USD 2.7545
EUR 3.1363
RUB 3.3460
Tbilisi
«The Economist»: „გაიცანით: ევროპელი გოლისტები, ატლანტისტები, დენიალისტები და პუტინისტები“
Date:  355

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გაიცანით: ევროპელი გოლისტები, ატლანტისტები, დენიალისტები და პუტინისტები“. როგორც  პუბლიკაციაშია აღნიშნული, „თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამ ძველი დავები გამოაცოცხლა იმაზე, თუ როგორი თავდაცვითი სტრატეგია ჭირდებათ ევროპელებს. შეიძლება გამოვყოთ ოთხი ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისი, რომლის წარმომადგენელები ერთმანეთს არ ეთანხმებიან“.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ქვეყანა საკუთარ თავს აშშ-ის მოკავშირედ თვლის, ამ დროს კი თვითონ აშშ-ს მისი ტერიტორიის ნაწილის ხელში ჩაგდება სურს და ამას პირდაპირ აცხადებს? რამდენად არის შესაძლებელი მოკავშირეების ერთმანეთთან მტრობა? თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს: 1968 წელს, ასეთი კითხვები ებადებოდა სენ-ჟერმენ-დე-პრეს (პარიზის გარეუბნის) ერთ-ერთ კაფეში მჯდარ ფილოსოფოსს, სიგარეტ „გიტანას“ კვამლში გახვეულს... [1966 წელს  საფრანგეთის ლიდერმა შარლ დე გოლმა თავის ამერიკელ კოლეგას ლინდონ ჯონსონს წერილი გაუგზავნა და თავისი ქვეყნის ნატოდან გასვლა გამოაცხადა. მომდევნო წელს კი საფრანგეთის ტერიტორიიდან აშშ-ის ჯარების ქვედანაყოფები გააძევა, ალიანსის შტაბ-ბინა კი პარიზიდან ბრიუსელში გადაატანინა - იმ მიზეზით, რომ ამერიკა საფრანგეთს - თავის ნატოელ მოკავშირეს - მტერივით ეპყრობა).

როგორც ბოლო მოვლენები გვაჩვენებს, ასეთი რამ დღესაც სრულიად რეალური შეიძლება იყოს. დონალდ ტრამპი არაერთხელ დაემუქრა დანიის სამეფოს მისი ავტონომიური ნაწილის - კუნძულ გრენლანდიის დაპყრობით და ეს ხდება იმ დროს, როცა ორივე სახელმწიფო ერთმანეთის მოკავშირეა ვაშინგტონის 1949 წლის ხელშეკრულების თანახმად, ნატოს (ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის) შექმნის თაობაზე.

თავდაპირველად ევროპელები საკუთარ თავს იმით არწმუნებდნენ, რომ თეთრ სახლში დაბრუნებული აშშ-ის პრეზიდენტის გეგმები გრენლანდიასთან მიმართებით მეტი არაფერია, თუ არა უბრალო ყბედობა, რომელსაც შეიძლება ყურადღება არ მიაქციო - ისევე როგორც მის ნათქვამს 2020 წელს, რომ კორონავირუსის („კოვიდ-19“) თავიდან აცილება თურმე ჩვეულებრივი მადეზინფიცირებელი ხსნარითაც შეიძლება.

დონალდ ტრამპის მკვეთრი სატელეფონო საუბრის შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსონმა ევროპული ვიზიტები დაიწყო და შეეცადა პარიზის, ბერლინისა და ბრიუსელის მხარდაჭერა მოეპოვებინა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შესთავაზა გრენლანდიაზე ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივი ჯარები გადაესხათ - ისე, ყოველი შემთხვევისათვის. ერთ-ერთმა ევროპელმა დინლომატმა, ფრანგი ფილოსოფოსის ჟან-პოლ სარტრის მგავსად, გაიხუმრა: „ისეთ მოკავშირეს, როგორიც დონალდ ტრამპია, მტერს არ ვუსურვებ“.

რა თქმა უნდა, ომი აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის წარმოუდგენელი  პერსპექტივაა, მაგრამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ევროპაში ახალი ძალით დაიწყო დებატები თავდაცვის საკითხზე: როგორ შეიძლება ევროპამ თავი დაიცვას აშშ-ის დახმარების გარეშე? კონტინენტის „უსაფრთხოების არქიტექტურის“ გადახედვა, როგორ უყვართ ხოლმე ასეთი გამოთქმა ნატოს წარმომადგენლებს, დღის წესრიგში ჯერ კიდევ სამი წლის წინ დადგა, როცა რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდას ჯერ-ჯერობით ევროპული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შემუშავება არ მოჰყოლია.

იმის გასაგებად, თუ როგორი იქნება ევროპის მომავალი კურსი, უნდა გავეცნოთ ევროპელ გოლისტებს, ატლანტისტებს, დენიალისტებს (ანუ რეალობის უარმყოფლებს) და ბოლოს, პუტინისტებსაც.

გოლისტები, როგორც დასახელებიდან ჩანს, ფრანგი პრეზიდენტის - გულფიცხი შარლ დე გოლის - პოლიტიკური შთამომავლები არიან, რომლებისთვისაც ევროპის მიმართ ამერიკული მფარველობა საძულველია. დღეს ემანუელ მაკრონს სამხედრო ალიანსიდან გამოსვლა არ სურს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ სწორედ მან განაცხადა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ველი ვადის დროს - „ნატოს ტვინი მოკვდაო“, ამიტომაც ევროპამ „სტრატეგიულ ავტონომიას“ უნდა მიაღწიოს და რიგ საკითხებში დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს, თუ მისი ინტერესები ოკეანისმიღმა მდებარე მოკავშირის ინტერესებს არ ეთანხმება. გოლისტების აზრით, ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში, ამერიკას ევროპის ნაცვლად უკვე სხვა პრიორიტეტები აქვს - აზია - წყნარი ოკეანის რეგიონი. ევროპამ თავი უნდა დაიზღვიოს მოულოდნელობებისგან, ამიტომ, საკუთარი ავტონომიის უზრუნველსაყოფად, უნდა გაიზარდოს ევროპული სამხედრო ბიუჯეტები, მეტი ფული დაიხარჯოს ევროპული იარაღის წარმოებაზე. გოლისტები თვლიან, რომ უნდა შეიქმნას ევროპის ერთიანი არმია, თუმცა ეს იდეა ჯერ-ჯერობით ოცნების სფეროს განეკუთვნება.

ატალანტისტები ევროპულ ავტონომიურ მოქმედებას უგუნურობად თვლიან. პოლონეთი მთავარი მედროშეა კლუბისა „ნატო უპირველეს ყოვლისა“, რომელიც თავის რიგებში ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპის ნატოელი წევრების უმრავლესობას აერთიანებს. ატლანტისტებისათვის უზენაესი პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობის შენარჩუნება. ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ამერიკული იარაღის მიმზიდველობით. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ამას წინათ განაცხადა: „აშშ-სა და ევროპის ურთიერთდამოკიდებულება ერთგვარ გარიგებას ჰგავს: „თქვენ გვეხმარებით თავდაცვაში, ჩვენ კი თქვენს იარაღს ვყიდულობთ“. დონალდ ტრამპის მერკანტილური მიდგომა პრინციპით - „შენ  მე - მე შენ“ ამ სქემას არანაირად არ არღვევს, პირიქით, რაც მეტია სამხედრო ბიუჯეტი, მით უფრო მეტია შეკვეთები ავიაგამანადგურებელ F-35-ზე და სხვა ტექნიკაზე. ატლანტისტები აღიარებენ, რომ ურთიერთობა აშშ-ის არაპროგნოზირებად პრეზიდენტად იდეალური არ არის, მაგრამ, ამის მიუხდავად, უკეთესია, ვიდრე იმ ევროპელი მოკავშირეებთან დამოკიდებულება, რომლებიც სამხედრო უღონობას უჩივიან. იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთის უეცრად სამხედრო მოქმედებას დაიწყებს ევროპაში მიმდინარე ათწლეულის ბოლოს, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტ-პროგნოზისტი წინასწარმეტყველებს, მანამდე ნატოს ბლოკი უნდა გაძლიერდეს და სრულყოფილი უნდა გახდეს და არა რაღაცით ჩანაცვლდეს. ევროპული იარაღის წარმოება და მისი ექსპორტი, რასაკვირველია, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაქებ იდეას წარმოადგენს, მაგრამ უახლოეს მომავალში მხოლოდ გერმანულ და ფრანგული სამხედრო კომპანიების იმედზე უნდა ვიყოთ, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის მოწოდება იმ დროს შეუძლიათ, როცა რუსები ბალტიისპირეთში შევლენ და დაიკავებენ. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, გასაგები მიზეზების გამო, მასთან თანამშრომლობის სქემა რთულია.

გოლისტებიც და ატლანტისტებიც ერთმანეთს ეთანხმებიან იმაში, რომ თავდაცვაზე მეტი ფულის ხარჯვა სასარგებლოა. დონალდ ტრამპი ითხოვს, რომ ევროპელებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2% კი არ უნდა ხარჯონ, არამედ 5%. ალბათ, ნატოს უმაღლესი დონის სამიტზე, ივლისში, ისინი 3,5%-ზე მოილაპარაკებენ.

დენიალისტებისათვის - მესამე ევროპული ბანაკის წარმომადგენლებისათვის - ივლისის სამიტი შეიძლება უხერხულ მომენტად გადაიქცეს. რეალობის უარმყოფელების თავდაცვითი სტრატეგია იმით გამოიხატება, რომ ისინი სირაქლემასავით თავს ქვიშაში ჩაყოფენ. მაშ სხვა რით უნდა აიხნას ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ოთხი მსხვილი წევრიდან ორი ქვეყანა - იტალია და ესპანეთი - თავდაცვაზე თავიანთი მშპ-ის მხოლოდ 1,5-ზე ნაკლებ პროცენტს ხარჯავენ?

გოლისტები და ატლანტისტები გაღიზიანებულები არიან დენიალისტების პოლიტიკით, მაგრამ უარმყოფლების პოზიცია მაინც უკეთესია, ვიდრე პუტინისტებისა, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერების ჯგუფს წარმოადგენს. ისინი მზად არიან ევროკავშირის ანტირუსული გეგმების ჩასაშლელად. ვიქტორ ორბანს, რობერტ ფიცოს და კიდევ რამდენიმე ლიდერს (რომლებსაც ავტორიტარული  გამოხტომები ახასიათებთ) სურთ მაგალითი რუსეთის პრეზიდენტისაგან აიღონ. ვიქტორ ორბანი და მისთანები თავს ტრამპისტებად თვლიან, მაგრამ ამით თავიანთ პუტინისტობას ნიღბავენ. ჯერ-ჯერობით ისინი მცირერიცხოვან ბანაკს წარმოადგენენ, მაგრამ ნელ-ნელა ფართოვდებიან. ყოველ მთგანს შეუძლია ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის გეგმებს, ანუ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებისთვისაც კონსენსუსი აუცილებელია.

ყოველი ქვეყნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ყველა ოთხივე ტიპის პოლიტიკოსთა ფრაქციები არსებობენ (გერმანიის მიკუთვნება რომელიმე პოლიტიკური ბანაკისადმი ჯერ-ჯერობით ძნელია, რადგან იქ 23 თებერვლის შემდეგ ახალი კანცლერი იქნება). ევროპელებმა თავდაცვის საყოველთაო გეგმაზეც რომც მოილაპარაკონ, მათ მაინც მოუწევთ საკმაოდ რთული საკითხის გადაწყვეტა: გეგმა გეგმად, მაგრამ ვინ დააფინანსებს მის განხორციელებას? ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ფინანსების დეფიციტს განიცდის, შეიძლება დათანხმდეს სამხედრო ხარჯების ზრდაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსება კოლექტიური სესხის აღებით მოხდება, მაგრამ იმ ქვეყნებს, რომლებიც საგადასახადო-საბიუჯეტო ბალანსის გულმოდგინე დამცველები არიან, ასეთი იდეა არ მოეწონებათ. შესაბამისად, გაჩნდება უთანხმოების ახალი ტალღა, რომლის დარეგულირება უკვე მომდევნო სამიტებზე მოუწევთ.

წყარო: https://www.economist.com/europe/2025/01/30/meet-europes-gaullists-atlanticists-denialists-and-putinists

culture
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way