USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Daily Telegraph» : „ვლადიმერ პუტინს კრემლში მალე იულიუს კეისრის ბედის გაზიარება მოუწევს: ბრძოლის ველზე განცდილი კატასტროფის გამო რუსი გენერლები, სავარაუდოდ, ხელში ბრუტუსის მახვილს აიღებენ“
თარიღი:  1230

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია ლორდ რიჩარდ დანატის - 2006-2009 წლებში დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის - სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინს კრემლში მალე იულიუს კეისრის ბედის გაზიარება მოუწევს: ბრძოლის ველზე განცდილი კატასტროფის გამო რუსი გენერლები, სავარაუდოდ, ხელში ბრუტუსის მახვილს აიღებენ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა უკვე დიდი ხანია „ერთ ადგილს ტკეპნის“ და წინ ვერ მიდის, უკვე სრულიად ნათელი ხდება, რომ უკრაინაში შეჭრისას მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ კრემლის სტრატეგიულ ჩანაფიქრზე. ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცები მოატყუეს - მათ ჩააგონეს, რომ უკრაინაში შედიოდნენ როგორც გამათავისუფლებლები. ამიტომაც გასაკვირი არაა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუს სამხედრო მოსამსახურეებს ლოთობის პრობლემა აქვთ.

ვლადიმერ პუტინი საკუთარი ქედმაღლობისა და ამპარტავნობის მსხვერპლი გახდა: მას მტკიცედ სჯეროდა, რომ რუსულ უშიშროების სამსახურს აგენტები კიევის მთავრობაშიც ჰყავს და ის „შიგნიდან იქნება დანგრეული“, რომ უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ არის განწყობილი და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს და რომ რუსეთის არმია კარგ ფორმაშია, შეუძლია კიევს სწრაფი დარტყმა მიაყენოს, დაიკავოს და უკრაინის მმართველი რეჟიმის შეცვლას მიაღწიოს.. მაგრამ ახლა ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების ნიშნები სულ უფრო აშკარა ხდება, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება კი სულ უფრო სუსტდება.

რუსეთის პრეზიდენტმა იცის: უკრაინაში შეჭრა რომ გაამართლოს, მან ის ოთხი ოლქი მაინც სრულად უნდა დაიკავოს და შეინარჩუნოს, რომლებიც მან გასული წლის შემოდგომაზე „რუსეთის მარადიულ კუთვნილებად“ გამოაცხადა, ყირიმის ჩათვლით. მაგრამ, თუ ბოლო  მონაცემებით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, რუსეთის ძალზე რეკლამირებული ძალისხმევა კრახს განიცდის, განსაკუთრებით უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.

ბოლო თვეებში „ვაგნერის“ დაქირავებულების რამდენიმე მცდელობა ქალაქი ბახმუტის დაკავების მიზნით, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უამრავ დანაკარგებს იწვევს. რუსეთის სარდლობის მიერ სამხედრო ქვედანაყოფების გადაჯგუფება ბახმუტიდან სამხრეთით და ჩრდილოეთით, როგორც ჩანს, მხოლოდ ტაქტიკურ სვლას წარმოადგენს, თავდაცვითი ხაზების სტაბილიზების მიზნით და არ ნიშნავს იმას, რომ კრემლი შეტევისათვის ემზადება. რუსმა სამხედროებმა, შესაძლოა, უკვე მიაღწიეს თავიანთი შესაძლებლობის კულმინაციას.

თუ უკრაინის ოპერატიული სარდლობა შეძლებს გაბედული საერთო-საჯარისო კონტრშეტევის გეგმის შემუშავებას, მაშინ მან რუსეთის არმიას გადამწყვეტი დარტყმები ამ ზაფხულს უნდა მიაყენოს. კარგად მომზადებული და განხორციელებული შეტევა, ტანკებისა და ქვეითთა ჯავშანმანქანების თანხლებით, რომელსაც არტილერია, სარაკეტო კომპლექსები და  ავიაციაც მხარს დაუჭერს, ბოლოსდაბოლოს, რუსების სულისკვეთებას გატეხს და რუსულ არმიას კისერს მოუგრეხს.

უმჯობესი იქნება, რომ რუსეთის არმია უკრაინის მიერ ბოლომდე არ განადგურდება. დაე, რუსებმა დაინახონ, რომ მათი დამარცხება გარდაუვალია და თავს გაქცევით უშველონ - როგორც ეს გასულ შემოდგომაზე ხარკოვთან მოხდა. ასეთი კოლაფსი შეიძლება ის კატალიზატორი აღმოჩნდეს, რომელიც კრემლში ვლადიმერ პუტინის კრახს დააჩქარებს.

სრულიად ბუნებრივია კითხვის გაჩენა - ვინ შეცვლის ვლადიმერ პუტინს? ჩემი ვარაუდით, დღეს რუსეთში პრეზიდენტის მოქმედებით ყველაზე უკმაყოფილონი სამხედროები არიან. თუ რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი შეძლებს და მხარდამჭერებს იპოვის, გაბედულ ნაბიჯს გადადგამს და მტკიცედ იმოქმედებს, მაშინ ეს ომი შეიძლება კიდევ ერთი წელი აღარ გაგრძელდეს და მეორე წლისთავამდე დასრულდეს. ალბათ, სწორედ ამიტომ გაამწესა ვლადიმერ პუტინმა ვალერი გერასიმოვი უკრაინის ფრონტის სარდლად, მოსკოვიდან მოშორებით.

იმისგან დამოუკიდებლად, იძრობს თუ არა რუსი ვალერი გერასიმოვი რომაელი მარკ ბრუტუსივით ხანჯალს, ვლდიმერ პუტინისათვის იულიუს კეისრის ბედის მსგავსი მომენტი, ალბათ, არცთუ ისე შორს არის. უკრაინელი ხალხის გადარჩენისა და ევროპაში სტაბილურობის დამყარების მიზნით, ამერიკამ და ნატომ, დასავლეთმა კიევისადმი დახმარება აუცილებლად უნდა გააგრძელონ, რათა წერტილი დაუსვან ევროპულ ისტორიაში ამ ერთ-ერთ საშინელ ომს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/04/03/vladimir-putin-julius-caesar-kremlin/

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის