USD 2.7545
EUR 3.1363
RUB 3.3460
თბილისი
«The National Interest» (აშშ): „აზერბაიჯანი აშშ-ის დასავლეთევრაზიულ სტრატეგიაში“ - ბაქოსთან ახლო კავშირით ვაშინგტონი შეძლებს თავის მოწინააღმდეგეებს, თეირანს და მოსკოვს გაუსწორდეს“
თარიღი:  303

„აშშ-სათვის მნიშვნელოვანია განამტკიცოს ურთიერთობები აზერბაიჯანთან - რუსეთისა და ირანის უშუალო მეზობელთან.  ბაქოსთან ახლო კავშირით ვაშინგტონი შეძლებს გაუსწორდეს ორივეს - თეირანს და მოსკოვს და შეწყვეტს მათ მცდელობებს ერთად იმოქმედონ დასავლეთის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკულ ჟურნალ „ნეიშენელ ინთერესთში“ (The National Interest) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „აზერბაიჯანი აშშ-ის დასავლეთევრაზიულ სტრატეგიაში“ (ავტორი - ქამრან ბოჰარი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ვაშინგტონს შეუძლია ისარგებლოს ბაქოსა და იერუსალიმს (ისრაელს) შორის არსებული ურთიერთობებით ირანის გეოპოლიტიკური ამბიციების შესაკავებლად.

სირიიდან გაძევებული ირანი რევიზიონისტულ სახელმწიფოს წარმოადგენს (ანუ  ისეთ ქვეყანას, რომელიც უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით საერთაშორისო სისტემაში) და აქედან გამომდინარე, ის სამომავლოდ წინა აზიაში ყოველთვის ამერიკული სტრატეგიის მოწინააღმდეგე და შესაბამისი რისკების გამომწვევი იქნება. ისრაელსა და ზომიერ სუნიტურ არაბულ ქვეყნებს (გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი, იორდანია, მაროკო და.შ.) შორის 2020-21 წლებში ხელმოწერილი ე.წ. „აბრაამის შეთანხმებები“, რომლებიც დონალდ ტრამპის ძალისხმევით ჯერ კიდევ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს დაიწყო, მართალია, რეგიონის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენენ, მაგრამ მაინც არასაკმარისია. დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციას მოუწევს თავისი მეგობრებისა და მოკავშირეების დარაზმვა, რომ რეგიონულ მშვიდობას ძალის გამოყენებით მიაღწიოს. ამ კონტექტსში ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს არამარტო ახლო აღმოსავლეთისათვის, არამედ აშშ-ის საერთ სტრატეგიული პრიორიტეტებისათვის, კერძოდ, ევრაზიის კონტინენტზე.

ირანი ბოლო დროს სირიაში (და მთლიანობაში, ახლო აღმოსავლეთში) განცდილი სტრატეგიული დანაკარგების (მარცხის) შემდეგ აქტიურად ცდილობს კავშირების გაფართოებას რუსეთთან და პაკისტანთან.

ყურადღება მივაქციოთ ქრონოლოგიას: 17 იანვარს ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზესკიანი მოსკოვში ჩავიდა, სადაც იგი, ექვსი თვის განმავლობაში, მესამედ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ხელი მოაწერა 20-წლიან ხელშეკრულებას ყოვლისმომცველ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, ხოლო 20 იანვარს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი პაკისტანს ეწვია, სადაც მან თავის კოლეგასთან და სამხედრო სფეროს სხვა წარმომადგენლებთან უშიშროებისა და სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მთავარი ირანელი სამხედრო ჩინოვნიკი, რომელიც მრავალრიცხოვან დელეგაციას ხელმძღვანელობდა, შეხვდა როგორც თავდაცვის მინისტრს, ასევე პაკისტანის პრეზიდენტსაც. ნიშანდობლივია, რომ პაკისტანში მოლაპარაკება იმ დღეს გაიმართა, რა დღესაც აშშ-ის პრეზიდენტი ინაუგურაციის დროს კაპიტოლიუმში ფიცს სდებდა.

ირანის მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯების შუქზე, განსაკუთრებით რუსეთთან უკვე არსებული მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცების გათვალისწინებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციას და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არასტანდარტული ზომების მიღება და დაფიქრება მოუწევს. ამისათვის ვაშინგტონს შორს წასვლა არ დაჭირდება  იმისათვის, რომ აზერბაიჯანის მიერ სამომავლოდ შესასრულებელი სავარაუდო როლის მნიშვნელობა გაიგოს.

აზერბაიჯანი კავკასიური სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმანები შეადგენენ და რომელსაც საკმაოდ გრძელი საზღვარი აქვს ირანთან და რუსეთთან, ანუ შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი რუსეთს და ირანს ერთდროულად მიჯნავს ერთმანეთისაგან და იმავდროულად აერთიანებს კიდეც. აზერბაიჯანი აქტიურად ავითარებს სავაჭრო დერეფანს „ჩრდილოეთ-სამხრეთს“, ხოლო ბაქოს კასპიის ზღვისპირა ნავსადგური მნიშვნელოვან ჭიშკრად ითვლება იმ პროდუქციისათვის, რომელიც ცენტრალური აზიიდან ევროპისაკენ მიდის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის გავლით.

გაიმარჯვა რა 2020 წელს სომხეთთან ომში მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად აჩენს თავის სახეს გაძლიერებული საშუალო დონის სახელმწიფოდ. მართალია, ბაქო ჯერ-ჯერობით უმეტესად თავისი რეგიონული საკითხების მოგვარებით არის დაკავებული - სომხეთს „საქმეებს ურჩევს“, მაგრამ ის უკვე იწყებს თავისი სტრატეგიული პოზიციების განმტკიცებასაც - უფრო აღრმავებს კავშირებს კასპიელ და ცენტრალურაზიელ მეზობლებთან.

აზერბაიჯანული სამგზავრო ავიალაინერთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა ფაქტმა, რომელიც შობის დღეს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა რაკეტით დააზიანეს (და შემდეგ ყაზახეთში ჩამოვარდა), ბაქოს დამატებითი ბერკეტები მისცა თავის აგრესიულ ჩრდილოელ მეზობელზე ზემოქმედების მოსახდენად. ამას მოწმობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის უჩვეულოდ მკვეთრი განცხადებები კრემლის მისამართით, რომელიც შეეცადა თავისი როლის უარყოფას თვითმფრინავის კატასტროფაში.

აზერბაიჯანი ახლო აღმოსავლეთის საქმეებშიც ხშირად საკვანძო როლს ასრულებს. საყურადღებოა, რომ მას რთული ორმხრივი ურთიერთობები აქვს ირანთან. ბაქო თავს არიდებს კონფლიქტს, თუმცა ცდილობს თავისი ინტერესები დაიცვას. აზერბაიჯანი შიიტურ, მაგრამ მაინც უმეტესად საერო სახელმწიფოს წარმოადგენს. ისევე როგორც სხვა ლაიცისტურ (სეკულარულ) ქვეყნებს, მასაც ემუქრება ირანული რადიკალური შიიტური ისლამიზმი, რომლის ექსპორტს თეირანი ათწლეულების განმავლობაში ცდილობს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ირანისა და სომხეთის მრავალწლიანი ალიანსი ბაქოს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს..

და მაინც აზერბაიჯანის ახლოაღმოსავლური პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს ისრაელთან - აშშ-ის საკვანძო მოკავშირესთან - 30 წლის განმავლობაში არსებული  სტრატეგიული ურთიერთობა წარმოადგენს: ბაქო ისრაელის ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტორი გახდა. ისრაელი, თავის მხრივ, აზერბაიჯანისათვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მსხვილი მიმწოდებელია. რადგანაც ორივე ქვეყანას ირანული ექსპანსიონიზმი ემუქრება, ბაქოსა და იერუსალიმს ერთმანეთთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვთ, განსაკუთრებით სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაში. ორივე ხელს უშლის ირანის მცდელობებს რეგიონში თავისი ძალა და ხელისუფლება განამტკიცოს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კასპიის ნავთობის მიწოდება ისრაელისათვის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენით არ შეწყვეტილა ისრაელ-„ჰამასის“ ომის დროსაც კი, რომელიც 15 თვეს გრძელდებოდა. ამასთან ერთად, აუცილებელია ხაზი გაესვას აზერბაიჯანის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თავისი ახლო მოკავშირის - თურქეთის ანტიისრაელურ პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. რომ არა ბაქოს „დამამშვიდებელი“ მოქმედება, რეჯეფ ერდოღანის მთავრობა, მისი იდეოლოგიური (ისლამისტური) ორიენტაციის გათვალისწინებით, შეიძლებოდა  კიდევ უფრო ანტიებრაული პოზიციების მქონე გამხდარიყო.

ამრიგად, ჩნდება გეოპოლიტიკური სქემა: ვაშინგტონს შეუძლია ისარგებლოს ბაქოსა და იერუსალიმს შორის არსებული ურთიერთობით, რომ თეირანის გეოპოლიტიკური ამბიციები შეაჩეროს. აზერბაიჯანს შეუძლია აშშ-ისათვის საკვანძო მოკავშირე გახდეს როგორც თეირანის შეკავების საქმეში, ასევე ანკარასთან დამატებით დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი არხის სახით. გასათვალისწინებელია, რომ თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და აქედან გამომდინარე, აშშ-ის სამხედრო მოკავშირეა, მათი ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს (თუმცა ირანთან მიმართებით მეტ-ნაკლებად ერთნაირია). შესაბამისად, აშშ-ის ინტერესებში უნდა იყოს აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაღრმავება რეგიონული ბალანსის შესანარჩუნებლად - განსაკუთრებით ახლა, როცა მნიშვნელოვანია ძალოვანი წონასწორობის დაცვა  თურქეთსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის.

დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისათვის აუცილებელია აგრეთვე ყურადღებით ადევნოს თვალი აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობის მიმდინარეობასაც. თურქეთი უკვე პოზიტიურ შედეგებს იმკის ბაქოსთან ახლო კავშირების მეშვეობით, რაც შესაძლებლობას  აძლევს ანკარას თავისი გავლენა გააფართოვოს როგორც შავი ზღვის, ასევე კასპიის ზღვის აუზში.

მოკლედ, აშშ-სათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანთან კავშირების განმტკიცებას - ანუ ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ვაშინგტონის მოწინააღმდეგეებს - რუსეთს და ირანს ესაზღვრება. ეს დაეხმარება ამერიკას, რომ თავის ორივე არაკეთილმსურველს გაუსწორდეს, ასევე ხელი შეუშალოს მათ ერთობლივი ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების მცდელობაში.

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.