აფაქიძე თვითონ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია - გეი.

„ახლა რა გამოდის? მე რომ ქუჩაში გავიდე, ვინმე გავიცნო, მივესალმო და ვუთხრა - „მე დავით აფაქიძე ვარ, ჰომოსექსუალი“ - დამიჭერენ და ციხეში ჩამსვამენ?“ - რიტორიკულ კითხვას სვამს დავითი, - მე არ ვიცი, შემიძლია თუ არა საქართველოში ცხოვრება. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე სხვაგან ცხოვრებას ვერ შევეგუები“.

დავითი ყოველ საღამოს დადის საპროტესტო აქციაზე, რომლებსაც მოსახლეობა სამუშაოს დასრულების შემდეგ მართავს. იგი საუბრობს მეგობრებთან, ხელებს კოცონზე ითბობს და უერთდება შეძახილებს „ძირს მთავრობა!“.

დავითთან ერთად ათობით ათასი ადამიანი დგას, რომლებსაც ტანზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ შემოხვეული. მოჩანს უკრაინის დროშებიც. მიტინგზე არსებული ატმოსფერო ნორმალურია, სანამ პოლიცია არ მოსულა...

წყარო: https://www.nytimes.com/2024/12/10/world/asia/georgia-protests-russia-ukraine.html

 

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати