USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
გიგა ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა
თარიღი:  

დღეს გამოიკვეთა, რომ ქართველი ადამიანის არაადამიანურად სიკვდილში, პირველ რიგში, რუსები არიან დამნაშავეები, - ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ განაცხადა.

„დღეს ნამდვილად იზეიმა სამართალმა. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის, ქართველი ადამიანის მოკვლისთვის, რუსეთს პასუხისმგებლობა ააღებინეს. დღეს გამოიკვეთა ის, რომ ქართველი ადამიანის არაადამიანურად სიკვდილში, არაადამიანურად სიცოცხლის გამოსალმებაში პირველ რიგში, დამნაშავეები არიან რუსები“, - აღნიშნა ჯულიეტა ჭანტურიამ.

ადვოკატ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმე მოიგეს და რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.

„გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში. რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა. გიგა ოთხოზორიას საქმე იყო ჩემი პირველი საქმე, რომელიც სტრასბურგში ვაწარმოვე...

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ჯულიეტა ჭანტურიას და ნინო მატკავას, რომლებიც იძულებული იყვნენ ჩვენების აღების დროს დეტალურად გაეხსენებინათ გიგას მკვლელობის დეტალები, რაც ძალიან მძიმე იყო.

ჩემი იდეა იყო ამ საქმეში მომჩივანი ყოფილიყო არა მხოლოდ გიგა ოთხოზორიას დედა ან მეუღლე, არამედ მთელი ოჯახი, მათ შორის ბავშვებიც. სიმბოლურია, რომ დღეს ბავშვებმა მოიგეს ეს ბრძოლა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ, სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას. მაშინ, როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსაზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ, რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!“, - წერს გიორგი ტაბატაძე.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ ე.წ. მესაზღვრეებთან მოუვიდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა, თუმცა, მას ე.წ მესაზღვრეები დაედევნნენ, მათ შორის იყო რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც ოთხოზორიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა.

საიამ, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, 2018 წელს მიმართა.

 

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის