USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
«The Economist» : „თურქეთი რეჯეფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ თავის საგარეო პოლიტიკას მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეცვლიდა“
თარიღი:  

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) ბოლო ნომერში (28 აპრილი - 04  მაისი) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თურქეთი რეჯეფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ თავის საგარეო პოლიტიკას მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეცვლიდა“, რომელშიც, მოახლოებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ფონზე, განხილულია თურქეთის საგარეო პოლიტიკური კურსის სავარაუდო ცვლილებები იმ შემთხვევისათვის, თუ პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანი და მისი პარტია არჩევნებში დამარცხდება და ოპოზიცია გაიმარჯვებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით

რეჯეფ ერდოღანის მაგია არ მუშაობს. არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა, თურქეთის პოპულისტ ლიდერს კი ოპოზიციური ალიანსის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაღოღლუ რეიტინგით პრაქტიკულად კვალდაკვალ მისდევს და რიგ შემთხვევებში უსწრებს კიდეც. გამოკითხვების შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, ორ ტურად ჩატარდება: პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმებს სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ მიიღებს, მეორე ტურში  კი რეჯებ ერდოღანი დამარცხდება და ქემალ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვებს.

პრეზიდენტი, რომელიც პოსტის შენარჩუნებისათვის იბრძვის, ცდილობს პოპულარობა დაიბრუნოს - ამ მიზნით სახელმწიფო სახსრების ხარჯვას არ ერიდება და კუნთების თამაშს აგრძელებს. იმავდროულად რეჯეფ ერდოღანი მხარდაჭერას ეძებს საზღვარგარეთაც, სადაც ერთი მხრივ, ნატოს წევრებს, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთსა და სხვა ავტოკრატიულ მოკავშირეებს  შორის ისე ბალანსირებს, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა.

რით გამოიხატება ბალანსირება? ბოლო თვეებში თურქეთის მთავრობამ თანხმობა განაცხადა ფინეთის ნატოში მიღებაზე, რომელსაც გასული წლიდან ბლოკავდა, აუკრძალა თურქულ კომპანიებს რუსეთისათვის დასავლური სანქციური პროდუქციის მიწოდება და ისევ თავს ევლება იმ დასავლელ კომპანიებს და ინვესტორებს, რომლებიც თავის დროზე თურქეთიდან გააძევა და ახლოს არ იკარებდა. პარალელურად რეჯეფ ერდოღანმა დაარწმუნა თავისი მომხრეები, რომ მას არ აღელვებს, თუ რას ფიქრობენ დასავლეთის სახელმწიფოები თურქეთის საგარეო პოლიტიკის მიმართ და უფრო მეტიც - პრეზიდენტმა დასავლეთი მისი მეტოქეების, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერაში დაადანაშაულა: „[დასავლეთის] მტრული პოზიცია ერდოღანის მიმართ - ეს არის მტრული პოზიცია ჩემი ხალხის მიმართ, - განაცხადა ამას წინათ თურქეთის მეთაურმა, - შესაბამისად, ჩემი ხალხი ამ შეთქმულებას ჩაშლის“.

თურქეთის ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირთან ბოლო ათი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, ყველაზე დაბალ და უარეს ნიშნულზე იმყოფება. ერთი მხრივ, ანკარას, ხოლო მეორე მხრივ - ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის მწვავე უთანხმოება რიგმა საკითხებმა გამოიწვია: თურქეთის მიერ რუსეთისაგან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400-ის შეძენამ, თურქეთის არმიის შეტევამ სირიელი ქურთების ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ (რომლებსაც აშშ ეხმარება), აშშ-ის მხარდაჭერამ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილე შეთქმულთა მიმართ, საზღვაო საზღვრების გამო დაწყებულმა დავამ კვიპროსთან და საბერძნეთთან.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ თუ თურქეთში ოპოზიცია გაიმარჯვებს, დიპლომატიური კურსი გადაიხედება და ანკარასა და დასავლეთს შორის შექმნილი დაძაბულობა, ალბათ, ჩაცხრება, მაგრამ ანალიტიკოსები, დიპლომატები და ოპოზიციური პოლიტიკოსები უარყოფენ იმ ვარაუდებს, რომ რეჯეფ ერდოღანის ხელისუფლების მარცხის შემდეგ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მკვეთრად შეიცვლება.

თურქეთის ახალი მთავრობა, ალბათ, ზომებს მიიღებს ეკონომიკის აღსადგენად და მისი გაჯანსაღებისათვის, გაათავისუფლებს ზოგიერთ პოლიტიკურ პატიმარს საპყრობილედან, დაიწყებს რეჯეფ ერდოღანის მიერ შექმნილი ავტოკრატიული სისტემის დემონტაჟს... შესაბამისად, ახალ ხელისუფლებას დასავლეთი კეთილგანწყობით შეხვდებოდა. ასეთი დამოკიდებულება, ალბათ, თურქეთს დაუყონებლივ მოუტანდა დივიდენდებს, მაგალითად, გააქტიურდებოდა ჩიხში შესული მოლაპარაკებები თურქეთსა და ევროკავშირს შორის საბაჟო ორგანოების მოდერნიზების თაობაზე. ნატოელ მოკავშირეებს, ალბათ, მოეწონებოდათ ახალი მთავრობის ტონისა და მიდგომის შეცვლა ერდოღანისეული ლოზუნგის მიმართ - „ანკარა - უპირველეს ყოვლისა“. დღეს ოპოზიცია ამომრჩევლებს პირდება, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გატარდება გამოცდილი და პროფესიონალი დიპლომატების მიერ და სავარაუდოდ, მოიხსნება პრობლემა შვედეთის ნატოს წევრად მიღების შესახებ, რომლის წინააღმდეგ რეჯეფ ერდოღანი გამოდის.

მაგრამ რაც შეეხება თურქეთის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, ასევე ქურთულ ტერორიზმთან და სირიელ ქურთებთან, ამ მიმართულებით რაიმე დიდი ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა. ქემალ ქილიჩდაროღლუს მთავრობა საეჭვოა ანტირუსულ სანქციებს შეუერთდეს და უფრო აქტიური როლი შეასრულოს უკრაინის ომთან მიმართებით. ახალი ხელისუფლება უფრო ერდოღანისეულ საშუამავლო როლის შესრულებას გააგრძელებს, ვიდრე უშუალოდ დაიკავებს რომელიმე დაპირისპირებული მეტოქის მხარეს. „თურქეთის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იზიარებს იმ აზრს, რომ ამერიკა რეგიონში სამუდამოდ ვერ დარჩება“,  - ამბობს ქ-ნი ნიგარ გოქსელი, სტამბოლში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის Crisis Group-ის თანამშრომელი, - „ეს გარემოება რუსეთთან კონფრონტაციის სურვილს ასუსტებს. სავარაუდოდ, მომავალი ხელისუფლება ვერ გაბედავს რაიმე ანტირუსული მკვეთრი ნაბიჯის გადადგმას, რადგან გაიზრდება რუსეთთან უშუალო დაპირისპირების რისკები“.

ალბათ, თურქეთ-ამერიკას შორის ერთ-ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი შეიძლება განეიტრალდეს - მაგალითად, რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების - С-400-ების საკითხი, რომლებიც რეჯეფ ერდოღანმა მოსკოვისაგან იყიდა და რომელმაც ამერიკული სანქციები გამოიწვია. მართალია, მათი მესამე მხარისადმი გადაცემას (ალბათ, უკრაინისადმი, როგორც ამას აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი ვარაუდობს) ახალი მთავრობა ვერ გარისკავს, მაგრამ, როგორც ოპოზიცია აცხადებს, „შეიძლება С-400-ები საწყობში შეინახონ, მისი გასაღები კი გადააგდონ“. სავარაუდოდ, ახალ ხელისუფლებას ასევე შეუძლია უარი თქვას თურქეთში რუსეთის მიერ მეორე ატომური ელექტროსადგურის (აეს) მშენებლობაზე, რომელსაც რეჯებ ერდოღანი ეთანხმება და იწონებს.

ახალ მთავრობას, ალბათ, მოუწევს პოზიტიურად შეცვალოს დამოკიდებულება პარლამენტში მოქმედ მთავარ ქურთულ პარტიასთან, თუმცა არ იჩქარებს ზავის დადებას სირიელი ქურთების შეიარაღებულ რაზმებთან და არ გაიყვანს თურქეთის არმიის ქვედანაყოფებს სირიის ჩრდილოეთი ნაწილიდან, სადაც ქურთები ცხოვრობენ. სავარაუდოდ, შეწყდება ქალაქებში ქურთი ეროვნების მერების დევნა (როგორც ამას რეჯეფ ერდოღანის ხელისუფლება აკეთებდა 2017 წლიდან) და ციხიდან გათავისუფლდება ქურთი პოლიტიკოსი სალაჰადის დემირტაში, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი... „მაგრამ იმავდროულად გაგრძელდება ბრძოლა ქურთისტანის მუშათა პარტიის „ბოევიკებთან“ და მათ სირიულ ფილიალებთან“, - ამბობს თურქი ანალიტიკოსი ოითუნ ორხანი. მისი აზრით, ქემალ ქილიჩდაროღლუ შეეცდება ურთიერთობა აღადგინოს სირიის პრეზიდენტ-დიქტატორ ბაშარ ასადთან, რომლის დამხობა რეჯეფ ერდოღანს ბოლო ათწლეულში სურდა (თუმცა ცოტა ხნის წინათ მან თითქოსდა პოზიცია შეიცვალა). რა თქმა უნდა, ნაადრევი იქნება იმის მტკიცება, რომ ანკარისა და დამასკოს ურთიერთობა რადიკალურად უკეთესობისაკენ შეიცვლება.

ის ტერიტორია, რომელიც თურქეთმა დაიკავა სირიელ ქურთების რაზმებთან ბრძოლის შედეგად, ბაშარ ასადთან მოლაპარაკების დროს მნიშვნელოვანი კოზირი იქნება. „რა თქმა უნდა, ახალი მთავრობა დაკავებულ მიწებზე უარს არ იტყვის, - ამბობს ოითუნ ორხანი, - და როგორც რეჯეფ ერდოღანი ითხოვს ლტოლვილების 3,6-მილიონიანი არმიის სირიაში დაბრუნებას, ამ მოთხოვნის შესრულების მცდელობას გააგრძელებს ახალი ხელისუფლებაც“.

სირიასთან დამოკიდებულების საკითხს კომენტარს უკეთებს ერთ-ერთი ოპოზიციური მაღალჩინოსანი კანონმდებელი თურქეთის პარლამენტიდან, რომლის აზრით, „როგორც კი ბაშარ ასადი თავისი მოქალაქეების - ლტოლვილთა მიღების აუცილებლობას გააცნობიერებს, მაშინ, ალბათ, დადგება დრო, რომ ჩვენც დავიწყებთ საკითხის განხილვას სირიიდან თურქეთის არმიის ქვედანაყოფების გაყვანის თაობაზე, მაგრამ ეს სწრაფად არ მოხდება“.

მოკლედ, დასავლეთისათვის ქემალ ქილიჩდაროღლუს სავარაუდო მთავრობა უფრო უკეთესი და ბევრად უპრობლემო პარტნიორი იქნებოდა ურთიერთობებში, მაგრამ ვინ იცის... ამიტომ, ბრიუსელელმა თუ ვაშინგტონელმა კეთილმსურველებმა ენთუზიაზმის ნადრევად გამოვლენაზე თავი უნდა შეიკავონ.

წყარო: https://www.economist.com/europe/2023/04/27/a-post-erdogan-turkey-would-only-partly-change-its-foreign-policy

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.