USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
თბილისი
გიორგი ალადაშვილის ღვინის გზა
თარიღი:  2067

"ადამიანი, რომელიც დინების წინააღმდეგ მიცურავს" - ალბათ ეს იქნებოდა ყველაზე შესაფერისი სათაური ამ ინტერვიუსთვის, რადგან მეღვინე გიორგი ალადაშვილმა ყველაფერი ნულიდან დაიწყო, შემდეგ თავისი გატაცება – ქართული ღვინის დაყენება - მილიონდოლარიან ბიზნესად აქცია და დღეს, ევროპისა და აზიის ბაზრებზე, 11 ათას ბოთლ ქართულ ღვინოს ყიდის.

გიორგი, როგორ მიხვედით მეღვინეობამდე?

ნულიდან დავიწყე საქმიანობა, არც მამა-პაპის დატოვებული ქონება მქონია, ერთ დღეს უბრალოდ გადავწყვიტე, საკუთარი მევენახეობა მქონოდა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა და, რაც მთავარია, ქვეყანას გამოადგებოდა. ზუსტად ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი ამისათვის. 23 წლის ვიყავი, შვეიცარიაში რომ წავედი სამუშაოდ. საქართველოში 90-იანი წლები იყო, აქ ხან ბენზინგასამართ სადგურებში ვმუშაობდი, ხან კიდევ სად. მერე მივხვდი, ასე შორს ვერ წავიდოდი და ახალი შესაძლებლობები უნდა მომენახა. ასე მოვხვდი შვეიცარიაში. საბედნიეროდ, მოვძებნე ერთი ღვთისნიერი ადამიანი, რომელთანაც ფერმაში დავიწყე მუშაობა. დაახლოებით წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ იმდენად მოვწონდი ამ ადამიანს, ჩემი გამოშვება აღარ უნდოდა. მე მაინც მსურდა, ღვინოსთან მქონოდა კავშირი და მისთვის მემუშავა, რადგან ღვინო ადამიანია, მას შეუძლია გაბედნიერება და მე მინდოდა, სხვისი გაბედნიერების საშუალება მქონოდა. თუკი შვეიცარიაში რაიმე კურსი იყო მეღვინეობის მიმართულებით, ყველაფერი გავლილი მაქვს, პრაქტიკის თვალსაზრისითაც ყველა შესაძლებლობა გამოვიყენე ამ დარგში და მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში მიზნისა და მიზეზის კონკრეტული ცოდნით, რა და რატომ უნდა მეკეთებინა. პირველ რიგში მიზანი იყო, წარმომეჩინა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ ისეთი ხარისხიანი ღვინით, როგორიც რეალურად ვაწარმოეთ და ახლაც ვაწარმოებთ.

როგორ მოიყვანეთ სისრულეში თქვენი გეგმები საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ?

ჩამოსვლისთანავე პირველი ის გავაკეთე, რომ პაპისეული ადგილი მოვიძიე, დაახლოებით 0.4 ჰექტარი იყო. სულ მალე კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიწა შემოვიერთე და 3 ჰექტარამდე გავზარდე.

ეს ყველაფერი თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში ხდებოდა. მეურნეობას “რუისპირის ბიოდინამიკური მეურნეობა” დავარქვი. საქართველოში რომ დავბრუნდი, 12 000 დოლარის დანაზოგი მქონდა, ამ თანხით ძველი ქართული ტრადიციული ჯიშების ვაზის გაშენება დავიწყე, ჩემივე ხელით დავაყენე ქვევრის ღვინო და შედეგად ისეთი მეურნეობა შევქმენი, რომელიც უკვე მეორე წელს თავის თავს ინახავდა. ადამიანები მოდიოდნენ და ზუსტად იცოდნენ, ისეთ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას ან სიამოვნებას მიიღებდნენ, რომ ამისთვის აუცილებლად რაღაც თანხა უნდა დაეტოვებინათ. ელემენტარულად, ჩვენი წახალისებისთვის მაინც. ძალიან მინდოდა, სოფელს ისეთი სივრცე ჰქონოდა, რითაც მას დაიმახსოვრებდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. დღეს მართლაც ასეა, ევროპაში რომ ჩავდივარ, გიორგის კი არა, რუისპირს მეძახიან. დაახლოებით ერთ წელიწადში ინტერესი უკვე საკმაოდ მაღალი იყო.

გქონდათ კონკრეტული ბიზნესგეგმა, თუ როგორ შეაჩვევდით საზოგადოებას ეკოლოგიურად სუფთა, ბიოდინამიკური ღვინის ყიდვას? თავიდანვე გქონდათ თუ არა სურვილი და მიზანი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაგეტანათ თქვენი პროდუქტი?

კონკრეტული გეგმა არ მქონია, ერთადერთი ვიცოდი, რომ ქვეყნის მევენახეობაში უნდა გაჩენილიყო ისეთი მიმართულება, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დარგს ძალიან წაადგებოდა. ეკოლოგია და მომავალ თაობებზე ზრუნვა იყო ამოსავალი წერტილი. ზუსტად ვიცოდი, რომ სწორედ ზემოთ ხსენებული ფაქტორები განაპირობებდა რუისპირისა და შვეიცარიის რომელიმე ქალაქის ბმას. ღვინის ხარისხი იყო ამოსავალი წერტილი. ცხადია, ხარისხიანი ღვინის წარმოება დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეს რესურსი ამოღებასა და მეტიც, მოგებაზე გათვლილი უნდა ყოფილიყო. ყველაფერი წინასწარ მქონდა დათვლილი და ზუსტად ვიცოდი, როდის და რამდენი ბოთლით უნდა გამეზარდა წარმოება. მეღვინეობა- მევენახეობა ისეთი დარგია, თუ კარგად არ დათვალე და გათვალე, აუცილებლად წარუმატებელი იქნება შენი საქმე.

შვეიცარიასთან მინდოდა ბმაში ვყოფილიყავიო, მითხარით. მოძებნილი გყავდათ ის კომპანიები თუ პერსონები, რომლებიც თქვენს ღვინოს იყიდდნენ და, ასე ვთქვათ, დატოვებდნენ ბაზარზე?

საქართველოში ყოფნის პერიოდშიც სისტემატიურად დავდიოდი სტაჟირებებზე შვეიცარიაში, ანუ კავშირი ამ ქვეყანასთან მუდმივად მქონდა და მეტიც, ეს კავშირი ისევ და ისევ საქართველოს პოპულარიზაციისთვის იყო მოგებიანი. თუ იქ ორი კვირით ვრჩებოდი, მაქსიმალურად ვიყენებდი ამ დროს, რომ მათთვის ქართული პროდუქცია გამეცნო. მიმქონდა ჩურჩხელა, თაფლი, გოზინაყიც გამიკეთებია და წამიღია, მურაბები, ჩირები, კარდაკარ დავდიოდი ისეთ ადგილებში, სადაც მაღალი კლასის პროდუქტებს ყიდიან - ასეთი ბევრია შვეიცარიაში. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ არათუ პროდუქცია, ჯერ ქვეყანა გამეცნო ამ ხალხისთვის. ფსიქოლოგიურად რთულია, ათი მაღაზიიდან არც ერთი რომ არ დაინტერესდება, კი გაგიღიმებენ, მაგრამ ასე, ზრდილობიანი უარით გისტუმრებენ, თუმცა მოცდა და მოთმენა ღირდა და ღირს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც მომისმინეს, გასინჯეს და დეგუსტაციიდან ტაშით გამაცილეს. ისეთებიც მობრუნებულან, ვინც უარით არაერთხელ გამომისტუმრა და აი, როცა ასეთები ბრუნდებიან, აქ უკვე ხვდები, რომ ეს ბაზარი გარკვეულწილად შენია.

ასეთი სკეპტიციზმი იყო ქართული ღვინის მიმართაც?

პირველ წელს ჩირებით, ჩურჩხელებით და ამგვარი პროდუქტებით დავიწყე ბაზარზე შესვლა, ღვინოც შევიტანეთ, მაგრამ ძალიან ცოტა, ფაქტობრივად, 600 ბოთლი. ამ რაოდენობის რეალიზაცია სირთულესთან არ იყო დაკავშირებული. დღეს ეს ციფრი უკვე 11 000-ია. შევედით რქაწითელით, იყო ხიხვი, რომელიც ახმეტაში მომყავდა და ქისი. თვითონ მეურნეობის ადგილმდებარეობის კუთხითაც დივერსიფიცირებულად ვმოქმედებდით, არა მარტო რუისპირის ღვინოს ვაწარმოებდი, არამედ სხვადასხვა სოფლის. მთელი კახეთი მოვიცავით. შემდეგ იყო უკვე დასავლეთი, ახლა კი ვაზი უკვე რაჭაშიც გვაქვს.

დღეს უკვე როგორია თქვენი ღვინის წარმადობა და ცნობადობა შვეიცარიისა თუ სხვა ქვეყნების ბაზარზე?

ამჟამად ღვინის ძირითადი პარტია შვეიცარიაში გადის, გაგვაქვს ასევე სინგაპურში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიასა და საფრანგეთში. ზუსტად ახლა შვეიცარიაში 7200 ბოთლი ღვინო გავგზავნე. ეს ღვინო არ არის დაბალფასიანი, თითო ბოთლი მინიმუმ 50-60 ფრანკად იყიდება. ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, წლევანდელი კალკულაციით 117 000 ლარს გასცდა არსებული გაყიდვებით მიღებული შემოსავალი, გარე რეალიზაციიდან, რასაკვირველია, უფრო მეტია სარგებელი. 600 ბოთლით დავიწყე, ახლა კი 11 000 ბოთლზე ავედით.

და ეს რაოდენობა მთლიანად ღვინის ბარებსა და მაღაზიებზე მოდის?

მე უკვე მყავს ჩემი “private” კლიენტები, ვინც ერთი წლით ადრე მაძლევს შეკვეთას. გვწერენ, რომ უნდათ ამა და ამ კონკრეტული ჯიშების გასინჯვა პირობითად მომავალი წლის მოსავლიდან და მე ამ ღვინოს ვუგზავნი მათ. შეიძლება სამი ჯიშის ღვინო უნდოდეთ, შეიძლება - ერთი. ჩემი ღვინის წარმოების 70 პროცენტი პრემიუმ- კლასზე მოდის, დანარჩენი 30 ოდნავ დაბალი კლასის ხაზზე. დღეს იმდენად მოთხოვნადია ჩემი ღვინო, ამ მომენტშიც უკვე აღარ არის მარაგი, ყველა გაყიდულია.

საინტერესოა, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ წლების განმავლობაში შვეიცარიაში პარტნიორობას გიწევდნენ და შეიძლება ითქვას, რომ თქვენს წარმატებაში წვლილი მიუძღვით?

ნიკოლა და იზაბელი არიან ის ადამიანები, ვინც მე ბევრი საკითხის სწორად დანახვაში დამეხმარა. თუმცა მნიშვნელოვანია ამ სწორად დანახულს როგორ განახორციელებ, აქ უკვე მარტო ხარ და ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. სხვათა შორის, ამ ადამიანების დახმარებით ძალიან ჩავუღრმავდი საკუთარ თავს და ბევრ მომენტს, ჩემი ცხოვრებიდან თუ პიროვნებიდან გამომდინარე, გვერდიდან შევხედე. გარდა იმისა, რომ მეღვინეობა- მევენახეობა მაქვს ნასწავლი, შემიძლია ვთქვა, რომ დიდი გამოცდილება მაქვს ადამიანების ფსიქოლოგიის შესწავლის კუთხითაც. ადამიანმა ზოგადად ბევრი უნდა იმოგზაუროს, ბევრი ქვეყანა ნახოს და სხვანაირად გადააფასებს რაღაც-რაღაცებს.

რისი დამსახურებაა, თქვენი აზრით, ის, რომ დღეს ქართულ ბიოდინამიკურ ღვინოს შვეიცარიაში უკვე სიამოვნებით მიირთმევენ, მოთხოვნა კი მხოლოდ და მხოლოდ მზარდია?

ვენახში ჩემი საქმიანობის პარალელურად მარკეტოლოგიც მე ვიყავი და პიარ- სპეციალისტიც. საღამოს ვახშმის დროს ფოტოებს ვტვირთავდი სოციალურ ქსელებში, ზარებს ვპასუხობდი, დღესაც ასეა, პირადად ვპასუხობ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვინც რეკავს. ცხადია, ახლა უკვე მისამართდებიან სხვა ადამიანებთან, მაგრამ პირველი ეფექტი და შთაბეჭდილება ჩემს მეურნეობაზე მე უნდა მოვახდინო. იცით, რატომ ვიქცევი ასე? იმიტომ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ აქვთ წვდომა და პირდაპირი კავშირი მათთან, ვინც ჯანსაღ პროდუქტს ქმნის. არ მინდა მისტიკურ მასპინძლად ვიქცე ვინმესთვის, პირიქით. შექებაა თუ პრეტენზია, მე უნდა მოვისმინო მათგან.

გიორგი, საინტერესოა, რომელი სეგმენტისთვის არის განკუთვნილი “რუისპირის ბიოდინამიკური მეღვინეობის” ღვინო?

მხოლოდ პრემიუმ- კლასისთვის. საქართველოში ჩემი ღვინის ერთი ბოთლის ფასი, მინიმუმ, 50 ლარიდან იწყება, გაყიდვების უმეტესი წილი კი დაახლოებით 90-100-ლარიან ღვინოებზე მოდის. რაც შეეხება ზოგადად წარმადობას, საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 30 პროცენტი მოდის, დანარჩენი უცხოეთში გადის. აქაც გვყავს პირადი კლიენტები, რომლებიც იწერენ ჩემს ღვინოს. ეს კატეგორია დაახლოებით ათ პროცენტს ფარავს, დანარჩენი ოცი კი ჩვეულებრივად გადის ქსელში გასაყიდად.

გარდა იმისა, რომ ვენახი გააშენეთ რუისპირში და ამან, ფაქტია, შედეგი გამოიღო არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე, თქვენი მონაყოლიდან ჩანს, რომ თქვენი ბიზნესის კონცეფცია ცდება ბიზნესის ჩარჩოებს და ერთგვარი საკომუნიკაციო ადგილია ქართველებისა და უცხოელებისთვის. და მაინც, რა შექმენით რუისპირში?

ამ სოფელში ოთხი წლის წინ არაფერი არ იყო. პატარა მდინარე ჩამოდიოდა, ამ მდინარის პირას ხევი იყო და სწორედ იქ შევქმენი ადგილი, სადაც შეგიძლია მიხვიდე, დაისვენო, გაეცნო სოფლის მეურნეობის ნებისმიერ დარგს, მეფრინველეობით დაწყებული, მეფუტკრეობით და მებოსტნეობით დამთავრებული. მთავარია, რომ აქ ადამიანებს შეუძლიათ მოიპოვონ სიმშვიდე, რაც ყველას ასე გვაკლია. გარდა ამისა, აქ ჩამოსულ ადამიანებს ეძლევათ საშუალება, ისწავლონ, იმუშაონ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი სარგებლისთვის გათვლილი საქმე, აქ ორმხრივი ინტერესი და სიამოვნებაა. ხელი ხელს ბანს, ორივე კი პირსო, ხომ გაგიგიათ. მიხარია ისიც, რომ ამ სფეროში საქმიანობის დაწყების მსურველები ჩვენთან მოდიან და რჩევას გვეკითხებიან, ანუ გარკვეულწილად მათ საკონსულტაციო სერვისსაც ვუწევთ.

ცალსახად საინტერესო ისტორია გაქვთ და ეს გარკვეული გარემოებების გარდა თქვენი პიროვნული მიზანდასახულობის დამსახურებაც იქნება. როგორ ფიქრობთ, უფრო გუნდური მოთამაშე ხართ თუ ინდივიდუალურად გირჩევნიათ საქმიანობა?

შემიძლია აბსოლუტურად მარტომ ვაკეთო საქმე, მადლობა ღმერთს, ეს არასდროს გამჭირვებია, თუმცა ასევე შემიძლია არაჩვეულებრივად ვიმუშაო გუნდთან ერთადაც. ახლა გუნდურად ვმუშაობთ. პრაქტიკამ მანახა ის, რომ თუ გუნდს ვერ კრებ საქმის დასაწყისში, მარტომაც უნდა შეძლო საქმის გაკეთება. თუ შუა პროცესში გუნდი შემოგეცალა, დამოუკიდებლად უნდა შეძლო საქმის გაგრძელება. დავუშვათ, კონკრეტულმა კადრმა დატოვა სამუშაო, მე როგორ ვერ უნდა შევძლო მისი საქმის შეთავსება, არ მესმის! ასე არ გამოდის ბიზნესი.

რა მიდგომა გქონდათ, განსაკუთრებით დასაწყისში, როდესაც გადაწყვიტეთ, რომ, არც მეტი არც ნაკლები, შვეიცარიაში გაგეტანათ ღვინო?

ლოგიკა და მხოლოდ და მხოლოდ ლოგიკა. რასაკვირველია, ვერ ვიტყვი, რომ ლოგიკურ მიდგომას ასიდან ასივე შემთხვევაში სასურველი შედეგი მოაქვს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ამართლებს და მეც ასე ვუდგები ყველა საკითხს. ასევე არ უნდა იყო ჩარჩოებში მოქცეული და მოკლევადიან მოგებაზე ორიენტირებული. შეიძლება შენ მიერ განხორციელებული ინვესტიცია კონკრეტულ ეტაპზე დიდად გეჩვენებოდეს და ერთ–ორწლიან პერიოდში წაგებიან ხარჯად, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ათმაგი სარგებელი მოგიტანოს. მე განვეკუთვნები კატეგორიას, რომელიც ფიქრობს, რომ თუ რამე საქმეს დაიწყებ, ის აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანო. თუ ვინმე ამაში ხელის შეშლას დააპირებს, შემოიკრიბე თანამოაზრეები და იყვირე ამის შესახებ.

ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც გინანიათ, რომ საქმიანობა საქართველოში გიწევდათ?

საქართველო და აქ არსებული მდგომარეობა უკან მხევს დღესაც. მე რომ მივდივარ და ჩემს ქვეყანას ვაპიარებ საზღვარგარეთ, აქ ამ დროს ისეთ ვითარებას ქმნიან სახელმწიფოში, რომ შვეიცარიის კონფედერაციაში აქ ჩამოსვლის მსურველ ქალბატონს ურჩევენ, მარტო არ ჩამოვიდეს აქ, რადგან საშიშია. ის ერთი ქალი ერთით ნაკლები თანხის შემომტანია ქვეყანაში. რატომ უნდა ხდებოდეს ისე, რომ საქართველოში ტურისტს თავისი ქვეყანა არ უშვებდეს რაიმე გაფრთხილების გარეშე? მე რომ ევროპაში მივდივარ, ასეთ გაფრთხილებას ხომ არავინ მაძლევს. პირადად მე საქართველოშიც დაცული ვარ, მაგრამ ეს არ ვრცელდება უცხოელ ვიზიტორზე. აქ მე მხოლოდ უსაფრთხოებას არ ვგულისხმობ, არამედ ზოგადად დამოკიდებულებას - რაღაც ჩემთვის რომ ლარი ღირს და უცხოელისთვის ათი ლარი, აი, ამაზე მაქვს საუბარი. თითოეული ადამიანი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ საკუთარი სამშობლოს ელჩი უნდა იყოს.

ბოლო წლების ტენდენცია და რიცხვები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თქვენი ბიზნესი კიდევ უფრო განვითარდება. უახლოესი მომავლის რა გეგმები აქვს “რუისპირის ბიოდინამიკურ მეურნეობას”?

ბაზრის მოთხოვნებს მივყვები. ზუსტად ვგეგმავთ, რა მხრივ უნდა განვვითარდეთ. მათ შორის აუცილებლად უნდა განვავითაროთ სტუმრების დასარჩენი სივრცეები და ეს ნიში. აქ საუბარი მაქვს ნებისმიერი რანგისა და მიზნის მქონე სტუმარზე. აუცილებლად განვავითარებ სწავლების მიმართულებასაც, რაც უმნიშვნელოვანესია. იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აშენებული საწარმოებიც. სერიოზულად ვფიქრობ და აუცილებლად განვახორციელებ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოების პროექტს. ვაწარმოებთ პიურეებს, ხილფაფებს, წვენებს და, რაც მთავარია, ყველაფერი იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი პროდუქტებით ნაწარმოები. ამ კუთხითაც მზად ვარ, ყველაფერი ნულიდან დავიწყო, ისე როგორც სხვა შემთხვევებში, თუნდაც ღვინის წარმოება, დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში სრული დატვირთვით გადასვლის შესაძლებლობა მაქვს და გარკვეულწილად უკვე კარგად აეწყო ბიზნესი იქაც, არ მინდა, საქართველოს სრულად მოვწყდე. ჩემი ნებისმიერი პროექტი იმდენად ინოვაციური და სწრაფად მზარდია ხოლმე, რომ ორ- სამ წელიწადში უკვე კარგად დგას ფეხზე. ბავშვთა კვების საწარმოს მაქსიმუმ ხუთი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ ერთ წელიწადში უკვე 30-40 ადამიანი იქნება დასაქმებული საწარმოში.

ალბათ შვეიცარიასთან მიმართებითაც გექნებათ გეგმები, რადგან ბაზარი ამდენად მოითხოვს თქვენს პროდუქციას.

რაც შეეხება ღვინოს და შვეიცარიას, კარგი სიახლეა ის, რომ შვეიცარიაში სიმბოლურ ფასად გადმომეცა ადგილი, სადაც გავაკეთებ მარანს, ჩავდგამ ქვევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას და აქაურობის ადგილზე ნახვას, იქ მოვუწყობ პატარა საქართველოს, თავისი ღვინით, სხვადასხვა პროდუქტითა თუ კულტურული ღონისძიებებით. ეს პროდუქტები ამავდროულად შვეიცარიის სხვადასხვა მაღაზიაში განაწილდება. 2020-ში ასევე დაგეგმილია, რომ 50-მდე ღვინის მეწარმე შვეიცარიაში ჩაიტანს 600 ბოთლ საკუთარ ღვინოს და ეს ყველაფერი სწორედ იმ სივრცეში გაიყიდება, რომელიც მე თქვენთან ახლა ვახსენე. ამით 50 ადამიანის ოჯახსა და ჯიბეში შევა ფინანსები, რომელიც მათ შიდა მეურნეობებს განავითარებს. მე ვფიქრობ, რომ ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელმაც არაფრიდან რაღაც შევქმენი, ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება.

ხედავთ თუ არა თავს სხვა, აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროში?

ჩემნაირ ადამიანს ასეთი ცვლილებების გარეშე ცხოვრება არც შეუძლია. ამიტომ მე ჩემს თავს ნებისმიერ დარგში ვხედავ. ზუსტად ვიცი, რომ გუნდური მუშაობით თუ ინდივიდუალურად არაერთ საქმეს და გამოწვევას შემიძლია, შევეჭიდო. მე ვარ ადამიანი, რომელსაც გავლისას თუ რაღაცას ერთხელ ასწავლიან, გამოვლისას უკვე ჩემით გავაკეთებ. დღეს მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რადგან რაც კი ჩემი ასაკის ადამიანს შეეძლო ამ ცხოვრების წესიდან, არსებული პირობებიდან და ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემოდან გამომდინარე, იმაზე მეტი შევძელი, რისი საშუალებაც იყო და თან სულ ცარიელი ხელებით

ელენე ჩომახიძე

წყარო: forbes.ge

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის