ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კერძო არმიები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში გზავნის, შეიძლება მისივე დამხობისთვის იქნენ გამოყენებულნი“ (ავტორი - რიჩარდ კემპი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინის ომის გამო პუტინის თავსდამტყდარ უბედურებას შეუძლია მთელ რუსეთში ძალადობა და უწესრიგობები გამოიწვიოს, რაც, სავარაუდოდ, რეჟიმის კრახით დასრულდება. ბოლო კვირეებში ჩვენ მოწმენი გავხდით უპილოტო მფრინავი აპარატების (დრონების) იმ დამამაცირებელი დარტყმებისა, რომლებიც მოსკოვში კრემლზე განხორციელდა, აგრეთვე ბრიანსკის, კრასნოდარისა და ბელგორიდის ოლქებში მდებარე დასახლებულ პუნქტბზე. ყველაზე ცუდი მდგომარეობა ბელგოროდის ოლქშია, სადაც რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა უკრაინის საზღვართან მდებარე სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა.
ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტისადმი სერიოზულ დარტყმად უნდა ჩავთვალოთ მაისში მომხდარი სხვა ფაქტებიც, რომელიც რუს მოხალისეთა კორპუსმა და ლეგიონ „თავისუფალი რუსეთის“ მებრძოლებმა განახორციელეს, ორდღიანი ოპერაციის დროს, როცა მათ რუსეთის სასაზღვრო სოფლები დაიკავეს. კრემლს საკუთარ ტერიტორიაზე ავიაციისა და არტილერიის გამოყენება მოუხდა მათ მოსაგიერებლად.
ამ დარტყმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ: ისინი წარმოადგენენ პირველ შეტევებს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, მის მატერიკულ ნაწილზე, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დიდი ალბათობაა, რომ მსგავს შეტევებს რუსეთის ხელისუფლებისათვის შესაბამისი არასასიამოვნო შედეგები მოჰყვეს.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა უარყოფს თავის მონაწილეობას ბელგოროდის ოლქში და სხვაგან მომხდარ ოპერაციებში, აშკარაა, რომ კიევს ამგვარი მოქმედებით განზრახული აქვს რუსეთში პანიკის დათესვა, რუსული ჯარის უკანდახევა ფრონტის ხაზიდან და თავისი არმიის წარმატებული კონტრშეტევის უზრუნველყოფა. თუ ასეთი რეიდები მომავალშიც გაგრძელდება, მათუ ფუნდამენტური შედეგები მოჰყვება - გაიზრდება ხალხის უკმაყოფილება სასაზღვრო რეგიონებში, რომელბიც პუტინის რეჯიმის წყალობით ომისაგან, სხვებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. და თუ ამას რუსეთის არმიის წარუმატებლობას და ეკონომიკურ სიძნელეებსაც დავამატებთ, ამ ყველაფრის ერთობლიობამ შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს, რომელიც თვით უშუალოდ მოსკოვზეც გავრცელდება.
ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც ოდესღავ სტრატეგიულ გენიოსად თვლიდნენ, უნებლიედ თვითონ მოიმზადა ნიადაგი იმისთვის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის მმართველობას. იმის გამო, რომ პრეზიდენტმა სრული მობილიზება არ გამოაცხადა, იგი უფრო მეტად „კერძო არმიებს“ - სამხედრო კომპანიების პერსონალს დაეყრდნო. მათგან ყველაზე დიდი და გავლენიანია „ვაგნერი“ (Wagner), რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის და ახლა უკვე თითქმის მონსტრად არის გადაქცეული. მათ მიჰყვება ჩეჩენი ლიდერის რამზან კადიროვის კერძო არმია - „კადიროველები“, რომელიც მსხვილ სამხედრო დაჯგუფებას წარმოადგენს და ცუდი რეპუტაცია აქვთ - ისინი ცნობილნი გახდნენ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებით.
რამდენიმე „კერძო არმია“ ჩამოყალიბდა გადამდგარი ოფიცრების ძალისხმევითაც, რომლებშიც ყოფილი ჯარისკაცები მსახურობენ. ისინი სახელწიფო რესურსებით ფინანსდებიან, იწრთვნებიან და მოქმედებენ. აღსანიშნავია, რომ თვით თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუსაც კი თავისი „არმია“ ჰყავს - „პატრიოტის“ სახელწოდებით. ასევე არსებობენ კორპორატიული სამხედრო ქვედანაყოფები, მოლაშქრეთა რაზმები, რომლებსაც გაზის გიგანტი - „გაზპრომი“ მფარველობს და აფინანსებს. მისი ბატალიონები ამჟამად ფრონტის მოწინავე ხაზზე იბრძვიან.
ოლიგარქები, გენადი ტიმჩენკოსა და ოლეგ დერიპასკას ჩათვლით, დაკავშირებულნი არიან რუსულ კერძო კომპანია „რედუტ-ანტიტერორთან“ და როგორც კომპეტენტური პირები აცხადებენ, ოლეგ დერიპასკა მათ ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფს, მათთვის აღჭურვილობას ყიდულობს. ოლიგარქი, რასაკვირველია, ამ ყველაფერს უარყოფს.
რუსული „კერძო არმიების“ არსებობის ფონზე საინტერესო და დამახასიათებელია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის განცხადება: „ყველა ამბობს, რომ რომელიღაც გარკვეულ მომენტში ხელისუფლებისათვის ბრძოლა დაიწყება და ამიტომაც თითოეულს თავისი საკუთარი არმია უნდა ჰყავდეს“.
თავის მხრივ, კრემლმაც ყველა რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა, რომ თავიანთი მოხალისეთა ნებაყოფლობითი ბატალიონები ჩამოაყალიბონ, უკრაინის ომში მათი მონაწილეობის მიზნით და რომ ეს ქვედანაყოფები მოსკოვს კი არა, არამედ ადგილობრივ ხელისუფლებას დაექვემდებარებიან. სავარაუდოდ, მათგან ბევრი ფრონტიდან სახლში იმედგაცრუებული და გამწარებული დაბრუნდება.
ვლადიმერ პუტინი ამ „არმიებს“ საკუთარი ხელისუფლებისა და რუსული სახელმწიფოს ვერტიკალის განმტკიცების ინსტრუმენტად იყენებს და, შესაბამისად, ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშეებს არ წარმოადგენენ. მაგრამ როცა მას [პრეზიდენტს] სისუსტე შეეპარება და ძალები გამოელევა, შეიძლება ისინი მისი კონტროლიდან გამოვიდნენ. მაგალითად, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც პოლიტიკურად ამბიციური და წინააღმდეგობრივი ადამიანია. მართალია, მან „ომი გამოუცხადა“ რუსეთის არმიის გენერალურ შტაბს და მოსკოვურ „ელიტას“, მაგრამ ჯერ-ჯერობით ისევ ვლადიმერ პუტინის ერთგული რჩება. ალბათ, დიდი ხანი არ დაჭირდება იმას, რომ „ვაგნერის“ მეთაურმა შეიძლება აზრი შეიცვალოს. უეჭველია, ევგენი პრიგოჟინი უარს არ იტყვის მის განკარგულებაში მყოფი ძალების გამოყენებაზე ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით - როცა იგრძნობს, რომ ამის დრო დადგა.
ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერელებმა“ ბახმუტიდან გამოსვლის შემდეგ უკრაინის ფრონტის ხაზი მთლიანად დატოვეს. ამრიგად, შეიარაღებული და ომში გამოწრთობილი მებრძოლების დიდი ჯგუფი, მათ შორის ყოფილი პატიმრების [ციხიდან გამოშვებულ და შეწყალებულ დამნაშავეთა] ჩათვლით, თავისი ლიდერის ხელმძღვანელობის ქვეშ რჩება და მზად არის მოქმედებისათვის.
მათ გვერდით არიან - ან მომხრეების, ან მოწინააღმდეგეების სახით - ბევრი სხვა არამარტო კერძო რეგიონული ბატალიონები, არამედ ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებული თანამშრომლები, „ეფ-ეს-ბე“-ს, „გე-რე-უ“-სა და თავდაცვის სამინისტროს ჩათვლით. შემდეგ მოდის თვითონ რეგულარული არმია, რომლის რიგებში დიდი რაოდენობით დამცირებული, შეურაცხყოფილი და უკმაყოფილო ჯარისკაცი მსახურობს, მათ შორის, ბევრი უკმაყოფილო მეთაურები და გენერლებიც კი. თუ პუტინი თავის სამშობლოში - რუსეთში - საფრთხის მუქარებს ვერ გაანეიტრალებს და ვერ შეძლებს უკრაინის ფრონტზე რაიმე წარმატების მიღწევას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსული ისტებლიშმენტი ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ შეიარაღებულ ბანაკებად დაიშლება.
ალბათ, არ უნდა გვინდოდეს, რომ რუსეთის ფედერაციის ხალხებს ასეთი ბნელი და მწარე ბედი ვუსურვოთ, მაგრამ ჩვენ, ბუნებრივია, უნდა გვქონდეს სურვილი იმისა, რომ რუსეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ უკრაინის ფრონტზე უკან დაიხიოს და ზურგი გვაჩვენოს, რათა შეწყდეს ის ქაოსი და ტანჯვა, რაც კრემლმა ამ ომით გამოიწვია და რის გაგრძელებაც, ალბათ, სამომავლოდაც აქვს გადაწყვეტილი. თუ პუტინის ხელისუფლების დასუსტებას ხელს შეუწყობს რუს მოხალისეთა ბატალიონების რეიდები საზღვრისპირა ოლქებში, საოლქო ცენტრებისა და სხვა ქალაქების დაბომბვები დრონების მეშვეობით, ჩვენ ამას უნდა მივესალმოთ და არა ჯო ბაიდენივით დავგმოთ, რომელიც არ იწონებს რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრებს და ოპერაციების განხორციელებას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიმს კლევერლის სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ მას ჰყოფნის გამბედაობა უკრაინის მხარდასაჭერად - ისეთი თავდაცვითი მოქმედებისათვის, რომელიც რუსი აგრესორისადმი მისსავე ტერიტორიაზე დარტყმების მიყენებაში გამოიხატება.
წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/06/04/vladimir-putin-private-armies-may-lead-to-his-downfall