- ბახმუტის სამხრეთით, კრიტიკული დასახლება კურდიუმივკისათვის ბრძოლა დაიწყო. უკრაინულმა არმიამ დასახლების შესასვლელს მიაღწია და დროშა აღმართა. თუკი უკრაინელები შეძლებენ მის გათავისუფლებას ბახმუტის სამხრეთით რუსულ ნაწილებს ძალიან დიდი პრობლემა შეექმნებათ - ბახმუტსა და სოლედარზე გამავალი სარკინიგზო ქსელი სწორედ კურდიუმივკაზე გადის. ამ მიმართულებით დიდია რუსი ტყვეების რაოდენობაც.
- რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დონეცკის ქალაქ კრამატორკსში დაბომბეს. ერთ-ერთი სამიზნე მოსახლეობით სავსე საკვები ობიექტი იყო. არის მსხვერპლი. რუსეთი ომს კვლავ ტერორის გაგრძელებით ახორციელებს.
- ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსებმა უკრაინელების მიერ დაკავებული პოზიციების დაბრუნება სცადეს, თუმცა წარუმატებლად. ბრძოლა კვლავ ოლეშკის მისადგომებთან მიმდინარეობს. უკრაინელებს ინიციატივა აქვთ. პლუს მდინარის დასავლეთ სანაპიროდან რუსულ პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა გრძელდება.
- ზაპორიჟიას ოლქში უკრაინელებმა აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ბერდიანსკი და მომიჯნავე პრიმორსკი დაბომბეს. მომარაგების ხაზებსა და ბაზებს მიღმა უკრაინელთა სამიზნე საინჟინრო ნაწილებიც წარმოადგენენ, რომლებიც რუსული ტექნიკის შეკეთებასა და აღჭურვას აწარმოებენ. გამოყენებულ იქნა Storm Shadow.
- ზაპორიჟიაში, ვასილივკას მიმართულებით, ჟერებიანკასათვის ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა ამ მიმართულებით - რუსები საბრძოლო მოქმედებების ზონაში დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალასა და ტექნიკას აგზავნიან და კონტრშეტევასაც ცდილობენ. პრაქტიკულად არ ყოფილა არცერთი ტერიტორია, რომლის დაკარგვის შემდეგაც რუსებმა კონტრშეტევაზე გადასვლა არ სცადეს. რატომაა ეს საინტერესო? არცერთი კონტრშეტევა მათი მხრიდან შედეგიანი არ ყოფილა, ხოლო ზოგადად, შეტევა უფრო ზარალიანია, ვიდრე თავდაცვაში ყოფნა. რუსები იმაზე უფრო დიდი რაოდენობით ტექნიკას კარგავენ, ვიდრე მხოლოდ თავდაცვაში ყოფნისას დაკარგავდნენ.
- ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უალესიმ აღნიშნა, რომ უკრაინელთა ტაქტიკა ჯერ კიდევ არ არის კონტრშეტევის სრულმასშტაბიანად წამოწყება და კვლავ რუსული არმიის გამოფიტვაზე არიან ორიენტირებულნი, რასაც ძალიან ეფექტურად ახორციელებენო.
- კრემლმა როსგვარდიის გადაიარაღება დაიწყო. მიხვდა პუტინი, რომ მოსკოვს ვერ დაიცავდა მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული ნაწილებით და ახლა ცდილობს გააძლიეროს თავისი მორჩილი ნაწილები. მაგრამ რაც მეტი ტექნიკა ექნება როსგვარდიას, მით უფრო ცოტა იქნება ის ფრონტის ხაზზე.
- უკრაინამ აშშ-საგან დახმარების ახალი პაკეტი უნდა მიიღოს. მასში ყველა სახის საჭირო ამუნიციაა. პრაქტიკულად, უკრაინელებს თავისუფლად შეუძლიათ ხარჯონ იარაღი რუსული სამიზნეების წინააღმდეგ. ეს კი უმნიშვნელო უპირატესობა არ არის.