ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 25 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი უკრაინის ჯარების საყრდენ ქალაქ უგლედარს სწრაფი ტემპით უტევს და „მიწის გადაწვის“ ტაქტიკით სარგებლობს“ (ავტორი - ჯეიმს კილნერი), რომელშიც განხილულია როგორც რუსული ჯარების შეტევის ძირითადი მიმართულებები, ასევე რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებები სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის მიზნით.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
რუსეთის ჯარებმა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე უკრაინის საყრდენ პუნქტზე - ქალაქ უგლედარზე შტურმი დაიწყეს, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით მიუახლოვდნენ.
დონბასის (აღმოსავლეთის) ფრონტიდან მიღებული ცნობების თანახმად, მოსკოვის არმია უგლედარის ხელში ჩასაგდებად იყენებს „მიწის გადაწვის“ ტაქტიკას (მეშახტეთა ქალაქში ძირითადად საბჭოთა ეპოქის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები ჭარბობს). უგლედარი 1991 წლიდან არასოდეს არ ყოფილა რუსეთის კონტროლქვეშ, მაგრამ, როგორც ჩანს,პროკრემლური სამხედრო წყაროები დარწმუნებულნი არიან, რომ ამჯერად რუსეთის ჯარები ქალაქის უკრაინელ დამცველებს გაანადგურებენ. „რუსული ქვედანაყოფები უკვე უგლედარის გარეუბნებში შევიდნენ. ქალაქზე შტურმი დაიწყო“.
უგლედარი სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზატკეცილზე მდებარეობს, დონბასის მთავარი ქალაქის - რუსების მიერ კონტროლირებული საოლქო ცენტრის დონეცკის დასავლეთით. ომის დაწყებამდე ქალაქის მოსახლეობა 15 ათას მცხოვრებს შეადგენდა.
როგორც კომენტატორები აცხადებენ, ქალაქის დაპყრობა რუსეთის არმიისათვის მნიშვნელოვან წარმატებას ნიშნავს: გააუმჯობესებს კრემლის პოზიციებს და ერთგვარი პლაცდარმის სახით ისარგებლებს უკრაინის სხვა ახლოს მდებარე ობიექტებზე შეტევისათვის.
უპილოტო საფრენის აპარატის (დრონის) მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე ჩანს, რომ უგლედარი კვამლსა და ცეცხლშია გახვეული, ხშირი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების შედეგად. უკრაინული ერთ-ერთი სამხედრო წყაროს ცნობით, უგლედარში „კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი“: „რუსებმა ქალაქი მარწუხებში მოაქციეს და ულმობლად ბომბავენ... უბრალოდ, მიწის პირისაგან აღგვას ცდილობენ საარტილერი-სარაკეტო დარტყმებით და საავიაციო პლანირებადი ბომბებით“.
როგორც ცნობილია, ამჟამად კრემლის ჯარები ასევე უტევენ კიდევ ერთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე უკრაინულ ქალაქს - პოკროვსკს (უგლედარიდან 40 კილომეტრში), სადაც ბოლო დღეებში ბრძოლები, მართალია, მეტ-ნაკლებად შესუსტებულია, თუმცა აშკარად ჩანს, რომ რუსული ქვედანაყოფები ცოცხალ ძალასა და იარაღს აგროვებენ ბოლო გადამწყვეტი შტურმისათვის. პოკროვსკთან რუსები 5-7 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. უფრო ჩრდილოეთით, ქალაქ კუპიანსკთან ახლოს, რუსებმა მდინარე ოსკოლის გასწვრივ წინ წაიწიეს.
ბოლო დღეებში პრესაში გამოქვეყნდა მონაცემები რუსეთის ახალი, 2025 წლის ფედერალური ბიუჯეტის თაობაზე, რომელთა მიხედვით, ვლადიმერ პუტინი გეგმავს სამხედრო ხარჯები 2024 წელთან შედარებით 25%-ით გაზარდოს, ანუ 13,2 ტრილიონი რუბლით (106 მილიარდი გირვანქა სტერლინგით). ეს თანხა რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6,2%-ს და კრემლის სახელმწიფო ხარჯების 40%-ს შეადგენს. შედარებისათვის: დიდი ბრიტანეთი ყოველწლიურად თავდაცვის სფეროში 57 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ხარჯავს.
ანალიტიკოსების აზრით, სამხედრო ხარჯების ზრდა ნიშნავს, რომ რუსეთის ლიდერი ხანგრძლივი ომისათვის ემზადება: „ომის ეკონომიკური ფასი, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინისათვის შეშფოთების გამომწვევ ფაქტორს არ წარმოადგენს“, - ამბობს ალექსანდრა პროკოპენკო, რომელიც ადრე რუსეთის ცენტრალური ბანკის მრჩევლად მუსაობდა, ამჟამად კი ბერლინში არსებული რუსეთ-ევრაზიის კვლევითი ცენტრის თანამშრომელია.
კრემლმა უკრაინასთან ომს უპირველესი პრიორიტეტი მიანიჭა: მოსკოვი გამალებით იარაღდება - თითქმის ყველა სამოქალაქო ქარხანა სამხედრო ყაიდაზე გარდაიქმნა და ფრონტის საჭიროებისათვის მუშაობს, უპილოტო მფრინავი აპარატების (დრონების), რაკეტების, საარტილერიო ჭურვების და საავიაციო ბომბების დასამზადებლად.
გასულ კვირაში კრემლმა განაცხადა, რომ რომ რუსეთის არმიის რაოდენობა დამატებით 180 ატასი სამხედრო მოსამსახურით გაიზრდება და 1,5 მილიონს მიაღწევს. ამჟამად რუსულ მასმედიაში პატრიოტული კამპანია მიმდინარეობს ჯარში გაწვევის გაფართოების მიზნით, „კურსკის ოლქიდან უკრაინელი დამპყრობლების გაძევების“ მოწოდებების ფონზე.
ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ვინაიდან ფრონტზე მრავალი სამხედრო მოსამსახურე იღუპება, რუსეთის არმიას ახალწვეულები არ ჰყოფნის. სამინისტრო თავის მოხსენებაში რუს ჯარისკაცებს „საზარბაზნე ხორცს“ უწოდებს, ხოლო რუსეთის არმიას - „უსახური ადამიანების სიკვდილის ფაბრიკის კონვეიერს“.
უკრაინაში შეჭრის დროიდან (ანუ 2022 წლის თებერვლიდან) რუსეთმა მოკლულების სახით დაახლოებით 610ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ფრონტზე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 1100 ჯარიკაცი იღუპება და იჭრება.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.