USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
გვწამს, რომ ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგშია – ევროკავშირი
Date:  382

ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანო საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს:

„ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებისა და მოგვიანებით პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, ევროკავშირი მოუწოდებს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, მაქსიმალურად თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავიდან აიცილონ ვითარების ესკალაცია“.

„ევროკავშირს მტკიცედ სწამს, რომ [მხარეებმა] პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის გზით შეიძლება მიაღწიონ. ქვეყნისა და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ [მხარეებს] დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ“, – წერია 18 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებით, პოლარიზაციის გაღრმავების თავიდან ასარიდებლად და პარტიათაშორისი შეთანხმების მისაღწევად პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობაა საჭირო:

„საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, სხვა გზებთან ერთად, ამბიციური და ინკლუზიური სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გზით. ასევე, პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი კორონავირუსის პანდემიისა და მისი შედეგების ეფექტურად მოგვარების წინაპირობებია“.

„ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ საქმეში“, – აცხადებს ის.

 

რამდენიმე დღეა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way