USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპი უკრაინაში ომს კი არ წყვეტს, პირიქით, აჭიანურებს“
თარიღი:  182

„დონალდ ტრამპის ოცნებას, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი აღდგომის დღესასწაულამდე მოეწეროს, ისეთი პირი უჩანს, რომ ძალიან საეჭვოა განხორციელდეს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპი უკრაინაში ომს კი არ წყვეტს, პირიქით, აჭიანურებს“ (ავტორი - ლიზა ჰეზელდინი). „აშშ-ის პრეზიდენტს აღიზიანებს, რომ ვლადიმერ პუტინი მის პოზიციას თითქოსდა ეთანხმება, მაგრამ ისეთ პირობებით, რომელთა შესრულება რთულია და ხშირად შეუძლებელიც, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

თეთრი სახლი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და ვლადიმერ პუტინს ხელში ძალიან ბევრ კოზირს აძლევს. საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ბევრს ტრაბახობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს „24 საათში დაასრულებდა“, მაგრამ მისი მეორე ვადით გაპრეზიდენტებიდან უკვე მეოთხე თვე მიდის, „ურემი კი ისევ იქ დგას“, მშვიდობა ჰორიზონტზეც კი არ მოჩანს. მარტის თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააცნობიერა პრობლემის მასშტაბები და ტონი თანდათანობით შეცვალა: ახლა მოსკოვისა და კიევის დელეგაციებთან შეხვედრისას ტრამპის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოპტიმისტურად არიან  განწყობილნი და რომ ზავი მალე იქნება დადებული, „რამდენიმე კვირის განმავლობაში“. მაინც რამდენია ეს „რამდენიმე“, ამას არავინ აზუსტებს.

თეთრ სახლს განზრახული ჰქონდა, რომ სამშვიდობო შეთანხმდება აღდგომისათვის გაფორმდებოდა. დონალდ ტრამპი, რომელიც პატივმოყვარეა და აშკარად სისუსტე აქვს საზეიმო ცერემონიების მიმართ, ორი დიდი მოვლენის ასეთი სიმბოლური თანხვედრა ძალიან კარგი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ მიმდინარე წელს ქრისტიანული სამყარო - დასავლეთიც (კათოლიკური) და აღმოსავლეთიც (მართლმადიდებლური) აღდგომას ერთ დღეს აღნიშნავს. გარდა ამისა, აღდგომის კვირას ზუსტად სამი თვე აღინიშნება თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებიდან. შესაძლოა, პრეზიდენტი იმასაც ფიქრობდა, რომ ზავის დადება მას ნობელის მშვიდობის პრემიამდე მიაახლოვებდა, რომლის მიღებაზეც ოცნებობს. ამრიგად, საომარი მოქმედებების დასრულება რუსეთსა და უკრაინას შორის, ეჭვგარეშეა, რომ ამერიკის პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნებოდა.

მაგრამ რადგანაც აღდგომამდე მხოლოდ რამდენიმე დღე რჩება, გასაგებია, რომ დონალდ ტრამპის ოცნებები სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე განუხორციელებელი დარჩება.

რუსეთმა ეს-ესაა დაიწყო საგაზაფხულო შეტევა უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც კრემლმა თავი მოუყარა დაახლოებით 67 ათას ჯარისკაცს და ქალაქ სუმს - უკრაინის საოლქო ცენტრს - დაპყრობით ემუქრება. სუმის მოსახლეობა ბოლო დროს სულ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დგას, ქალაქი თითქმის ყოველდღე იბომბება. 13 აპრილს რუსული ბალისტიკური რაკეტების აფეთქებებმა 34 ადამიანი შეიწირა. არაფერი არ მიანიშნებს იმას, რომ ვალდიმერ პუტინი მზად არის საომარი მოქმედებების შესაწყვეტად ან თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნა-პრეტენზიების შესარბილებლად (კონკრეტულად: უკრაინამ ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს დემილიტარიზაცია და ნატოში გაწევრიანების უარყოფა, ასევე უნდა აღიაროს დონბასისა და ყირიმის ტერიტორიების იურიდიული მიერთება რუსეთისადმი). თავის მხრივ, უკრაინამ არაერთგზის აღნიშნა, რომ რუსეთის ულტიმატურ პირობებს არასოდეს არ დაეთანხმება.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაც და რუსეთიც, აშშ-ის შუამავლობით, დათანხმდნენ, რომ ერთმანეთის ენერგოობიექტების დაბომბვაზე თავს შეიკავებდნენ, პირობა ყოველდღიურად ირღვევა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. რეალობა ისეთია, რომ დონალდ ტრამპი მიზერულადაც კი ვერ მიუახლოვდა იმ სიტუაციას, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს. გასულ პარასკევს ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა, მაგრამ... როგორც ჩანს, რუსეთის ჩრდილოური დედაქალაქიდან იგი ხელცარიელი დაბრუნდა.

სხვათა შორის, უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა ჯერ არ იყო დასრულებული, თავისი თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში წინააღმდეგობრივი განცხადებები გააკეთა: ერთი მხრივ, აღნიშნა, რომ მისი აზრით, მოლაპარაკება „კარგად“ მიმდინარეობს, მეორე მხრივ კი, რუსეთს მოუწოდა „დაეჩქარებინა“ შეთანხმებაზე ხელმოწერა, „რადგან დგება მომენტი, როცა უნდა იმოქმედო და არ უნდა დააგვიანო“.

აშკარაა, რომ ტრამპი გაღიზიანებას იწყებს იმის გამო, რომ რუსეთი „რეზინას ჭიმავს“. ასევე სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ტრამპს უფრო მეტად პუტინთან შეთანხმების დადების კონკრეტული ფაქტი უფრო ამოძრავებს, ვიდრე ამ შეთანხმების შინაარსი და მისი შედეგები უკრაინისათვის.

უფრო უარესი ისაა, რომ გასულ შაბათ-კვირას ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ინტერვიუში განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ჩარჩოებში შეიძლება „უკრაინა ბერლინივით გაიყოს ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა“. ერთი მხრივ, უკრაინა, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დახმარებით (მაგრამ აშშ-ის გარეშე) გააკონტროლებს თავისი ტერიტორიის დასავლეთ ნაწილს (ანუ კიევი მიიღებს პასუხისმგებლობის საკუთარ ზონას). ბრიტანელები და ფრანგები ასევე თვალს მიადევნებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფას, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთი მიიღებს უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებს. დაწესდება 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა (სადემარკაციო ხაზით), რომელიც უკრაინისა და რუსეთის არმიებს ერთმანეთისაგან დააშორიშორებს.

რაც კიტ კელოგს ხმამაღლა არ უთქვამს, არის ის, რომ აშშ ჩუმად ეთანხმება ვლადიმირ პუტინის მიერ წამოყენებულ პირობებს. მან არ გაშიფრა, თუ რას გულისხმობს „უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებში“. არადა, ეს სწორედ კრემლის პრეტენზიბის შესრულებას ნიშნავს: აშშ ეთანხმება, რომ რუსეთის სუვერენიტეტი გავრცელდეს ოთხ ოლქზე - ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე. სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი დონალდ ტრამპის გარემოცვის ის წევრები არიან, რომლებიც ჯერ თავს იკავებდნენ, მაგრამ ახლა უკვე შეურიგდნენ რუსეთის მოთხოვნებს. ამბობენ, რომ გასულ კვირას სტივ უიტკოფს თითქოს უთქვამს პრეზიდენტისათვის, რომ „სხვა გზა აღარ რჩება ომის დასასრულებლად, პუტინს უკრაინის ტერიტორიები უნდა გადაეცესო“.

ნუთუ დონალდ ტრამპის გუნდი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინს ამ თაფლაკვერებით მოკაპარაკების მაგიდასთან მიიტყუებს? თუ თეთრი სახლი ასე ფიქრობს, მაშინ საეჭვოა, რომ ამ მეთოდმა იმუშაოს. თუ პრობლემის განხილვამდე მოდავეს საკუთარ კოზირებს უჩვენებ, მაშინ რთული იქნება მისგან დათმობების მიღება. იმ ადამიანისათვის, რომელიც ამაყობს თავისი „გარიგების დადების ხელოვნებით“, ასეთი ნაბიჯი დიდი შეცდომა იქნებოდა.

დონალდ ტრამპის გუნდი არამარტო ვერ დაარწმუნებს ვლადიმერ პუტინს დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და სადემარკაციო ხაზის პუნქტირს, არამედ, უფრო პირიქით გამოუვა - უბიძგებს კრემლს შეეცადოს, რომ კიდევ რაღაც დამატებით მიიღოს. ამჟამად ომის პირობები ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ არის ჩამოყალიბებული: დღეისათვის სწორედ მოსკოვი და არა კიევი (და არც ვაშინგტონი) გამოდის ძალის პოზიციით.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპს კიდევ აქვს რაღაც კოზირები: იტყობინებიან, რომ თუ აპრილის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული არ იქნება, პრეზიდენტი ფიქრობს სანქციები გაამკაცროს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ და მეტი რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერი დააკავოს, რომლებსაც რუსეთის ხაზინაში დიდი ფული შეაქვთ. მაგრამ განა ტრამპი ვერ ხვდება იმას, რომ ასეთმა ხისტმა გადაწყვეტილებამ შეიძლება პუტინი კიდევ უფრო დააშოროს მოლაპარაკების მაგიდას? მოკლედ, გაბედავს თუ არა დონალდ ტრამპი თავის რუს კოლეგას მკვეთრად დაუპირისპირდეს? მე ამაში დარწმუნებული არა ვარ.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2025/04/13/trumps-ukraine-policy-is-going-from-bad-to-worse/

 

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.