USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპი მტრებს მშვიდობაზე მოლაპარაკებასა და თანხმობას აიძულებს“
თარიღი:  554

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 16 იანვრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი მტრებს მშვიდობაზე მოლაპარაკებასა და თანხმობას აიძულებს“ (ავტორი - კონ კოფლინი), რომელშიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხევის შედეგები და პერსპექტივაა განხილული. „ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპი ცეცხლს წყვეტს, შემდეგი კი უკრაინაა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოთხწლიანი დრეიფისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხების მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულების შემდეგ დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში, უეჭველია, მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე ძნელად მოსაგვარებელ კონფლიქტებზე მასტიმლირებელ გავლენას მოახდენს.

მართალია, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების წინ უკვე გარკვეულ პოზიტიურ ფონს ქმნის როგორც ისრაელ-„ჰამასის“, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის პოზიტიურ მოგვარებაში.

ჯო ბაიდენს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომელსაც ზოგჯერ აქებდა, უფრო მეტად კი აკრიტიკებდა. ფაქტია, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ვერაფერი გააკეთა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გასანეიტრალებლად.

იმის გამო, რომ ჯო ბაიდენი მუდმივად ყოყმანობდა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს და მის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს გვერდი აუარა და საკუთარი შეხედულებით დაიწყო მოქმედება.

დონალდ ტრამპის მოქმედებამ კი, რომელსაც პრეზიდენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ჯერ არ მიუღია, უკვე შედეგი გამოიღო: ბოლო ორი დღის განმავლობაში კატარში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად, რომელშიც დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მონაწილეობდა, „ჰამასი“ დათანხმდა ათეულობით მძევლის გათავისუფლებას, შემდეგ კი ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ჯო ბაიდენი შეეცადა, რომ დონალდ ტრამპის მიღწეული შედეგები სათავისოდ გაესაღებინა და განაცხადა, რომ „მძევლების გათავისუფლება და ცცხლის შეწყვეტა მისი გლობალური გეგმის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით განხორციელდა. მისი ნათქვამი - „ჩემმა სამშვიდობო გეგმამ, როგორც იქნა, ნაყოფი გამოიღოო“, სხვა არაფერია, თუ არა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის უბადრუკი მცდელობა როგორღაც შეინარჩუნოს თავისი, როგორც სახელმწიფო მოღვაწის მემკვიდრეობა.

ის ფაქტი, რომ სწორედ დონალდ ტრამპის გუნდმა მოახდინა „გარღვევა“ ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარებისას, მრავლისმეტყველია და ადასტურებს იმ იმედებს, რომ არჩეული პრეზიდენტი ასევე განახორციელებს კეთილ დიპლომატიურ გავლენას მსოფლიო პოლიტიკური ლანდშაფტის სხვა რთულ ადგილებზე, როცა იგი ხელისუფლებაში იურიდიულად დაბრუნდება და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში კუთვნილ სავარძელს დაიკავებს.

უკრაინა კიდევ ერთ საკითხს წარმოადგენს, რომლის მოგვარებას დონალდ ტრამპი ესწრაფვის. მართალია, იგი თავდაპირველად აცხადებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს სწრაფად შეწყვეტდა, მაგრამ ახლა მისი თანაშემწეები აღიარებენ, რომ ომის შეწყვეტას შეიძლება თვეები დაჭირდეს.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას ვლადიმერ პუტინთან პირადი შეხვედრა სურს, როგორც კი პრეზიდენტის ფუნქციების შესრულებას შეუდგება. მაგრამ მხარეთა შეურიგებელი პოზიციები - უკრაინა ნატოს წევრობა ითხოვს ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ, კრემლი კი უარს აცხადებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე - იმას ნიშნავს, რომ ასეთი კონსტრასტული პოზიციების არსებობის დროს ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა რთული ამოცანა იქნება.

ამასობაში კი სიტუაცია უკრაინაში უფრო რთულდება: დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების  მოახლოების კვალობაზე, ომის მონაწილე მხარეები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავონ მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკების წინ, თავიანთი პოზიციების განმტკიცების თვალსაზრისით.

ასეა თუ ისე, ერთი რამ ნათელია: დონალდ ტრამპის სახით მსოფლიოს ჰყავს ლიდერი, რომელიც სერიოზულად არის განწყობილი კონფლიქტების მოსაგვარებლად. გავიხსენოთ, რომ მან პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში წამყვანი როლი შეასრულა სირიაში ე.წ. „ისლამური ხალიფატის“ განადგურებაში.

რასაკვირველია, დონალდ ტრამპმა კარგად იცის, რომ კონფლიქტების მოგვარების სირთულეები და ხარჯები ისევ ამერიკის მოქალაქეებისა და გადასახადის გადამხდელთა ზურგს დააწვება. ამასთან, რადგანაც აშშ ტრადიციულად მშვიდობის მთესველი პოლიციელის როლს შეასრულებს, განსაკუთრებით უკრაინის საკითხში, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ომების შეწყვეტა მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოდ გადააქცევს და საბოლოო ჯამში, ამერიკის ხარჯებსაც შეამცირებს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2025/01/15/president-trump-make-our-enemies-talk-middle-east-ukraine/

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის