უკრაინელები, რომლებიც ომის საშინელებებს გაერიდნენ და საზღვარგარეთ გაიქცნენ, სამშობლოში დაბრუნებაზე უარს ამბობენ, - წერს ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) სტატიაში სათაურით „უკრაინელი ლტოლვილები შესაძლოა ევროპაში სამუდამოდ დარჩნენ“. უფრო მეტიც - თუ სამხედრო მდგომარეობა გაუქმდება და საზღვრები გაიხსნება, ანუ თავისუფალი გასვლა ისევ ნებადართული გახდება, ქვეყანას დატოვებენ გასაწვევი ასაკის მამაკაცებიც, რაც კატასტროფა იქნება როგორც თვითონ უკრაინისათვის, ასევე ევროპისთვისაც.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რუსეთ-უკრაინის ომი, როგორც ჩანს, კიევისათვის ძალიან არასახარბიელო და სახიფათო პირობებით დასრულდება, შესაბამისად, ეჭვები ჩნდება, რომ ლტოლვილებმა გარისკონ და სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღონ.
ლტოლვილთა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც პოლონეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ კრაკოვში მდებარეობს, ბოლო დრომდე წარმატებით მუშაობდა, მაგრამ სიტუაცია უკვე იცვლება. საომარი მოქმედების დაწყებიდან უკრაინელები ცენტრში ხშირად დადიოდნენ თავშესაფარისა და სამუშაოს ძებნის გამო, აგრეთვე მოქალაქობის საკითხების გადასაწყვეტად და პოლონური ენის შესასწავლად. როგორც ცენტრის კოორდინატორი ლიუდმილა დიმიტროვი ამბობს, „ყოველთვის, როცა ენის შესწავლის 25-კაციან კურსს ვხსნით, განაცხადებს 400-ზე მეტს ვიღებთ“.
ევროკავშირის პროგრამის „დროებითი დაცვის“ მოქმედების ვადა მომავალი წლის მარტში იწურება. პროგრამის ფარგლებში ცენტრმა დახმარება გაუწია 4,3 მილიონ უკრაინელ ლტოლვილს და, რა თქმა უნდა, ევროპა არავითარ შემთხვევაში არ მიბაძავს შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელიც ამერიკაში მყოფ უკრაინელებისათვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას აპირებს. მაგრამ იმისგან დამოუკიდებლად, გაგრძელდება თუ არა ევროკავშირის პროგრამა (უკვე მეორედ), უკრაინელები უკვე ძალიან ხშირად უარს აცხადებენ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების იდეაზე.
უკრაინის ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის (CES) მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, უკრაინაში დაბრუნებაზე თანახმაა ლტოლვილთა მხოლოდ 43% - მაშინ როცა ორი წლის წინათ დაბრუნების მსურველთა რაოდენობა 74%-ს აღწევდა. ბევრისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ როდის დასრულდება კონფლიქტი, არამედ ისიც, თუ როგორ დასრულდება. თუ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება (ანუ უსაფრტხოების გარანტია არ ექნება) და თუ რუსეთი არ დათმობს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაშინ ვერანაირი ცეცხლის შეწყვეტა თუ სამშვიდობო ხელშეკრულების პერსპექტივა უკრაინელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ ვერ უბიძგებს. ლტოლვილები ვერ ენდობიან ვერც დღევანდელ და ვერც სამომავლო სიტუაციას. მათ ეშინიათ, 4ომ რუსეთის უკრაინას ისევ თავს დაესხმება.
იყო დრო, როცა ბევრი თვლიდა, რომ უკრაინელი ქალები, რომლებიც ლტოლვილთა საერთო რაოდენობაში ძირითად მასას შეადგენენ, უკან აუცილებლად დაბრუნდებოდნენ, თუმცა დღეს უფრო მეტად ის სცენერი ხდება დამაჯერებელი, რომ თუ სამხედრო მდგომარეობას გააუქმებენ, ქვეყნას უფრო მეტი უკრაინელი დატოვებს, განსაკუთრებით ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცები, რომლებსაც ამჟამად ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვთ. CES-ის იმავე გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ მათი რაოდენობა 500 ათასს მიაღწევს. ეს რაოდენობა კატასტროფული იქნება შრომის ბაზრისათვის და უკრაინის თავდაცვისუნარიანობისათვის, ამიტომაც ხელისუფლება ყოველმხრივ შეეცდება უცხოეთში წასვლის აკრძალვა არ გააუქმოს, სხვადასხვა მოტივით. „როგორც ჩანს, საზღვრების გახსნა და უცხოეთში თავისუფლად წასვლის შესაძლებლობა დროში გაჭიანურდება“, - ამბობს ალექსანდრე მერეჟკო, უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი.
უკრაინელები ევროპაში „ფესვებს ღრმად იდგამენ“. პოლონეთში მყოფი ლტოლვილების წილმა 67%-ს გადააჭარბა. უმრავლესობა მათ შორის ქალები არიან - უკვე დასაქმებულები ან სამუშაოს მძებნელები. პოლონეთის მთავრობა გეგმავს ლტოლვილებს ნება მისცეს დროებითი ყოფნის უფლება სამწლიან ბინადრობის უფლებაზე გადაცვალოს. „მათი რაოდენობა შეიძლება ასობით ათასი იყოს, ან არ არის გამორიცხული, რომ ბინადრობის სამწლიანი უფლების მიღება ყველამ ერთად მოითხოვოს“, - ამბობს მათეი დუშჩიკი, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ლტოლვილი უკრაინელების მხრიდან პოლონეთის ეკონომიკაში შეტანილი წვლილი ბევრად მეტია, ვიდრე მათზე დახარჯული თანხები და ჰუმანიტარული დახმარება. კონსალტინგური კომპანიის Deloitte-ს მონაცემებით, 2023 წელს პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, უკრაინელთა შრომის წყალობით, 1,1%-ით გაიზარდა. პრობლემა არც მაშინ არ იქნება, თუ პოლონეთში უკვე მყოფ ლტოლვილებს უკრაინიდან ახალი ნაკადი დაემტება. უმუშევრობის დონე პოლონეთში სულ რაღაც 2,6%-ს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელ ევროკავშირში. ვარშავას იმიგრანტების გარეშე პრობლემები ექნება: მოსახლეობის დაბერების გამო მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში სამუშაო ძალის რაოდენობა 2,1 მილიონი ადამიანით შემცირდება. სწორედ ასეთ დემიგრაფიულ „სიცარიელეს“ ავსებენ უკრაინელი ლტოლვილები.
ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში კი სიტუაცია პოლონეთივით „ვარდისფერი“ არ არის. გერმანიაში უკრაინელ ლტოლვილთა დასაქმების დონე, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მხოლოდ 43%-ს აღწევს. იტალიასა და ესპანეთში მსგავსი მაჩვენებელები კიდევ უფრო დაბალია. გერმანიაში უკრაინელ ქალთა დასაქმების დაბალი დონის მიზეზს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებების არარსებობა წარმოადგენს, ზოგიერთები კი აცხადებენ, რომ მიზეზი საკმაოდ დიდ სახელმწიფო დახმარებაშია, რომლის გამოც უკრაინელი ქალები სამუშაოს აღარ ეძებენ. გერმანიის ტერიტორიაზე ყოველთვიური სოციალური ფულადი დახმარებები ერთ სულზე დაახლოებით 563 ევროს (607 დოლარს) შეადგენს. ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმების მიმღებმა ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა წინადადება წამოაყენა, რომ უკრაინელი ქალების დასაქმების წაქეზების მიზნით, მათთვის სოციალური დახმარება შემცირდეს.
რა თქმა უნდა, პოლონეთსაც შეუძლია იგივე გააკეთოს, განსაკუთრებით უკრაინელების მიმართ დამოკიდებულების გაურესების ფონზე. მმართველმა „სამოქალაქო კოალიციამ“ უკვე შეამცირა პროგრამა „ოჯახი 800+“, რომლის ჩარჩოებში ლტოლვილთა ოჯახებს, რომელტა ბავშვები პოლონურ სკოლებში დადიან, ყოველთვიურად 800 ზლოტი (206 დოლარი) ეძლევათ თითო ბავშვზე. ამჟამად მთავრობა იხილავს შესაძლებლობას ფულადი თანხის შემცირების შესახებ მათთვის, ვინც მუშაობს და გადასახადებს იხდის.
თეორიულად უკრაინელი ლტოლვილებისათვის ევროპული შრომის ბაზარი მთლიანად ღიაა, მაგრამ რეალურად ოფისური სამუშაოს პოვნა ძალიან ძნელია. პოლონეთში უცხოელების 48%, ძირითადად უკრაინელები, ისეთ თანამდებობებზე მუშაობენ, რომლებიც მათი კვალიფიკაციისათვის დაბალ დონედ ითვლება. გერმანიაში უკრაინელ ლტოლვილთა 72%-ს უმაღლესი განათლება აქვთ, მაგრამ მათი უმრავლესობა ისეთ დარგებში მუშაობენ, რომლებიც მაღალი დონის უნარ-ჩვევებს არ ითხოვენ, ან საერთოდ არ მუშაობენ. არსებობს ენობრივი ბარიერიც და პროფესიული დონის აღიარება-სერტიფიცირების პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა ნელი ტემპით ხდება. ანალიტიკოსების აზრით, დამსაქმებელები არცთუ დიდი სურვილით იღებენ სამუშაოზე უკრაინელებს, რადგანაც ლტოლვილებს შეიძლება სოციალურად დაცული პირის სტატუსი მოუხსნან.
მსგავსი საკითხების მოგვარება შედარებით იოლად შეიძლება, მაგრამ არსებობენ ბევრად უფრო რთული პრობლემები. მაგალითად, მუსიკის ვინიცელი მასწავლებელი, 27 წლის ანჟელიკა, რომელიც კრაკოვში ბინების დამლაგებელად მუშაობს, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილივით არჩევანის წინაშე დგას: დარჩეს პოლონეთში - ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ წლები გაატაროს ქმრის გარეშე, რომელიც უკრაინაში ჰყავს და რომელსაც ქვეყნიდან წასვლა აკრძალული აქვს. დაბრუნდეს უკრაინაში? მაშინ იგი ორი შვილის მომავლით რისკავს. „თუნდაც დღესვე რომ შეწყდეს საომარი მოქმედებები, დარწმუნებული ვარ, მალე ისევ დაიწყება, - ამბობს იგი, - რომელი დედა წაიყვანს შვილებს ასეთი პერსპექტივით უკრაინაში?“.
წყარო: https://www.economist.com/europe/2025/03/27/ukrainian-refugees-may-be-in-europe-for-good
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.