„ტრამპი, როგორც ჩანს, საბოლოოდ მიხვდა, რომ პუტინი მას იდიოტად თვლის. იმედია, გაბრაზებული დონალდი ვლადიმერს ჩექმიან ფეხს მტკივნეულ ადგილზე დაარტყამს“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი, ექსპერტი, გადამდგარი პოლკოვნიკი), რომელშიც კომენტირებულია აშშ-ის პრეზიდენტის რეაქცია მისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის ნაბიჯზე, რომელიც ბოლო დღეებში კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების მასირებულმა დაბომბვამ გამოიწვია.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გასულ შაბათ-კვირას, როცა უკვე მცირე დროა დარჩენილი სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის განახლებამდე, რუსეთმა მასირებული დარტყმა მიაყენა უკრაინას დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით. ეს იყო კვირის საომარი მოქმედებების კულმინაცია. დაბომბვის ქვეშ მოჰყვნენ სამოქალაქო ობიექტები. კრემლი, რა თქმა უნდა, აცხადებს, რომ მისი არმია მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ანადგურებს, მაგრამ რუსეთის ყველაზე ცინიკურ მომხრეებსაც კი გაუჭირდებათ იმის თქმა, რომ უკრაინის სკოლები და საავადმყოფოები ტანკებით და რაკეტებით არის სავსე, ანუ ვერაფრით გაამართლებენ ასეთი შენობების დაბომბვას. თვით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც კი, როგორც იქნა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვლადიმერ პუტინი მას სულელად თვლის: ამას მოწმობს მისი სარკასტული გამონათქვამი რუსი ლიდერის მიმართ („პუტინი ჭკუიდან გადავიდა“).
აშშ-ის პრეზიდენტმა კვირას განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ის, რასაც ვლადიმერ პუტინი აკეთებს და იგი „გიჟად“ შერაცხა. თავის მხრივ, ცეცხლზე ნავთი დაასხხა კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ის ლიდერს „ემოციური გადატვირთვები“ აქვს და გაუვლისო. იმავდროულად რუსეთის პრესა ხაზს უსვამს დონალდ ტრამპის „პრორუსულობას“ იმით, რომ აშშ-ის მთავრობა მაღალ ტარიფებს ევროპას უწესებს და არა რუსეთს.
რუსული პრესა, რა თქმა უნდა, სავსეა ანტიუკრაინული და ანტიევროპული რიტორიკით, მაგრამ მასში არის ბევრი ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ეკონომიკის სახიფათო მდგომარეობას ასახავს. ყველაფერი, ტანკების წარმოების გარდა, თავისუფალი ვარდნის რეჟიმში იმყოფება. თვით ტანკების წარმოებაც არასაკმარისია იმისათვის, რომ ომში განცდილი მძიმე დანაკარგების კომპენსირება მოხდეს. თუ აშშ და საუდის არაბეთი მუქარებს აასრულებენ და ერთი ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი 50 დოლარამდე დაეცემა, მაშინ რუსული სამხედრო მანქანა წლის ბოლომდე გაჩერდება.
შეშფოთებას იწვევს აგრეთვე ის, რომ რუსულ მასმედიაში ფართოდ არის გავრცელებული მტკიცება - თითქოსდა „იურიდიულად“ საბჭოთა კავშირი ისევ არსებობს, ანუ აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მოსკოვის (სსრ კავშირის) საშინაო საქმედ ითვლება. ამგვარი ლოგიკის მიხედვით, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ბედი ელოდებათ ჯერ ბალტიისპირეთს, შემდეგ კი პოლონეთს, თუ რუსული „საბჭოთა“ ჯარები ამ ქვეყნებში შეიჭრებიან. სწორედ ამიტომ ვილნიუსი, რიგა, ტალინი და ვარშავა აქტიურად აძლიერებენ თავიანთ შეიარაღებულ ძალებს.
კიდევ უფრო პოზიტიური ევროპისათვის ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ რუსები მას იდიოტად თვლიან. მოსკოვი ბოლო დროს აქტიურად ცდილობდა დონალდ ტრამპის სახელის გატეხვას და მისი ავტორიტეტის დაცემას. აშშ-ის ლიდერმა გვიან, მაგრამ მაინც აღიარა, რომ „ცუდი ბიჭები“ კიევში და ევროპის სხვა დედაქალაქებში კი არ სხედან, არამედ მოსკოვში.
მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ კრემლმა ამ დღეებში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, როცა დონალდ ტრამპის პატივმოყვარეობას ყურადღება აღარ მიაქცია. ეს ისეთი შეცდომაა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი, ალბათ, მალე ინანებს. რუსეთის მიერ გამოვლენილი უპატივცემლობით განრისხებულ დონალდ ტრამპს ახლა შეუძლია „თითი დააჭიროს ღილაკს“ და მოსკოვს მნიშვნელოვანი სანავთობო შემოსავლები შეუწყვიტოს, რომლითაც იგი თავის მრავალრიცხოვან არმიას ინახავს და კრიზისამდე მისულ ეკონომიკას წაქცევის შესაძლებლობას არ აძლევს.
დარწმუნებული ვარ (და ჩემთან ერთად ბევრი სხვაც), რომ დონალდ ტრამპი ახლა იმდენად არის გაბრაზებული, რომ მზად არის ჩექმით კრემლს ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დაარტყას. ეს იქნება საუკეთესო შანსი ომის დამთავრების მიზნით და არა მოლაპარაკების მცდელობები ვლადიმერ პუტინთან.