USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „როგორ შეარჩია უკრაინამ რუსეთთან საზღვრის ყველაზე სუსტი ადგილი და რატომ მიაღწია წარმატებას: კიევი დილემის წინაშე“
თარიღი:  793

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 14 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით  „როგორ შეარჩია უკრაინამ რუსეთთან საზღვრის ყველაზე სუსტი ადგილი და რატომ მიაღწია წარმატებას: კიევი დილემის წინაშე“ (ავტორები - როლანდ ოლიფანტი და ჯო ბარნსი). მასალაში გაანალიზებულია კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინის ქვდანაყოფების მიერ განხორციელებული ოპერაციის წარმატებისა და რუსული ქვედანაყოფების მარცხის მიზეზები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

როცა უკრაინის ჯარებმა 6 აგვისტოს დილით რუსეთის საზღვარი გადალახეს, მათ მოსკოვის თავდაცვა ისე გაჭრეს, როგორც კარაქი დანით.  აშკარაა, რომ ასეთ წარმატებას ხელი შეუწყო ოპერაციის საიდუმლო ხასიათმა: ქვედანაყოფების მეთაურებმა დაგეგმილი შეჭრის შესახებ სამი დღით ადრე გაიგეს, ჯარისკაცებმა კი მხოლოდ უშუალოდ ოპერაციის დაწყების მომენტში.

რასაკვირველია, უკრაინელებმა რუსეთს თავდაცვის სუსტი წერტილი მოუძებნეს, სადაც სამხედრო ქვედანაყოფების ნაკლებობა შეინიშნებოდა და არ იყო სათანადო კონტროლი და ურთიერთკავშირი კურსკის ოლქის სამხრეთში დისლოცირებულ რუსულ ქვედანაყოფებს შორის. კიევის მიერ განხორციელებული ოპერაციის ასეთი დაგეგმვა მკვეთრად განსხვავდება გასული წლის ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევისაგან. როგორც ერთ-ერთი უკრაინელი ვეტერანი ამბობს, „ძალიან მინდა, რომ ახლა ჩემს ამხანაგებთან ერთად კურსკის ოლქში ვიყო“.

თავდაპირველ ეტაპზე ისეთი ქაოსი იყო შექმნილი, რომ რუსებმა ვერანაირი თავდაცვის ორგანიზება ვერ მოახერხეს, ყველა დაბნეული იყო და ნორმალურად ვერ აზროვნებდნენ. არავინ იცოდა, თუ ვინ ვის ექვემდებარებოდა. „უკრაინის სარდლობამ წარმატებით ისარგებლა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული პასუხისმგებლობის დაყოფით „ეფ-ეს-ბე“-ს (უშიშროების ფედერალურ სამსახური), „როსგვარდიას“ (რუსეთის ეროვნული გვარდია) და თავდაცვის სამინისტროს (თავდაცვის ფედერალური უწყება) შორის“, - ამბობს დარა მასიკოტი, რუსი მკვლევარი აშშ-ის კარნეგის ფონდიდან, - „რუსეთის ჯარების მართვის ასეთი სისტემა მთელი ომის განმავლობაში არ შეცვლილა“.

მეთაურობას და კონტროლს, ანუ მეთაურის (ოფიცრის) მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულებას განსაზღვრულ ქვედანაყოფში და მის გაკონტროლებას ზემდგომი სამხედრო უფლებამოსილი პირის მიერ - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპერაციის წარმატებისათვის, მაგრამ, დონბასის ფრონტზე არსებული სიტუაციისაგან განსხვავებით, საზღვრის ამ „მშვიდობიან“ უბანზე განსაკუთრებული ქაოსი სუფევდა.

რუსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახური, რომელიც „ეფ-ეს-ბე“-ს ექვემდებარება, სახელმწიფო საზღვრის დაცვაზეა პასუხისმგებელი. ტერიტორიის შიდა თავდაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს „როსგვარდია“, რომელიც არმიის სარდლობას არ ექვემდებარება. რაც შეეხება უშუალოდ არმიას: კურსკის ოლქი იმყოფება მოსკოვის სამხედრო ოლქის სარდლობის ზონაში, რომელსაც გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი კუზოვლევი ხელმძღვანელობს. მისი ჯარების დიდი ნაწილი უკრაინის ფრონტზე იბრძვის. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის სამხედრო ოლქი ახლადშექმნილი ოპერატიულ-სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანებაა და ჩამოყალიბდა ამ წლის დასაწყისში, როცა ვლადიმერ პუტინმა ყოფილი „დასავლეთის სამხედრო ოლქი“ ორ ნაწილად გაჰყო, ნატოს ბოლო გაფართოებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო ხელისუფლება, კურსკის ოლქის გუბერნატორის ალექსი სმიროვის ადმინისტრაციის სახით, პასუხისმგებელია მოსახლეობის ევაკუაციაზე.

ამ ადგილებში არავინ აშენებდა „სუროვიკინის ხაზს“ ან რაიმე მსგავს გამაგრებულ ზღუდეებს ტრანშეებისა და დანაღმული ველების სახით, რომლებიც რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში მოაწყეს და რომელიც შარშან აგვისტოში უკრაინელებმა ვერ გადალახეს. ასევე ვერცერთმა რუსმა გენერალმა ვერ შენიშნა, თუ როგორ დაიწყო უკრაინამ ოპერაციის დაგეგმვა მარტის თვიდან, როცა კიევის არმია ბელგოროდის ოლქში რეიდებს ახორციელებდა („რუსული ლეგიონის“ მეშვეობით). საბოლოოდ, უკრაინამ გეგმა შეიმუშავა და ნელ-ნელა, ჯგუფ-ჯგუფად, ჯარების კონცენტრაცია დაიწყო. რუსმა გენერლებმა ვერც ეს ვერ შენიშნეს. მოკლედ, ექვსთვიანი მინიშნებები მოსკოვის ყურადღების მიღმა დარჩა, შესაბამისად, საზღვარიც არავის არ გაუმაგრებია. საბოლოოდ კი, 6 აგვისტოს, გამთენიისას, განხორციელდა უკრაინის საარმიო ქვედანაყოფების „ქრესტომათიული შეჭრა“ რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინელები თავისი რიცხოვნობით ბევრად აღემატებოდნენ „როსგვარდიელებს“, მესაზღვრეებს და ჯარში ახლად გაწვეულ გამოუცდელ ჯარისკაცებს. მოსახდენი მოხდა: მათ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ბრძოლებში გამოწრთობილ უკრაინელ მეომრებს და დიდი რაოდენობით ტყვედ ჩაბარდნენ.

„უკრაინის სარდლობამ ყველაფერი კარგად დაგეგმა, როგორც სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიის სახელმძღვანელოებშია: განახორციელა დეტალური დაზვერვა, დააზუსტა გადაადგილების მარშრუტი, მოიმარაგა რუკები და, რაც მთავარია, ელვისებურად იმოქმედა“, - ამბობს „რუსული ლეგიონის“ ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც ადრე რუსეთის არმიაში მსახურობდა, - „ამიტომაც ისინი სწრაფად მოძრაობდნენ. ჩვენთან, რუსეთში, დროს ლაპარაკსა და კამათში ატარებენ და რეპორტაჟებს იღებენ. როგორც ამბობენ ხოლმე - „თუ რუსეთზე გამარჯვება გინდათ, მას ომი გამოუცხადეთ და დაელოდეთ, სარდლობა იმდენ ინსპექციას მოუწყობს საკუთარ ჯარს, რომ საბოლოოდ თვითონ ჩაბარდებიან“.

ის ქვედანაყოფები, რომლებიც რუსეთის სარდლობამ კურსკის ოლქში გადაისროლა, საკმაოდ მოუმზადებლები და სხვადასხვა სახის დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ. მათთან ბრძოლა უკრაინელებისათვის იოლი გამოდგა. პუტინის „სახელგანთქმული“ „ეფესბე“-შნიკები სინამდვილეში მშიშრები აღმოჩნდნენ და ტყვედ ჩაბარდნენ.

„კურსკის კატასტროფამ“ სოციალურ ქსელებში პროსამთავრობო სამხედრო ექსპერტებს შორის ღია მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. რუსმა ბლოგერებმა ჩეჩნური ქვედანაყოფი „ახმატი“, რომელიც „როსგვარდიას“ ექვემდებარება, ლაჩრობაში დაადანაშაულეს: მათ პირველივე ბრძოლაში მიატოვეს მოუმზადებელი ახალწვეული რუსი ჯარისკაცები, რომლებიც იძულებული გახდნენ თვითონ ჩანაცვლებოდნენ ჩეჩნებს. თავის მხრივ, გენერალმა აპტი ალაუდინოვმა - „ახმატის“ სარდალმა - პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს გადააბრალა, რომლებიც ვერ მოახერხეს საპასუხო ოპერაციის განხორციელება. მან გააკრიტიკა ერთ-ერთი პასუხისმგებელი პიროვნება, რომელიც პრეზიდენტს განუწყვეტლივ ატყუებდა და საბოლოოდ, „თავისი ტყუილები თვითონვე დაიჯერა“. მან არ დაასახელა სამხედრო ჩინოვნიკი, თუმცა იგულისხმება, რომ ის გენშტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვია. რასაკვირველია, გენშტაბის უფროსი და სხვა გენერლები შეეცდებიან პრეზიდენტის დარწმუნებას, რომ კურსკში მომხდარი „სამხედრო კატასტროფა“ მათი ბრალი არ არის.

დღეს უკრაინელები დილემის წინაშე დგანან:

პირველი - ჯერ-ჯერობით რუსეთის არმია დონბასში შეტევის ტემპს ძველებურად აგრძელებს, ანუ ჯარების კურსკში გადასროლას დონბასის ფრონტზე საომარი მოქმედებების შესუსტება მაინცდამაინც არ გამოუწვევია. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელთა სავარაუდო ჩანაფიქრი - რუსების ჯარების გადასროლა „კურსკის შვერილზე“ დონბასში ბრძოლებს შეასუსტებსო - ჯერ-ჯერობით არ გამართლდა. თითქმის ათდღიანი ბრძოლების შემდეგ მიზანი კვლავ მიუღწეველია.

მეორე - თუ უკრაინელები რუსეთის ტერიტორიის სიღმეში რეიდს გააგრძელებენ, დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ მათ მიერ ბრწყინვალედ დაწყებული ოპერაცია საბოლოოდ გამანადგურებელი ალყითა და მარცხით დასრულდება. თუ ისინი თავდაცვას შეეცდებიან და ზღუდეებს მოაწყობენ, ეს პოზიციურ ბრძოლაზე გადასვლას ნიშნავს, მაგრამ რუსებს ცოცხალი ძალასა და სამხედრო ტექნიკაში უპირატესობა აქვთ და უკრაინელები დიდხანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. თუ კიეველები უკან დაიხევენ, ამით თავიანთ უპირატესობას დაკარგავენ, რაც რუსეთის ტერიტორიის ოკუპირებაში გამოიხატება (მომავალი სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის).

თუმცა არსებობს ერთი „პლუსი“: მათ შეუძლიათ კიდევ უფრო მეტი ტყვე ჩაიგდონ ხელში და შემდეგ გადაცვალონ. ამით კიევი თავის ტყვედ ჩავარდნილ სამხედრო მოსამსახურეებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

მართალია, კურსკის რეიდის საბოლოო მიზანი ჯერ-ჯერობით ისევ საიდუმლოდ რჩევა, მაგრამ, გაჟონილი ინფორმაციის შედეგად, გეგმის გარკვეული კონტურები იკვეთება: უკრაინული „ტელეგრამ-არხებში“ გავრცელდა კურსკში ტყვედ ჩავარდნილი რუსების თხოვნები, რომლებიც აშკარად ზემოდან ზეწოლით ამბობდნენ, რომ ისინი „აზოვის“ იმ მებრძოლებზე გადაცვალონ, რომლებიც ტყვედ მარიუპოლში ჩავარდნენ და ჯერ კიდევ რუსეთის სპეცბანაკებში იმყოფებიან.

თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ „აზოვის“ ვეტერანების სახლებში დაბრუნება უკრაინისათვის საკმად ხმაურიანი პროპაგანდისტული წარმატება იქნება და შესაძლოა, ერთ-ერთი ის მიზანი, რომელიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაციის ხელმძღვანელებს რუსეთში შეჭრის წინ დაუსახა.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2024/08/13/ukraine-weakest-spot-russias-defences-border-kursk-attack/

 

საზოგადოება
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.