USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«The Economist» : „უკრაინაში მიმდინარე ომი მტკიცე მიზეზს წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოებისა და მისი გაუმჯობესებისათვის“
თარიღი:  1559

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინაში მიმდინარე ომი მტკიცე მიზეზს წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოებისა და მისი გაუმჯობესებისათვის“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ორი მსოფლიო ომის საშინელებებმა საფრანგეთი, დასავლეთი გერმანია და ევროპის რიგი სახელმწიფოები აიძულა გაერთიანებინათ თავიანთი ძალისხმევა და შეექმნათ ისეთი ორგანიზაცია, როგორსაც დღეს ევროკავშირი წარმოადგენს. 70 წლის შემდეგ ევროპის კონტინენტზე მსხვილმასშტაბიანი ომი ისევ დაბრუნდა. უკრაინის ნანგრევების ფონზე ისევ ჩნდება იმის მსგავსი განწყობა, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს ამოძრავებდათ. ამჟამად საქმე ეხება ევროკავშირში ცხრა ახალი წევრის მიღებას, უკრაინის ჩათვლით. მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და მშვიდობიანი, დემოკრატიული ქვეყნების კლუბში ომით დანგრეული ქვეყნის - უკრაინის მიღება, აგრეთვე საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანება მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და იმედისმომცემ გზაზე დადგომა იქნება.

თვით ევროკავშირისათვის ჩამოთვლილი ქვეყნების თავის შემადგენლობაში მიღება სხვა არაფერი იქნება, თუ არა დიდი კონტინენტური კავშირის შექმნის პროცესის ისტორიული დასრულება, რომელიც ნაცისტებზე გამარჯვების შემდეგ დაიწყო. კიდევ ერთი თუ ორი პრეტენდენტის გამოკლებით (შესაძლოა დიდი ბრიტანეთი ოდესმე ისევ დაბრუნდეს ევროკავშირში), ევროკავშირის ფორმა მთლიანობაში უკვე განსაზღვრულია, მაგრამ ის წესები, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი, ალბათ, შეიცვლება.

რა თქმა უნდა, ევროკავშირის გაფართოება 27 ქვეყნიდან, ვთქვათ, 36-მდე, იოლი არ იქნება. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში, როცა გაფართოების იდეა „თვლემდა“ - ბოლო ქვეყანა, რომელიც ბლოკს შეუერთდა, ათი წლის წინ ხორვატეთი იყო - ეს საკითხი ისევ დღის წერიგში დგას. ხუთ ოქტომბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ერთმანეთს ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვდებიან და განიხილავენ იმ საკითხებს, თუ რა რეფორმები იქნება საჭირო ახალი პერსპექტიული წევრებისათვის, შემდეგ კი რთული პროცესი დაიწყება: უნდა შეიცვალონ როგორც პრეტენდენტები, ასევე თვით ევროკავშირიც. გაფართოების ვადის დასრულება - 2030 წელი ჯერ-ჯერობით საორიენტაციოა, მაგრამ იმავდროულად ოპტიმისტური. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ განზრახვა რეალიზებული იქნას.

ევროკავშირის სამომავლო ფორმის განხილვის დროს ლიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ გაფართოება ყოველთვის იყო ორგანიზაციის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის ყველაზე საუკეთესო მიმართულება. ისეთი გრანდიოზული პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა ერთიანი ვალუტის - ევროს შემოღება, ერთიანი ბაზრის შექმნა და ტექნოლოგიური გიგანტების ერთობლივი მართვა, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ მოხდებოდა, თუ ევროკავშირი არ გაფართოვდებოდა. წარმოიდგინეთ, რაოდენ რთული იქნებოდა უკრაინისთვის დახმარების გაწევა, მას რომ ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყანა - პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი - ხმელეთიდან არ ესაზღვრებოდეს. ევროკავშირის სემდგომი გაფართოება ხელს შეუწყობს ევროპის გეოპოლიტიკური წონის ზრდას, რასაც უკვე აღიარებს თვითონ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელიც ევროექსპანსიას ოდესღაც სკეპტიკურად უყურებდა.

ევროკავშირმა მეტად აღარ უნდა გააგრძელოს გაჭიანურების პოლიტიკა ცხრა პოტენციური წევრის მიღების მიმართ. ასეთი დამოკიდებულება მათ გაწევრიანების რეალურ იმედებს უმცირებს. ევროპელი მეზობლების „ნაცრისფერ ზონაში“ დატოვება სამოქმედო სივრცეს აძლევს მათ, რომლებსაც ევროპის კონტინენტის დესტაბილიზება სურთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინით დაწყებული. სწორედ მათ მიერ გატარებული არაჯანსაღი პოლიტიკის შედეგად, რა თქმა უნდა, ახალი წევრების მიღება და ინტეგრირება იოლი არ იქნება. არსებობს რამდენიმე მიზეზი: ჯერ ერთი, რომ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის ჯარებს მათი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვთ ოკუპირებული (როგორც ეს გერმანიასთან მიმართებით იყო 1990 წლამდე); მეორე - ამერიკული ანალიტიკური ცენტრი „ფრიდომ ჰაუსი“, დემოკრატიის თვალსაზრისით, ყველა ცხრავე პრეტენდენტს „ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყმებად“ თვლის (თურქეთი, მართალია, ტექნიკურად ისევ კანდიდატად ითვლება, მაგრამ რეალურად, მათგან განსხვავებით, ევროკავშირისაგან ძალიან შორს დგას).

გაფართოების მისიის დაწყებისას, ევროკავშირმა საკუთარ თავზე მტკიცედ უნდა აიღოს სამი ვალდებულება:

პირველი - ბრიუსელმა გაწევრიანების პრეტენდენტებს იმის პირობა უნდა მისცეს, რომ ისინი წევრები გახდებიან მანამდე, სანამ აუცილებელი რეფორმების გატარებას დაასრულებენ. (სხვათა შორის, მსგავსი დაპირება მიეცათ ბალკანეთის ქვეყნებსაც 2003 წელს, მაგრამ შემდეგ სწრაფად იქნა დავიწყებული). რა თქმა უნდა, კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც დემოკრატიის პრინციპების დაცვას ეხება. გაწევრიანების პირობები მკაცრი უნდა იყოს, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებიც აქტიურად დაიწყებენ რეფორმების გატარებას, წახალისებულნი უნდა იყვნენ, ბრიუსელმა მათ მეტი დახმარება უნდა გაუწიოს და შეღავათები მისცეს.

მეორე ვალდებულება ისაა, რომ ევროკავშირმა საკუთარი შიდა რეფორმირების გამო გაფართოების პროცესი არ უნდა გააჭიანუროს. რა თქმა უნდა, შედარებით ღარიბი წევრების გაწევრიანება ევროკავშირის ბიუჯეტის გადანაწილებას გამოიწვევს და ფულს შეუმცირებს მათ, ვინც დღეს სუბსიდიებს იღებს, მაგრამ ისინი ამას უნდა შეეგუონ. ევროკავშირმა ახალ წევრებს კარი არ უნდა დახუროს იმ დროსაც კი, როცა „სახლის შიგნით წესრიგის დამყარება მიდის“.

ბოლო, მესამე იმპერატივი იმაში გამოიხატება რომ ევროკავშირმა დასკვნები უნდა გააკეთოს წინა გაფართოებებიდან. იმ ქვეყნების უმეტესობა, რომლებიც რეფორმებს ატარებენ ევროკავშირის წევრობის მიზნით, როგორც წესი, სწორ გზაზე რჩებიან და თანდათან უფრო თავისუფალნი და დემოკრატიულები ხდებიან. მაგრამ ზოგიერთებმა საქმე ცუდად წაიყვანეს და სწორი გზიდან გადაუხვიეს:  უნგრეთმა და პოლონეთმა ევროკავშირის ის საერთო ნორმები უგულვებელყვეს, რომელტა შესრულებაზე ხელი მოაწერეს და ბრიუსელს „დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს“. თუ ევროკავშირს არ სურს, რომ ახალბედა წევრები მსგავსი მოქმედების საეჭვო გამოცდილება გაიზიარონ, მან „ცუდი ქცევისათვის“ დასჯის მექანიზმიც უნდა შეიმუშაოს. ამ მხრივ კარგი იქნებოდა „ურჩების“ მიმართ ფინანსური სანქციების განხორციელება.

ბუნებრივია, ახალბედების ევროკავშირში მიღება შეიძლება ზოგიერთებს აშინებს, შეიძლება მათთვის დიდად სასიხარულო და მისასალმებელი არ იყოს, მაგრამ ევროპას ამის პოზიტიური გამოცდილება აქვს: საბერზნეთი, პორტუგალია და ესპანეთი ევროკავშირის წევრები ათი წლის სემდეგ გახდნენ იმ დროიდან, რაც მათ დიქტატორული რეჟიმები მოიშორეს, ახლა კი დემოკრატიული ქვეყნები არიან. იგივე შეიძლება ითქვას ყოფილ სოციალისტურ (კომუნისტურ) ქვეყნებზე და საბჭოთა რესპუბლიკებზეც. 2004-2007 წლების გაფართოების დროს ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელი და რთული ჩანდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვრწმუნდებით, რომ იმდროინდელი ნაბიჯები სასიცოცხლოდ აუცილებელი და  გარდაუვალი იყო.

რა თქმა უნდა, ევროკავშირს თუ სურს, რომ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ძალის მქონე ბლოკად დარჩეს, მან უნდა აჩვენოს, რომ მზადაა აქტიური მოქმედებისათვის. გაფართოების გადადება კონტინენტს დაასუსტებს, რაც ცუდია პერსპექტივისათვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის აგრესიას ამერიკული იზოლაციონიზმი მოჰყვება. რაც არ უნდა ცუდი იყოს ომი, მან ევროკავშირს პოზიტიური სტიმული მისცა - გაფართოვდეს და უკეთესი გახდეს. ევროპა უნდა ეცადოს, რომ მშენებლობა, მომავლის სახელით, უფრო უკეთ განახორციელოს.

წყარო: https://www.economist.com/leaders/2023/09/28/the-war-in-ukraine-is-a-powerful-reason-to-enlarge-and-improve-the-eu

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.