USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
თბილისი
«The Wall Street Journal» (აშშ): „რუსეთი კურსკის ოლქში უკრაინის რისკიანი სამხედრო ოპერაციის ლიკვიდაციას ახდენს: კიევის უკანდახევა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის კოზირის დაკარგვას ნიშნავს“
თარიღი:  316

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი კურსკის ოლქში უკრაინის რისკიანი სამხედრო ოპერაციის ლიკვიდაციას ახდენს: კიევის უკანდახევა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის კოზირის დაკარგვას ნიშნავს“ (ავტორები - ჯეიმს მარსონი და იანა ლიტვინენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასულ კვირაში რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: კიევის გაბედული სამხედრო გამბიტი, რომელიც მან 2024 წლის აგვისტოში განახორციელა, თავის დასასრულთან მივიდა - ისევე სწრაფად, როგორც დაიწყო. რუსეთის გამალებული შეტევის შედეგად კურსკის ოლქის სუჯას რაიონში თავმოყრის უკრაინის ჯარებს მომარაგების გზები გადაეჭრათ. უკრაინელები იძულებულნი გახდნენ ოკუპირებული ტერიტორიიდან ევაკუაცია მოეხდინათ.

შარშან უკრაინამ თავისი მოკავშირეები კურსკის ოლქში შეჭრით ძალიან განაცვიფრა. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინიც მიხვდა, რომ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: იგი გახდა პირველი კრემლელი მმართველი იოსებ სტალინის შემდეგ, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან უცხო არმიის გაძევების აუცილებლობის წინაშე დადგა.

კიევი იმედოვნებდა, რომ რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიას მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე კოზირის სახით გამოიყენებდა - გაცვლის მიზნით, მაგრამ სიტუაცია ისე განვითარდა, რომ სამხედრო სარდლობამ ფიქრი დაიწყო: ჯარი რომ ალყაში - „ქვაბში“ - არ მოხვედრილიყო, აუცილებელი იყო მისი გამოყვანა.

კურსკის გამბიტის კრიტიკოსებითავიდანვე აცხადებდნენ, რომ იმ დროს, როცა დონბასის ფრონტზე უკრაინა ძალების მწვავე დეფიციტს განიცდიდა, კურსკის ოლქში შეჭრა და ამ მიზნით ელიტური სამხედრო ნაწილების გამოყენება ბედოვლათობას და სისულელეს წარმოადგენს. მართლაცდა, კიევმა დიდი დანაკარგები განიცადა - შვიდთვიანი ოკუპაციის დროს უკრაინის არმიამ საუკეთესო ნაწილები დაკარგა, აშშ-ის მიერ მიწოდებული ჯავშანტექნიკა ან განადგურდა, ან რუსებს ჩაუვარდათ ხელში. არადა, ის აუცილებელი იყო დონბასის ფრონტზე.

თუმცა ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინას ყველა საფუძველი ჰქონდა განეხორციელებინა რაღაც არაორდინალური ოპერაცია: კიევი დილემის წინაშე იდგა, მას დასავლეთის წინაშე რეპუტაციის აღდგენა სურდა. უკრაინელი ოფიციალური პირების აზრით, კურსკის ოპერაციამ მეტ-ნაკლებად თავისი საწყისი მიზნები გაამართლა. უკრაინის მოსახლეობამ და დასავლელმა მოკავშირეებმა დაინახეს, რომ ქვეყნის არმია ჯერ კიდევ ბრძოლისუნარიანია და მას შესწევს ძალა შეტევები განახორციელოს თვით რუსეთის სიღრმეში. უკრაინამ ხელში ჩაიგდო რუსი ტყვეები, რომელიც რუსეთის საპყრობილეებში არაადამიანურ პირობებში მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეების გადასაცვლელად გამოიყენა.

„არმიამ თავისი ამოცანა შეასრულა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინის არმიის ნაწილები ახლა პოზიციებს საზღვრის გასწვრივ იკავებენ. „კურსკის ოლქის ნაწილის დაკავებით უკრაინამ თავიდან აიცილა რუსების მიერ პოკროვსკის ოკუპაცია“, - დაამატა მან.

უკრაინის არმია რომ კურსკის ოლქში დარჩენილიყო, მას ძალიან ძვირი დაუჯდებოდა - მით უმეტეს ახლა, როცა მისი მთავარი მოკავშირე - აშშ - რუსეთისაკენ იხრება.

კრემლი თავდაპირველად თითქოსდა შეურიგდა უკრაინელების უპრეცედენტო შეჭრას კურსკის ოლქში. მსოფლიოში ბევრს ეგონა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა თავი შეიკავა და კურსკის ბრძოლებმა გაჭიანურებული ხასიათი მიიღო. რუსეთის ხელისუფლებამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ევაკუაცია მოახერხა და სუჯას რაიონის ოკუპაციას შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. მაგრამ 2024 წლის დეკემბერში კურსკის ფრონტზე ჩრდილოკორეელები გამოჩნდნენ. ისინი, მართალია, არ იცნობდნენ თანამედროვე ომის წესებს, რაც ძალიან ძვირად დაუჯდათ (ჩრდოლეთ კორეის კარჩაკეტილმა პოლიტიკამ თავისი ნეგატიური შედეგი აჩვენა), მაგრამ ობიექტურად თუ ვიტყვით, კორეელებმა მაღალი დონის ფიზიკური მომზადება, ძალა და მამაცობა გამოავლინეს.

მოგვიანებით ჩრდილოკორეული არმიის ქვედანაყოფებმა გაითვალისწინეს ბრძოლებში მიღებული მძიმე გამოცდილება, თანდათან დახვეწეს თანამედროვე ტაქტიკა და კვლავ ბრძოლებში ჩაებნენ. ისინი მცირე ჯგუფების სახით მუდმივად უტევდნენ უკრაინის არმიის მომარაგების გზებს და კიევს პრობლემებს უქმნიდნენ.

თებერვლის დასაწყისში რუსებმა და ჩრდილოკორეელებმა ერთობლივი შეტევა წამოიწყეს და უკრაინის არმიის ნაწილები შეავიწროვეს. დიდი როლი შეასრულეს რუსულმა ახალმა, გაუმჯობესებული ტექნოლოგიიით აწყობილმა დრონებმაც. მარტის დასაწყისში უკრაინის არმიისათვის მძიმე სიტუაცია შეიქმნა - სუჯას გარნიზონს მომარაგების გზები გადაეჭრა და მას ალყაში მოქცევის საფრთხე დაემუქრა. ძალიან გაძნელდა დაჭრილი ჯარისკაცების გადაყვანა „დიდ მიწაზე“ და დამატებითი ძალების მიღება. აშკარა გახდა, რომ თავდაცვა იშლებოდა და კრახი ახლოვდებოდა.

როცა გასულ კვირაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკი იძულებული გახდა კურსკის ფრონტზე შექმნილი მძიმე სიტუაცია ეღიარებინა. მას აკრიტიკებედნენ დაყოვნებული მოქმედების გამო, მაგრამ როგორც გენერლის თანაშემწეები ამბობენ, მთავარსარდალს უწევს ხისტი ბალანსი დაიცას ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნებასა და ტერიტორიის დატოვებას შორის. ალექსანდრე სირსკიმ კურსკის ფრონტი იმ დროს მოინახულა, როცა  უკვე ყველა უკანდახევაზე ფიქრობდა.

ანალიტიკოსების თქმით, აშშ-ის მხრიდან იარაღის მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების შეწყვეტის ფაქტს უკრაინელთა მდგომარეობის გაუარესებაში მაინცდამაინც დიდი როლი არ შეუსრულებია - რუსების შეტევა უკვე დაწყებული იყო და მათ ქალაქ სუჯას დაკავებაც მოახერხეს. 

უკრაინის არმიის უკანდახევა მთლიანობაში ორგანიზებულად განხორციელდა, თუმცა ზოგიერთ მომენტში ქაოსიც შეინიშნებოდა. უკანდახევა მუდმივი საარტილერიო და სარაკეტო სროლების ქვეშ მიმდინარეობდა, ზოგიერთმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა რუსეთის ტერიტორიის დატოვება დროულად ვერ მოახერხა.

სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმიის უკანდახევის დროს რუსმა ჯარისკაცებმა ხელში ამერიკული მძიმე სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს - ტანკები „აბრამსები“ და კიდევს სხვა ჯავშნიანი მანქანები. ტანკებში დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები აღმოჩნდნენ.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.