USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
«The Washington Post» : „აშშ-ში არჩევნების მოახლოების კვალობაზე უკრაინის თავზე შავი ღრუბლები იკრიბება: ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ შორს არის რეალური გამარჯვებისაგან“
Date:  558

ამერიკული გაზეთის  „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 17 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ-ში არჩევნების მოახლოების კვალობაზე უკრაინის თავზე შავი ღრუბლები იკრიბება: ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ შორს არის რეალური გამარჯვებისაგან“ (ავტორი - იშან ტარური).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იყო დრო, როცა უკრაინის პრეზიდენტს ვაშინგტონში ოვაციით ხვდებოდნენ და გმირადაც შერაცხეს კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფიცი დადო, რომ უკრაინა არასდროს უკან არ დაიხევს და მტერს არ დანებდება“, მას მხარს უჭერდა კოლეგა ჯო ბაიდენიც, რომლის მიერ წარმოთქმულ ფრთოსან ფრაზას - „უკრაინას მხარს იმდენად დავუჭერთ, რამდენიც საჭირო იქნებაო“, ევროპელი ლიდერებიც ხშირად იმეორებდნენ.

საეჭვოა, რომ ახლა კონგრესში ვოლოდიმირ ზელენსკის ძველებურად საზეიმოდ შეხვედრა მოუწყონ. მისი ამასწინანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა, როცა აშშ-ში, გაეროს გენასამბლეის სესიის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტს საკმაოდ გულგრილად შეხვდნენ. ორი წლის კონგრესში მხოლოდ რამდენიმე რესპუბლიკელ-ულტრანაციონალისტს არ სჯეროდა უკრაინის წარმატებისა და არ სურდათ ფულის „წყალში გადაყრა“ კიევის დასახმარებლად, ახლა კი კონგრესმენ-სკეპტიკოსთა რაოდენობა კრიტიკულ მასამდე გაფართოვდა. ამერიკელ დეპუტატთა სკეპტიციზმს იზიარებს პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები დონალდ ტრამპი და ჯეიმს დევიდ ვენსი. პირველმა სახელი გაითქვა როგორც თავისი მეგობრული დამოკიდებულებით ვლადიმირ პუტინის მიმართ, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომისადმი გულგრილი დამოკიდებულებით, ხოლო მეორემ საჯაროდ აღიარა თავისი სურვილი უკრაინელებისათვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის თაობაზე.

გასულ თვეში ვაშინგტონში და ნიუ-იორკში ყოფნისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თვით ჯო ბაიდენთან ერთად თავისი „გამარჯვების გეგმის“ ელემენტები განიხილა. იგი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზეც, მაგრამ რაიმე დიდი წარმატების გარეშე. განსაკუთრებით გულგრილად შეხვდა მას პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით მდგომი, რუსეთის ლიდერთან კარგი დამოკიდებულებაზე ლაპარაკობდა.

რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მატულობს არა მარტო ამერიკელ რესპუბლიკელთა ლიდერებში, არამედ ატლანტიკის მეორე მხარეზეც. უკრაინის ყველაზე ერთგული მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ „დრო კიევის წინააღმდეგ მუშაობს და დასავლეთის მხარდაჭერა სუსტდება“. ამასთან, ერთია, რომ აშშ-ში სკეპტიციზმი მატულობს, არჩევნების მოახლოების ფონზე, მეორეა ის, რომ უკმაყოფილება იზრდება თვით უკრაინულ საზოგადოებაშიც.

უკრაინას, რომელიც უკვე უმძიმეს სიტუაციაშია, წინ უფრო უარესი მდგომარეობა ემუქრება. უკრაინის არმია რიცხოვნობით და შეიარაღებით ბევრად ცამოუვარდება რუსეთის არმიას, რომელსაც დასავლურმა სანქციებმა, ფაქტიურად, ვერაფერი დააკლო. უკრაინის ჯარის კონტრდარტყმამ კურსკის ოლქში მხოლოდ საზოგადოების ხანმოკლე მორალური აღმაფრენა გამოიწვია, მაგრამ სტრატეგიული დივიდენდები არ მოუტანია. კურსკის ოლქში შეჭრას ხელი არ შეუშლია რუსების შეტევისათვის, რომლებმაც დონბასში უკრაინის რიგი ქალაქები და სოფლები დაიკავეს. აშკარაა, რომ კრემლს განზრახული აქვს თავისი უპირატესობა საქმით დაამტკიცოს.

„რუსებმა ბრძოლის ველზე საკმაო გამოცდილება დააგროვეს, მომგებიანად შეცვალეს ტაქტიკა, ისინი ახლა უზრუნველყოფილნი არიან საიმედო კავშირით, მათ აქვთ მეტი იარაღი და ცოცხალი ძალის რესურსები. დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ჯარები მაინც წინ მიიწევენ, დასავლეთი კი უკრაინის მიმართ დახმარებას ამცირებს“, - აღნიშნულია დასავლელი ჟურნალისტების პუბლიკაციებში.

„ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ მტერს 1991 წლის საზღვრების მიღმა გავაძევებთ“, - ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცერი, რომელიც ეჭვობს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

ამ რეალობის გაცნობიერება დასავლელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა რამდენიმე თვის წინათ დაიწყეს და შემდეგ საჯაროდაც აღიარეს: ჩეხეტის პრეზიდენტმა პეტრე პაველმა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ერთგული და მხურვალე მხარდამჭერია, ამას წინათ განაცხადა, რომ „უკრაინელებმა დროა რეალისტურად აზროვნება დაიწყონ და გააცნობიერონ, რომ მათი გარკვეული ტერიტორიები დროებით რუსეთის ხელში დარჩება“.

ვოლოდიმირ ზელენსკი თავის „გამარჯვების გეგმაში“ იმედოვნებს, რომ დასავლეთი უკრაინის მიმართ დახმარებას გააფართოვებს და პოლიტიკურ გარანტიებსაც მისცემს - ნატოს წევრად მიიღებს. მაგრამ საქმე ისაა, რომ უკრაინის ლიდერს რაც სურს, იმის შესრულებას დასავლეთი არ ჩქარობს და ყოყმანობს. ჯერ-ჯერობით არ არის საერთო აზრი ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რომელი უნდა შესრულდეს პირველ რიგში „სურვილების ჩამონათვალიდან“.

„გამარჯვების გეგმა“ სინამდვილეში საკმაოდ შორსაა იმ გამარჯვებისგან, რომელსაც ბევრი ელოდებოდა. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ჩიხში გარდაუვალი შესვლის მოახლოების კვალობაზე უკრაინელებს წინ ზალიან არასასიამოვნო რეალობა ელოდებათ, როცა ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთს კრემლის ჯარის მიერ ფაქტიურად ოკუპირებული ტერიტორია იურიდიულადაც დაუთმონ. აშშ-ის მტავრობამ და ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ასეულობით მილიარდი დოლარი დახარჯეს, უამრავი სანქცია დააწესეს, მაგრამ ის, რომ კიევს დასავლური იარაღით სარგებლობა შეუზღუდეს (რუსეთის ზურგში ობიექტების დაბომბვის აკრალვის თაობაზე), ეს გარემოება უკრაინელების იმედგაცრუებას იწვევს. თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ ასეთი „უსამართლო დაზავების“ შემდეგ უკრაინელების პროდასავლური განწყობა დასუსტდება.

ვაშინგტონელი პუბლიცისტი რობერტ კოგანი ხაზს უსვამს უკრაინელთა რისხვას, რომელიც შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ გაჩნდეს. ეს იქნება „თავის ტკივილი“ როგორც რუსეთისათვის, ასევე დასავლელი ლიდერებისათვის: „ომის შეწყვეტის შემდეგ კბილებამდე შეიარაღებული უკრაინა რუსეთისათვის მტრულად განწყობილ მეზობლად დარჩება. უკრაინელები არ დაივიწყებენ სიკვდილს, ნგრევას, მკვლელობებს წამებებს. იქნება რევანშიზმის ძლიერი გამოვლენა - უკრაინელებს მუდმივად ემახსოვრებათ დაკარგული ტერიტორიები და პერმანენტულად ეცდებიან მათ დაბრუნებას. ამავე დროს, კიევს ბრაზი გაუჩნდება დასავლეთის მიმართაც, დახმარების მიუხედავად“, - წერს რობერტ კოგანი.

„რასაკვირველია, დასავლეთი იგრძნობს რა საკუთარ ბრალს, ომისაგან დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად უკრაინელებისადმი დახმარებას გააგრძელებს, - წერს ტიმ უილასი, თავდაცვითი კვლევების ბრიტანული სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი, - მაგრამ მათ თვალში დასავლეთმა შეიძლება თავისი ძველებური მიმზიდველობა დაკარგოს“.

„ომის დროს მიძინებული უკრაინელი კორუმპირებული ოლიგარქები ომის შემდეგ გამოფხიზლდებიან. არ არის გამორიცხული, რომ ისინი თავიანთ ცინიზმს გააგრძელებენ მაიდნის თაობის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის შიდა დაპირისპირების ზრდას“, - ასკვნის ტიმ უილასი.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/10/16/zelensky-victory-plan-us-election/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way