USD 2.6104
EUR 2.9933
RUB 3.1028
თბილისი
The National Interest - აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გადატვირთვის დრო ორივე მხარისთვის იდეალურია
თარიღი:  668

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკისთვის, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში: „რატომ უნდა გააუმჯობესოს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა“, რომელსაც გამოცემა The National Interest-ი ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თებერვალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუფასებელი შედეგი მოჰყვა. ამ ვიზიტმა საქართველო კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია, ოფიციალურ მარშრუტში მისი არარსებობის გათვალისწინებით.

„საქართველომ, რომელიც ოდესღაც აშშ-ის სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა, თითქოს, დასავლეთი „მიატოვა“. ამ ნარატივის მიხედვით, ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტზე ორიენტირებული შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელიც 2020-იან წლებში ჩამოყალიბდა, მას რუსეთისა და ჩინეთის გვერდით აყენებს. ზოგმა კიდევ უფრო შორს წასული შეფასებაც გააკეთა და განაცხადა, რომ ამის შედეგად ქვეყნის რეგიონული სტრატეგიული მნიშვნელობა შემცირდა და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯეი დი ვენსმი თბილისს არ ეწვია. შესაბამისად, ამ მოსაზრებით, საქართველო ვაშინგტონისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა, რომელმაც თითქოს მისი ადგილი სომხეთით ჩაანაცვლა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, მისი ახლადშეძენილი ევროატლანტიკური გულმოდგინების პიკზე.

ეს ინტერპრეტაცია არსებითად მცდარია, რადგან ვენსის ვიზიტის მიზანი იყო არა მთლიანად სამხრეთ კავკასიის შემოვლა, არამედ „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტის პოპულარიზაცია, რომელიც, შესაძლოა, ამ ადმინისტრაციის გარიგებებზე ორიენტირებული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევადაც ჩაითვალოს. ასევე, ვენსის ვიზიტმა არანაირად არ განამტკიცა სომხეთის, როგორც სამხრეთ კავკასიის ახალი მიზიდულობის ცენტრის, პოზიცია - მოსაზრება, რომელიც თითქმის დანამდვილებით გამოიწვევდა აზერბაიჯანის მძაფრ რეაქციას“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ მიუხედავად ამისა, ეს მცდარი ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნად გავრცელდა ევროპაში და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გარკვეულ წრეებში და მისი ყველაზე ძირითადი ვარაუდის - კერძოდ, თბილისის მიერ პრორუსული მიდგომის - მიმართ შეზღუდული წინააღმდეგობა საზიანო აღმოჩნდა აშშ-საქართველოს თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავებისთვის.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების შემცირების მიზეზი საქართველო არ არის.

„მართალია, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ადრე ვაშინგტონის სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის ხერხემალს წარმოადგენდა, უკვე თითქმის ნახევარი ათწლეულია, რაც საუკეთესო შემთხვევაშიაც კი მხოლოდ „ნელთბილია“, თუმცა ეს არ არის გამოწვეული საქართველოს მხრიდან ინტერესის ნაკლებობით - რასაც ცხადყოფს თბილისის მრავალჯერადი მცდელობები, როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური, ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებისთვის. ის ასევე არ არის დაკავშირებული მოსკოვთან დაახლოებასთან, რაც ნებისმიერი ქართული მთავრობისთვის იყო და რჩება პოლიტიკურ და სამხედრო „წითელ ხაზად“, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად გადაჭარბებული ტონით ვრცელდება დასავლურ და ადგილობრივ, ოპოზიციურად განწყობილ მედიაში.

გასული წლის მაისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილი გაუგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სადაც ხაზი გაუსვა ქართული მთავრობისა და მათი ადმინისტრაციის პროგრამულ მსგავსებებს. ამ წერილში კობახიძემ უკმაყოფილება გამოთქვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულების გამო, მიუხედავად პოლიტიკური სიახლოვისა და იმ საერთო გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც თბილისი და ვაშინგტონი დგანან არასამთავრობო და საერთაშორისო აქტორებთან მიმართებით.

ქართული პოლიტიკური პერსპექტივიდან, წერილის შინაარსი ლოგიკური იყო. აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გაუარესება ვაშინგტონიდან მოდიოდა და არა თბილისიდან და ეს პროცესიც ტრამპისა და მისი კაბინეტის მიუხედავად მიმდინარეობდა“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ კრიტიკას, ძირითადად, რუსეთთან და ირანთან მისი კავშირებით ხსნიან.

„ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ ანტაგონიზმს, ძირითადად რუსეთთან და ირანთან მისი კავშირებით ხსნიან, რასაც სხვადასხვა შემთხვევაში მიაწერენ სახელმწიფოს, მმართველ პარტიას ან მის კონკრეტულ ლიდერებს. ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში, დიპლომატები და პოლიტიკოსები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ მოტივებზე: უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დასავლური ლიბერალური მოთხოვნების მიმართ თბილისის წინააღმდეგობაზე, სოციალურ თემებზე, მათ შორის ლგბტ პოლიტიკაზე, და ასევე შიდა პოლიტიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე.

შედეგად, საქართველო ბრიუსელის მხრიდან მზარდ ფინანსურ და პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროკავშირმა არაერთხელ სცადა საქართველოსთვის სანქციების დაწესება, თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა ამ ეტაპამდე ყველა ასეთ მცდელობა ვეტოს დაადეს. სანქციების უახლეს პაკეტში ბრიუსელი იმდენად შორს წავიდა, რომ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, მაგალითად, ყულევის პორტის დასანქცირების შეთავაზებითაც კი გამოვდა - პორტის, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი შავი ზღვის ოპერაციებისთვის იყენებს.

ევროკავშირმა ასევე შეაჩერა უვიზო მიმოსვლის უფლება „საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის“, როგორც პასუხი „დემოკრატიულ უკუსვლასა“ და თბილისში არსებულ სხვა ნაკლოვანებებზე. ეს ბრალდებები ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს ზოგადად დადებით შეფასებებს. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გასულ წელს ქვეყანა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის შეაქო. ანალოგიურად, ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საქართველო ევროკავშირის წევრ 17 სახელმწიფოს უსწრებს.

ვაშინგტონში მსგავსი მცდელობები განხორციელდა საქართველოს ქორების არაფორმალური კოალიციის მხრიდან, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა). უილსონმა წარადგინა MEGOBARI აქტი — კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისთვის მძიმე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული ეს კანონპროექტი სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტიუნმა (რესპუბლიკელი, სამხრეთ დაკოტა) შეაჩერა“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი აშშ-საქართველოს დაახლოების რამდენიმე არგუმენტზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აშშ-სთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია.

„აშშ-სთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია. პოლიტიკისა და პროგრამების თვალსაზრისით, საქართველო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მეტად არის თანხვედრაში ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიურ პოზიციებთან. აშშ-სა და საქართველოს ალიანსის განახლების არგუმენტი კიდევ უფრო გამყარდა ადმინისტრაციის 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით (NSS), რომელიც ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის აქსიომატური ხედვიდან საგარეო პოლიტიკის „ცივილიზაციურ“ მიდგომაზე გადანაცვლებაზე მიუთითებს.

NSS სწორად განსაზღვრავს ევროპას, როგორც დასავლური სამყაროს ცივილიზაციურ ბირთვს, რომელიც 1945 წლიდან აშშ-ის ლიდერობის ქვეშ იმყოფება. ამ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და, შეძლებისდაგვარად, მისი პოლიტიკური და დემოგრაფიული აღორძინება, დასავლელი მოკავშირეების მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკაში სტრატეგიულ იმპერატივად განიხილება.

ეს ჩარჩო სრულად ემთხვევა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მსოფლმხედველობას, რომელიც მართლმადიდებლობას, საქართველოს ეროვნულ მემკვიდრეობას და სუვერენიტეტის დაცვას ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციურ სივრცეში საკუთარ სამ მთავარ საყრდენად მიიჩნევს. შესაბამისად, თბილისი მოქმედებს ტრადიციონალისტური კონსერვატიზმის ფარგლებში, რომელიც ერთდროულად არის არსებითად ქართული და თანხვედრაშია ვაშინგტონის ახალ ცივილიზაციურ პრიორიტეტებთან და ბრიუსელისა და ბერლინისგან განსხვავებით, ტრამპის ვაშინგტონი ამ ღირებულებებს, როგორც ჩანს, უპატივცემულოდ არ ეკიდება.

საქართველოს, როგორც აშშ-ის მოკავშირის გამოცდილება კიდევ უფრო ამყარებს ორმხრივი ურთიერთობების „ცივილიზაციურ“ საფუძველზე განახლების არგუმენტს.

გარკვეული თვალსაზრისით, ქართული ხელისუფლების ადრეული მიბრუნება ტრადიციონალისტური კონსერვატიზმისკენ შეიძლება განიმარტოს, როგორც გულწრფელი ერთგულების დადასტურება ქართული იდენტობისადმი (ანუ დემოკრატიული თვითგამორკვევისადმი) და საერთო ევროპული - და შესაბამისად დასავლური - ღირებულებებისადმი. NSS-ით შეთავაზებული გადაჯგუფება კი პოლიტიკური დაახლოების შესაძლებლობას ქმნის და ვაშინგტონს სთავაზობს იდეოლოგიურად თანხვედრილ ევროპულ პარტნიორს, რომელიც მზად არის არა მხოლოდ ალიანსის აღსადგენად, არამედ მისი თანამედროვე რეალობებთან ადაპტაციისთვისაც.

დრო ხელსაყრელია, სამხრეთ კავკასიის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის თანმდევი ცვლილების გათვალისწინებით. უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ჩართვამ რეგიონში პროცესების მართვისთვის მისი შესაძლებლობები შეამცირა, რამაც შექმნა შეზღუდული სტრატეგიული ფანჯარა. შავი ზღვის აღმოსავლეთ ფლანგზე სტრატეგიული მდებარეობის მქონე საქართველოს ამ პროცესში ჩართვა ამ მიმართულებას კიდევ უფრო გაამყარებდა.

საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტში, რომელიც „შუა კორიდორის“ სახელით არის ცნობილი და შავ ზღვას კასპიის ზღვასთან, იქიდან კი ჩინეთთან აკავშირებს. ირანის ომის გამო ჰორმუზის სრუტესა და წითელ ზღვაში შექმნილი შეფერხებების ფონზე, „შუა კორიდორი“ ფაქტობრივად ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი ნეიტრალური სახმელეთო მარშრუტია (რადგან „ჩრდილოეთის კორიდორი“ რუსეთის გავლით გადის, რაც ვაშინგტონისთვის მიუღებელია)“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორის მრკიცებით, თუ ვაშინგტონი სწორად იმოქმედებს, აქ მნიშვნელოვანი კომერციული შესაძლებლობებიც არსებობს.

„საქართველოს მთავარი საზღვაო პორტი, ფოთის პორტი, შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კრიტიკული ნაწილია და „შუა კორიდორის“ განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბოლო წლებში პორტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან, ქართული და უცხოური კაპიტალის პარალელურად.

ამასთან, თბილისი თანდათან რეგიონული საავიაციო ჰაბი ხდება. მხოლოდ გასულ წელს შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი თითქმის 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2024 წელთან შედარებით 14%-იანი ზრდაა. ზრდა იმდენად სწრაფია, რომ უკვე დაგეგმილია აეროპორტის მნიშვნელოვანი გაფართოებაც. დამატებით, 1.8 მილიონმა მგზავრმა გაიარა საქართველოს მეორე უმსხვილეს აეროპორტში - ქუთაისის აეროპორტში. შესაბამისად, TRIPP-სა და „შუა კორიდორში“ აშშ-ის ჩართულობის გაფართოება საქართველოს ჩათვლით, მხოლოდ დროის საკითხია.

მოკლედ, სამხრეთ კავკასიის ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს არ მოიცავს, დიდი ალბათობით უფრო მეტ სირთულესა და ნაკლოვანებას წარმოშობს, ვიდრე რეალურ შედეგს მოიტანს, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. საქართველო, როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა კონსერვატიული ხელისუფლებით, ბუნებრივი პარტნიორია იმ ამერიკული ადმინისტრაციისთვის, რომელიც აცნობიერებს ისტორიული და კულტურული კავშირების მნიშვნელობას გეოპოლიტიკასა და დიპლომატიაში.

მისი სტრატეგიული როლი „შუა კორიდორში“ და სწრაფად მზარდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის, როგორც პარტნიორის მნიშვნელობას. დიპლომატიური ურთიერთობების გადატვირთვის დრო ორივე მხარისთვის იდეალურია. ვაშინგტონმა ეს მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს“, - აღნიშნულია სტატიაში.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის