USD 2.7070
EUR 3.1344
RUB 3.3058
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „ირანი უტევს ისრაელს: რამდენად არის შესაძლებელი კონფლიქტის სრულმასშტაბიან რეგიონულ ომში გადაზარდა? რუბიკონი გადალახულია?“
თარიღი:  410

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ირანი უტევს ისრაელს: რამდენად არის შესაძლებელი კონფლიქტის სრულმასშტაბიან რეგიონულ ომში გადაზარდა? რუბიკონი გადალახულია?“, რომელშიც განხილულია ისრაელზე განხორციელებული საჰაერო დარტყმა ირანის მიერ და მოცემულია სიტუაციის განვითარების სცენარი: რა მოხდება ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკებით:

რამდენიმე თვის განმავლობაში ხმები ვრცელდებოდა, რომ ღაზას სექტორის წინააღმდეგ მიმდინარე ომი რეგიონულ ხანძარში გადაიზრდებოდა. 13-14 აპრილის ღამით, როცა ირანმა ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელისაკენ, ქვეყნის მოსახლეობამ საშინელი მომენტი გადაიტანა - ყველა მკითხაობდა, დადგა თუ არა ჭეშმარიტების მომენტი. აშკარაა, რომ თეირანის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმა ისრაელის მიერ პირველ აპრილს ირანის საკონსულოს (სირიაში, დამასკოში) დაბომბვისადმი საპასუხო ნაბიჯს წარმოადგენდა - როგორც ცნობილია, საკონსულოს შენობაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ირანელი ოფიცერი, მათ შორის გენერალი დაიღუპა. სწორედ მაშინ განაცხადა ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ - „ბოროტი სიონისტური რეჟიმი აუცილებლად დაისჯება“.

მართალია, იმავე დღეს ირანელმა სამხედროებმა ორმუზის სტუტეში აბორდაჟზე ის გემი აიყვანეს, რომელსაც, თეირანის განცხადებით, ისრაელის ტვირთი გადაჰქონდა, მაგრამ ურიცხვი დრონებისა და რაკეტების გუნდის თავდასხმა უფრო მაღალი დონის ესკალაციას წარმოადგენს. ათწლეულების განმავლობაში მტრული განცხადებების გაკეთებისა და ომისათვის მზადების ფონზე ირანი პრაქტიკულ მოქმედებაზე გადავიდა - თეირანი პირველად უტევს ისრაელს საკუტარი ტერიტორიიდან. ისრაელი, ალბათ, თავს გაართმევს ამ ახალ საფრთხე-მუქარებს, მაგრამ ჩნდება ყველაზე დიდი კითხვა - როგორ დარტყმას მიაყენებს ამჯერად უკვე ისრაელი ირანს და როგორია იმის ალბათობა, რომ ბრძოლაში ამერიკაც ჩაებმება, ანუ ახლოვდება თუ არა სრულმასშტაბიანი ომის საშიშროება?

ირანსა და ისრაელს შორის რამდენიმე სახელმწიფო მდებარეობს (ერაყი, სირია, იორდანია), მანძილიც საკმაოდ დიდია და დრონების გაშვება და ფრენა, სანამ ისრაელის ტერიტორიას მიაღწევდნენ, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისათვის ცნობილი გახდებოდა. ასეც მოხდა - ებრაულმა სისტემამ „რკინის გუმბათმა“ თავის მოვალეობა შეასრულა: ბევრი დრონი და რაკეტა გაანადგურა, თუმცა ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკის შეერთებული შტატები და ერთ-ერთი მეზობელი არაბული სახელმწიფოც დაეხმარა: იორდანიამ როცა თავის საჰაერო სივრცეში ირანული დრონები ჩამოყარა, ოფიციალურად საკუთარი თავი, თავისი ტერიტორია დაიცვა, არაოფიციალურად კი - ისრაელი.

შესაბამისად, ირანული რაკეტებითა და დრონებით მიყენებული ზარალი ისრაელისთვის უმნიშვნელოა. გარდა ამისა, ისრაელში რამდენიმე თვეა „ჰამასთან“ ომის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, საავადმყოფოების სპეციალური რეჟიმით მუშაობენ, ანუ ქვეყანა ირანის „მოულოდნელ შეტევას, პრინციპში მომზადებული შეხვდა. მაგრამ თუნდაც ირანის შეტევამ ისრაელს არაფერი არ დაუშავოს, მისი შედეგი მაინც სერიოზული იქნება. სხვათა შორის, დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოზე დარტყმისა და ირანელების დაღუპვის შემდეგ ისრაელი იმედოვნებდა, რომ ირანი საპასუხო შეტევას არ განახორციელებდა, მაგრამ შეცდა. გაეროში ირანის წარმომადგენლობის განცხადებით, ირანს თავდაცვისა და საპასუხო დარტყმის მიყენების  უფლება აქვს და ამიტომ „ეს საკითხი ამოწურულად უნდა ჩაითვალოს“

მაგრამ აშკარაა, რომ ისრაელზე პირდაპირი თავდასხმა მეტისმეტია და რა ტქმა უნდა, ისრაელიც საპასუხო დარტყმას განახორციელებს. შეიძლება ითქვას, რომ ირანმა თავისი მოქმედებით ერთგვარი რუბიკონი გადალახა. ირანის მიერ პირდაპირი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა მიუღებელი იქნება როგორც ისრაელის მთავრობისათვის, ასევე ებრაული საზოგადოებისთვის და ისრაელის თითოეული მოქალაქისთვის: „ჩვენი პრინციპი ასეთია: ვინც ჩვენ ზარალს გვაყენებთ, ჩვენც მას ზარალის მიყენებით ვპასუხობთ“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ისრაელმა უკვე შეატყობინა ამერიკელებს და რეგიონის ქვეყნების მთავრობებს, რომ მისი პასუხი გარდაუვალი იქნება. შესაძლოა, ისრაელის სამხედროებმა თვითმფრინავებით ან რაკეტებით ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბონ, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ისრაელმა ირანს თავისი სარაკეტო კატერებიდან და წყალქვეშა ნავებიდან (ხმელთაშუა ზღვაზე დისლოცირებული ჰაიფას, აშდოდისა და წითელ ზღვაზე დისლოცირებული ეილატის სამხედრო-საზღვაო ბაზებიდან) დაარტყას, რადგან მათი შეიარაღება უფრო ძლიერია და სერიოზული კონფლიქტისთვის არის განკუთვნილი.

ისრაელი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე რამდენიმე თვეა „ერთმანეთს ნორმალურად არ ელაპარაკებიან“ ღაზას სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის არაპროპორციული სამხედრო პასუხის გამო. ამის მიუხედავად, ჯო ბაიდენმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ ყოველთვის ისრაელის მხარდამჭერი და დამცველი იქნება, ანუ თეირანისთვის უმჯობესი იქნება არაფერი არ გაბედოს ისრაელის წინააღმდეგ.

მაგრამ სხვა საკითხია - მზად არის თუ არა მისტერ ჯო ბაიდენი ისრაელის საპასუხო მოქმედების მხარდასაჭერად? აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, ნავთობის ფასები კი მატულობს (Brent-ის მარკის ნავთობის ერთი ბარელის ფასმა უკვე 90 დოლარს მიაღწია და კიდევ შეიძლება გაიზარდოს).

სრულმასშტაბიანი ომის პერსპექტივა აშშ-ის ირანისა და ისრაელის მონაწილეობით რეგიონისა და მსოფლიოს მოსახლეობაში შიშს იწვევს. ყველაზე მისაღები სცენარი ის იქნება, რომ სავარაუდოდ, ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული რაკეტები და დრონები ჩამოგდებულები იქნებიან და ისრაელს ნაკლებ ზარალს მიაყენებენ. ირანს შეუძლია განაცხადოს, რომ მან ისრაელს საკადრისი მიუზღო. ამერიკა თავს შეიკავებს (თავს აარიდებს) მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე ომში ჩაბმას... მაგრამ რეგიონში, სადაც უკვე ძლიერი ხანძარი გიზგიზებს, ასეთი სცენარით სიტუაციის განვითარება გარანტირებული არ არის.

წყარო: https://www.economist.com/middle-east-and-africa/2024/04/13/iran-attacks-israel-risking-a-full-blown-regional-war

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.