USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
გოგი ლორთქიფანიძე - როგორ დავიცვათ თავი საარჩევნო პლაკატებისგან
თარიღი:  2059

2021 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევენები გველოდება, რომელსაც შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან პლებისციტი დაემატოს და ქვეყანა ისევ საარჩევნო რეჟიმში გადავა.

როგორც ვიცით არჩევნებს თავისის ატრიბუტიკა და სააგიტაციო მასალები ახლავს თან, რაც ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოს პირდაპირი მნიშვნელობით ამახინჯებს და ანაგვიანებს. საზოგადოება მუდმივად გამოხატავს ამის გამო უკმაყოფილებას, მაგრამ მისი ხმა ყოველთვის შეუსმენელი რჩება.

არჩევნების სარეკლამო კამპანიის თვალსაჩინოების ჩამონათვალი მეტად მრავალფეროვანია - ბილბორდები, პლაკატები, ბუკლეტები, სტიკერები და ა.შ.

მიუხედავდ იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი მეტ-ნაკლებად არეგულირებს ამ ატრიბუტების გამოყენება-განთავსების წესებს, ყოველი არჩევნები მიმდინარეობისას და მისი დამთავრების შემდეგ, ჩვენს ირგვლივ გარემო სხვადასხვა ფერებით აჭრელებულ საცირკო ბალაგანს ემსგავსება.

პოლიტიკური პლაკატები ყველგან - საცხოვრებელი სახლების კედლებზე, მესერებზე, განათების ბოძებზე, ხეებზე, ავტობუსის გაჩერებებზე და ა.შ.  უსისტემოდ, სადაც მოხერხდება იქ გაკრული, ერთმანეთზე გადაკრული და ჩამოხეული პლაკატები ჩვენს ირგვლივ ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც თავმოყვარე მოქალაქემ მინიმუმ მიუღებლად უნდა ჩათვალოს, ხოლო  მაქსიმუმ  იმას უნდა მიაღწიოს, რომ ეს ბალაგანი, სისტემატიურად არ მეორდებოდეს ჩვენს ქალაქებში, დაბებში და სოფლებში.

საარჩევნო კოდექსის 46 მუხლის თანახმად: პარტიული სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. ასევე აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობანაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.

ყველა დონის მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი. სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

ვერაფერს ვერ იტყვი, კანონი თითქოსდა არეგულირებს ამ საკითხს და შესაბამისად არც სანერვიულო და საპრობლემო უნდა იყოს არაფერი.

თუმცა ყველამ კარგად ვიცით რა სურათიც გვაქვს რეალურად და პერმანენტულად.

ეს პრობლემა ჩვენი ყოველდღიურობის მუდმივი თანმდევი რომ არ იყოს, მინდა მივმართო იმ პირებს ვისაც ეხება ამ საკითხის დარეგულირება, რამოდენიმე შესწორება შეიტანონ წესებში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებაც მომხრე იქნება მსგავსი ცვლილებების.

პირველი - კანონმა უნდა იკანონს და ყველა მუნიციპალიტეტის მერს მკაცრად მოეთხოვოს ერთიანი სადემონსტრაციო სტენდების განთავსება წინასაარჩევნოდ. მე პირადად მსგავსი სტენდი არასოდეს არ მინახავს, თუმცა ამას კანონი პირდაპირ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. ანუ - დადგით ყველგან საარჩევნო სტენდები და თანაბრად გამოუყავით იქ ადგილი პარტიებს.

მეორე - კერძო შენობა-ნაგებობების, სამშენებლო მესერების და სხვა ობიექტების მეპატრონეებს იმ შემთხვევაში თუ ისინი ნებას დართავენ პოლიტიკურ პარტიებს მათ კუთვნილ ქონებაზე გააკრან საარჩევნო პლაკატები, დაეკისროთ ვალდებულება არჩევნების დამთავრებისთანავე უზრუნველყონ სააგიტაციო მასალისაგან  გაწმინდონ  აღნიშნული ფართები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისროთ ადმინისტრაციული ჯარიმა, ვთქვათ 2000 ლარი.

ან ალტერნატიული წინადადება - საარჩევნო პლაკატის განთავსება გახდეს ფასიანი, ისე როგორც სატელევიზიო რეკლამის განთავსებაა ფასიანი ყველა მაუწყებელში, კეთილი ინებონ და პარტიებმაც გადაიხადონ ფული პლაკატების გასაკრავ ადილებში. თუ მეპატრონეს სურვილი აქვს უფულოდ დაუთმოს ფართი რომელიმე პარიტიას, მაშინ ეს მას ჩაეთვალოს არამატერიალურ შემოწირებულებაში, ხოლო ვალდებულება არჩევნების შემდეგ ფართის გაწმენდის შესახებ, ორივე შემთხვევაში დარჩეს ძალაში.

იმედი მაქვს, მსგავსი ცვლილებები შესაძლებელს გახდის, რომ არჩევნების პროცესი პარტიებისთვისაც თანაბარ პირობებში გაიმართოს,  ხოლო არჩევნების მიმდინარეობის და მისი დამთავრების შემდეგაც ქალაქი ქალაქს გავდეს, დაბა დაბას და სოფელი სოფელს.

გოგი ლორთქიფანიძე 

 

 

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის