USD 2.6942
EUR 3.1282
RUB 3.3717
Tbilisi
გილოცავთ მირქმის (მიგებების) ბრწინვალე დღესასწაულს
Date:  

მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია. იგი ერთსა და იმავე დღეს, 15 თებერვალს აღინიშნება და უძრავ დღესასწაულთა შორის შედის. სიტყვა “მირქმა” გულში ჩაკვრას ნიშნავს. “მირქმის” დღესასწაულის შესახებ “ამბიონს” წმიდა სამების სახელობის ტაძრის დეკანოზი იაკობ აბაშიძე ესაუბრა:

მამაო, როდიდან დაიწყო დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნა? მანამადე რატომ არ აღინიშნებოდა?

ეს დღესასწაული VI ს-მდე არ აღინიშნებოდა იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, აუცილებელ დღესასწაულად არ მიიჩნევდნენ. მაგრამ მოხდა ასეთი რამ: ანტიოქიაში დაიწყო საშინელი მიწისძვრები. ამ მიწისძვრების შემდგომ იქაურ პატრიარქს გამოეცხადა უფალი და ამცნო, რომ ეს დღესასწაული უნდა აღნიშნულიყო უფრო მაღალფარდოვნად. ამის შემდგომ შემოიღო საქრისტიანომ მირქმის დღესასწაულის აღნიშვნა, რომელსაც ერთსა და იმავე დღეს ვზეიმობთ ყოველთვის. ანუ ქრისტესშობიდან მე-40 დღეს, როცა ებრაული ძველი აღთქმის რჯულის თანახმად ყველა პატარა ბიჭი თუ გოგონა უნდა მიეყვანათ ტაძარში და ღვთისათვის მსხვერპლი შეეწირათ. დღეს ქრისტიანულ სამყაროში, ახალ აღთქმაში ეს დამკვიდრდა, როგორც ბავშვის ნათლობა. მაშინ კი მსხვერპლის შეწირვა ხდებოდა. მირქმა უძრავ დღესასწაულთა შორის შედის.

 

ვინ იყო სვიმეონი და რატომ მოხდა ისე, რომ მას სიკვდილი არ ეწერა, სანამ უფალს, მაცხოვარს არ იხილავდა?

ეს სწორედ ლუკას სახარებაში არის ნათქვამი, რომ იყო ვინმე მართალი კაცი, სახელად სვიმეონი, რომელიც სულიწმიდისაგან მოელოდა ნუგეშინისცემას ისრაელისასა და იცოცხლა ძალიან დიდხანს, დაახლოებით 300 წლამდე. იმ პერიოდში ეს უკვე გასაკვირი წლები იყო. პტოლემეოს II-ს, ეგვიპტის მეფეს, იგივე ფილადელფოსს, რომელიც მწიგნობარი და ძალიან განათლებული ადამიანი იყო, ჰქონდა ძალიან დიდი ბიბლიოთეკა. მან გადაწყვიტა, რომ ებრაული ენიდან ძველი აღთქმის წიგნები სულ ეთარგმნა ბერძნულ ენაზე. ამიტომ მოიწვია იერუსალიმიდან მთარგმნელი მწიგნობრები, ამავე დროს, ბიბლიის მცოდნე პიროვნებები. 72 ადამიანი შეკრიბა. მათ უნდა ეთარგმნათ ებრაულიდან ბერძნულ ენაზე ეს წიგნები, რაც შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა. ამით მართლაც ძალიან დიდი საქმე გააკეთა. შეიძლება წარმართი იყო, მაგრამ სულიწმიდა ხშირად წარმართებსაც აუწყებდა ჭეშმარიტების ქმნას და ბევრი მათგანი მოექცა კიდეც. მოხდა ისე, რომ 72 თარჯიმანთა შორის იყო სვიმონ მართალიც. ყველამ გაინაწილა ძველი აღთქმის წიგნები, სულ 49 წიგნია და მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი შეხვდა სათარგმნად. ესაია საოცარ სიტყვებს ამბობს: ეჰა, ქალწული მიუდგეს და შვას ძეი და უწოდიან სახელად მას ემმანუელ, რომელიც თარგმანებით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი! ანუ ეს სიტყვა გვამცნობს იმას, რომ ქალწულისაგან უნდა იშვას მომავალი მესია და მას სახელად დაერქმევა არა ადამიანი, არამედ ჩვენთან მოსული ღმერთი. ეს წინადადება გვამცნობს, რომ, ერთი მხრივ, ქალწულისაგან უნდა იშვას და მეორე, რომ ის იქნება ღმერთი კაცის სხეულში მოსული. აი, ეს არის მთელი სიმძაფრე, მაგრამ, როგორც ჩანს, ამგვარ განმარტებას მაშინ ამ დონეზე, ბუნებრივია, კაცობრიობა ვერ შეიცნობდა, ამიტომ სვიმეონ მიმრქმელის მომენტმა, თუნდაც მისმა ამ შეცდომამ, ისევე, როგორც შეცდომამ თომა მოციქულისამ, გამოამჟღავნა, გაამკვეთრა და უფრო დააჯერა მთელ საქრისტიანოს ქრისტეს აღდგომა. სვიმონის შეცდომამ გამოიწვია კეთილი ნაყოფი. ესაიას ეს სიტყვები გამძაფრდა და უფრო მეტად გასაგები გახდა ყველასათვის. როცა მივიდა იმ ადგილას, სადაც წერია, რომ ქალწული უნდა მიუდგეს, ანუ დაფეხმძიმდეს, გაუკვირდა, ქალწული როგორ უნდა დაფეხმძიმებულიყო, ან როგორ უნდა ეშვა ძე?! არადა ქალწული ეწერა. იფიქრა, რომ აქ დედანში უნდა ყოფილიყო შეცდომა და დაიწყო ჩასწორება. როგორც ოდესღაც აბრაამს, როცა აპირებდა შვილის, ისააკის დაკვლას, უფლის ძახილზე მისივე ნებით ანგელოზი გაუჩერებს ხელს და ეტყვის, რომ შეიწირა ღმერთმა მისი ასეთი თავგანწირულობა, აი, აქაც, ზუსტად მკლავს გაუჩერებს სვიმეონს, როცა ჩასწორებას მოინდომებს და ბიბლიას, ფაქტიურად, შერყვნას დაუპირებს. ამას უფალი არ დაუშვებს და სულიწმიდის მადლი დღემდე ბიბლიის შერყვნის უფლებას არავის მისცემს, ვინც არ უნდა სხვანაირად დაბეჭდოს. დედანში მაინც ჭეშმარიტებაა და ეს ყველასათვის ცნობილია, რა არის დედანში. ასევე, სულიწმიდა და ანგელოზი ყოველთვის იცავდა ამ ყოველ წერტილ-მძიმეს. როგორც იოანეს სახარება ამბობს: ვინც ერთი იოტა დაუმატოს, მას ღმერთი დაუმატებს წყლულებს და ვინც მოაკლოს, მოაკლებს ცხოვრების წიგნისაგან. სვიმეონს ეს უნებლიედ მოუვიდა, რაც მონანიების შემდგომ ეპატია და დღეს წინასწარმეტყველი და წმიდანია. და მოხდა ისე, რომ ანგელოზმა გაუჩერა მკლავი და უთხრა: არ დაწერო ეს, რამეთუ ის, რომელიც უნდა მოვიდეს, მართლაც ქალწულისაგან იქნება და არ მოკვდები მანამ, სანამ მაცხოვარს საკუთარი თვალით არ იხილავ. ასეთი სიკეთის სასჯელი მოუვლინა მას უფალმა, მსგავსად ზაქარიასი, როცა დასაჯა, რომ არ დაილაპარაკებდა მანამ, სანამ არ დაინახავდა თავის ძეს მეუღლისაგან შობილს. სახარებაში ნათქვამია, რომ ელოდა იგი სულისაგან წმიდისა ნუგეშს. და მართლაც, სულიწმიდა ეუბნება მას: მოხუცო, ადექი, რას ზიხარ, ისწრაფე, მოვიდა ის ტაძრად, ვისაც შენ ელოდი და ელოდები, რომ განგიტევოს, ანუ გარდაიცვალოო იმიტომ, რომ იმდენად მძიმე იყო ეს კეთილი სასჯელი უფლისაგან მოვლენილი მისთვის, რომ დასნეულდა, მოხუცდა, აღარ შეეძლო თავისი სხეულის ზიდვა, რადგან მაცხოვარმა წლები გადაუმეტა. წლების გადამეტება, ერთი მხრივ, თითქოს კარგია. ერთმანეთს ვუსურვებთ ხოლმე დიდხანს სიცოცხლეს, მაგრამ ხორცში დიდხანს სიცოცხლე, ბუნებრივია, ძნელია, რადგან ხორცი წარმავალია და ელოდა ხსნას, რომ უფალი განუტევებდა მას და გარდაიცვლებოდა. ამიტომ იწყება მისი სიტყვები ასე: “აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით“… და მივიდა ტაძრად და გამოარჩია უამრავ დედა-შვილს შორის ღვთისმშობელი და მესია.

მამაო, წმიდა სვიმეონმა როგორ ამოიცნო უამრავ დედა-შვილს შორის ღვთისმშობელი და მაცხოვარი?

სულიწმიდამ აუწყა მას ამის შესახებ. წინასწარმეტყველისათვის ეს არ არის რთული. მას რომ ჰკითხო რაიმე სხვა, შეიძლება ვერ გიპასუხოს, მაგრამ რასაც ღმერთი უცხადებს, ყველაფერი იცის. რახან მან მოუხმო, მანვე აჩვენა. მივიდა, ქალწულ მარიამს გამოართვა ხელიდან მაცხოვარი, მიიქვა გულსა შინა თვისსა, ანუ ხელში აიყვანა და გულზე მიიკრა, რასაც მირქმა ჰქვია. სიტყვა “მირქმა” გულში ჩაკვრას ნიშნავს ახალ ქართულად. ამ დროს სვიმეონმა საოცარი სიტყვები წარმოთქვა: როგორც დამპირდი, განმიტევე, რადგან ვიხილე შენი ღვთაებრიობა, შენი მაცხოვარება, მესიობა. მაცხოვარი ნიშნავს მხსნელს, მაცხოვნებელს. ეს იხილა მან და იხილა ჩვენთან მოსული ღმერთი, როგორც ამას ესაია ამბობდა. ანუ მან დაიჯერა ორი რამ: ერთი, რომ მესია მოვიდა ხორცში და მეორე, რომ ქალწულისაგან იშვა. ანუ მის შეცდომაში ქალწულის უბიწოებაზე იყო საუბარი უფრო მეტად. ამის შემდგომ სთხოვს, რომ განუტევოს. ეს საგალობელი დღემდე ეკლესიაში იგალობება ლიტურღიაზე. სვიმეონი აგრეთვე ამბობს, თუ ვინ იქნება მაცხოვარი, რომ იგი მრავალთა დაცემად და აღმადგინებლად მოდის, ანუ აქ განკითხვაზეა საუბარი. ამავე დროს უფალი მოვიდა სიტყვის საგებად ყველასათვის. ანუ ადამიანთა წინაშე მას ევალება ძალიან დიდი რამ. ღმერთი განხორციელდა, როგორც პავლე მოციქული ქადაგებს, განკაცდა და მისი ერთ-ერთი მოვალეობაა, განიკითხოს მსოფლიო ბოლო ჟამს და მრავალი დასცეს და მრავალი აღადგინოს, ანუ აცხოვნოს. შემდგომ ამისა ღვთისმშობელი მარიამის მიმართ ამბობს: და შენს სულშიდაც განვალს მახვილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალწულისაგან მოსული თესლი დაამარცხებს სწორედ გველს, ანუ ეშმაკს, უფალი ადამიანებს გაამარჯვებინებს და ადამის ცოდვას გამოისყიდის. ბიბლიაშივე ადამთან საუბრისას უფალი ამბობს, რომ ქალწულისაგან მოსულ მესიას მოუწევს გველის დამარცხება, ოღონდ რა გზით? – ჯვარცმითა და აღდგომით. და ამიტომაც ეუბნება ღვთისმშობელს წინასწარ ყრმა იესოზე: შენს სულში ოდესღაც მახვილი გაივლის, შვილის ჯვარცმას საკუთარი თვალით იხილავ, რათა განცხადნეს მრავალთაგან გულთა ზრახვანი. ანუ თუ არ მოხდება და თუ უფალი არ დაუშვებს ამ მომენტს, რომ ასეთი საშინელება მოხდეს კაცთაგან, მაშინ არ განცხადდება, ვის რა აქვს გულში. ქვეყანაზე ბოროტება ხშირად უფლის დაშვებითაც ხდება, რომ გავარჩიოთ, რა არის ცუდი და რა – კარგი და მაცხოვარი ამ ცუდს ყოველთვის იყენებს ისევ ჩვენდა სასიკეთოდ. ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა, ბუნებრივია, აღდგომას კი – ამაღლება და დაჯდომა მარჯვენით მამისა. უფალმა ეს იმიტომ დაუშვა, რომ მამის ნება იყო და ადამის ცოდვაც უნდა გამოესყიდა ისევ ადამიანს, ოღონდ უცოდველს. რადგან უცოდველი აღარავინ იყო, ამიტომ ღმერთი მოვიდა კაცის სხეულში, განკაცდა და როგორც მეორე ადამმა, გამოისყიდა პირველი ადამის ცდომილება.

ამ დღესასწაულს სიხარულთან ერთად მწუხარებაც თან სდევს…

რა თქმა უნდა, რადგან სვიმეონი აღესრულა ამ დღეს და ბუნებრივია, ღვთისმშოლის სევდის გამო. არსებობს ხატი, სადაც ღვთისმშობელს შვიდი ისარი აქვს გულთან ახლოს. ეს სწორედ ესაიას სიტყვებზეა შექმნილი, რომ ადამიანის ნებისმიერი ცდომილება, ხორციელი ცოდვები თუ სხვა, ყველაფერი ეს არის ისარი წმიდა მარიამის მიმართ მიმართული.

ყრმა იესოს მიეახლა წმიდა ანაც, 90 წლის ქვრივი, თაყვანი სცა იესოს და სვიმეონთან ერთად ქადაგებდა იერუსალიმის ტაძარში მაცხოვრის შემობრძანებას. გვიამბეთ ანა წინასწარმეტყველის შესახებ…

წმიდა ანა ფანუელის ასული იყო. მხოლოდ შვიდი წელი გახლდათ ქმართან ნაცხოვრები. მეუღლის აღსრულების შემდეგ აღარ განეშორებოდა ტაძარს. ეს არის, შეიძლება ითქვას, პირველი სახე მონაზვნობისა. თუმცა ქალწულ მონაზვნობის სახე თავად ღვთისმშობელი მარიამია და კაცთა შორის – მაცხოვარი. ანა წინასწარმეტყველი სახეა მონაზვნად აღკვეცილი განათხოვარი ქალბატონებისა. ეს იყო პირველი შემთხვევა, რადგან მანამდე ებრაელური წესით ბავშვები მხოლოდ 13-დან 14 წლამდე იზრდებოდნენ ტაძარში, შემდეგ აუცილებლად უნდა გათხოვილიყვნენ. ამიტომაც მოუწია ღვთისმშობელს იოსებზე დაქორწინება და ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი მსოფლიოში, რადგან წმიდა მარიამი პირდაპირი გაგებით კი არ გაათხოვეს, არამედ რჯულის დაცვის მიზნით და ის უნდა ყოფილიყო მორჩილი იოსებისა, იოსები კი – მისი მფარველი. რადგან ქალწულისაგან უნდა შობილიყო მესია, ამიტომ მანამდე, ანუ ღვთისმშობლამდე ქალწულ მონაზვნობა საერთოდ არ შეიძლებოდა, რადგან ეშმაკი შეეცდებოდა, რომ გენეალოგია ქრისტესი შეეჩერებინა სწორედ იმ ქალწულთან, ვინც გახდებოდა მონაზონი და აღარ დაბადებულიყო მესია. უფრო მეტიც, თუ ძმას მოუკვდებოდა ძმა, გარდაცვლილი ძმის მეუღლე უნდა შეეთო ცოლად მეორე ძმას, რომ არ დარჩენილიყო ქალი უშვილოდ. ამის გამო მრავალცოლიანობაც დაშვებული იყო. ქალწულმონაზვნობა კი მხოლოდ ღვთისმშობელი მარიამის შემდეგ შემოვიდა საქრისტიანოში.

მეორმოცე დღეს დედას ეკითხება განწმედის წესი და ბავშვი ინათლება. რა უნდა გახდეს ამის შემდეგ ყოველი ადამიანის ცხოვრების მიზანი და შინაარსი?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიდება უფლის მიმართ უნდა გამოხატოს ყველა ლოცვაში. ლოცვა უფლის დიდებით იწყება. აი, თუნდაც “მამაო ჩვენო.” ჩვენ უფალთან მისვლა სათხოვარით არ უნდა დავიწყოთ. ჯერ მაცხოვარი უნდა ვადიდოთ, მადლობა ვუთხრათ იმისათვის, რომ იგი მოევლინა ქვეყანას, კაცობრიობა არ მიატოვა ჭირში და იხსნა თავისი ჯვარცმით. ბუნებრივია, უნდა ვიყოთ დამცველი მარხვისა, რადგან სწორედ მარხვა ასახავს ქრისტეს ვნებების განცდას ადამიანში, ოთხშაბათს იუდას გაცემის დღეა, პარასკევს – მაცხოვრის ჯვარცმისა. ყოველ კვირას ვიხსენებთ ამ დღეებს და ვმარხულობთ. ასევე, არსებობს დიდი მარხვები და 5 ერთდღიანი მარხვა. ეს ყველაფერი მიდის იქით, რომ, პირველ რიგში, მოძღვარი უნდა ავიყვანოთ, ამის შემდეგ აღსარება ვთქვათ და ეს ყველაფერი ზიარებით დავაგვირგვინოთ. მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ წესების დაცვის მიზნით, არამედ ამით ჩვენ ვუერთდებით ღმერთს. მიზანი უნდა იყოს უფალთან ახლოს ყოფნა. მარხვითა და ლოცვით განიდევნება ეშმაკი და შეუვრდებით ქრისტეს.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way