USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
თბილისი
The Daily Telegrtaph» (დიდი ბრიტანეთი): „ბინიამინ ნეთანიაჰუ გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ უკრაინაში - მტერს ულმობელი დარტყმები უნდა მიაყენო“
თარიღი:  504

„შესაძლოა ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეთოდებს ომის წარმოების მხრივ (მე პირადად არ ვეთანხმები), მაგრამ ისრაელი მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ გაეროს კედლებში მშვიდობაზე მიმდინარე წყნარი ლაპარაკი და თავაზიანი თხოვნები არ მუშაობს“, - წერს გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegrtaph) დაბეჭდილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენ უოლესი. სტატია გამოქვეყნებულია სათაურით „ნეთანიაჰუ გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ უკრაინაში - მტერს ულმობლად უნდა გაუსწორდე“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბინიამინ ნეთანიაჰუს მოქმედება მიანიშნებს, რომ თუ თქვენ გსურთ გეგმების ბოლომდე განხორციელება, ეროვნული ინტერესების დაცვა, მაშინ გაბედულად უნდა შეუტიოთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ. მან ძალიან კარგად იცის, რომ მიზნების მისაღწევად პოლიტიკოსმა ზოგჯერ შეიძლება რისკი გასწიოს, თავისი საერთაშორისო პოპულარობა გაწიროს და დიპლომატიური მანევრების მიღმა არ დაიმალოს.

(...)

მე პირადად ბინიამინ ნეთანიაჰუ არ მომწონს მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ უარესად ვღიზიანდები დიპლომატიური მოლაყბეებით, რომლებსაც, როგორც ჩანს, ავიწყდებათ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი იბრძვის ყოველი დაღუპულისათვის, ყოველი მძევლისათვის და ებრაული თემის ყოველი წევრისათვის. ბევრ ჩვენს დიპლომატს ავიწყდება, რომ ბინიამინ ნეთანიაჰუ  ოდესღაც თვითონ იყო დაჭრილი ლიბანში ებრაელი მძევლების გათავისუფლების დროს, ხოლო მისი უფროსი ძმა, ისრაელის ეროვნული გმირი იონათამი 1976 წელს ენტებეს (უგანდა) აეროპორტში განხორციელებულ ოპერაციაში, ტერორისტების მიერ გატაცებული „ერ-ფრანსის“ თვითმფრინავის ებრაელი მგზავრების გათავისუფლების დროს დაიღუპა.

ბინიამინ ნეთანიაჰუს სერიოზული დამოკიდებულება აქვს თავისი ყოველი გადადგმული ნაბიჯის მიმართ. მან კარგად იცის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დიდი დრო დაჭირდება რაიმე პოზიტიურის გასაკეთებლად შექმნილ სიტუაციაში, ამიტომ იგი გაბედულად აგრძელებს თავის მოქმედებას. პრემიერ-მინისტრი აცნობიერებს, რომ თუ იგი ამას არ გააკეთებს, ისრაელს სხვა  ვერავინ ვერ დაიცავს.

ჩვენი ფრიად პატივცემული საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებული და ნაწყენია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მისი მოწოდებები თავშეკავებაზე აინუნშიაც არ ჩააგდო. ჩვენი დიპლომატები გაგებაში არ არიან, თუ რა ხდება სინამდვილეში. ფორინ-ოფისი იმდენად არის გატაცებული აკვიატებული იდეით - როგორმე გაეროს კომიტეტში თავმჯდომარის ადგილი დაისაკუთროს, რომ რეალურ სიტუაციას ვერ აღიქვამს.

სამხედრო გეგმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს „მიზნის მიღწევა“ წარმოადგენს. თუ მიზნის მიღწევა გსურს, გაბედულად და სერიოზულად უნდა იმოქმედო. სწორედ ამიტომ ვიმეორებ ყოველთვის, რომ დიდი ბრიტანეთის რბილი ძალა ხისტი ძალითაც უნდა გამაგრდეს, რომელიც მუდამ მზად იქნება გამოსაყენებლად და თან სასიკვდილო შედეგით.

(...)

ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში თავისი „გამარჯვების გეგმით“ შევიდა. არ ვიცი, არა ვარ დარწმუნებული, რომ მან იქ რაიმე ხისტად თქვა და საკითხი მკაცრად დააყენა. შეიძლება თქვა კიდეც. ჩვენც ხშირად ვაკეთებთ მკაცრ განცხადებებს რუსეთის მიმართ, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ჩვენ მიზნებს ვერ ვაღწევთ. ანუ დასავლური პოლიტიკა უკრაინის სასარგებლოდ სათანადოდ ვერ მუშაობს.

ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენ უკრაინის საკითხს სერიოზულად არ აღვიქვამთ. იგი ხედავს, რომ ჩვენ ვყოყმანობთ, ვიმალებით კულისებში და ლაპარაკით ვართ დაკავებული. ამ დროს კი კრემლი უკრაინულ ხორცსაკეპში კიდევ უფრო მეტ ჯარისკაცს გზავნის.

ვლადიმერ პუტინს ორი კოზირი აქვს. პირველი ის, რომ იგი სასიკვდილოდ რუსი ჯარსკაცების კიდევ უფრო მეტ რაოდენობას გაუშვებს - კრემლმა მშვენივრად იცის, რომ სახალხო ბუნტი არ მოხდება. მეორე - მას არ სჯერა ჩვენი ნათქვამისა, როცა ვამბობთ - „რუსეთი უნდა დამარცხდეს, უკრაინამ კი უნდა გაიმარჯვოს“. ალბათ, იმიტომ, რომ კარგად უწყის ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის მოწოდებები - „ბრიტანეთმა სხვებს არ უნდა გადაასწროს და თავი უნდა შეიკავოსო“.

კრემლის დესპოტი თვლის, რომ ევროპულ კანცელარიებში ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები მალე დაიწყებენ ასეთ ლაპარაკს: „ოჰ, ნეტავ სწრაფად დასრულდეს ეს ომი და ისევ მშვიდობას დავუბრუნდეთ, როცა საბიუჯეტო თანხებს უფრო მეტად ჩვენს ჯანდაცვაში, სოციალურ დახმარებებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში დავხარჯავთ, ვიდრე უკრაინისადმი დახმარებაში“. შეიძლება ამ მხრივ ვლადიმერ პუტინი მართალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არსებობს წესი, რომ პუტინს დავუმტკიცოთ - იგი მწარედ სცდება. დიახ, ასეთი მოქმედება ლიდერის გაბედულებას და არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. დიახ, ასეთი ნაბიჯი სარისკოა. მაგრამ სწორედ ჩვენი ასეთი ნაბიჯებით შეუძლია უკრაინას გამარჯვება, ხოლო ვლადიმერ პუტინი ნამდვილად დამარცხდება.

კრემლის პატარა ბოროტმა დიქტატორმა ომში არ უნდა გაიმარჯვოს - ჩვენი მომავლის სახელით. ამ დროს ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და დასავლეთმაც.

(...)

იმას, რასაც ვამბობთ და ვიტყვით, ფუჭი არ უნდა იყოს და წონა უნდა ჰქონდეს. ეს მნიშვნელოვანი იქნება ვლადიმერ პუტინისათვის, „ჰამას-ჰეზბოლასათვის“, ირანისათვის... და ყველაზე მეტად - ჩინეთისათვის.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/10/01/netanyahu-shows-how-to-win-in-ukraine-hit-enemy-ruthlessly/

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.