USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«The Wall Street Jounal» (აშშ): „მსოფლიოს ხედი კრემლიდან არცთუ ისე ცუდად მოჩანს: პუტინს პრობლემები აქვს უკრაინაში, მაგრამ მას მხარს უჭერენ ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და ჩინეთში“
თარიღი:  470

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Jounal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მსოფლიოს ხედი კრემლიდან არცთუ ისე ცუდად მოჩანს: პუტინს პრობლემები აქვს უკრაინაში, მაგრამ მას მხარს უჭერენ ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და ჩინეთში“ (ავტორი - უოლტერ მიდი, პროფესორი, ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ერთი შეხედვით, ირგვლივ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ეს ვლადიმერ პუტინს სურს. კონტრშეტევის ჩარჩოებში უკრაინა ბოლო დროს გარკვეულ წარმატებებს აღწევს, რუსეთის სავალუტო რეზერვები მცირდება, ხოლო ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულმა ფიასკომ მოქმედი ხელისუფლების სტრუქტურაში არსებული ბზარები გამოავლინა. ამის მიუხედავად, ყურადღებით თუ დავაკვირდებით, კრემლიდან მსოფლიოს ხედი არცთუ ისე ცუდად მოჩანს, როგორც ეს ვლადიმერ პუტინის ოპონენტებს წარმოუდგენიათ.

რუსეთის ლიდერის თავდაპირველი გეგმები წარუმატებელი აღმოჩნდა, კიევმა მოსკოვი აიძულა ომი დაქანცვა-გამოფიტვამდე გაეგრძელებინა, მაგრამ, თავის მხრივ, უკრაინასაც აქვს საკუთარი პრობლემები. ამერიკელი და უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები დაობენ იმაზე, თუ ვინაა დამნაშავე უკრაინის არმიის კონტრშეტევის გაჭიანურებაში. ვაშინგტონი კიევს აფრთხილებს, რომ სავარაუდოდ, აშშ ვეღარ შეძლებს ამდენი მოცულობის დახმარების სამომავლოდ მიცემას, მეორე კონტრშეტევის მომზადებისათვის. ასეთ სიტუაციაში ვლადიმერ პუტინს უჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ იფიქროს - მან უკვე „დალაშქრა მწვერვალი „უკრაინის“ სახელწოდებით“ და კიევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი მოუსპო.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტს, უკრაინის მიღმაც აქვს „სასიხარულო“ მიღწევები: მაგალითად, აფრიკის სახელმწიფო ნიგერში მომხდარი გადატრიალება, რაც „ვაგნერ-ჯგუფის“ ხელშეწყობით განხორციელდა - ქვეყანაში დასავლეთის (საფრანგეთის) გავლენა შემცირდა და პრორუსული ხელისუფლება დამყარდა. კრემლმა მიიღო ნიგერის რესურსების - ოქროსა და ურანის - გამოყენების უფლება. მანამდე მსგავსი გადატრიალებები მოხდა ბურკინა ფასოში და მალის რესპუბლიკაში, სულ ახლახან კი გაბონში. მოკლედ, კრემლი „შავ კონტინენტზე“ თავის გავლენას აფართოებს და ამით აშკარად იკვეთება აშშ-ისა და ევროკავშირის გეოპოლიტიკური  უუნარობა.

ვლადიმერ პუტინმა დიდი წერტილები დასვა ახლო აღმოსავლეთშიც: კრემლის მხარდაჭერის წყალობით სირიის დიქტატორმა ბაშარ ასადმა ხელისუფლება შეინარჩუნა და მოსკოვის იმედით დამასკოს დამცინავად ეღიმება ვაშინგტონის მუქარებზე. რეგიონის ის ქვეყნები, რომლებიც ადრე ამერიკის მოკავშირეები იყვნენ (და თითქოსდა ახლაც არიან), სულ უფრო აქტიურად აგრძელებენ რუსეთთან თანამშრომლობას. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საემიროები ამერიკის ზეწოლას არაფრად თვლიან და გეზი მოსკოვთან კომერციული კავშირების გაფართოებისაკენ აქვთ აღებული. ირანი თითქმის მთლიანად ინტეგრირებს რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ სტრუქტურებთან.

რაც შეეხება ჩინეთს, მოსკოვისა და პეკინის კავშირები კვლავ მტკიცე რჩება. დასავლეთს იმედი ჰქონდა, რომ სი ძინპინი „ხელს დაიბანდა“ და თავის პარტნიორ რუსეთს გარიყულად დატოვებდა, მაგრამ ჩინეთს რუსული ნავთობი და გაზი ჭირდება, ყიდულობს და სანაცვლოდ მოსკოვს ორმაგი დანიშნულების თანამდროვე ტექნოლოგიებს აწვდის, რითაც ვლადიმერ პუტინს ეხმარება, რომ ერთი მხრივ, რუსული ეკონომიკა არ ჩაიძიროს და მეორე მხრივ - უკრაინის წინააღმდეგ ომი გააგრძელოს. „ცისქვეშეთი“ კრემლის სამხედრო მანქანას „კვებავს“ და ალბათ, ასე გააგრძელებს იმის მიუხედავად, თუ რას ამბობს ან რა ნაბიჯს გადადგამს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ვლადიმერ პუტინს, ალბათ, ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც ამხნევებს: როგორც ჩანს, ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მრავალი დაბრკოლებისა და ბარიერის მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის მთავარი კანდიდატი იქნება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი შანსები თეთრს სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით თანდათან იზრდება. ჯო ბაიდენმა კი ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა საკუთარი თანმიმდევრული და მტკიცე სტრატეგიის შემუშავება უკრაინასთან მიმართებით, რასაც საერთო-ეროვნული მნიშვნელობა ექნებოდა ამერიკელი ხალხისათვის. ამერიკელ გენერლებს შორის გაჩენილი მითქმა-მოთქმა, რომ კონტრშეტევის წარუმატებლობა კიევის მთავრობის არასწორმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვიაო, საზოგადოებრივ მხარდაჭერას ვერ გააძლიერებს.

რუსეთის პრეზიდენტის ყველაზე ძლიერ აქტივად, როგორც ყოველთვის, თანამედროვე დასავლეთის არათანმიმდევრული პოლიტიკა რჩება. ვლადიმერ პუტინის დასავლელი ოპონენტები ტრიბუნაზე ჩერჩილები არიან, რეალურ ცხოვრებაში კი - ჩემბერლენები. ტრიბუნებზე, ხალხის გასაგონად, ისინი ომახიანად აცხადებენ, რომ ისეთი საერთაშორისო მართლწესრიგის ერთგულები არიან, რომელიც კრძალავს ტერიტორიების მიტაცებას, მაგრამ იმავდროულად ჩუმად ახდენენ ზეწოლას უკრაინაზე, რომ კიევი შეურიგდეს ყირიმისა და დონბასის დაკარგვას. ისინი საზეიმოდ აღნიშნავენ „სიამაყის თვეს“ ქაბულში და ჩუმად ემზადებიან ტალიბებისათვის ავღანეთის ჩასაბარებლად. ისინი თითქოსდა გმობენ საუდის არაბეთის პოლიტიკას და იმავდროულად ერ-რიადს ჩუმად ეხვეწებიან, ნავთობი იაფად მოგვყიდეო. ისინი მორალის სახელით მოუწოდებენ „გლობალურ სამხრეთს“ მსხვერპლი გაიღონ კლიმატის გლობალური დათბობის შესაჩერებლად, თვითონ კი პროტექციონისტულ პოლიტიკას ატარებენ, რითაც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ მომავალს ემუქრებიან.

ვლადიმერ პუტინის თვალსაზრისით, აშშ-ისა და საერთოდ, დასავლეთის ლიდერების აგრესიული რიტორიკისა და გაუბედავი რეალური პოლიტიკის ასეთი შეთავსება კრემლისთვის ხელსაყრელია. თეთრი სახლი მკერდზე მუშტებს იბაგუნებს, როცა დასავლური დემოკრატიულ ფასეულობების დაცვაზე ლაპარაკობს, მაგრამ რეალურად მისი მოქმედება სხვა ქვეყნების დაშინებისკენაა მიმართული. შეიძლება ითქვას, რომ კონსტრასტი მათ მიერ გაკეთებულ მჭექარე განცხადებებსა და მორიდებულ, მფრთხალ საქმეებს შორის  უკვე ზიზღს იწვევს.

ამასობაში კი თავიანთი არათანმიმდევრული კურსით ამერიკელი პოლიტიკოსები თეთრი სახლის პოზიციას ქვეყნის შიგნითაც ძირს უთხრიან. თვითონ განსაჯეთ: თუ ჯო ბაიდენს სურს, რომ კიევმა მოსკოვთან ომი მოიგოს, მაშ რატომ არ უგზავნის უკრაინას მეტ თანამედროვე, მაღალხარისხიან იარაღს? და თუ მისი მიზანია კომპრომისი, რომლის მიხედვით, რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი დარჩება, მაშ რატომ ხარჯავს აშშ კოლოსალურ თანხას ომის მიზერული შედეგისათვის?

ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინასთან ისეთი დიდი შეცდომაა, რომელმაც ქვეყანა უმძიმეს და დღემდე უპროგნოზო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრია. რუსეთის სრული გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო ომი მოსკოვს ძალიან ძვირი დაუჯდება - როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. უკრაინის ომი რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ნაწილში მნიშვნელოვნად ამცირებს. კავკასიაში ანკარა და ბაქო მოსკოვის სომეხ ვასალზე ზეწოლას ახდენენ, ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანი კრემლის კონტროლს გაურბის. ცენტრალურ აზიაში კი პეკინის ეკონომიკური და პოლიტიკური ყოფნა მატულობს, რუსეთის გავლენის შემცირების კვალობაზე.

მაგრამ ვერცერთი ეს მოვლენა დასავლეთს ვერ დაეხმარება, ვერ გააფართოებს დასავლური დემოკრატიის გავრცელების არეალს და ვერ შენიღბავს რეალობას, რამეთუ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელმაც ვლადიმერ პუტინი ომის დაწყებისაგან ვერ შეაკავა, ჯერ-ჯერობით ვერ იპოვა რეცეპტი იმისა, რაც კრემლს ბრძოლის ველზე დამარცხებასა და გონივრული პირობების მოლაპარაკებებზე თანხმობას აიძულებდა.

წყარო: https://www.wsj.com/articles/the-view-from-the-kremlin-isnt-all-bad-russia-putin-war-ukraine-fight-battle-weapons-b27efef3

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის