USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „დონალდ ტრამპის საქმის მნიშვნელობა ამერიკული დემოკრატიისათვის“
თარიღი:  

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორ თაიმსის“ (The New York Times) ორი აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის საქმის მნიშვნელობა ამერიკული დემოკრატიისათვის“ (ავტორი - პიტერ ბეიკერი, გაზეთის კორესპონდენტი თეთრ სახლში ბოლო ხუთი პრეზიდენტის მმართველობის დროს). მასალაში გაანალიზებულია აშშ-ის სპეციალური პროკურორის მიერ ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ პირველ აგვისტოს წაყენებული მესამე ბრალდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკული სახელმწიფოს დიდი ხნის ისტორიის განმავლობაში თეთრ სახლს ბევრი რამ უნახავს და გადაუტანია - ვერაგობა და სკანდალები, ცოლების მოღალატე პრეზიდენტები, რომლებიც გადასახადებსაც არ იხდიდნენ... ქვეყნის მეთაურები, რომლებიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებდნენ და ამომრჩეველთა ნდობას არ ამართლებდნენ..

მაგრამ არცერთხელ მას შემდეგ, რაც 236 წლის წინათ, ზაფხულის ერთ დღეს, ამერიკული სახელმწიფოს მამები ფილადელფიაში მდებარე „დამოუკიდებლობის დარბაზიდან“ გამოვიდნენ [სადაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და კონსტიტუცია იქნა მიღებული], არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ბრალდებული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ისეთ ქმედებაში და შეთქმულების გზით ხელისუფლების შენარჩუნების უკანონო მცდელობაში, რომელიც კონგრესის დარბაზში შეჭრას და ძალადობას გამოიწვევდა.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული ეს ბრალდება უფრო უარესია, ვიდრე მანამდე წაყენებული ბრალდებები, რომლებიც საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესების დარღვევას ეხება. დღეს საქმე ეხება ისეთ მოვლენას, ისეთ საკითხს, რომელიც ამერიკული დემოკრატიის სამომავლო ბედს განსაზღვრავს.

იმ საქმეს, რომლის სახელწოდებაა „ამერიკის შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ“, საფუძვლად უდევს სისტემის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც 1776 წელს ჩაეყარა საფუძველი. შეუძლია თუ არა მოქმედ პრეზიდენტს არჩევნების შესახებ სიცრუის გავრცელება და მთავრობის ავტორიტეტის გამოყენება იმ მიზნით, რომ ამომრჩეველთა ნება შეცვალოს? შეიძლება თუ არა მისი დასჯა? სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ ამ კითხვების დასმა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს დონალდ ტრამპის საქმე ისეთ აჩრდილს წარმოშობს, რომელიც ცნობილია გადატრიალებების, ხუნტებისა და დიქტატორული ისტორიის მქონე ქვეყნებში და არა აშშ-ში.

არსებითად, ჯეკ სმიტმა, სპეციალურმა პროკურორმა, რომელმაც საქმე აღძრა, დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სენსაციურ თაღლითობაში დაადანაშაულა, რომელსაც თან ახლავს ყველაზე მდაბალი მოტივი - სიცრუის გავრცელება ხელისუფლების დარჩენის წყურვილით. 45-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა დონალდ ტრამპმა კარგად იცოდა არცევნების შედეგების სისწორე, მაგრამ მან თავისი მოქმედებით მაინც შექმნა დაძაბული ატმოსფერო უნდობლობის ჩანერგვით, რათა საარჩევნო სისტემისა და არჩევნების ორგანიზაციის მიმართ ამერიკის მოსახლეობის რწმენა შერყეულიყო“.

სავარაუდო შეთქმულების ელემენტები, რომლებიც საბრალდებო დასკვნაშია გადმოცემული, პრინციპში უკვე ყველასათვის იყო ცნობილი მას შემდეგ, რაც კონგრესმა თავისი გამოძიების მასალები გამოაქვეყნა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხდარი  ამბების ირგვლივ. სპეცპროკურორის დასკვნა ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მიმართული ბრალდებაში წრეს კრავს და გვაჩვენებს დონალდ ტრამპის მამხილებელ მთელ ისტორიას, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა და გაეჭიანურებინა ხელისუფლების (თეთრ სახლში ყოფნის უფლების) გადაცემა გამარჯვებული პრეტენდენტისათვის - ჯო ბაიდენისათვის - არჩევნების დღიდან ინაუგურაციამდე.

ამერიკის სახელმწიფოს შემქმნელები ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას მმართველობის ფუძემდებლურ პრინციპად თვლიდნენ. იმ დროისთვის ეს საკმაოდ რადიკალურ სიახლეს წარმოადგენდა - ეპოქაში, როცა მეფეები და იმპერატორები ხელისუფლებიდან მხოლოდ ბუნებრივი სიკვდილის შედეგად ან დამიზნებული იარაღის შიშით მიდიოდნენ. ახლადდაბადებული რესპუბლიკის დამაარსებლებმა ქვეყნის მეთაურის - პრეზიდენტის  ხელისუფლება ოთხწლიანი ვადით შეზღუდეს, შემდგომი სავარაუდო გაგრძელების უფლებით.

ჯორჯ ვაშინგტონმა შექმნა პრეცედენტი პოსტიდან ნებაყოფლობითი წასვლის თაობაზე მას სემდეგ, რაც იგი პრეზიდენტად ორი ვადის განმავლობაში იყო. ამის შემდეგ განხორციელდა კონსტიტუციის 22-ე შესწორება ვადების იურიდიულად შეზღუდვის თაობაზე. მომდევნო პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა შექმნა პრეცედენტი არჩევნებში წაგების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის შესახებ. მას შემდეგ ყოველი დამარცხებული პრეზიდენტი მშვიდად იღებდა ამომრცეველთა ვერდიქტს და თეთრი სახლიდან პრეტენზიების გარეშე მიდიოდა. როგორც ერთხელ რონალდ რეიგანმა თქვა, „ის, რასაც ჩვენ ნორმად ვთვლით, სხვა არაფერია, თუ არა საოცრება“.

მაგრამ ეს იყო მანამ, სანამ მისტერ დონალდ ტრამპი არ გამოჩნდა.

მიუხედავად მის წინააღმდეგ მიმართული მრავალრიცხოვანი სხვადასხვა ბრალდებებისა საჯარო სცენაზე ყოფნის დროს, ბოლო ბრალდებასთან შედარებით ყველა სხვა უმნიშვნელოა. პორნომსახიობისთვის ფულის გადახდა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების საფრთხე და მისთანანი არაფერია ბოლო ბრალდების მნიშვნელობის ფონზე. იმიტომ, რომ ის ეხება ისეთ ქმედებას, ისეთ უკანონობას, რომელიც პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების შესრულების დროს განახორციელა.

მართალია, დონალდ ტრამპმა ვერ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ მან თავისი ქმედებით აშშ-ის არცევნების მიმართ რწმენა შეარყია, მან მოახერხა ათიდან სამი ამერიკელის დარწმუნება იმაში, რომ 2020 წლის არჩევნები მოპარულია, გაყალბებულია... თუმცა თვითონ ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა მრჩევლებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს ასე არ არის.

საქმის სასამართლოში გადაცემამ, შესაძლოა არჩევნების სისტემის მიმართ ნდობა მთლიანად ვერ აღადგინოს. გარდა ამისა, მილიონობით ამერიკელი, დონალდ ტრამპის მომხრეები, დარწმუნებულნი არიან, რომ დემოკრატიული პარტია და დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რესპუბლიკელებისა და პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ „ჭინკებზე ნადირობას“ აგრძელებს.

თავის მხრივ დონალდ ტრამპი უქმად არ იყო. მან იცოდა, რომ პროკურორი ამ ბრალდებას წაუყენებდა და ამიტომ თავის მომხრეებს არწმუნებდა, რომ ბრალდება არ დაეჯერებინათ. „რატომ არ წამიყენეს ბრალი 2,5 წლის წინათ? რას ელოდებოდნენ ამ ხნის განმავლობაში? იმიტომ, რომ ისინი იცდიდნენ, სანამ წინასაარჩევნო პერიოდი არ დადგებოდა. ეს პროკურორის უკანონო ქცევას ადასტურებს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში პირველ აგვისტოს.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი კი უფრო შორს წავიდა და უარესი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სპეციალური პროკურორი ფაშისტებსა და კომუნისტებს შეადარა: „დონალდ ტრამპისა და მისი მომხრეების მიმართ წარმოებული გამოძიება და სამართლებრივი დევნა უკანონოა და მკაფიოდ მოგვაგონებს 1930-იანი წლების ნაცისტურ გერმანიაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში და სხვა დიქტატორულ სახელმწიფოებში მომხდარ ამბებს... დონალდ ტრამპი ყოველთვის კონსტიტუციის ერთგული და კანონმორჩილი იყო და არის, იგი ეყრდნობა მაღალკვალიფიციური ადვოკატების რჩევებს“.

რას იზამს დონალდ ტრამპი? მისტერ ექს-პრეზიდენტის სტრატეგია შეიძლება იმაში გამოიხატოს, რომ იგი შეეცდება სასამართლო პროცესის გადადებას 2024 წლის არჩევნებამდე. მას იმედი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს და როცა პრეზიდენტი გახდება, ან შეწყვეტს საქმის წარმოებას, ან საკუთარ თავს შეიწყალებს.

კაცმა რომ თქვას, დონალდ ტრამპი არ უარყოფს იმას, რაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ განაცხადა - რომ მას აქვს უფლება შედეგები გააუქმოს და თვით კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტისაც კი იმ მიზნით, რომ თეთრ სახლში ისევ თვითონ დარჩეს. საქმე იმაშია, არის თუ არა მისი ქმედება დანაშაული? მსგავსი პრეცედენტები, რომ რომელიმე პრეზიდენტს ასეთი რამ გაეკეთებინოს, აშშ-ის ისტორიაში არ არის, შესაბამისად, ამის შესახებ კანონმდებლობაც არაფერს არ ამბობს.

მისტერ ტრამპის დამცველების მტკიცებით, მას საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდა იმისთვის, რომ ბევრ შტატში ჩატარებულ არჩევნების შედეგებში ეჭვი შეპარვოდა, ხოლო ის, რასაც სპეციალური პროკურორი აკეთებს თავისი ბრალდებით, „წყალს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წისქვილზე ასხამს“, ამით დემოკრატები თავიანთ რესპუბლიკელ მოწინააღმდეგეს სჯიან.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპს ბევრმა უთხრა, რომ მისი პოზიცია არასწორია. ისეთებმა უთხრეს, რომლებიც მისი დანიშნულები არიან - იუსტიციის სამინისტროდან და პროკურატურიდან, უშიშროების სამსახურის უფროსმა, რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა, სახელმწიფო მდივანმა და კონგრესმენებმა, საკუთარმა ვიცე-პრეზიდენტმაც. მათგან არცერთს არ უთქვამს, რომ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო და რომ დემოკრატი კანდიდატის გამარჯვებაში ეჭვი შეჰქონდათ.

ახლა კი ამერიკული მართლმსაჯულება და საარჩევნო სისტემა 15-თვიან რბოლას იწყებენ, რათა გაარკვიონ, რომელი გადაწყვეტს პირველი დონალდ ტრამპის პერსპექტივას და მასთან ერთად - ქვეყნის ბედს. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის საკითხში რეალური ვერდიქტი ჯერ კიდევ წინ არის.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/08/01/us/politics/trump-charged-jan-6-election-democracy.html

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.