USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«The New York Times» (აშშ): კომენტარი: „პუტინმა იშვიათი საკადრო გადაადგილება განახორციელა - შეცვალა თავდაცვის მინისტრი“
Date:  945

უცხოური პრესა ფართოდ აშუქებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის მთავრობაში საკადრო ცვლილებების თაობაზე, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან სერგეი შოიგუს გათავისუფლებისა და მის ნაცვლად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნის შესახებ. სერგეი შოიგუ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

 

ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინმა თავდაცვის მინისტრი შეცვალა იშვიათი საკადრო გადაადგილების შედეგად“ (ავტორები პოლ სონი და ანტონ ტროიანოვსკი), რომელშიც ნათქვამია:

„ვლადიმერ პუტინმა კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრი, გენერალი სერგეი შოიგუ ეკონომისტით ანდრეი ბელოუსოვით შეცვლა. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პირველი მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილება უკრაინაში შეჭრის შემდეგ - ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას შეეხო. ვლადიმერ პუტინმა ამით იმ განზრახვის დემონსტრირება მოახდინა, რომ მას სურს სამხედრო ძალისხმევას მდგრადი ეკონომიკური საფუძველი ჰქონდეს.

ამასთან, სერგეი შოიგუს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი თავის ძველ მეგობარს უახლოეს გარემოცვაში ინარჩუნებს, თუმცა მას, მინისტრობისაგან განსხვავებით, პირდაპირი უფლებამოსილება აღარ ექნება. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს ნიკოლაი პატრუშევს, რომელიც ასევე პრეზიდენტის ახლო თანამებრძოლია ჯერ კიდევ სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სტრუქტურებიდან, მისი ბედის შესახებ უახლოეს დრეებში გამოცხადდება.

ანდრეი ბელოუსოვი, განათლებით ეკონომისტი, რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებს და დიდი ხნის განმავლობაში ითვლება ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო ეკონომიკურ მრჩევლად. როგორც კრემლმა განაცხადა, მზარდი თავდაცვითი ბიუჯეტი ითხოვს, რომ თავდაცვის სამინისტროს ეკონომიკურად განათლებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხელმძღვანელობდეს. სწორედ ანდრეი ბელოუსოვი გადააქცევს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „უფრო ღია და გახსნილ სისტემად, ინოვაციების განსახორციელებლად“.

ვლადიმერ პუტინის მხრიდან მინისტრთა კაბინეტში მომხდარი ცვლილებები საკმაოდ იშვიათ ნაბიჯს წარმოადგენს - რუსეთის პრეზიდენტი, როგორც წესი, თავს არიდებს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ გუშინდელი მოვლენები შეიძლება შემობრუნებით მომენტად იქცნენ უკრაინასთან ომში, რომელიც ორ წელზე მეტ ხანს გრძელდება.

პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას ჩამოაშორა ისეთი ადამიანი, რომელსაც რუსი მიმომხილველები, ომის „ქორები და მხარდამჭერები“ და დასავლელი ანალიტიკოსები თვლიან საკმაოდ პასუხისმგებელ პიროვნებად იმ მრავალრიცხოვანი წარუმატებლობისათვის, რომელიც მოსკოვმა ომის პერიოდში განიცადა. თავდაცვის მინისტრად ეკონომისტის დანიშვნით ვლადმერ პუტინმა ჩუმად აღიარა ეკონომიკური ძლიერების მნიშვნელობა ნებისმიერი სამხედრო გამარჯვებისათვის.

გავიხსენოთ, რომ სერგეი შოიგუს სავარაუდო გადადგომის სესახებ ხმები ომის პირველი კვირეების შემდეგ გაისმა, როცა რუსეთის არმია სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა უკრაინის არმიის წინააღმდეგობის გასაწევად. მოგვიანებით დაიწყო სერგეი შოიგუსა და „ვაგნერის“ ხელმძღვანელის სერგეი პრიგოჟინის დაპირისპირება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ,  ვლადიმერ პუტინმა, რომელიც აფასებს ლოიალობას და ძველ მეგობრობას, სერგეი შოიგუს მიმართ ერთგული დარჩა.

ახლა, როცა რუს სამხედროებს უპირატესობა აქვთ ბრძოლის ველზე, ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოავლინა საკადრო ცვლილებებისათვის. იგი ამით აჩვენებს, რომ რუსეთს აქვს შესაბამისი დისციპლინა და ეკონომიკური პოტენციალი ხანგრძლივი ომის წარმოებისათვის. სხვათა შორის, სერგეი შოიგუს მიმართ ღრუბლები გასულ თვეში გამოჩნდა, როცა რუსმა სამართალდამცველებმა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე დააკავეს კორუფციის ბრალდებით.

გაურკვეველია, თუ რა გავლენა ექნება სერგეი შოიგუს ომის მიმდინარეობაზე. მართალია, მისი ახალი თანამდებობა თითქმის ანალოგიურია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლისა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, პუტინის რუსეთში ეს თანამდებობა შეზღუდული გავლენის მქონე პოსტს წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების ორგანოებს არ აკონტროლებს.

„სერგეი შოიგუ საკმაოდ დიდი კაცია და ამიტომ ის იმ მდგომარეობაში არ ჩავარდება, რომ მუხლებზე დაეცეს“, - აღნიშნავს ალექსანდრე ბაუნოვი, აშშ-ის კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - მაგრამ თავის ახალ ამპლუაში სერგეი შოიგუ იქნება ისეთ ადამიანი, რომელსაც რეალური უფლებამოსილება და ბიუჯეტი არ აქვს“.

ანდრეი ბელოუსოვი, რომელიც 2020 წელს ვიცე-პრემიერად დანიშვნამდე კრემლის ეკონომიკური მრჩეველი იყო, მთავრობის იმ ეკონომიკურ ბლოკს მიეკუთვნება, რომლის მიერ შემუშავებულმა ანტისანქციურმა პროგრამამ საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. კრემლმა პოზიტიურად შეაფასა ეკონომისტების ოპერატიული რეაგირება  დასავლურ სანქციების მიმართ,  ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით. უშიშროება-უსაფრთხოების სამთავრობო ბლოკი კი პირიქით - „რეპრესიების ქვეშ მოექცა“, რადგან რუსი მაღალჩინოსანი სამხედროები ომის პირველ თვეებში მცდარ სტრატეგიას ახორციელებდნენ და წარუმატებლობა განიცადეს

წყარო: https://www.nytimes.com/2024/05/12/world/europe/russia-putin-cabinet-war-shoigu.html

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way