USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
«The Wall Street Journal» : „უკრაინის სამხედრო ძალისხმევა ჩიხშია შესული: კონტრშეტევის დროს ელიტური სამხედრო ქვედანაყოფები განადგურდნენ“
თარიღი:  

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის სამხედრო ძალისხმევა ჩიხშია შესული: კონტრშეტევის დროს ელიტური სამხედრო ქვედანაყოფები განადგურდნენ, რაც კიევისათვის გაკვეთილი უნდა იყოს“ (ავტორები - ჯეიმს მარსონი და ოქსანა გრიცენკო). ვრცელ პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის არმიის მდგომარეობა კონტრშეტევის დროს, მისი წარუმატებლობის მიზეზები და დღევანდელი სიტუაცია ფრონტის ხაზზე.

სტატიაში გადმოცემულია ერთ-ერთი ელიტური ქვედანაყოფის (პირობითი სახელით - „ხარჩენკოს ასეულის“) ტრაგიკული ბედი, რომელიც თითქმის მთლიანად ისე განადგურდა, რომ ნორმალურად არც ჩაბმულა ბრძოლაში. ჟურნალისტები ესაუბრებიან ქვედანაყოფის რამდენიმე გადარჩენილ მებრძოლს, რომლებიც 2023 წლის აგვისტოს დღეების ჯოჯოხეთურ დაბომბვებს იხსენებენ.

„ის ადამიანები, რომლებიც გასული წლის ზაფხულში დაწყებულ უკრაინის არმიის კონტრშეტევას გეგმავდნენ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სამხედრო ოპერაცია კიევის ტრიუმფით დასრულდებოდა. მათი გათვლებით, უკრაინის არმიის ელიტურ ქვედანაყოფებს რუსეთის ჯარისათვის ისეთი ძლევამოსილი ფინალური დარტყმები უნდა მიეყენებინათ, რომ მათ წელში გატეხდნენ და აზოვის ზღვის ნაპირებზე სწრაფად გავიდოდნენ. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

სამწუხაროდ, კონტრშეტევა ისე არასასურველი ტემპებით წარიმართა, რომ უკრაინის სარდლობა იძულებული გახდა ჯერ ოპერაციის მიზნების კორექტირება მოეხდინა, შემდეგ კი მთლიანად შეეცვალა. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის არმია კარგად მომზადებული აღმოჩნდა: უკრაინის სამხრეთის ველ-მინდვრების თითოეული მეტრი დანაღმული იყო, ფრონტი ხაზზე უამრავი საფორტიფიკაციო ნაგებობა იქნა  მომზადებული რკინა-ბეტონის დოტებით, ღრმა ტრანშეებით, სანგრებითა და საცეცხლე წერტილებით, ციდან კი დრონებისა და ავიაციის მიერ ბომბები განუწყვეტლივ ცვიოდა. უკრაინის არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა კონტრშეტევის ჯერ კიდევ პირველი ტალღის დროს. უკრაინელი ქვეითები რუსული არტილერიისა და ავიაციის სინქრონული მოქმედების შედეგად ყოველდღიურად ასობით და ათასობით იხოცებოდნენ. რასაკვირველია, უკრაინელები რუს ჯარისკაცებსაც ანადგურებდნენ, მაგრამ დანაკარგების პროპორცია მაინც კიევის საზიანოდ იყო.

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის კონტრშეტევა ისე დასრულდა, რომ ნორმალურად არც დაწყებულა. წინასწარი არაოფიციალური დასკვნები უკვე გაკეთებულია: ექსპერტების აზრით, უკრაინის არმიის ძირითადი პრობლემა ისაა, რომ რუსულ ჯართან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება. უკრაინელები არასაკმარისად არიან შეიარაღებულები რუსეთის თავდაცვითი ზღუდეების გასარღვევად. დასავლელმა მოკავშირეებმა დახმარება კი გაუწიეს, მაგრამ კიევს არ მისცეს თანამედროვე ავიაგამანადგურებლები, რომლებიც შეტევის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

„კარგად მესმის დასავლეთის მოტივები, რომ ჩვენ ყველაფერს არ მოგვცემედნენ, რაც მათ აქვთ... მაგრამ რაზ იზამენ იმ შემთხვევაში, როცა თვითონ მოუწევთ ბრძოლა?“, - წყენით ამბობს „უოლ სთრით ჯორნელის“ ჟურნალისტებთან საიბარსო ოსტაპ ხარჩენკო, 45 წლის ოფიცერი, მეტსახელად „ხოროლი“ (თავისი წინაპრების მშობლიური ქალაქის სახელის მიხედვით). იგი ადრე უკრაინის საჰაერო-სადესანტო ჯარებში მსახურობდა, რომლებიც 1960-იანი და 1970-იანი წლების ტექნიკით იყო შეიარაღებული. ომის პირველივე თვეების შემდეგ საჰაერო-სადესანტო ნაწილები ფაქტიურად აღარ არსებობდა.

„დღეს არც მეორე მსოფლიო ომია და არც გენერალი გუდერიანი არ გვყავს“, - ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში უკრაინის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც მხედველობაში ჰყავდა გერმანელი გენერალი ჰაინც გუდერიანი, „ბლიცკრიგების“ (ელვისებური ომებისა და საომარი ოპერაციების) პიონერი. – „სამწუხაროდ, ჩვენ ახლა უფრო შორეულ წარსულში ვიმყოფებით, პირველი მსოფლიო ომისდროინდელ პერიოდში“.

დღემდე გაუგებარია, შეძლებენ თუ არა უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები ალტერნატიული გადაწყვეტილების მოძებნას. უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები პოლიტიკოსებისაგან ითხოვენ, რომ მათ დასავლელ მოკავშირეებს მეტი თანამედროვე, მეტი ახალი იარაღი მოსთხოვონ. ცხადია, პრეზიდენტი, მინისტრები, დეპუტატები ცდილობენ სამხედროების სურვილის შესრულებას, მაგრამ ამერიკა და ევროპა თავს იკავებენ გარკვეული გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოსაზრებებით, პლუს ისინი თავიანთ შიდაპოლიტიკურ პრობლემებს აწყდებიან. ამასობაში კი უკრაინის არმია კარგავს თავის ყველაზე გამოცდილ და მოტივირებულ, ყველაზე ბრძოლისუნარიან მებრძოლებს, რომელთა გმირობა ფაქტიურად უშედეგოა, მათი სამხედრო ძალისხმევა ჩიხშია შესული.

წყარო: https://www.wsj.com/world/europe/ukraine-russia-war-counteroffensive-5b309595?mod=world_lead_story

 

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის