USD 2.7073
EUR 3.1342
RUB 3.3534
თბილისი
გვიანობამდე ფხიზლად ყოფნა და დღისით ძილი
თარიღი:  2120

რა მნიშვნელობა აქვს როდის დავიძინებთ, ღამით თუ დღისით, თუ 7-9 საათის განმავლობაში გვეძინება?  როგორც აღმოჩნდა, როდის გვძინავს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ რამდენი გვძინავს.

ღამის საათებში ძილი ადამიანისთვის ბუნებრივია. ჩვენი შორეული წინაპრები იძინებდნენ მაშინ, როდესაც ბნელოდა და ტემპერატურა ეცემოდა. ადამიანი სწორედ ასე განვითარდა. თუმცა, თანამედროვე ცხოვრებამ ძილის ციკლი ბევრს აგვირია, რასაც ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა აქვს.

იმის დასადგენად თუ რა გავლენა აქვს ძილის დროს ჩვენს ორგანიზმზე, კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერები სისხლში ცილის დონის ცვლილებას დააკვირდნენ. შედეგად, მათ აღმოაჩინეს, რომ ღამის ნაცვლად დღისით ძილმა ჩვენს ორგანიზმში შესაძლოა მთელი რიგი უარყოფითი ცვლილება გამოიწვიოსუფრო კონკრეტულად კი, ცილის დონის ცვლილებამათ შორის იმ ცილებისრომელსაც ზეგავლენა აქვს სისხლში შაქარზემეტაბოლიზმსა და იმუნურ ფუნქციაზე.

იმიტირებული ღამის ცვლის კვლევა

კვლევა მიზნად ისახავდა შეესწავლა, როგორ იცვლება ცილის დონე ადამიანის სისხლში 24 საათის განმავლობაში, და როგორ ახდენს მასზე გავლენას კვებისა და ძილის დრო. მასში ექვსი ჯანმრთელი, 20-დან 30-წლამდე ასაკის მამაკაცი მონაწილეობდა. ისინი 6 დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ კლინიკური კვლევების ცენტრში, სადაც სინათლის ზემოქმედება, მათი კვება, ძილი და აქტივობები მკაცრად კონტროლდებოდა.

კვლევის პირველი ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ, ღამით ეძინათ, ხოლო დღისით კი ჭამდნენ და აქტივობებით კავდებოდნენ. ორი დღის შემდეგ ისინი თანდათან გადაიყვანეს ღამის ცვლის იმიტირებულ რეჟიმზე. ახალი რეჟიმით მონაწილეები მთელ ღამეს ათენებდნენ, დღისით 8 საათი ეძინათ და ღამით იკვებობდნენ. მკვლევარები ყოველ 4 საათში სისხლის ნიმუშს იღებდნენ და ახალი ტექნოლოგიის საშუალებით აფასებდნენ 1129 ცილის დონეს დღის სხვადასხვა მონაკვეთებში.

მათ აღმოაჩინეს 129 ცილა, რომელთა პატერნიც რეჟიმის შეცვლის შემდეგ დაირღვა და შეიცვალა. ის ცილები, რომელიც ჩვეულებრივ რეჟიმში დღის განმავლობაში აღწევდნენ პიკს, ღამის რეჟიმში პიკს ღამით აღწევდნენ და პირიქით.

 ღამის გათენება და დილით ძილი მოქმედებს სისხლში შაქრის რაოდენობაზე

 ერთ-ერთი ასეთი ცილა იყო გლუკაგონი, რომელიც ღვიძლს უბიძგებს მეტი შაქარი სისხლში გადაიტანოს. როდესაც მონაწილეები ღამის განმავლობაში ფხიზლობდნენ – გლუკაგონის დონე იწევდა, რაც სისხლში შაქრის დონესაც ზრდიდა. გარდა ამისა, ღამის პიკში დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე დილის პიკში. შესაბამისად, ღამით უფრო მეტი შაქარი გამოიყოფოდა, ვიდრე დღისით პიკის შემთხვევაში. მკვლევარების აზრით, ეს ხსნის, თუ რატომ არის დიაბეტის შემთხვევები მაღალი მათში, ვინც ღამის ცვლაში მუშაობს.

 ღამით სიფხიზლის გამო გაცილებით ნაკლებ კალორიას ვწვავთ

 იმიტირებულმა ღამის ცვლის გრაფიკმა ასევე შეამცირა ორგანიზმში ფიბროვლასტის ზრდის ფაქტორის დონე, რომელიც ცხოველებში აძლიერებს კალორიების წვასა და ენერგიის ხარჯვას. მართლაც, კვლევის მონაწილეები საათში 10%-ით ნაკლებ კალორიას წვავდნენ, როდესაც ღამის ნაცვლად დღისით ეძინათ.

 ღამის ნაცვლად დღისით ძილი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე

კვლევამ აჩვენა, რომ ღამით სიფხიზლე და დღისით ძილი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე არასწორ დროს კვებისა და ღვიძილის გამო. ჩვენი ორგანიზმი სწრაფად რეაგირებს, როდესაც ღამეს ვათევთ, დღისით კი გვძინავს. ჩვენი ნორმალური ფიზიოლოგია და ორგანიზმში მიმდინარე პროცესები იცვლება.

ეს საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძილის არეული რეჟიმი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

ძილის რეჟიმის დარღვევა მოქმედებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე

ღამის სრულფასოვანი, ხარისხიანი ძილი პირდაპირ კავშირშია ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასთან. ძილის უკმარისობა და მისი დარღვეული რეჟიმი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ემოციებსა და ფუნქციონირების უნარზე.

ნეირომეცნიერები მიუთითებენ, რომ ღამით ძილს შეუძლია “გადატვირთოს” და “დატენოს” ჩვენი გონება და მოამზადოს ის მეორე დღის ემოციური გამოწვევებისათვის.  ის ისევე გვჭირდება, როგორც, მაგალითად, მობილურ ტელეფონს ესაჭიროება დატენვა ხანგრძილივი გამოყენების შემდეგ. რეგულარული ძილისა და გაღვიძების ციკლი ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ბუნებრივი რიტმის შენარჩუნებაში, რის შედეგად ტვინიც უკეთ ფუნქციონირებს.

ძილის რეჟიმის დარღვევა დეპრესიული აშლილობის განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. მას შეუძლია გამოწვიოს დეპრესია და შფოთვა (ასევე, გააუარესოს არსებული  დეპრესია და შფოთვითი აშლილობა). ძილის ნაკლებობამ ან/და არასწორ დროს ძილმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს უხასიათობა, გაღიზიანება, ფსიქოზური ეპიზოდები, კოგნიტური ფუნქციონირების დაქვეითება, მაგალითად რაიმეს დავიწყება, მარტივი შეცდომების დაშვება, შენელებული აზროვნება და სხვა.

ამიტომ, ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ძილის ნორმალური რეჟიმის დაცვა და ღამით ძილი 7-9 საათის განმავლობაში.

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 19 ნოემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების ბოლო წარუმატებელი მატჩები ყველასთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ მთავარი სწორი ანალიზის გაკეთებაა.

„ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. რაც შეეხება საქართველოს ერივნულ ნაკრებს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ბიჭებს. ეს ის თაობაა, რომელმაც ფეხბურთის სიყვარული განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანა. გვქონდა კარგი თამაშები, ისტორიაში პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მარცხი ყოველთვის დასანანია. ფეხბურთში, როგორც იტყვიან მოგება და წაგება ძმები არიან. წინასწარ რთულია ისაუბრო იმაზე, რომ ყველა თამაშს მოიგებ. ხდება წარუმატებლობაც.

მინდა, ჩვენს ბიჭებს მივმართო, გული არ გაიტეხოთ. მთავარია, სწორი ანალიზი გაკეთდეს, რა იყო მიზეზი ამ წარუმატებლობისა. შეუძლებელია, ყოველთვის კარგად ითამაშო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ მაშინაც კი, როცა წარუმატებლობაა. რას ვიზამთ, სპორტია. ყველას გვაქვს სურვილი, რომ ნაკრებმა ყოველთვის მოიგოს, მაგრამ ასეც ხდება. გული არ გაიტეხოთ, თავი მაღლა ავწიოთ და გავაკეთოთ ანალიზი, რატომ იყო ჩვენი თამაშები წარუმატებელი და შემართებით მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფეხბურთელების მიზანმიმართული შეურაცხყოფა მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები მათ გულშემატკივრობას არ შეწყვეტენ.

„ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიებს ფეხბურთელების, სპორტსმენების მიმართ. ეს დამოკიდებულება ყველა სფეროშია, ხდება ადამიანების შეურაცხყოფა. ვინც ჯანსაღად აზროვნებს და უყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველა თქვენს გვერდითაა. მახსოვს წარუმატებელი პერიოდი, როცა ვერ ვიგებდით თამაშებს და გულშემატკივრების უმრავლესობა, მიუხედავად ნიჰილიზმისა, თქვენს გვერდით იყო, არასდროს მიუტოვებიხართ. ასე იქნება მომავალშიც - სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან თქვენი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ 2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება.

მისივე თქმით, ის ჯარიმები, რომლებიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, მის არასათანადო წესით ტრანსპორტირებას, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას, ასევე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციას ეხება, დაახლოებით, 5-ჯერ გაიზრდება.

„აღნიშნულ საკითხებზე განსაზღვრული ჯარიმები უკვე მრავალი წელია არსებობს, თუმცა ჯარიმის ეს ოდენობები ვეღარ უზრუნველყოფს პრევენციულ ხასიათს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვემზადებინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6 000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევისთვის გაიზრდება 2 500-დან 30 000 ლარამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების დაკისრება რამდენჯერმე გადავადდა, რათა ამ ბიზნესით დაინტერესებული სუბიექტები სათანადოდ მომზადებულიყვნენ.

„აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებს უნდა მოემზადებინათ სარეალიზაციო ადგილები დადგენილი წესის შესაბამისად. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას მათთან ჰქონდა კომუნიკაცია და დეტალურად გავაცანით თუ სად, როგორ და რა პირობებში აქვთ უფლება ამ მასალების განთავსების და შემდეგ რეალიზაციის. მიმდინარე წლის დასაწყისში, კვლავ დავაანონსეთ, რომ ეს წელი იქნებოდა ბოლო საშეღავათო პერიოდი და 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, უკვე დავიწყებდით კონტროლს და არასათანადო წესით რეალიზაციის შემთხვევებს უკვე დავაჯარიმებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, იცვლება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირი ადმინისტრაციული საჩივარს არ ჩაიბარებს, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და 30-ე დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად.

თბილისის მერის განმარტებით, ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარება საჩივრის ავტორის მიერ არ ხდება.

„მიუხედავად იმისა, თუ რამდენით გაიზრდება ჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევაზე, მექანიზმს ბოლომდე ვერ ექნება პრევენციული ხასიათი, თუ პროცესი ბოლომდე არ მივიდა. ჩვენი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი ჯარიმას რომ გამოწერს და ჩასაბარებლად მიდის, კონკრეტული ობიექტის მეპატრონე არ იბარებს ხოლმე. ეს ყველაფერი, ცხადია, კეთდება მიზანმიმართულად, რადგან თუ ამ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს პირი, ვერ მოხდება ამ ჯარიმების აღსრულება. შესაბამისად, შეიძლება წლები ისე გავიდეს, რომ პირმა საერთოდ არ ჩაიბაროს ეს გადაწყვეტილება და არც ამ ჯარიმის გადახდა მოუწიოს.

აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად. ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტს უკვე შეეძლება, რომ გადაწყვეტილება აღსრულოს, თუ, რა თქმა უნდა, პირი ამის შემდეგ სასამართლოს არ მიმართავს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

„ტაქსების რეფორმა რამდენიმე ეტაპად განვახორციელეთ: შემოღებულ იქნა მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა; დადგინდა A კატეგორიის ტაქსის ფერის სტანდარტი; აიკრძალა მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მგზავრთა გადაყვანა; დაინერგა მობილური აპლიკაციები ტაქსით მომსახურების პროცესის გამარტივების მიზნით; აუცილებელი გახდა ტაქსის მანათობლის გამოყენება და ა.შ. ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით შეწყდა ნებართვის გაცემაც და ძალაში დარჩა მხოლოდ უკვე აღებული ნებართვები. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად უდიდესი ეკონომიკური აქტივი გაუჩნდა თითოეული ნებართვის მფლობელ პირს და მას ეს აქტივი უკვე თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, განკარგოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ცვლილებების სრულყოფილად დანერგვა და მათ შორის ტაქსის მძღოლების ადაპტირება რეგულაციებთან გარკვეულ დროს და ენერგიას მოითხოვდა.

„მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რა თქმა უნდა, აქტიური და უშუალო კომუნიკაციები მიმდინარეობდა ამ სფეროთი დაინტერესებულ თითოეულ პირთან. ხდებოდა მათთან შეხვედრები, მოსაზრებების გაცვლა და შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა. ამ პროცესებში იყო შემთხვევები, როცა მგზავრთა ტაქსით გადაყვანა ხორციელდებოდა ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით. ამიტომ, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მანვე მოსახლეობას განუმარტა, რომ 2025 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სამართალდარღვევებზე უკვე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები მთელი სიმკაცრით.

„მივმართავ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული საკითხები. იმედი მაქვს, რომ ყველა ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესების ფარგლებში. ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მივაწოდებთ პარლამენტს. აქვე მინდა, ვთხოვო პარლამენტის წარმომადგენლებს, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ საკანონმდებლო ინიციატივებში, რადგან აღნიშნული საკითხები პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. ასევე, მიგვაჩნია, რომ ცვლილებებს, სამართალდარღვევების შემცირების კუთხით, ქმედითი პრევენციული ხასიათიც ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერია დეველოპერებს ახალ სერვისს შესთავაზებს. კერძოდ, მშენებელს/დეველოპერს მიეცემა შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართოს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას და სამშენებლო ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობა შეამოწმოს.

თბილისის მერის განმარტებით, ეს არის სამშენებლო სექტორისთვის შეთავაზებული დამატებითი სერვისი, რომელიც მშენებლობის პროცესს ყველა ეტაპზე სანებართვო პირობების თანახმად წარმართავს.

„იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენთვის სამშენებლო მიმართულება - სწორი სანებართვო პროცესი და მშენებლობების დარღვევის გარეშე წარმოება. ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მშენებლობას ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელი უკავია. ამიტომ, ჩვენი მხრიდან აღნიშნული სფერო ყოველთვის მხარდაჭერილია, თუმცა მთავარია, პროცესი მიმდინარეობდეს სწორად, დარღვევების გარეშე. ჩვენ არავის ვუშლით ხელს, განახორციელოს აღმშენებლობა და განვითარება, მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება მწვანე, რეკრეაციული სივრცეების ან სპორტული მოედნების ხარჯზე. იცით, როგორ დავუპირისპირდით იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც წლების განმავლობაში ნორმად იყო მიღებული და არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა რეკრეაციული არეალების ხარჯზე. პირიქით, ხელს ვუწყობთ ასეთი სივრცეების ქალაქისთვის დაბრუნებას. პარალელურად, ხელს ვუწყობთ აღნიშნული სექტორის განვითარებასაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ თავისი დამოკიდებულება გაამკაცრა და რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა.

„ჩვენს მიერ განხორციელებული ამ ცვლილებებით, უკვე მაქსიმალურად ვახდენთ სამშენებლო დარღვევების პრევენციას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თავად მშენებლები, დეველოპერებიც უკვე დაინტერესებულები არიან, რომ სამშენებლო პროცესი წარმართონ დარღვევების გარეშე. გვინდა, ამ მიმართულებით დამატებითი სერვისი შევთავაზოთ სამშენებლო სექტორს. კერძოდ, თუ მშენებელს/დეველოპერს აქვს ეჭვი, რომ თუნდაც მცირედი დარღვევა აქვს მშენებლობაზე, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართონ მუნიციპალურ ინსპექციას და მოითხოვონ სამშენებლო ობიექტის შემოწმება, რამდენად სწორად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი და ხომ არ არის ის სანებართვო პირობებთან შეუსაბამო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ ბევრი დეველოპერი ისარგებლებს ახალი სერვისით.

„აღნიშნული სერვისის მიღება დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რისთვისაც მათ შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით მოუწვეთ შესაბამისი ოდენობის მოსაკრებლის გადახდა, რომელიც იქნება არაუმეტეს 40 000 ლარისა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ისარგებლებს ამ სერვისით, რაც ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, თავად მშენებლობას, რათა პროცესი იყოს წარმართული სანებართვო პირობების შესაბამისად და თუ სადმე, რომელიმე ეტაპზე ფიქსირდება დარღვევა, მისი გამოსწორება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის