“რუსეთის არმიისა და შეიარაღების განახლება უპერეცედენტო ტემპებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რა ხდება პუტინის იარაღის საიდუმლო იმპერიაში“. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნების აქტიურობა სულ უფრო მატულობს და არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო წარმოების თვალსაზრისით, რუსეთი მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკებისათვის სამაგალითო გახდეს, თუმცა არსებობს პრობლემებიც.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ამას წინათ ევროპაში ნატოს კონტინგენტის მთავარსარდალმა, გენერალმა ქრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის - სენატის კომიტეტს შეატყობინა, რომ რუსეთში უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს არმიის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების (ტანკების) და საბრძოლო მასალების განახლება. მიმდინარე წელს რუსეთის სამხედრო ქარხნები გამოუშვებენ 1500 ტანკს და ეს მაშინ, როცა აშშ-ის მხოლოდ 135 ტანკის გამოშვება შეუძლია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს მიმდინარე წელს ქვეითთა 3000 ჯავშანმანქანის მიღება, აშშ კი დღეისათვის არცერთ მსგავს საბრძოლო მანქანას არ აწარმოებს. მოსკოვი ასევე გეგმავს თვეში 250 ათასამდე ჭურვის დამზადებას, რაც შესაძლებლობას მისცემს რუსეთს იმდენი რეზერვი დააგროვოს, რომელიც „სამჯერ აღემატება აშშ-სა და ევროპის სამხედრო პოტენციალს, ერთად აღებულს“.
რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაფართოების მასშტაბების გასაგებად „ეკონომისტს“ კონსულტაციები ჰქონდა დასავლურ კომპანიებთან, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს უყენებენ სხვადასხვა წყაროებიდან სტატისტიკური მონაცემების შესარჩევად. ამასთან, კომპანიებმა „ეკონომისტის“ რედაქციას სთხოვეს, რომ მათი დასახელება ანონიმური დარჩეს.
განვიხილოთ რუსეთის ცალკეული ქარხნების მონაცემები:
„ურალვაგონზავოდი“ - რუსეთის უდიდესი ქარხანა თანამედროვე ტანკების წარმოების მხრივ. მისი საკონვეიერო სიმძლავრემ ბოლო 12 თვის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა 2023 წელთან შედარებით. აქვს წარმოების სრული ციკლი, მუშაობის რეჟიმი - უწყვეტი.
„ომსკტრანსმაში“ დასავლეთში ცნობილია როგორც „ომსკის სატანკო ქარხანა“ და არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი საწარმო საბრძოლო ტექნიკის დამზადების თვალსაზრისით. „ომსკტრანსმაში“ ასევე არემონტებს მოძველებულ ტანკებს „ტ-80“-ებს და მათ მოდერნიზებას ახდენს. ქარხანა სრული ციკლით მუშაობს, სადღეღამისო რეჟიმით. „ომსკტრანსმაშის“ აქტიურობა შესამჩნევი იყო 2022 წლის თებერვლამდეც, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკადრო თანამშრომლების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა და 2023 წლის შუახანებისთვის მაქსიმუმს მიაღწია.
რუსეთში, რასაკვირველია, სხვა მსხვილი სამხედრო ქარხნებიც არის - „არზამასის მანქანათმშენებელი ქარხანა“ - უშვებს ჯავშანტრანსპორტიორებს და „ვეფხვის“ ტიპის ჯავშნიან ავტომობილებს. „კურგანმაშზავოდი“ - ამზადებს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და თვითმავალ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებს. „მოტოვილიხზავოდი“ - ამზადებს დანადგარებს „გიაცინტს-ბ“-ებს, რეაქტიული სისტემის ზალპური ცეცხლის სისტემას „სმერჩს“ და „ურაგანს“. ისინი მუდმივად აფართოებენ და ზრდიან სიმძლავრეებს.
ეკატერინბურგის „დევიატიი ზავოდი“ („ქარხანა № 9“) აწარმოებს ჰაუბიცებისა და ტანკების ლულებს. კოსმოსიდან თანამგზავრების მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე შეიძლება ღია ცის ქვეშ თავმოყრილი ქვემეხების დანახვა. ქარხნიდან რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს საკონსტრუქტორო ნიურო „ნოვატორი“, რომელიც დაკავებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დაპროექტებით. წარმოების გაფართოების ნიშნები ჩანს ვოლგოგრადის ცენტრ „ტიტან-ბარიკადში“ და ტულის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „სპლავ“-ში, სადაც მზადდება რეაქტიული ჭურვები „ურაგანებისა“ და „სმერჩებისათვის“.
რუსეთის არმიის მიერ ყოველწლიური მოხმარების მიზნით სამი მილიონი ჭურვის დასამზადებლად საჭიროა კოლოსალური რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება. ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში მდებარე საწარმოში „ზავოდ იმენი სვერდლოვა“ („სვერდლოვის სახელობის ქარხანა“) არსებობს ქიმიური ნივთიერებების საამქროები რეაქტიული ჭურვებისა და „მფრინავ-პლანერული ბომბებისათვის“. აქ პროდუქციის გამოშვება მხოლოდ ბოლო თვეებში, სანდო წყაროების მონაცემებით, მრავალჯერადად გაიზარდა.
რუსული, ევროპული და ევრაზიული კვლევების ცენტრის თანამშრომლის ჯულიან კუპერის თქმით, წარმოების მკვეთრი ზრდა შეიმჩნევა მრავალპროფილიან ქარხანა „სელმაშ“-ში, რომელიც კიროვში მდებარეობს. იქ საბრძოლო მასალების გარსაცმებს ამზადებენ.
ირანელი კონსტრუქტორების მიერ შექმნილი დრონი-„კამიკაძე“ „შაჰედ-136“ (Shahed-136) სულ უფრო მეტი რაოდენობით ჩანს უკრაინის ცაში: 2025 წლის მარტში დაფიქსირდა 140 შეტევა ყოველდღიურად, რომელიც ბევრად აღემატება შარშანდელ მონაცემებს. იარანულ დრონებს აწყობენ თათრეთში მდებარა „ალაბუგის“ ქარხანაში და იქვე ახლოს მდებარე აეროპორტ „ბეგიშევოს“ სახელოსნოებში.
მაგრამ მხოლოდ ეს არ არის რუსეთის სამხედრო წარმოების აქტიურობის ნიშნები. „ეკონომისტი“ სხვა მიმართულებებსაც თვალს ადევნებდა. მაგალითად, ალტაის პატარა ქალაქ ბიისკში არსებულ სამხედრო კვლევების ერთ-ერთ ცენტრში აწარმოებენ ოლეუმს - თანამედროვე ასაფეთქებელი ნივთიერების მთავარ კომპონენტს. კოსმოსური დაზვერვის შედეგად ირკვევა, რომ ქარხანაში ტრანსპორტის შესვლისა და გასვლის სიხშირე 19%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით, ხოლო სამუშაო ადგილზე ყოფნის დრო - 32%-ით.
მაგრამ რუსეთის თავდაცვითი მრეწველობისათვის ძველებურად არსებობს გარკვეული შეზღუდვა. 2024 წელს რუსეთის არმია ძირითადად ჩრდილოკორეული საბრძოლო მასალების იმპორტის იმედად იყო, მაგრამ ფხენიანსაც ჭურვების მარაგი გამოულეველი არ აქვს. ლონდონის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მონაცემებით, რუსეთი დღემდე ახდენს საარტილერიო დანადგარებისათვის აუცილებელი ზოგიერთი კომპონენტის იმპორტს, მაგალითად, ლულების დასამზადებლად ქრომის შესყიდვას საზღვარგარეთ, აგრეთვე ბამბის ცელოლუზისაც, რომელიც გამოიყენება დენთის წარმოებისათვის.
„დღეს არ არის არცერთი ობიექტური მიზეზი იმისა, რომ რუსეთის სამხედრო საწარმოები ტემპს ვერ შეინარჩუნებენ საკმაო დროის განმავლობაში“, - წერს ჯულიან კუპერი სტატიაში, რომელიც მან RUSI-ის დაკვეთით მოამზადა, - „ბედის მწარე ირონიაა, რომ დღეს დასავლეთის ყველა განვითარებული ეკონომიკები ყურადღებით დააკვირდებიან ყველაფერს, რასაც რუსეთი აწარმოებს - სწორი ადაპტაციის მიზნით“.
POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.
2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.
მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.
ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.
„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.
POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.
European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.
ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.
იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.
გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.
გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.
„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).
ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.
თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.
გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.
ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.
„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.
ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.
„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.
გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.
მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.