აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსში“ (The Washington Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დაზვერვის მონაცემებით, დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების მიუხედავად, რუსეთს, უკრაინასთან მიმართებით, აშკარა უპირატესობა აქვს“ (ავტორი - მაიკ გლენი).
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
როგორც ბრიტანული დაზვერვის მონაცემები მოწმობს, რუსეთს, დასავლური სანქციების მოქმედების მიუხედავად, მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს სამხედრო ტექნიკაში, საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფაში და ცოცხალ ძალაში. ბრიტანელი კომპეტენტური ჩინოვნიკების თქმით, მოსკოვი ყოველთვიურად ფრონტზე 30 ათას ჯარისკაცს გზავნის და მნიშვნელოვან სამხედრო ძლიერებას ფლობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ომისაგან დაიღალონ და გამოიფიტონ.
იმავდროულად ბრიტანული სპეცსამსახურები თვლიან, რომ სანქციები გარკვეულწილად მაინც ნეგატიურ გავლენას ახდენენ რუსეთის თავდაცვით მრეწველობაზე, კერძოდ, მის მაღალტექნოლოგიურ სექტორზე - საავიაციო და სარაკეტო წარმოებაზე. რუსები სულ უფრო მეტ საარტილერიო ჭურვებს ამზადებენ, რომელსაც ინტეგრალური სქემები („ჩიპები“) არ ჭირდება, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით თვითმფრინავებისა და რაკეტების გამოშვებაზე., რომლებშიც ბევრ დასავლურ კომპონენეტს შეიცავენ.
სანქციებმა და ომში იარაღის სწრაფმა ხარჯვამ რუსული თავდაცვითი მრეწველობის პროდუქციის ექსპორტის შემცირება გამოიწვია. მშვიდობის პრობლემების კვლევის სტოლჰოლმის ინსტიტუტის მონაცემებით, კრემლის წილი იარაღით მსოფლიო ვაჭრობში 2022-2023 წლებში 11%-მდე შემცირდა, 2014-2021 წლებთან შედარებით, როცა რუსეთის წილი 21%-ს აღემატებოდა.
წყარო: https://www.washingtontimes.com/news/2024/apr/1/in-numbers-game-russia-holds-clear-edge-over-ukrai/
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/