USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
«The Daily Telegraph»: ტრამპი მართალია, როცა თვლის, რომ ევროპელთა თავდაცვა სასაცილოა
თარიღი:  403

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ტრამპი მართალია, როცა თვლის, რომ ევროპელთა თავდაცვა სასაცილოა. სტარმერი და მაკრონი თითქოსდა მჭექარედ ლაპარაკობენ, მაგრამ მათი „დახმარების მსურველთა კოალიციის“ მნიშვნელობა ნულოვანია“ (ავტორი - ქონ ქოგლინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კირ სტარმერს და ემანუელ მაკრონს შეუძლიათ რამდენიც სურთ იმდენი ილაპარაკონ. მათ შეუძლიათ სიტყვებით საკუთარი თავი „მაგარ ბიჭებად“ წარმოაჩინონ, მაგრამ მათ მიერ შექმნილი „მსურველთა კოალიციისაგან“ არაფერი არ გამოვა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ბავშვურად გამოხატავენ თავიანთ ცუდად დამალულ ზიზღს ევროპელი მოკავშირეების მიმართ. სამწუხაროა, რომ მათი სიტყვები მწარე ჭეშმარტებას წარმოადგენს, რომელზედაც დაფიქრება აუცილებელია. ასე მაგალითად, ამას წინათ სკანდალურად გახმაურებული საუბრის დროს სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ევროპელებს „აშშ-ის კმაყოფაზე მყოფნი“ უწოდა, მაგრამ ვერც შეედავები, რადგანაც კონტინენტის ლიდერებმა მრავალი წლის განმავლობაში ვერა და ვერ შეასრულეს ძირითადი ვალდებულებები სამხედრო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით, ნატოს ჩარჩოებში.

თუ დიდ ბრიტანეთს და დანარჩენ ევროპას რაღაც როლის შესრულება სურთ სამშვიდობო საქმეში., ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან.

ახლაც კი, როცა მათ როგორც იქნა გააცნობიერეს თავიანთი თავდაცვითი შეთანხმებების სრული უუნარობა, ევროპელი ლიდერები თვითონვე ძირს უთხრიან საკუთარ ინიციატივებს მილიარდობით ევროს დახარჯვაზე სამხედრო მოდერნიზაციისათვის და უადგილო დავას იწყებენ იმაზე, თუ ვის შეუძლია ევროპის გადაიარაღებაში მონაწილეობა და ვის არა.

თუ ფრანგები თავისას მიაღწევენ და ლონდონს ევროპული თავდაცვიდან გარიყავენ, მაშინ ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს, ბრექსიტის გამო, თავის 150-მილიარდიან ფონდთან ახლოს არ მიაკარებს - მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ნატოს შემადგენლობაში ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოს წარმოადგენს. უფრო მეტიც - საფრანგეთი ცდილობს თავისი ანტიბრიტანული პოზიცია გაატაროს, მიუხედავად იმისა, რომ წესით და რიგით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მხარდამჭერი უნდა იყოს „უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის“ შექმნა-განმტკიცებაში.

რამდენადაც კირ სტერმერს ჯერაც არ წარმოუდგენია მეტი ინფორმაცია „კოალიციის“ სტრუქტურაზე და მის უფლებამოსილებაზე, ძნელია შეედავო დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელს სტივ უიტკოფს მის ნათქვამში, რომელიც მან აშშ-ის ადმინისტრაციის წევრების გახმაურებულ ქსელურ საუბარში გააჟღერა: „კირ სტარმერის ინიციატივა ევროპელების პოზიორობაა და მეტი არაფერი“, - ასეთნაირად შეაფასა სტივ უიტკოფმა ბრიტანელი პრემიერის ძალისხმევა.

თუ ევროპელ მხედართუფროსთა იმ სამიტის შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რომელიც ნორტვუდში არსებულ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ ოპერატიულ შტაბში ჩატარდა და რომელზეც ოპერატიული დაგეგმვის საკითხები იხილებოდა, მაშინ სტივ უიტკოფი აშკარად მართალია. სამიტზე მირებული ერთადერთი მეტ-ნაკლებად ნორმალური გადაწყვეტილება იმაში გამოიხატება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელებს  - Typhoon Eurofighter-ებს უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად გამოიყენებენ.

მაგრამ ამ შემთხვევაშიც კითხვა ისმება - როგორ? დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებს თვითონაც არ ჰყოფნის და მწვავედ ჭირდება ფრონტული ავიაგამანადგურებლები, შესაბამისად, ძალიან ძნელი იქნება ერთი საბრძოლო ავიაესკადრილიის გადასროლა უკრაინაში, თანაც ერთი სამხედრო-საჰაერო ქვედანაყოფი რუსეთის აგრესიას, თუ მის დაწყებას კრემლი მოისურვებს, ვერანაირად ვერ შეაჩერებს.

და თუ მხოლოდ ამაში იქნება გამოხატული კირ სტარმერის „კოალიციის“ როლი და წვლილი, მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ტრამპის ადმინისტრაციის ქსელურ ჩატში ამერიკელ ჩინოვნიკებს ესოდენ დაბალი აზრი აქვთ თავიანთ ევროპელ მოკავშირეებზე.

ამას ადასტურებს ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსის გადაწყვეტილებაც ეწვიოს დანიის სამეფოს ნაწილს - კუნძულ გრენლანდიას - ისე, რომ კოპენჰაგენისაგან ნებართვას არ იღებს. მისი აზრით, რადგანაც  გრენლანდიაზე აშშ-ის ყველაზე დიდი არქტიკული სამხედრო ბაზა მდებარეობს (პიტუფიკში), ამიტომ მას უფლება აქვს როცა სურს, ბაზა მაშინ მოინახულოს. ვიცე-პრეზიდენტს ევროპული პრობლემები არ აინტერესებს.

გრენლანდიაზე ჯეიმს ვენსის ვიზიტმა ბევრი მითქმა-მთქმა გამოიწვია დონალდ ტრამპის მრავალგზისი მუქარების ფონზე, რომ ამერიკა კუნძულის ანექსიას განახორციელებს, აშშ-ის უსაფრთხოების თვალსაზრისით. პიტუფიკის ბაზა ხომ კოორდინაციას უწევს კოსმოსისადმი დაკვირვებას და ანტირაკეტული თავდაცვის სისტემას.

რამდენადაც რუსეთის (და ჩინეთის) მოქმედება არქტიკის რეგიონში ამერიკისათვის გამოქვევას ნიშნავს, დონალდ ტრამპს სურს გრენლანდია მთლიანად გააკონტროლოს, მაგრამ დანია, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის - ნატოს - ერთ-ერთი დამაარსებელია, კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-ის სურვილს და არ სურს დაკარგოს თავისი სუვერენიტეტი პოლარულ რეგიონზე.

დონალდ ტრამპის, ჯეიმს ვენსის და აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა საკვანძო თანამდებობების მქონე ჩინოვნიკების ქედმაღლური დამოკიდებულება ევროპელი პარტნიორების მიმართ არამარტო ნატოს მომავალს ემუქრება, არამედ იმასაც ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციის მეთაური - აშშ-ის პრეზიდენტი - ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც შეუთავსებელია ევროპული ქვეყნების ინტერესებთან.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელივ თეთრმა სახლმა გააფორმა უკრაინის მონაწილეობით კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ვაშინგტონს ანგარებითი ზრახვებითი ამოძრავებს. იმიტომ, რომ უკრაინის ერთადერთი აშკარა წარმატება, რაც მან რუსეთთან ომში მიაღწია, ეს სწორედ შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ მიმართული დარტყმებია, რომლის შედეგად კრემლმა კატასტროფული ზარალი განიცადა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დაეხმაროს კიევს ამ კოზირის სწორად გამოყენებაში, დონალდ ტრამპი პირიქით აკეთებს - ხელს უქყობს რუსეთს უკრაინის ძლიერი პოზიციის ძირის გამოთხრაში: ზეწოლას ახდენს უკრაინაზე შეწყვიტოს დარტყმები ყირიმზე და მის ირგვლივ არსებულ საზღვაო აკვატორიაში, ასევე არ არის გამორიცხული მოსკოვს რიგი სანქციებიც მოუხსნას.

ეს ნიშნავს, რომ მოსკოვს შეუძლია შვებით ამოისუნთქოს: მას მეტად აღარ მოუწევს რესურსები დახარჯვა შავ ზღვის ფლოტის ხომალდებისა და ყირიმში არსებული ბაზების დაცვაზე. ამის ნაცვლად კრემლს შესაძლებლობა ექნება დონბასში შეტევა გააფართოვოს და კიდევ მეტი ტერიტორია დაიკავოს.

თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ასეთი სახით აქვს წარმოდგენილი „მომგებიანი გარიგება“ უკრაინასთან მიმართებით, მაშინ ამითაც დასტურდება პრეზიდენტის გარემოცვის გულგრილი დამოკიდებულება ევროპული პრობლემების მიმართ.

თუ დიდ ბრიტანეთს და მის მოკავშირეებს სურთ რაღაც მცირე შანსი მაინც ჰქონდეთ ამ სახიფათო სიტუაციაში რაღაც გარდატეხის შეტანის მიზნით, მათ დროა შეწყვიტონ დავა გადაიარაღების გეგმასთან დაკავშირებით. მათ რაც შეიძლება მეტი რესურსები უნდა მიმართონ თავიანთი ინტერესების, ანუ ევროპის ინტერესების დასაცავად. და როცა თეთრი სახლი ევროპელთა მტკიცე პოზიციას დაინახავს, მხოლოდ მაშინ გამოავლენს პატივისცემას თავისი  მოკავშირეების მიმართ.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.