დონალდ ტრამპი წყვეტს აშშ-ის დახმარებას საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ და „იუესაიდის“ (USAID) - საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - ლიკვიდაციას გეგმავს. „იუესაიდი“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინას აქტიურად ეხმარებოდა, ამჟამად კი მისი ვებ-გვერდის ბევრი სეგმენტი უმოქმედოა ან დახურული. ჩინოვნიკები შოკირებულები არიან: სააგენტოს გაუქმება რუსეთისათვის დიდი საჩუქარი იქნება“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ამერიკელ დემოკრატ-კანონმდებელთა პესიმისტური პროგნოზი: „იუესაიდის“ აღსასრული მალე დადგება“ (ავტორები - კარუნ დემირჭიანი, შირა ფრენკელი, მაიკლ ქროული).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
შაბათს, პირველ თებერვალს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებ-გვერდი მიუწვდომელი იყო, შემდეგ კი ნაწილობრივ გაიხსნა და გამოქვეყნდა განცხადება, რომ სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ხოლო მისი კონტროლისა და მართვის უფლება მთლიანად სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა.
აშშ-ის კონგრესის დემოკრატი წევრები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები ჯერ კიდევ პარასკევიდან ელოდნენ დონალდ ტრამპის ბრძანებულებას USAID-ის დახურვის თაობაზე. ყველასათვის ცნობილია, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი არ მალავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას უცხო სახელმწიფოების დახმარების მიმართ - დონალდ ტრამპის აზრით, ის, რომ ამერიკა „იუესადის“ მეშვეობით ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში ჩარიცხულ დოლარებს საზღვარგარეთ გზავნის, ეწინააღმდეგება მის პროგრამას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.
შაბათს, იმის გამო, რომ ვაშინგტონში, USAID-ის შტაბ-ბინაში ზოგიერთი აბრა ჩამოიხსნა, გავრცელდა ხმები, რომ სხვადასხვა ქვეყნების პროგრამების ხელმძღვანელებს უკან, აშშ-ში აბრუნებენ, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროების მეშვეობით ვერ მოხერხდა.
როგორც USAID-ის ორმა თანამშრომელმა ანონიმურობის დაცვით შეგვატყობინა, ისინი იძულებულნი არიან შიშისა და გაურვევლობის ატმოსფეროში იმუშაონ. ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ გასული კვირის დასწყისში სააგენტოს თანამშრომელთა თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ზოგიერთმა წყარომ, რომლებიც სააგენტოს მუშაობის პერსპექტივაში მეტ-ნაკლებად გარკვეულები არიან, განაცხადა, რომ პროგრამების შეკვეცა-გაუქმებაში დიდი როლი სეასრულა პიტ მაროკომ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკმა, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს რამდენიმე თანამდებაზე მუშაობდა.
USAID-ის სამმა ტანამშრომელმა, ასევე ანონიმურობის დაცვით, კონფიდენციალურად განაცხადეს, რომ მათი ელექტრონული ფოსტის აქაუნთებზე „ხელოვნური ინტელექტის“ პროგრამა Gemini იქნა დაყენებული, რამაც ეჭვი გამოიწვია იმისა, რომ საქმეში ილონ მასკის სამსახურია ჩართული: იგი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც ხარჯების შემცირებით არის დაკავებული. როგორც ჩანს, ილონ მასკის სამსახური „იუესაიდის“ თანამშრომლების საქმიანობას აკონტროლებს.
სახელმწიფო დეპარტამეტნის ჩინოვნიკებმა „ნიუ-იორკ თაიმსის“ კითხვებს, თუ რა მიზნები აქვთ და რა მოხდება სამომავლოდ, არ უპასუხეს. დემოკრატი-კანონმდებლები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაკები ეჭვობენ, რომ მარკო რუბიოს უწყების მიზანს, დიდი ალბათობით, საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ დახმარების მრავალი პროგრამის დახურვა წარმოადგენს. დემოკრატების თქმით, „იუესაიდს“ წინ ბნელი პერსპექტივა ელოდება და, როგორც ჩანს, არ არის გამორიცხული, რომ მალე ფინალი დაუდგება, ანუ საერთოდ დაიხურება.
„ყველა ნიშნის მიხედვით, დიდი ეჭვია, რომ ასე მოხდება: უფროს ხელმძღვანელთა შემადგენლობა შვებულებებში გაუშვეს. ბევრი თანამშრომელი შტან-ბინაში და ადგილებზე გააფრთხილეს, რომ არსად არაფერი არ თქვან და ხელწერილები დააწერინეს“, - განაცხადა შაბათს ინტერვიუში სენატორმა-დემოკრატმა კრის ქუნსმა დელავერის შტატიდან, რომელიც სენატის კომისიის წევრია საერთაშორისო დახმარების მიზნით ასიგნებათა საკითხებში., - ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სააგენტოს დახურვის პირველ ეტაპს, ვიდრე მის რეფორმირებას ან უბრალოდ, სახელის შეცვლას“.
„იუესაიდი“ 1961 წელს შეიქმნა. მართალია, უწყება მითითებებს სახელმწიფო დეპარტამენტიდან იღებდა, თუმცა სრულიად დამოუკიდებლად მუშაობდა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებებია უცხო სახელმწიფოების ჯანდაცვის სფეროს დახმარება, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდირება, სიღარიბესთან ბრძოლა და სხვა მრავალი. ის დახმარება, რომელსაც „იუესაიდი“ ანაწილებდა საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის, აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ „იუსაიდის“ ხაზით უცხოეთის ქვეყნების დახმარების ყველა პროგრამა შეჩერებულიაო, თუმცა მოგვიანებით გამონაკლისი გააკეთა სასიცოცხლოდ აუცილებელ ჰუმანიტარულ დახმარებებზე.
კანონმდებლების აზრით, დონალდ ტრამპს არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ მან „იუსაიდი“ თავისი ბრძანებულებით, ცალმხრივად დახუროს, რადგან უწყება კონგრესის მიერ არის შექმნილი და მის ბიუჯეტს ცალკეულ პროექტებზე კონგრესი ამტკიცებს. მკითხველებს შევახსენებთ, რომ ფედერალური მთავრობის დაფინანსება, „იუესაიდის“ ჩათვლით, 14 მარტამდე გაგრძელდება.
„დონალდ ტრამპს არ დააკმაყოფილებს უწყების უფლებების ნაწილობრივი შეზღუდვა, პროგრამების დახურვა და პერსონალის შემცირება. იგი სააგენტოს სრულ ლიკვიდაციას გეგმავს“, - ამბობს სენატორი დემოკრატი კრის მერფი კონეკტიკუტის შტატიდან, - „მაგრამ უწყების დახურვა უკანონობა იქნება. პრეზიდენტს არ შეუძლია ერთპიროვნულად ფედერალური სააგენტოს ლიკვიდირება მოახდინოს. ასეთი გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური იქნება“.
კანონმდებლებმა ასევე აცხადებენ, რომ USAIDის საქმიანობის გაურკვეველი ვადით შეზღუდვა-შემცირებით ისრგებლებენ როგორც ჩინეთი, რუსეთი და ირანი, ასევე აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეები და არაკეთილმსურველები, რომლებსაც საზღვარგარეთის ქვეყნების სახით ხელში სტრატეგიული პლაცდარმები ჩაუვარდებათ. ბუნებრივია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ყველაფერი ზიანს მიაყენებს აშშ-ის უსაფრთხოებას.
„USAID-ის - იმ ორგანიზაციის გაუქმებით, რომელიც ადამიანებს შიმშილის თავიდან აცილებაში ეხმარება, ებრძვის ექსტრემიზმს და ამერიკული ექსპორტის ბაზარს აფართოებს, ამერიკელებისათვის საფრთხე და მუქარები გაიზრდება. „იუესაიდის“ ლიკვიდაცია ნამდვილი საჩუქარი იქნება ჩინათისა და რუსეთისათვის“, - განაცხადა შაბათს სოციალურ ქსელში სენატორმა-დემოკრატმა ემი კლობუშარმა მინესოტას შტატიდან.
წყარო: https://www.nytimes.com/2025/02/01/us/us-aid-agency-trump.html?searchResultPosition=1
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.