USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
თბილისი
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 25 ივნისის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  1032
- უკვე მეორე დღეა რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ უკრაინელებმა მდინარე დნეპრი ანტონოვის ხიდთან გადალახეს და ფორპოსტის შექმნას ცდილობენ აღმოსავლეთ სანაპიროზე. თუკი ეს დადასტურდა, ცხადია საუბარი არ გვაქვს დიდ სამხედრო დანაყოფზე, არამედ სპეციალურ ნაწილებზე, რომელთაც კახოვკას კაშხლის აფეთქებამდეც ჰქონდათ ასეთი პოზიციის მოწყობის მცდელობა დნეპრის ერთ-ერთ კუნძულზე. მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია - მდინარე ამ მიმართულებით უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს, რუსული არმიის დიდი ნაწილი ზაპორიჟიაშია გადასროლილი, ხოლო ადგილზე მყოფი რუსი სამხედროები დემორალიზებულები არიან. ამის მიზეზი მარტო გუშინდელი ამბები ცხადია არ არის, არამედ ის, რომ კახოვკას კაშხლის აფეთქების შემდეგ მათი თანამებრძოლები წყალმა ისე დაახრჩო არც არავის გაუფრთხილებია, ხოლო დანაღმული ველები მდინარემ დატბორა და ნაღები კი გადაადგილა (პრაქტიკულად თავდაცვის ხაზი დასუსტებული აქვთ რუსებს).
თუკი უკრაინელები ანტონოვის ხიდის მიმართულებით მართლაც შექმნიან ერთგვარ საყრდენ პუნქტს, ეს აპრიორი არ მოასწავებს, რომ ძირითადი დარტყმა სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება, მაგრამ შექმნის საშუალებას, რამდენიმე მსგავსი ოპერაციის შემდეგ გამოვლინდეს ყველაზე სუსტი მონაკვეთი სანაპირო ზოლზე და სწორედ იქ განხორციელდეს ძირითადი დაწოლა.
- ბახმუტის ირგვლივ უკრაინელთა წინსვლას მიმდინარეობს. ქალაქის სამხრეთით კლიშჩიივკას დასავლეთით ტყის აბსოლუტური უმრავლესობა გაწმენდილია, რაც ნიშნავს, რომ უკრაინული დანაყოფები დასახლების გარემოცვას იწყებენ. უკრაინელები მხოლოდ დღეს ბახმუტის ირგვლივ 600 მეტრიდან 1 კილომეტრამდე წინსვლაზე საუბრობენ.
უკრაინელები დინამიურად მიიწევენ წინ ბახმუტის ჩრდილოეთითაც. ამ მიმართულებით მათ ძალიან ცოტაღა აშორებთ მდინარე ბახმუტკასა და დასახლება ბლაჰოდატნემდე (ამ სახელით ბევრი დასახლებაა უკრაინაში), რომლის მეორე მხარესაც რკინიგზის სადგური "სილი" მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ "სილი" ქალაქი სოლედარის ნაწილია, რომლის ასაღებადაც ექვსი თვე, ასობით ტექნიკა და ათასობით ცოცხალი ძალა გაიღეს რუსებმა. გეტყვით, რომ სოლედარისა და მისი გარემოცვის შტურმში "ვაგნერის" გარდა გრუ-ს სპეცრაზმიც კი მონაწილეობდა, რეგულარებთან ერთად.
- ლუგანსკში დღეს სამეთაურო შტაბი უკრაინული სარაკეტო დარტყმის შემდეგ განადგურებულ იქნა. სავარაუდოდ, კვლავ გამოყენებულ იქნა ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow.
- ზაპორიჟიას ქალაქ ბერდიანსკში რუსები არასრულწლოვნებზე ნადირობენ. მათ უკვე მოკლედ ორი ახალგაზრდა, რომელთაც პარტიზანულ აქტივობაში სდებდნენ ბრალს. ერთ-ერთმა 16 წლის ახალგაზრდა გმირმა ორი რუსი სამხედრო მოკლა სანამ მას მოკლავდნენ.
- კახოვკას კაშხლის ტერიტორია ძირითადად მთლიანად გამოშრა. ცალკეულ მონაკვეთებში მიწა ისეთ მდგომარეობაშია არათუ ლამი, არამედ სისველეც კი აღარ შეინიშნება. პრაქტიკულად გაჩნდა მყარი მიწა, რომელიც მანამდე სულ წყალს ჰქონდა დაფარული.
- ინტენსიური ორმხრივი იერიშები მიმდინარეობს ქალაქი დონეცკის შემოგარენში. უკრაინელებმა ქალაქში რუსულ საოკუპაციო ძალების შტაბზე მიიტანეს საარტილერიო დარტყმა. თავის მხრივ რუსები გააფთრებულად უტევენ ქალაქ მარიინკას, დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით. მეორეს მხრივ, უკრაინელები ცდილობენ არამხოლოდ 2022 წლის 24 თებერვლამდე პოზიციებზე გასვლას, არამედ 2014 წელს დაკარგულ მიწებზე გასვლას. ამჯერად შეტაკებები პერვომაისკისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან პისკის შორის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. რუსები არტილერიას არ ზოგავენ უკრაინელთა შესაჩერებლად.
- გამალებული დარტყმები მიმდინარეობს რუსულ საარტილერიო პოზიციებზე. პრაქტიკულად კონტრბატარეულ ბრძოლაში უკრაინელები ჯაბნიან რუსებს. ანუ, რუსული არტილერია საიდანაც ისვრის იმ ადგილის აღმოჩენა უსწრაფესად ხდება და საპასუხო დაბომბვა ხორციელდება ამ მიმართულებით, რომელიც ზედმიწევნით ზუსტია.
- რუსებმა კვლავ სცადეს კონტრშეტევაზე გადასვლა კრემინას ტყის მიმართულებით, მდინარე ჩრდილოეთის დონეცის სიახლოვეს, ლუგანსკის ოლქში, მაგრამ დიდი დანაკარგებით დაიხიეს უკან.
- ბრიტანული დაზვერვა უკრაინელთა დინამიურ წინსვლაზე მიუთითებს. ნელი, მაგრამ ორგანიზებული პროცესია რუსული პოზიციების ჩამოშლა ისე, რომ ძალის მხოლოდ მინიმუმი აქვთ ჩართული უკრაინელებს.
- საინტერესო შეფასება წავიკითხე დასავლელ მკვლევართა მიერ: პუტინი იმდენად ჩაფრენილია ძალაუფლებას, რომ სადაც ტერორისტ-ბუნტისტებს დაუზავდა, ადრე თუ გვიან უკრაინელებსაც ჩააბარებს ყველაფერს და დაუზავდება, რადგან მშიშარა და ძალაუფლების მოყვარულიაო. პუტინი რომ მშიშარაა ეს ახალი ამბავი არ არის (მისი ბიოგრაფიიდან ბევრი ისტორიაა ამ თემაზე), მაგრამ დაზავებამდე მივა საქმე თუ "კეთილ ნებამდე", ან რა მოხდება რუსეთში - ამას დრო გვიჩვენებს და აუჩქარებლად უნდა დავაკვირდეთ.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
მსოფლიო
European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, ევროპელები აშშ-ს უფრო მეტად მიიჩნევენ საფრთხედ, ვიდრე ჩინეთს

POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.

2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.

მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.

ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.

„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.

POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.

European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.

ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.

იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.

გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.

გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.

„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).

ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.

თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.

გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.

ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.

„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.

ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.

„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.

გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.

მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის