USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „ჰამასის“ თავდასხმა როგორც ისრაელის დაზვერვის წარუმატებლობა“
თარიღი:  526

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ჰამასის“ თავდასხმა როგორც ისრაელის დაზვერვის წარუმატებლობა“.

გთავაზობთ ამონარიდებს:

ისრაელზე „ჰამასის“ შემზარავი თავდასხმის „წარმატება“ ისრაელის ყველა დონის დაზვერვის უპატიებელ და საოცარ ჩავარდნას წარმოადგენს. „ჰამასის“ შეტევამ, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ისრაელის სპეცსამსახურებისათვის უცნობი რჩებოდა, ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ოფიციალური პირები ჯერ კიდევ შოკში არიან იმის გამო, რომ ღაზას სექტორის ფაქტიური მმართველის -  ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის გეგმები ყურადღებიდან გამორჩათ. რა თქმა უნდა, ასეთი ისტორიული ჩავარდნა უეჭველად სპეციალური გამოძიების ობიექტი გახდება, მაგრამ უკვე ახლავე ნათელია - წარუმატებლობა ორი სახით გამოვლინდა: პირველი - სადაზვერვო ცნობების მოპოვებაში და მეორე - ინფორმაციების შეფასებასა და მოვლენების ინტერპრეტაციაში.

(...)

„ჰამასმა“ თავდასხმა ისეთი სახით განახორციელა, რომ მომხდარი მოვლენა შეიძლება ქრესტომათიულ სასწავლო-სამხედრო ოპერაციად ჩავთვალოთ. მათ მოქმედება დაიწყეს ფრთხილი შეტევით საზღვარზე დაყენებულ სენსორებზე, ვიდეოპარატურაზე და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებზე. ვიდეოკამერების უმრავლესობა სნაიპერებმა მწყობრიდან გამოიყვანეს. როგორც ჩანს, „ჰამასელებმა“ წარმატებით ისარგებლეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებითაც - ჩაახშეს სიგნალების გავრცელება. გარდა ამისა, როცა „ჰამასელები“ საზღვართან ახლოს მდებარე ისრაელის არმიის სამხედრო ბაზაში შეიჭრნენ, მათ უპირველეს ყოვლისა, მწყობრიდან გამოიყვანეს კომუნიკაციები, რის შედეგადაც მეთაურებმა საბრძოლო განგაში ვერ გამოაცხადეს.

(...)

რასაკვირველია, ვერაფრით ვერ გამართლდება ის, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ისრაელის სპეცსამსახურებმა ვერ გამოიცნეს „ჰამასელების“ მიერ იარაღის შესყიდვის განზრახვა და რეალიზება. მაგრამ ყველაზე სერიოზული ჩავარდნა მაინც უმაღლეს დონეზე გაკეთებული პოლიტიკური შეფასებებია. ისრაელსა და ღაზას შორის 2021 წელს მომხდარი 11-დღიანი „ომის“ შემდეგ ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა ივარაუდეს, რომ „ჰამასი“ თავს შეიკავებდა ახალი ომის დაწყებაზე და რომ მისი ლიდერი ღაზის სექტორში  იჰია სინვარი დანგრეული რეგიონის ეკონომიკურ აღდგენას დაიწყებდა ეგვიპტესთან საზღვრის გახსნით და ვაჭრობის აღდგენით. პრინციპში, მართლაც ასე ხდებოდა, მაგრამ „ჰამასი“ თურმე ისრაელს თვალს უხვევდა და პარალელურად ჩუმად ემზადებოდა თავდასხმისათვისაც.

მომხდარი ფაქტი ისრაელის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩავარდნაც არის. რასაკვირველია, მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ ფლობს უსაზღვრო სადაზვერვო რესურსებსა და შესაძლებლობებს. მათი გადანაწილება და პრიორიტეტების შერჩევა პოლიტიკოსების მიერ ხდება. ისრაელის ძალოვანი სტრუქტურები დიდი ხანია უკმაყოფილონი არიან პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკით, რომელიც ღაზის სექტორიდან საფრთხეს ანგარიშს არ უწევდა და აქცენტს უფრო ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლაზე“ და ირანზე აკეთებდა.

(...)

ომი გრძელდება და ის როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, უამრავი დამნაშავე შეიძლება იპოვონ, თუ რატომ არიდებდა თვალს ისრაელი ღაზის სექტორიდან მომდინარე საფრთხეს. „როგორც კი ბრძოლები დასრულდება, ბევრს მხრებზე თავი არ შერჩება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, - არავინ დასანდობი არ არის, თუნდაც ის ყველაზე მაღალი რანგის იყოს“. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ძალიან კარგად უნდა იცოდეს ის ფაქტი, თუ რა ძვირად დაუჯდა 1973 წლის ომის წარუმატებლობა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს გოლდა მეირს: იგი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო.

წყარო: https://www.economist.com/middle-east-and-africa/2023/10/09/hamass-attack-was-an-israeli-intelligence-failure-on-multiple-fronts

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის