USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«The Washington Post» (აშშ): „ჰორიზონტზე ამერიკის პრეზიდენტის ლეგიტიმურობის კრიზისი მოჩანს“
Date:  449

აშშ-ის გავლენიანი გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „ჰორიზონტზე ამერიკის პრეზიდენტის ლეგიტიმურობის კრიზისი მოჩანს“ (ავტორი - ჩარლზ ლეინი), რომელშიც გაანალიზებულია დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების კანდიდატთა შანსები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. აქცენტი გადატანილია დონალდ ტრამპის სტატუსის იურიდიულ მომენტებზე, თუ მას აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თუ ვინმე - არ აქვს მნიშვნელობა, დემოკრატი იქნება თუ რესპუბლიკელი - ფიქრობდა, რომ დონალდ ტრამპი პროკურატურის მიერ წაყენებული ოთხი ბრალდებისგან დასუსტდებოდა, მისი იმედები არ გამართლდა. იმის ნაცვლად, რომ ექს-პრეზიდენტის წარმატების შანსები რესპუბლიკელთა პრაიმერიზზე შემცირებულიყო და თამაშიდან გასულიყო, აღმოჩნდა, რომ „იურიდიულმა პრობლემებმა“ მის პოლიტიკურ ბედზე უმნიშვნელო გავლენა მოახდინა და უფრო მეტიც, დადებითი ფაქტორის როლიც კი შეასრულა.

2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 14 თვით ადრე სიტუაცია ასე გამოიყურება: დონალდ ტრამპს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური კანდიდატი იქნება, დემოკრატ ჯო ბაიდენზე გამარჯვების საკმაოდ კარგი შანსები აქვს და არა მარტო მასზე, არამედ ნებისმიერ სხვა კანდიდატზე.

რასაკვირველია, არჩევნებამდე დარჩენილ 14 თვეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ შეიძლება თავის თანაპარტიელ მეტოქეებთან წააგოს ან კიდევ ვინმესთან, რომელიც საკუთარ კანდიდატურას მოგვიანებით წარადგენს. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კრიზისის გამო (ღმერთმა დაიფაროს!) ჯო ბაიდენმა შეიძლება წინასაარჩევნო რბოლიდან თავისი კანდიდატურა მოხსნას. ასევე შეიძლება, რომ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდებების გამო, რესპუბლიკური პარტიის ელექტორატზე დონალდ ტრამპის გავლენა შემცირდეს. როგორც Reuters-Ipsos-ის მიერ ამას წინათ ჩცატარებული გამოკითხვა აჩვენებს, თუ დონალდ ტრამპს სასამართლო დამნაშავედ აღიარებს და ციხეში გაგზავნის, რესპუბლიკელთა 52% მას ხმას არ მისცემს.

მაგრამ თუ დღევანდელი ტენდენცია შენარჩუნდება, ქვეყანაში შეიძლება 2020 წლის სიტუაცია განმეორდეს და მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები - რომლის პოლიტიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული ევროპისა და აზიის უსაფრთხოება, მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სიმტკიცე -  შეიძლება პრეზიდენტის ლეგიტიმურობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს: იმის დამოუკიდებლად, თუ კონკრეტულად ვინ გაიმარჯვებს და რამდენად ღირსეულად.

ამჟამად ყალიბდება იმ სცენარის საფუძველი, რომლის დროსაც მოსახლეობას შეიძლება ეჭვი შეეპაროს ან არ მოეწონოს არჩევნების შედეგები. დონალდ ტრამპისათვის და ალბათ, მისი ათობით მილიონი მომხრესათვის არ არსებობს იმ შესაძლებლობის გაცნობიერება, რომ მან შეიძლება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში წააგოს. ექს-პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს „არჩევნებში ჩარევისა“ და „პოლიტიკური ოპონენტების დევნის თაობაზე“ ხშირად თავის სასარგებლოდ იყენებს. თანაც დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს ტყუილი 2020 წლის არჩევნების შედეგებზე და თავისი მომხრეების მობილიზებისათვის არც ახლა არ დაიხევს უკან.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპს ღირსეულად გამარჯვება შეუძლია. მას ამჟამად მხარს მოსახლეობის 39% უჭერს და ეს ხდება  არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებების, საიდუმლო დოკუმენტაციის შენახვის წესების დარღვევის, პორნომსახიობთან სექსუალური კავშირის მიჩქმალვისა და სხვა უკანონო ქმედებების ფონზე. რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მისი მხარდაჭერის დონე 41,2%-ს შეადგენს. ასე რომ, სხვაობა მაინცდამაინც დიდი არ არის.

კიდევ ერთი გამოკითხვის თანახმად, რომელიც გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ ჩაატარა, დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 46% პრეზიდენტად სწორედ დონალდ ტრამპს აირჩევდა. დღეისათვის უკვე აშკარად არიან გამოკვეთილები პრორესპუბლიკურად განწყობილი შტატები, რომლებიც მზად არიან დონალდ ტრამპს ამომრჩეველ კოლეგიის წევრთა 235 ხმა მისცენ. მართალია, გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო, მაგრამ დანაკლისი შეიძლება სხვა შტატებში ანაზღაურდეს.

იმავდროულად ყველა იმ ამერიკელისათვის, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში ხმას დონალდ ტრამპს არ მისცემს, ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი აუცილებლად იქნება: მას უფლება აქვს დაეჭვდეს ტრამპის გამარჯვების ლეგიტიმურობაში, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით, პოტენციურად სახიფათო მომენტს წარმოადგენს.

შეიძლება ისე მოხდეს, რომ არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი 2025 წლის 20 იანვარს პრეზიდენტის საინაგურაციო ფიცს პატიმრის (მსჯავრდებულის) სტატუსით დადებს და შემდეგ სასამართლოში გამოცხადდება სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მის  პოლიტიკურ გადარჩენაში დიდ როლს შეასრულებენ რელიგიური ფუნდამენტალისტები, კონსერვატორები და მემარჯვენე ნაციონალისტები. და, დიდი ალბათობით, მის მთავრობაში სწორედ ისინი დაიკავებენ საკვანძო პოსტებს

მსოფლიო ამას წინათ მსგავსი მოვლენის მოწმე უკვე გახდა: ისრაელში პრემიერ-მინისტრად ბენიამინ ნეთანიაჰუ დაბრუნდა, რომელიც ბრალდებულია დანაშაულის (კორუფციული ქმედების) ჩადენაში და მის საქმეს სასამართლო იხილავს. მას მხარს უჭერენ რელიგიური რადიკალები, მემარჯვენეები და ნაციონალისტები, ხოლო ისრაელის საერო და ლიბერალური საზოგადოება „უღირსი პრემიერისა და მისი მთავრობის“ საწინააღმდეგოდ საპროტესტო მიტინგებს მართავს. მსგავსი რამ დონალდ ტრამპსაც შეიძლება დაემართოს.

რაც შეეხება ჯო ბაიდენს, საქმე მასთან დაკავშირებითაც რთულადაა: წარმომადგენელთა პალატა, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობაში არიან, არ გამორიცხავს განიხილოს ჯო ბაიდენის კორუმპირებულობის საკითხი და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, მაშინ საქმის ბოლო ეტაპი იქნება სასამართლო პროცესი, რომელიც შეიძლება სენატის არჩევნებს დაემთხვეს, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ.

თავის მხრივ დემოკრატები სერიოზულად ფიქრობენ დონალდ ტრამპის სახელის ამოღებას საარჩევნო ბიულეტენიდან (კონსტიტუციის მე-14 შესწორების ძალით, რომლის თანახმად, მასობრივი ანტისაზოგადოებრივი გამოსვლების მონაწილეებს სამთავრობო თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ). მაგრამ ასეთი „დისკვალიფიკაცია“ დონალდ ტრამპის მომხრეებს ძალიან გაამწარებთ, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს... და თუ დონალდ ტრამპი მაინც გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაშიც მას ოპონენტები არ მოასვენებენ იმავე მე-14 შესწორების თანახმად.

ვიმეორებ: ეს არის შეფასება დღევანდელი პოლიტიკური რეალობის მიხედვით და არა ზნეობრივის პარიტეტის გათვალისწინებით. აშშ-ის მთელი პოლიტიკური სისტემა უფრო ჯანმრთელი და მდგრადი იქნებოდა, თუ დონალდ ტრამპი 2020 წელს, უბრალოდ, შეურიგდებოდა დამარცხებას და არ დაანგრევდა უძველეს დემოკრატიულ ტრადიციებს და ნორმებს.

ამერიკულ დემოკრატიას ჯერ კიდევ აქვს დრო თავიდან აიცილოს უარესი სცენარი - მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით გაუგებარია, თუ როგორ უნდა მოახდინოს „თავიდან აცილება“. თუმცა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი, ალბათ, უეჭველია იქნება იმის გაცნობიერება, თუ რა გველოდება წინ.

წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/2023/09/06/2024-presidential-election-results-legitimacy-crisis/

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way