USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „კითხვა, რომლის დასმას ვლადიმერ პუტინს ვერავინ უბედავს“
თარიღი:  766

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კითხვა, რომლის დასმას ვლადიმერ პუტინს ვერავინ უბედავს“ (ავტორი - ფრენსის დირნლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ქრისტეშობის წინ, ბოლო სამუშაო კვირაში ევროკავშირის ლიდერები ერთმანეთის შესახვედრად შეიკრიბნენ. შეხვედრა შეიძლებოდა ისტორიული გამხდარიყო, მაგრამ არა იმ მიზეზით, რომლის იმედიც მონაწილეებს ჰქონდათ.

ესტონეთის ყოფილი პრემიერისა და ახლა უკვე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორის, საომრად შემართული კაია კალასის მეთაურობით ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა კიევისადმი. ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, პორტუგალიელმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ „უკრაინას თვითონ შეუძლია განსაზღვროს სამშვიდობო ზავის პირობებიო“, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დელ ლაიენმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის მიმართ მხარდაჭერის აუცილებლობას და მიანიშნა, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირში მიღების თაობაზე დადებითად არის აღქმული და პროგრესი შესამჩნევიაო.

მაგრამ სამიტი, შეიძლება ითქვას, ისტორიული გახდა არა იმიტომ, რომ ერთიანობა გამოიხატა, არამედ უფრო იმიტომ, რომ სამიტამდე ევროკავშირში არსებული ბზარები კიდევ უფრო მეტად  გაფართოვდა.

„ევროკავშირის შიგნით კონსენსუსს ვერ ვხედავ და როცა კონსენსუსი არ არსებობს, არავის არ აქვს უფლება ევროსაბჭოს სახელით იმოქმედოს“, - დასჭექა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ხიწვივით აქვს შერჭობილი ბრიუსელს და რომელიც რუსეთის მიმართ ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას ხელს უშლის ხოლმე.

შეშფოთება გააძლიერა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც, რომელმაც აღიარა: „ჩვენ მეტი უნდა ვიცოდეთ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმებზე ევროკავშირთან მიმართებითო“.

მართლაცდა, ამაშია საკითხის არსი: მიუხედავად მრავალჯერ გაფრთხილებისა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა რეალობას წარმოადგენდა, ევროპამ ვერ მოახერხა შემუშავება ისეთი სტრატეგიისა, რომელიც აშშ-ზე არ იქნებოდა დამოკიდებული. ახლა ევროპისა და, რა თქმა უნდა, მათ შორის უკრაინის ბედიც ძველებურად ისევ ოკეანისიქითა მოკავშირის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც შეიძლება სულ მალე არასაიმედო აღმოჩნდეს.

ამრიგად, ისტორიკოსებს სრულიად თავისუფლად შეუძლიათ ევროკავშირის ეს სამიტი ისეთად ჩათვალონ, რომელზეც ევროპამ აღიარა - მას მეტი არჩევანი არ აქვს, თუ არა ის, რომ დაელოდოს საშობაო სასწაულს ატლანტიკის გაღმა ნაპირიდან, იმ იმედით, რომ დონალდ ტრამპი მალე გააფორმებს მომგებიან სამშვიდობო შეთანხმებას ვლადიმერ პუტინთან. ეს ყველაფერი ეფუძნება ერთ მნიშვნელოვან ვარაუდს, რომ რუსეთი აშშ-სთან ერთად ნამდვილად დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან 2025 წლის დასაწყისში.

მაგრამ, როგორც ჩანს, არავინ საკუთარ თავს კითხვას არ უსვამს: და რა მოხდება, თუ ისინი - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი - ამას არ გააკეთებენ?

ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენათა დინამიკისა და მოსკოვის მიზნების  გათვალისწინებით, აშკარად ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინი გააგრძელებს ომს მანამდე, სანამ მას ამის შესაძლებლობას ქვეყნის ეკონომიკა მისცემს. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ კრემლი შეიძლება იანვარში უფრო შემრიგებლურად მოიქცეს და განაცხადოს, რომ მზადაა დაჯდეს კონსტრუქციულად  მოსალაპარაკებლად, მაგრამ რა იქნება იმის შემდეგ, თუ ამ დროს ვლადიმერ პუტინი ადგება და ისეთ რამეს იტყვის, რომელიც მიუღებელი იქნება უკრაინისთვის და მისი მოკავშირეებისათვის?

ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც, როგორც ჩანს, ევროპა მთლიანად იგნორირებას უწევს. ამერიკისათვის არჩევანი მარტივი იქნება - ადგება მაგიდიდან და წავა. და რას გააკეთებს ამ სიტუაციაში ევროპა, რომელმაც ვერ მოახერხა სათანადოდ მომზადება ასეთი სცენარისათვის და რომელსაც არ შეუძლია კიევის მიტოვება და მისი გაწირვა?

ამგვარ ჩიხურ სიტუაციაზე ფიქრისას უნებლიედ მახსენდება ვუდრო ვილსონის (აშშ-ის ის 28-ე პრეზიდენტის) განცხადება, რომელიც მან 1917 წელს გააკეთა: „მხოლოდ მშვიდი ევროპა შეიძლება იყოს სტაბილური. უნდა იყოს არა ძალთა ბალანსი, არამედ ძალთა თანაზიარობა. უნდა იყოს არა ორგანიზებული მეტოქეობა, არამედ ორგანიზებული საყოველთაო მშვიდობა“. იმ დროს ვუდრო ვილსონის ძალისხმევით შექმნილმა ერთა ლიგამ ოცი წლის შემდეგ კრახი განიცადა, თუმცა მისი მთავარი ფასეულებებისადმი - მშვიდობისა და თავისუფლების - რწმენამ გაეროში გადაინაცვლა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. არადა, დასავლეთში, როგორც ჩანს, ბევრმა უარი თქვა ამ პრინციპებზე და მის ნაცვლად, უხეშ ძალაზე გადავიდნენ. დააკვირდით ბოლო დროს როგორი სიხშირით გაისმის ტერმინები - „ძალთა ბალანსი“, „გავლენის სფეროები“ და ა.შ.

ძალის გამომხატველი პრინციპები ხშირადაა დამახასიათებელი ისეთი ავტორიტარული მმართველობისათვის, რომელთა ლეგიტიმურობა საეჭვოა. მათ დასაკარგი არაფერი აღარ აქვთ. თუ რეჟიმი უარს აცხადებს პრინციპზე, რომლის თანახმად, ყველა ხალხს აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს საკუთარი მომავალი, მაშინ ეს თვითონ დემოკრატიის უარყოფას ნიშნავს. ზოგიერთები დღეს რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმს ამართლებს: „ნატო რუსეთს მიუახლოვდა, შესაბამისად, რა უნდა ექნა ვლადიმერ პუტინს? მას აქვს უფლება უკმაყოფილო იყოს“. თუ ასეა, მაშინ უკრაინასაც აქვს უფლება თავისი მზერა ნატოსა და ევროკავშირისაკენ მიმართოს და მათი წევრი გახდეს, რუსული იმპერიალისტური სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს არ ჰქონდა უფლება ძალის გამოყენებით ჩარეულიყო უკრაინის პოლიტიკაში. ასე იქცევა ადამიანი, რომელიც მე-19 საუკუნეშია ჩარჩენილი და იმდროინდელი ძალადობრივი წესებით მოქმედებს.

საერთოდ, მორალური თვალსაზრისით, დასავლეთმა არც უნდა დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან. პირიქით, დასავლეთი ვლადიმერ პუტინის დამარცხებას უნდა ცდილობდეს. და თუ დასავლეთი ამას არ აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკა მცდარ იდეებს ემყარება.

მოლაპარაკება თუნდაც რომ დაიწყოს, მისი შედეგები შეიძლება ნამდვილად სატირელი გახდეს. რუსეთს შეუძლია შუა მოლაპარაკებიდან ადგეს და კარის გაჯახუნებით წავიდეს, ევროპა კი უკრაინის დახმარებას ამერიკის გარეშე თავს ვერ გაართმევს. ალტერნატიულ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს შეუძლია ჯერ კეთილსინდისიერ ადამიანად მოგვევლინოს, შემდეგ მოლაპარაკება გააჭიანუროს და ბოლოს საშინელი გარიგება შემოგვთავაზოს: დამითმეთ ტერიტორიები უკრაინისათვის რაიმე უსაფრთხოების გარანტიების გარეშეო.

ამას წინათ მომხდარმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა - უპირველეს ყოვლისა, ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მკაცრი რეჟიმის მქონე ბაშარ ასადის კრახმა - გაბედულება შემატა მათ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დიქტატურა ძლიერი ჩანს მანამ, სანამ ისინი ანაზდეულად დანგრევას არ დაიწყებენ. სირიის რეჟიმის კრახი რუსეთის მარცხსაც ნიშნავს. შედეგები ნამდვილად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მალე ისეთი ადამიანი დაჯდება, რომელიც გამარჯვებულებს მხარს უჭერს. კრემლის სირიული მარცხის გამო დონალდ ტრამპმა შეიძლება მოსკოვი ზედმეტ ტვირთად ჩათვალოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსული ეკონომიკა დაცემას დაიწყებს, როგორც ამას ზოგიერთები ამბობენ. რუბლი უკვე ირყევა, ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასები მატულობს, თავდაცვის ხარჯები კი სწრაფად იზრდება. არაფერი მუდმივი არ არის: ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. მაგრამ მაინც რამდენ ხანს გასტანს რუსული „საკვირველება“?

უკეთეს შემთხვევაში, თუ რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებაზე უარს იტყვის, მოვლენათა მიმდინარეობა შეიძლება შეიცვალოს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი სამშვიდობო  მოლაპარაკებისათვის მთავარ დაბრკოლებად გადაიქცეს. შესაძლოა, სწორედ ამ დროს გადაწყვეტს ვაშინგტონი უკრაინისადმი დახმარების გაორმაგებას, რითაც მოსკოვს სწორ გზას დაანახვებს - დაეთანხმოს უკრაინის პირობებს.

კაცმა რომ თქვას, ეს ყველაზე ოპტიმისტური სცენარი იქნებოდა, მაგრამ ევროპა არც ამისთვის არ არის მზად - არც მორალური და არც სამხედრო თვალსაზრისით. ევროპა ვერ ბედავს უკრაინას არამარტო წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმაროს, არამედ ომში გამარჯვებისთვისაც.

როცა თქვენ პრინციპებს თმობთ, საბოლოოდ დათმობთ ტერიტორიასაც. ასეთია უმოქმედობის ფასი. და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი გაგრძელდება.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/12/24/there-is-a-question-no-one-dares-ask-about-vladimir-putin/

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის