USD 2.6218
EUR 2.9807
RUB 3.0834
თბილისი
he Daily Telegraph - „დონალდ ტრამპი როგორც დასავლეთის გადარჩენის უკანასკნელი შანსი საბოლოო დაცემისაგან“
თარიღი:  1168

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 29 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი როგორც დასავლეთის გადარჩენის უკანასკნელი შანსი საბოლოო დაცემისაგან“ (ავტორი - ალისტერ ჰიტი, The Sunday Telegraph-ის რედაქტორი). მასალაში ნაჩვენებია, თუ რა პოზიტიური შედეგების მოტანა შეუძლია მსოფლიოსათვის დონალდ ტრამპის იდეების განხორციელებას.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპი შორს არის იდეალურობისაგან, მაგრამ იგი დღეს ჩვენს ერთადერთ იმედს წარმოადგენს - ევროპის გადამრჩენს. დონალდ ტრამპი სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტებში უპირველეს ადგილს იკავებს - გადაარჩინოს ევროპა ევროპელთა მიერ  ჩადენილი სისულელეებისაგან.

ბედის ანაბარად მიტოვებულ დიდ ბრიტანეთს და ევროპას წინ არანაირი იმედი არ აქვთ. ჩვენი მორალური და ინტელექტუალური დაცემა იმდენად დიდია, იმდენად არიან დანგრეული ჩვენი ინსტიტუტები, იმდენად დასუსტდა ჩვენი ეკონომიკა, იმდენად მშიშრები არიან ჩვენი პოლიტიკოსები, რომ ისღა დაგვრჩენია, ხელები გულზე დავიკრიფოთ და სული უფალს მივაბაროთ.

ჩვენ არ გვყოფნის საკუთარი ნებისყოფა იმისთვის, რომ სამხედრო ბიუჯეტი გავზარდოთ. ჩვენ სწორედ დონალდ ტრამპის მუქარა გვჭირდება, რომ როგორმე ლეთარგიული ძილისგან გამოვფხიზლდეთ. ჩვენ გვჭირდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შეგვარცხვინოს და იქნებ ცოტა გავინძრეთ ექსტრემისტებისა და ანტისემიტების წინააღმდეგ საბრძოლველად, იქნებ თვალი მეტად გავახილოთ და დანაშაულობრივად გახსნილი საზღვრების გამო მიყენებული ზიანი დავინახოთ, თვითდამშვიდების პოლიტიკის მიღმა.

დონალდ ტრამპს სურს, რომ სტიმული მისცეს ეკონომიკის ზრდას და რადიკალური დერეგულაციები განახორციელოს, გაათავისუფლოს მეწარმეები და ტექნოლოგიური ფირმები ზედმეტი გადასახადებისაგან. მას სურს აკრძალოს DEI (diversity, equity and inclusion - ანუ მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა), იგი გეგმავს შეტევას უნივერსიტეტებზე, რომლებიც ახალგაზრდებისათვის ტვინის გარეცხვაზე სპეციალდებიან.

დონალდ ტრამპი გამოდის კლიმატის ცვლილების მორწმუნე რადიკალ ფანატიკოსთა წინააღმდეგ და აქცენტს აკეთებს როგორც ენერგიის ტრადიციულ ნახშირწყალბადების შემცველ რესურსებზე, ასევე ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა წყაროებზე.

დონალდ ტრამპის ბრძოლა არალეგალური იმიგრაციის მიმართ ეფუძნება უბრალო პრინციპს: ყოველ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა შეუშვას თავის ტერიტორიაზე. უცხოელ დამნაშავეებს ქვეყყანაში ცხოვრების ულება არ უნდა ჰქონდეთ.

ჩვენი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერისაგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი ფხიზლად აფასებს ჩინეთთან დაკავშირებულ სიტუაციას. აშშ-ის ექს-პრეზიდენტს, რომელიც მალე თავის ადგილს ისევ დაიკავებს თეთრ სახლში, კარგად ესმის, რომ ჩინეთის კომუნისტური იდეებით გაჟღენთილი რეჟიმი დასავლეთისადმი მტრულად განწყობილ ცივილიზაციას წარმოადგენს და რომ ჩინეთი მსოფლიო ბატონობას ესწრაფვის. ჩინეთი დასავლეთისათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, ფაშიზმისა და კომუნიზმის დროიდან. დონალდ ტრამპს სურს გამოაფხიზლოს დიდი ბრიტანეთი, რომ ინდოეთის ოკეანეში ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკიისადმი დაბრუნება სახიფათო გადაწყვეტილებას წარმოადგენს - თუ კუნძულ დიეგო-გარსიაზე არსებული აშშ-ის სამხედრო ავიაბაზის მოქმედება შეიზღუდება, ჩინეთი უფრო გათამამდება.

დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არ არის დემოკრატიული საზოგადოება. დიახ, ოდესღაც დასავლეთი მიამიტურად ფიქრობდა, რომ ჩინელმა კომუნისტებმა იდეოლოგია შეცვალეს და თითქოსდა კაპიტალიზმს და თავისუფალ სამყაროს დაუხლოვდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჟამად ჩინეთი ულტრათანამედროვე კოშმარულ, მილიტარისტულ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ტირანულ სახელმწიფოს წარმოადგენს. ჩინეთის კომპარტია გლობალიზაციას, ვაჭრობას და ფასების სისტემას თავის იარაღად იყენებს მერკანტილური და ნეოიმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად.

დონალდ ტრამპის რადიკალური და გაბედული ნაბიჯები განსაცვიფრებელია - მან პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჩინეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეზღუდა - თუ 2017 წელს ვაჭრობის დონე 21%-ს შეადგენდა, 2021 წლისათვის 14%-მდე შემცირდა. და ამ დროს რას აკეთებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა? ნუთუ ჩვენ გვინდა ჩინეთზე დამოკიდებულები ვიყოთ ელექტრომობილების წარმოებაში, თუნდაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ომი დაიწყოს?

დონალდ ტრამპი მართალი იყო, როცა ჩინეთი კორონავირუსის გავრცელებაში დაადანაშაულა. ჩინელმა კომუნისტებმა დამალეს უხანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ფაქტი. დონალდ ტრამპს სურს კარგად „დაფერთხოს“ სამედიცინო და ფარმაცევტული ისტებლიშმენტი და გამოამჟღავნოს ისინი, ვინც საზოგადოებას კოვიდის პანდემიის ფონზე ზიანი მიაყენა - უპირველეს ყოვლისა, ენტონი ფაუჩი, რომელმაც თავისი განცხადებებით ანტიკოვიდური ღონისძიების გატარება დაამუხრუჭა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო).

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, ყველაზე პროისრაელურია და ყველაზე მტრულად არის განწყობილი ირანელი აიათოლების მიმართ. დონალდ ტრამპის კავალერია ყველაზე კრიტიკულ მომენტში მაშველად გამოჩნდა, რომელსაც შეუძლია ანტისემიტიზმისა და ფანატიკური ისრაელთფობიის ცუნამი შეაჩეროს. დონალდ ტრამპი ემზადება სანქციები შემოიღოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართ, რომელმავ ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაპატიმრებლად ორდერი გასცა. მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს აქვს იმის ძალა, რომ წინ აღუდგეს საერთაშორისო იურისტოკრატიას, გამოამჟღავნოს ე.წ „უფლებადამცველები“ როგორც სახიფათო მემარცხენე ფანატიკოსები.

სამწუხაროდ, უკრაინისათვის სიტუაცია კარგი არ იქნება. დემოკრატებმა იმდენი ქნეს, რომ ამერიკული საზოგადოება ვოლოდიმირ ზელენსკით დაღალეს. მართალია, კამალა ჰარისი უფრო გრძნობიერად გამოდიოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მანაც კიევის ბედი ქარს გაატანა.

დონალდ ტრამპი შეეცდება ომი სწრაფად დასრულოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი დაპყრობილ მიწებს შეინარჩუნებს, მაგრამ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი არ დაუშვებს იმას, რომ კრემლმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს. დიახ, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ იგი იმავდროულად ძალიან მკაცრი იქნება [რუსეთისა] და ევროპის მიმართ: ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი ევროპას მკაცრი არჩევანის წინაშე დააყენებს - გაზარდოს სამხედრო ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, ვლადიმერ პუტინს თავისი ძალა აჩვენოს, ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტაროს.

რასაკვირველია, დონალდ ტრამპი, ალბათ, შეცდომებსაც დაუშვებს და ყველაფერში მართალი არ იქნება. ბევრ ბრიტანელს აღიზიანებს მისი ქცევის სტილი და ჩხუბისთავობა. მისი პროტექციონიზმი მოკავშირეების მიმართაც კი შეშფოთებას იწვევს... მაგრამ თუ იგი თავისი გეგმების შესრულებას შეძლებს, სასარგებლო იქნება არამარტო ამერიკისათვის და დიდი ბრიტანეთისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/11/27/trump-last-chance-to-save-decaying-west-from-decline-us/

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის