გრიგოლ გეგელია: 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, 4 წელიწადში მშპ გაორმაგდება
გრიგოლ გეგელია: 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, 4 წელიწადში მშპ გაორმაგდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გრიგოლ გეგელიას განცხადება არის ტყუილი.
სანდრო რაქვიაშვილი: 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, 4 წელიწადში მშპ-ის გაორმაგება მათემატიკურად შეუძლებელია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სანდრო რაქვიაშვილის განცხადება არის სიმართლე.
9%-იანი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, საბაზისო პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 4 წლის შემდეგ 41%-ით იქნება გაზრდილი. ამ ტემპით, ეკონომიკის გასაორმაგებლად, ორჯერ მეტი დრო ანუ 8 წელია საჭირო. მეორე მხრივ, ოთხ წელიწადში მშპ-ის გასაორმაგებლად, ეკონომიკა წლიურად 19%-ით უნდა იზრდებოდეს, რაც პრაქტიკულად ძალიან რთული წარმოსადგენია, თუმცა თეორიულად შესაძლებელი.
9%-იანი ზრდით, 4 წელიწადში ინფლაციის დამატებით, მხოლოდ ნომინალური ეკონომიკის გაორმაგებაა შესაძლებელი (ჰიპერინფლაციის შემთხვევაში, უფრო დიდი ზრდაც დასაშვებია), თუმცა ნომინალური ზრდა ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად ვერ აისახება.
„ფაქტ-მეტრი“ იმის განხილვაში ვერ შევა, 2025-2028 წლებში ცალკეული პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, მშპ-ის ზრდის ტემპი რამდენი იქნება, მაგრამ განცხადება, რომ 4 წელიწადში 9%-იანი ზრდით მშპ-ის გაორმაგება მიიღწევა, ტყუილია, ვინაიდან აღნიშნული მათემატიკურად შეუძლებელია.
ანალიზი:
17 იანვარს ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“, დებატებში ერთმანეთს „გირჩისა“ და „ლელოს“ წევრები დაუპირისპირდნენ. კამათისას გრიგოლ გეგელიამ განაცხადა: „პირველი 4 წლის თავზე ჩვენ შევძლებთ, რომ ეკონომიკა იყოს გაორმაგებული“. ... „ამისთვის საჭირო არის სულ მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა“. „ხომ გეუბნებით მათემატიკის პრობლემა აქვს მეთქი, რა ვქნა აბა?“, - განაცხადა პასუხად სანდრო რაქვიაშვილმა.
პოლიტიკოსებს შორის კამათი „ლელოს“ დაპირებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ასაკობრივი პენსია 1000 ლარამდე უნდა გაიზარდოს. კითხვაზე, თუ რა საშუალებით ხედავდა პარტია ამ მიზნის მიღწევას (2024 წელს 315 და 415-ლარიან პენსიის გასაცემად სახელმწიფო ბიუჯეტში 3.9 მლრდ ლარია გათვალისწინებული, 1000-ლარიანი პენსიისთვის კი მინიმუმ 10 მლრდ ლარი იქნება საჭირო), გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ეკონომიკას გააორმაგებდნენ.
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის განსასაზღვრად, არსებულთაგან საუკეთესო მეთოდად მშპ მიიჩნევა. ეკონომიკური განვითარების ტემპი კი შესაბამისად, მშპ-ის ზრდის ტემპით დგინდება. როგორც წესი, განვითარებად ქვეყანას, ისეთს როგორიც საქართველოა, მშპ-ის ზრდის უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია. 90-იანი წლების პირველი ნახევრის კატასტროფული ვარდნის შემდეგ, საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპი თითქმის ყოველთვის ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ზრდის ტემპს უსწრებდა, თუმცა საბაზისო პერიოდის გათვალისწინებით, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე, დღესაც ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყნის, ბულგარეთის მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებია.
ყველაზე მაღალი - 12.6%-იანი ეკონომიკური ზრდა, საქართველოს 2007 წელს ჰქონდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (10.5% და 10.4%) დაფიქსირდა 2021-2022 წლებშიც. თუ შესადარებლად „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდებს ავიღებთ, 2004-2012 წლებში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 6.1%-ს შეადგენდა, 2013-2023 წლებში - 4.4%-ს. პანდემიამდე, 2019 წელს ზრდა 5% იყო, ამდენივე აქვს გათვლილი „ქართულ ოცნებას“ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც (2024 წელს - 5.2%-იანი ზრდა, 2025-2027 წლებში - 5%-იანი ზრდა). „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს თუ გავაერთიანებთ, ბოლო 20 წელიწადში ეკონომიკის ზრდის 5.2%-იან საშუალო წლიურ ტემპს მივიღებთ. ამ ტემპით, ეკონომიკა ჯამურად 175%-ით გაიზარდა. საშუალო ზრდის ტემპი 9% რომ ყოფილიყო, ჯამური ზრდა ბევრად მეტი - 460%, იქნებოდა და საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ევროკავშირის დღევანდელ საშუალო მაჩვენებელს გაუტოლდებოდა. თეორიულად, იმ შემთხვევაში, თუ ზრდა 18.9% იქნებოდა, იმდენი, რამდენიც საჭიროა 4 წელიწადში ეკონომიკის გასაორმაგებლად, მაშინ საქართველო პლანეტის უმდიდრესი სახელმწიფო გახდებოდა, გაუსწრებდა შვეიცარიას და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით პირველ ადგილს დაიკავებდა. რეალობაში კი ეკონომიკის გაორმაგებას 14 წელი დასჭირდა.
არსებობს გამონაკლისები, როდესაც რომელიმე ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 19%-ზე მეტითაც იზრდება, მაგრამ მას თავის კონკრეტული ახსნა აქვს. გაიანაში 2022 წელს ეკონომიკა 63%-ით გაიზარდა, რაც ნავთობის ახალი საბადოების აღმოჩენას უკავშირდება. 20%-იანი ზრდა იყო ფიჯიზეც, თუმცა იქამდე ამ ქვეყანაში 2021 წელს ეკონომიკა - 4.9%-ით, 2020 წელს კი 17%-ით შემცირდა. 17%-იანი ზრდა კაბო ვერდესაც ჰქონდა, რომლის ეკონომიკაც 2020 წელს 21%-ით შემცირდა, მსგავსი ვითარებაა ბაჰამიზეც. კიდევ უფრო მაღალი - 87%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2012 წელს ლიბიაში, თუმცა 2011 წელს სამოქალაქო ომის დროს ლიბიის ეკონომიკა განახევრდა და ქვეყანა 2010 წლის დონეს 87%-იანი ზრდითაც კი ვერ დაეწია.
გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკის ზრდა დინამიკაში 2003=100
წყარო: მსოფლიო ბანკი
მშპ-ის ზრდის გამოთვლისას, საწყის პერიოდს რთული პროცენტი უნდა დავარიცხოთ. თუ საბაზისო პერიოდად 2024 წელს ავიღებთ და ჩავთვლით 100-ად, 2025 წელს ის 109-მდე გაიზრდება, 2026 წელს - 118.8-მდე, 2027 წელს - 125.5-მდე, ხოლო 2028 წელს - 141.2-მდე.
მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა. მნიშვნელობა არ აქვს, საბაზისო რიცხვად 100-ს ავიღებთ, მილიონს, მილიარდს თუ ხუთ ტრილიონს, 9%-იანი ზრდის შემთხვევაში, 4 წლის შემდეგ მიღებული შედეგი საწყის მაჩვენებელზე მაინც 41%-ით მეტი იქნება და არა 100%-ით.
უნდა ითქვას, რომ ასეთი ზრდა პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა თეორიულად დასაშვები, 9%-იანი ზრდით 4 წელიწადში გაორმაგება კი თეორიულადაც შეუძლებელი. 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ეკონომიკის გასაორმაგებლად 8 წელია საჭირო, ანუ ხელისუფლებაში ყოფნის ორი ვადა და არა ერთი.
გრაფიკი 2: ეკონომიკური ზრდის თეორიული სცენარები
თუ მშპ-ის თანხობრივად მხოლოდ ნომინალში დავითვლით, მაშინ ინფლაციის დამატებით უფრო დიდი ზრდაც შესაძლებელია, მაგრამ გაძვირებულ პროდუქტში უფრო მეტი თანხის გადახდა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე არ მეტყველებს.
„ფაქტ-მეტრი“ ცხადია, ვერ შევა იმის განხილვაში, 2025-2028 წლებში ცალკეული პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, მშპ-ის ზრდის ტემპი რამდენი იქნება. თუმცა ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მათემატიკის წესები უცვლელი დარჩება და წლიური 9%-იანი ზრდით 4 წელიწადში ეკონომიკა ვერ გაორმაგდება. ამ ტემპით მიღებული შედეგი - 41%-იანი ჯამური ზრდა მნიშვნელოვნად - 2.5-ჯერ, ჩამორჩება დასახელებულ 100%-იან ზრდას. იმის გათვალისწინებით, რომ 9%-იანი ზრდით 4 წელიწადში ეკონომიკის გაორმაგება არათუ პრაქტიკულად, თეორიულადაც კი შეუძლებელია, „ფაქტ-მეტრმა“ გრიგოლ გეგელიას განცხადება შეაფასა როგორც ტყუილი, ხოლო მისი ოპონენტის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადება, რომელიც მსგავს დაშვებას უარყოფდა, შეაფასა როგორც სიმართლე.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.