USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „რომაული შეხვედრის ანალიზი: ცეცხლის შეწყვეტა ახლოსაა, მაგრამ ეს ჯერ გამარჯვებას არ ნიშნავს“
თარიღი:  613

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „რომაული შეხვედრა: ცეცხლის შეწყვეტა ახლოსაა, მაგრამ ეს ჯერ გამარჯვებას არ ნიშნავს“, რომლის ავტორია რიჩარდ კემპი, გადამდგარი პოლკოვნიკი, სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი. იგი კომენტარს უკეთებს რომში გამართულ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას და წერს, რომ თვით ფაქტი პოზიტიურია, მაგრამ ეს ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რომის პაპის სიკვდილმა დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირველად შეახვედრა იმ ავადსახსენებელი თებერვლის ინციდენტის შემდეგ, რომელიც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა. 15-წუთიანმა შეხვედრა-საუბარმა წმინდა პეტრეს ტაძარში ვოლოდიმირ ზელენსკის სულის მოთქმის შესაძლებლობა მისცა და ოპტიმიზმი ჩაუნერგა: მან თავის კოლეგასთან გამართულ რანდევუს „პოტენციურად ისტორიული“ უწოდა, მოვლენების პოზიტიურად განვითარების მოლოდინით.

როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც სურდა საუბარში მონაწილეობა, მესამე სკამიც კი დადგეს, მაგრამ დონალდ ტრამპმა  ფრანგი ლიდერი მკვეთრად მოიცილა თავიდან. შესაძლოა, ეს კარგიც არის, რადგან სწორედ ევროპელმა ლიდერებმა მოამზადეს ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში შეხვედრისთვის, რომელმაც ესოდენ წარუმატებლად ჩაიარა.

ვლადიმერ პუტინი დაკრძალვას არ ესწრებოდა. იგი სამჯერ შეხვდა პაპ ფრანცისკას უკრაინაში შეჭრამდე, მაგრამ უარყო მისი წინადადება მოსკოვში ჩასვლაზე შეჭრის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის დროს ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ წინამორბედს იოსებ სტალინს, როცა მან უინსტონ ჩერჩილის ნათქვამი მოისმინა ვატიკანთან და პაპთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ბრიტანელი პრემიერისათვის ხუმრობით უკითხავს - „რამდენი დივიზია ჰყავს რომის პაპს?“. ამბობენ, რომ როცა სტალინის ნათქვამი პაპ პიუს XII-ს აცნობეს, მას ასეთი პასუხი გაუცია: „გადაეცით შვილსა ჩემსას იოსებს, რომ იგი პაპის დივიზიებს ზეცაში შეხვდებაო“.

ვოლოდიმირ ზელენსკის ოპტიმისტური კომენტარები მოწმობს, რომ პაპ ფრანცისკას ზეციური ძალები („დივიზიები“) სიმბოლურად უკრაინის მხარეზე არიან.

თუმცა ამ ეტაპზე უკრაინის მხრიდან დათმობები გარდაუვალია. რუსეთი, უეჭველია, მოწინააღმდეგეს თავისი უპირატესობით სჯობნის - კიევი იფიტება და სისხლისაგან იცლება. დონალდ ტრამპი არ ჩაერევა უშუალოდ ამ ომში და იმ წარმოუდგენელი სცენარის შემთხვევაშიც კი, თუ იგი უეცრად განაცხადებს უკრაინაში ამერიკის არმიის ქვედანაყოფების განთავსების სურვილს (ერთადერთი, რასაც პუტინის შეჩერება შეუძლია), მან კარგად იცის, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობები მას არ მიბაძავენ და ბრძოლებში არ ჩაებმებიან - იმიტომ, რომ მათ ძალიან ცოტა აქვთ საბრძოლო მასალები და კიდევ იმიტომ, რომ ათეული წლების განმავლობაში მათ გამბედაობა არ ჰყოფნიდათ თვითონ ეზრუნათ საკუთარი ხალხების დაცვაზე და ახლა შორეული ქვეყნის დასაცავად „ხელში შაშხანას არ აიღებენ“.

უკრაინელების მხრიდან გამოვლენილი საოცარი გმირობისა და მზარდი სამხედრო პოტენციალის მიუხედავად (განსაკუთრებით დრონების წარმოების თვალსაზრისით), ქვეყანა მოკავშირეთა დაუხმარებლად მტერს წინააღმდეგობას მარტოდმარტო დიდხანს ვერ გაუწევს.

როგორც ჩანს, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკება დავიწყოთ ტრამპის ბოლო სამშვიდობო წინადადების საფუძველზე. სამწუხაროა, რომ თეთრი სახლის სამშვიდობო გეგმა უკრაინისათვის მომგებიანი არ არის, კიევი თავის ტერიტორიებს კარგავს. თუ ვაშინგტონში გაცხადებულ ხმაურიან განცხადებებს დავუჯერებთ, ვლადიმერ პუტინი, ალბათ, დონალდ ტრამპის წინადადებებს დათანხმდება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას არს სურს თავს დაიტეხოს ახალი ამერიკული სანქციები.

ვლადიმერ პუტინს უწევს ბალანსირება ომის გაგრძელებასა და იმ ზიანს შორის, რასაც ომი რუსეთის ეკონომიკას აყენებს, მაგრამ თუ ცეცხლის შეწყვეტა იმ პირობებით მოხდება, რასაც დონალდ ტრამპი სთავაზობს, კრემლის პოზიცია უეჭველად განმტკიცდება. მოსკოვს უჩნდება შესაძლებლობა, რომ რუსებს დაზავება გამარჯვებად მოაჩვენოს. არ აქვს იმას მნიშვნელობა, რომ ომმა რუსეთს უდიდესი ზარალი მიაყენა და მოსახლეობის ცხოვრების დონე დაეცა.

რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, მისი მდგომარეობა მყიფე იქნება. თუ იგი ცეცხლის შეწყვეტას ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დათმობით დაეთანხმება, ძნელი წარმოსადგენია, რომ ისევ უკრაინის პრეზიდენტად დარჩეს. ვლადიმერ პუტინი, რა თქმა უნდა, აქტიურად მოემზადება თავისი მტრის ასეთი დასასრულისთვის და გეგმებს ადგენს იმ სავარაუდო ქაოსით ისარგებლოს, რაც უკრაინაში, ალბათ, დაიწყება.

უკრაინისა და მთლიანობაში დასავლეთის მომავალი ძალიან უღიმღამოდ გამოიყურება. ნატომ დაადასტურა, რომ „ქაღალდის ვეფხვია“ და მეტი არაფერი, ანუ ისეთი, როგორსაც ვლადიმერ პუტინი თვლიდა. ვაშინგტონის ხელშეკრულების კეთილშობილი მე-5 პუნქტის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოს წევრები გაჭირვებაში ჩავარდნილი რომელიმე თანაალიანსელი კოლეგის დასახმარებლად (საბრძოლველად) თავიანთ ჯარს გაგზავნიან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მათ კრემლი დარტყმას ისევ მიაყენებს.

იმის ნაცვლად, რომ დონალდ ტრამპი გააკრიტიკონ და საყვედური უთხრან იმ მძიმე მდგომარეობისათვის, „როგორშიც მან ევროპა ჩააყენა“, ევროპის ქვეყნებმა უმჯობესია საკუთარ თავდაცვას მიხედონ და მეტი ფული დახარჯონ ათწლეულების განმავლობაში, ცივი ომის შემდეგ, უზრუნველი ცხოვრებით დაკარგული ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად. რა თქმა უნდა, სამხედრო პოტენციალის აღდგენას დიდი თანხები დაჭირდება, რაც, უეჭველია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაურესებას გამოიწვევს, შემცირდება მათ მიერ საერთაშორისო დახმარების გაწევა სხვა ქვეყნებისადმი, თუმცა, სამაგიეროდ, აღარ იქნება „უძირო ორმოები“, სადაც ევროპა დიდ ფულს ყრიდა. ასეთი ძალისხმევა იმასაც გულისხმობს, რომ ევროპა მზად უნდა იყოს თვითშეწირვისთვისაც, თუ ეს აუცილებელი გახდება. ეს იქნება ყველაზე დიდი გამოცდა იმ საყოველთაო კეთილდღეობის წლების შემდეგ, რასაც ევროპის მოსახლეობა განიცდიდა. თუ მათ არ სურთ უარეს დღეში მოხვედრა, საკმარისია ყურადღებით შეხედონ ალყტერნატივას - უკრაინის მდგომარეობას - და წინასწარ მოემზადნონ მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად.

ვლადიმერ პუტინი დღეს შექმნილ სიტუაციაში თავისი მომავალი აგრესიისათვის მწვანე შუქის ანთებას ხედავს. იგივე შეიძლება ითქვას ჩინეთზეც, ირანზეც და ნებისმიერ სხვა დესპოტური რეჟიმების მიმართაც, რომლებიც დასავლეთს უპირისპირდებიან. არაფერი არ არის სასიხარულო აშშ-უკრაინის ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესებაში, თუ საბოლოო შედეგი - ღალატი - ისევ უცვლელი დარჩება.

და როგორი უნდა იყოს ჩვენი პასუხი?

რამდენად საშინელი არ უნდა იყოს ის სიტუაცია, რომელშიც დღეს ევროპა და უკრაინა აღმოჩნდა, ჯერ-ჯერობით მისი ალტერნატივა ჰორიზონტზე არ ჩანს. სკამებზე მჯდარი დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთმანეთისაკენ დახრილი სახეები წმინდა პეტრეს ტაძარში, ალბათ, მართლაც მხოლოდ სიმბოლური და ჩვენი თანმდევი იქნება სამომავლოდ, დიდი ხნის განმავლობაში.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის