USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
თბილისი
გია გაჩეჩილაძე - ღმერთმა განსაზღვრა, რომ შევხვედროდი ზურაბ ჟვანიას, რომელმაც ჩამრთო პოლიტიკაში
თარიღი:  1199

“თბილისი პოსტი” გთავაზობთ ინტერვიუს „მწვანეთა პარტიის“  გენერალურ მდივანთან, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან გია გაჩეჩილაძესთან.

„მწვანეთა პარტია“ საქართველოში მოქმედ პარტიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და დიდი ისტორიის პარტიაა. 30 წელია, რაც „მწვანეთა პარტია“ საქართველოში გარემოსდაცვით პოლიტიკას ქმნის და ქვეყანაში ყველა გადამწყვეტ,  მნიშვნელოვან  პროცესში  მონაწილეობს. 

„მწვანეთა პარტიის“ გენერალური მდივანი გია გაჩეჩილაძე ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია, იმის მიუხედავად, რომ ქართული პოლიტიკის სიმძიმე საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა, 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნების მარათონში  კვლავ ჩაერთო.  როგორც თავად ამბობს, მოტივაცია აკეთოს საქმე, აძლებინებს ქართული პოლიტიკის მძიმე კულისებში  და ამაყობს იმ კანონებით, რაც პირადად მისი და „მწვანეთა პარტიის“ „ანგარიშზეა“ - „მწვანეთა პარტიამ“ გია გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით შექმნა კანონები, რომლებმაც  გარემოს დაცვა ქვეყანაში  მნიშვნელოვან პრიორიტეტად აქცია და 1995 წლის  კონსტიტუციაში შევიდა ჩანაწერი, რომლის მსგავსი მსოფლიოს არც  ერთ კონსტიტუციაში არ არის, მუხლი,  რომელიც  ქვეყანაში ეკოლოგიური გარემოს დაცვის  გარანტიებს უზრუნველყოფს.

 გია გაჩეჩილაძე: პოლიტიკაში ჩართვამდე მეცნიერის მშვიდი და საინტერესო ცხოვრება მქონდა. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ბუნებრივი რესურსების განხრით.  უნივერსიტეტში სწავლის  პერიოდში ძალიან  დიდი სურვილი მქონდა, რომ  სამუშაოდ დავრჩენილიყავი  კათედრაზე, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე,  ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. კათედრაზე დარჩნენ ისინი,  ვისაც  გავლენიანი პატრონი ჰყავდა, მე იმის მიუხედავად, რომ ძლიერი და საუკეთესო სტუდენტი ვიყავი ფაკულტეტზე და აქტიურად ვმონაწილეობდი სამეცნიერო კონფერენციებში, კათედრაზე  არ დამტოვეს.  საბჭოთა კავშირში გარემოს დაცვის პრობლემებს და ეკოლოგიას ნაკლები  ყურადღება ექცეოდა, ძირითადი აქცენტი სამრეწველო განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებზე იყო გადატანილი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მოვხვდი ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში,  რომელიც იყო  ცენტრი ამიერკავკასიაში  გარემოს დაცვის, ჰიდრომეტეოროლოგიის და სხვა  მიმართულებებით. გავიარე  ყველა საფეხური: ვიყავი ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ -მუშაკი, მეცნიერ-თანამშრომელი, ბოლოს კი -  ეკოლოგიის განყოფილების  გამგე. ეს ყველაფერი ტიტანური შრომის ფასად გავიარე. განყოფილების გამგედ დამნიშნეს იმიტომ, რომ ჩემს დარგში  ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერებათა დოქტორი მთელ საბჭოთა კავშირში.  საქართველოში არ იყო  ამ დარგში სადოქტორო საბჭო,  დისერტაციის  დაცვა მომიწია როსტოვის ჰიდროქიმიის ინსტიტუტში.

როდესაც თბილისში ჩამოვედი, მეცნიერებათა აკადემიაში მივედი დიპლომის ასაღებად. იქ   დამხვდა მამაკაცი, რომელმაც  დიპლომი  მაგიდაზე „დამიგდო“, გულნატკენი წამოვედი. ახალგაზრდა ვიყავი,  ჩემთვის ეს  დიდი წარმატება იყო, ვფიქრობდი, სხვებიც გაიზიარებდნენ გულწრფელად ჩემს სიხარულს და მომილოცავდნენ ამ ამბავს, მაგრამ ასე არ მოხდა. კონკურენტებთან მიმართებაში არც მაშინ იყო საქართველოში  მარტივი დამოკიდებულება, ასეთი დამოკიდებულების წინაშე ბევრჯერ აღმოვჩნდი შემდეგ წლებშიც,  როდესაც უკვე პოლიტიკაში ჩავერთე. ჩემმა ხანგრძლივმა ცხოვრებამ მაჩვენა ერთი რამ -  სამწუხაროდ, ძალიან ბევრს არ მოსწონს გვერდით წარმატებული ადამიანის ყოფნა, მათ ურჩევნიათ, წარუმატებელი ადამიანების გარემოცვაში იყვნენ,  სადაც თვითონ გამოჩნდებიან მაგრები. პოლიტიკაშიც ასეა. ყველა ცდილობს მოიშოროს ჭეშმარიტი პოლიტიკოსი, პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანი,  რომ თვითონ ამ ფონზე გამოჩნდეს უფრო მაგარი.

-  თუმცა თქვენ მოახერხეთ ყოფილიყავით  ოთხი მოწვევის  პარლამენტის წევრი და ამ არჩევნებზეც  თქვენი ხელმძღვანელობით „მწვანეთა პარტია“ კვლავ  მონაწილეობს  საპარლამენტო არჩევნებში. როგორ  დაუკავშირეთ მეცნიერმა  ცხოვრება პოლიტიკას?

- „მწვანეთა პარტიაში“ მოვხვდი სრულიად შემთხვევით. ჯერ კიდევ ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის განყოფილების გამგე ვიყავი, როდესაც ჩემმა მეგობარმა მითხრა, მუშტაიდის ბაღში კონფერენციაა სოფლის მეურნეობაში სასუქების გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით და ხომ არ წამოხვალო. მე იქამდე „მწვანეთა პარტიასთან“ შეხება არ მქონდა, არ ვიცნობდი ზურაბ ჟვანიას რომელიც  იმ დროს ხელმძღვანელობდა „მწვანეთა პარტიას“. ზურა  ჩემზე  ახალგაზრდა იყო. მივედით კონფერენციაზე, სადაც ცხარე კამათი გაიმართა პროფესიულ საკითხებზე.  ძალიან დამაინტერესა  ამ მოძრაობამ,  მერე ზურაბმაც მთხოვა, ხომ არ ითანამშრომლებ  ჩვენთანო და ასე შევრჩი „მწვანეთა პარტიას“, რომელიც ჩამოყალიბდა მოძრაობის სახით 1988 წელს შოთა რუსთაველის საზოგადოებაში. ამ გუნდში თავიდანვე   შეიკრიბნენ პროფესიონალები და მაღალი დონის მეცნიერები - გივი თუმანიშვილი, ნანა ნემსაძე.  მწვანეთა პარტია ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით და საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულებით. „მწვანეთა პარტია“  ევროპის მწვანეთა პარტიის დამფუძნებელი  და  საბჭოს წევრი  პარტიაა.

 

იმ პერიოდმა განსაზღვრა ჩემი მომავალი ცხოვრება. იქამდე პოლიტიკასთან შეხება  არ მქონდა და არც ვფიქრობდი ამ მიმართულებით.   ყველაფერი უფლის ნებაა და ღმერთმა განსაზღვრა, რომ შევხვედროდი ზურაბ ჟვანიას.  შემდეგ განვითარდა  ყველასთვის კარგად ცნობილი  მოვლენები. 1992 წლის პარლამენტში  მოვხვდი „მწვანეთა პარტიის“ სიით. საოცარი რამ მოხდა.  სიაში ვიყავი  მეთოთხმეტე, მაგრამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც ჩემ წინ იყო სიაში და ასე  შემთხვევით მოვხვდი პარლამენტში, სადაც  ვიმუშავე გარემოს დაცვით კომისიაში, მოადგილედ.  ასე ნელ-ნელა  ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში.  „მწვანეთა პარტიის“  ზურგზე გადაიარა   რთულმა პროცესებმა, რაც იმ წლებში ხდებოდა  ქართულ პოლიტიკაში. 1992 წელს „მწვანეთა პარტიის“ ფრაქციაში იყო 11 ადამიანი, ფრაქციის შემადგენლობა 14  წევრამდე გაიზარდა, ეს იყო ძალიან დიდი ძალა, რამაც  სახელმწიფოს მისცა საშუალება მიგვეღო კონსტიტუცია 1995 წელს. „მწვანეთა პარტიამ“ დიდი როლი შეასრულა სტაბილურობის თვალსაზრისით. იმ  პარლამენტში  იყო 27 პოლიტიკური ორგანიზაცია, ნულოვანი ბარიერის პირობებში, როდესაც ერთ ამომრჩეველს შეეძლო 2-3 პარტიისთვის ხმის მიცემა, ბარიერის გადალახვა არ იყო პრობლემა, ამას გარდა  საჭირო იყო  ქუჩაში არსებული დესტაბილიზაციის თავიდან არიდება და ამ მიზნით  ყველა ძალის შესვლა  პარლამენტში, რომ პროცესები  უფრო ცივილურად განვითარებულიყო. ეს იყო პარლამენტი, სადაც  დეპუტატები ავტომატებით დადიოდნენ, თუმცა მაინც მოხერხდა კონსტიტუციის მიღება, რამაც საფუძველი დაუდო ქვეყნის შექმნას. კონსტიტუცია რომ არ მიგვეღო,    ქვეყანა ვერ შედგებოდა, იქნებოდა სრული ანარქია.  კონსტიტუციამ განსაზღვრა სახელმწიფო მოწყობა, რამაც  მოსპო არაფორმალური დაჯგუფებები,  ჩამოყალიბდა ოფიციალური სტრუქტურები.  1995 წლის კონსტიტუციაზე დაყრდნობით ედუარდ შევარდნაძემ მოახერხა და სახელმწიფო  გაასუფთავა კრიმინალური ჯგუფებისგან.

-  წლები  ხელმძღვანელობდით გარემოს დაცვის მიმართულებას, როგორ იქმნებოდა გარემოს დაცვითი პოლიტიკა იმ წლებში?  

- გარემოს დაცვითი პოლიტიკის შექმნა დაიწყო 1995 წლიდან. როდესაც პარლამენტი შეიკრიბა  1992 წელს  კანონშემოქმედებისთვის არავის ეცალა. პარლამენტში იყო  24 საათიანი ჩხუბი და აყალ-მაყალი. ერთადერთი კანონი, რაც მივიღეთ  იმ წლებში იყო კანონი ნიადაგების დაცვის შესახებ, რომელიც დღესაც მოქმედია. ეს მნიშვნელოვანი კანონი იყო,  რადგან იმ პერიოდში  ნიადაგების მოხსნის  და საზღვარგარეთ გატანის  შემთხვევები ძალიან ხშირი იყო.    

ყველაზე მეტად მეამაყება, რომ მწვანეთა პარტიის ძალისხმევით  1995 წელს მიღებულ კონსტიტუციაში შევიდა  ჩემი დაწერილი მუხლი   გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. ეს იყო 37-ე მუხლი, რომელიც ახალ კონსტიტუციაში უცვლელად გადმოვიდა  29-ე მუხლის სახით.   ეს იყო პირველი პრეცენდენტი,  მსოფლიოს ვერც ერთ კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ასეთ ჩანაწერს, რომელიც არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში  ქვეყანაში ეკოლოგიური გარანტიების შესახებ,  რამაც შემდგომ საფუძველი ჩაუყარა მთელ კანონმდებლობას და იმ რეფორმას, რომელიც  შეიქმნა და გატარდა  გარემოსდაცვით სფეროში. ყველა ძირითადი და ფუნდამენტალური კანონი ჩვენი ხელით არის დაწერილი. ეს იყო წყლის კანონი,  წიაღისეულის კანონი, ტყის კოდექსი, კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ, კანონი  წიაღის შესახებ. სამწუხაროდ,  ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ გაანადგურა  და მოსპო ეს კანონმდებლობა, მათ  წარმოუდგენელი  საშინელებები  ჩაიდინეს გარემოს დაცვის სფეროში. არაფერი არ დატოვეს  კანონებიდან, ისე  „გამოშიგნეს“ ყველა კანონი.

2006 წელს შემოიღეს მრავალწლიანი იჯარა, ირანულ, თურქულ ფირმებს 20-25 წლიანი იჯარით მისცეს ტყის მასივები, რამაც მოსპო საქართველოს ტყეები. გასატანად ჭრიდნენ საუკეთესო ჯიშებს,  166 ათასი ჰექტარი ტყე მისცეს 70 ფირმას მრავალწლიან სარგებლობაში,  რისი გაუქმებაც ჩვენ შევძელით 2014 წელს. როდესაც ევროპელ პარტნიორებს ამის შესახებ ვეუბნებოდით, დაჯერება უჭირდათ. ჩვენ შევქმენით გარემოს დაცვის  ფუნდამენტალური კანონი, რომელშიც 2011 წელს შეიტანეს ცვლილება და დაამატეს თავი, შეთანხმება  გარემოს დაცვის სფეროში. ეს იყო ბარბაროსობა გარემოს მიმართ.  ამ ცვლილებებით  თუ კომპანია ფულს წინასწარ გადაიხდიდა, მას თითქმის ყველაფერის უფლება ეძლეოდა გარემოს დაცვის სფეროში,  ეს იყო ტოქსიკური ნივთიერებების მდინარეებში  ჩასხმა, ჰაერში გამონაბოლქვის დაშვება, ნებისმიერი ქმედების საშუალება  დაცულ ტერიტორიებზე და ა.შ.  მაგალითისთვის მოვიყვან ბოლნისის რაიონს, რომელსაც ანადგურებდა მადნეულის გადამამუშავებელი წარმოება, 20 მილიონი დოლარი ჰქონდა კომპანიას გადახდილი და ყველაფრის უფლება ჰქონდა. ეს ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. სასამართლომ  2012 წელს გააუქმა  ეს  მუხლი, როგორც კონსტიტუციასთან შეუსაბამო მუხლი.  საკონსტიტუციო  სასამართლოს მოსამართლეები გაოცებას ვერ მალავდნენ ამის გამო, ეს იყო ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი  დანაშაული.

- თქვენს პოლიტიკურ კარიერაში იყო რთული პერიოდებიც, როგორ გახსოვთ დღეს ის პროცესები?  

- ასეთი პერიოდები რა თქმა უნდა ბევრი მახსოვს,  ძალიან რთული იყო  ჩემთვის  ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება საეჭვო პირობებში. ზურა   იყო  დიდი მასშტაბის პოლიტიკოსი, რომ დაცლოდა ბევრ რამეს შეცვლიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს რომ არ მომხდარიყო,  ამიტომ მოიცილეს ის  თავიდან. ასევე ძალიან მძიმე იყო ის დღე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მითითებით „მწვანეთა პარტია“ მუშტაიდის ბაღში მდებარე   ოფისიდან გამოგვყარეს, თან როგორი ფორმით?!  250  შეიარაღებულმა სპეცნაზელმა ალყა შემოგვარტყა, მთელი ჩვენი ქონება სანაგვეზე გადაყარეს, დაამტვრიეს, დალეწეს  ჩვენი კომპიუტერები. ჩემთვის ყოველთვის მძიმე იყო ღალატი, რის წინაშეც პოლიტიკაში ბევრჯერ აღმოვჩნდი,  ღალატი სამწუხაროდ,  ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი რამ არის.

- თქვენ მუშაობდით დაცული ტერიტორიების  და ეროვნული პარკების კონცეფციაზე,  რაც დღეს ქვეყნის ტურისტული პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია.  როგორ მოხდა ამ  პროექტების განხორციელება? 

-  როდესაც დაცული ტერიტორიების კონცეფციაზე დავიწყეთ მუშაობა ძალიან ბევრი წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით.  ეს არ იყო იოლი ამბავი. პირველად შეიქმნა ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი, ეს იყო გერმანული გრანტით გაკეთებული პროექტი. იმ ჯგუფებმა, რომელთაც მორები გაჰქონდათ საქართველოს ტყეებიდან, აგვიბუნტა ადგილობრივი მოსახლეობა, მათ ატყუებდნენ, ტყეში არ შეგიშვებენო, რის გამოც დიდი წინააღმდეგობა გვქონდა.  ჩვენ ავაშენეთ  ტყის მიმდებარედ დროებითი ძალიან ლამაზი ნაგებობები, რომელიც გადაწვა მოსახლეობამ,  მაგრამ  მაინც მოვახერხეთ ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა.  დღეს ამ ტერიტორიებიდან,  სადაც უამრავი ტურისტი ჩადის მოსახლეობას  შემოსავლები აქვს. ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის შემდეგ გაკეთდა კოლხეთის ეროვნული პარკი, სადაც  ასევე დიდი წინააღმდეგობა შეგხვდა ტორფის მომპოვებელი ფირმებისგან.  ჩვენ ვმუშაობდით კანონზე ცხოველთა სამყაროს შესახებ, ჩავატარეთ რეფორმა სამონადირეო რეგულაციებთან დაკავშირებით.  საბჭოთა კავშირში არსებობდა უზარმაზარი ორგანიზაცია მონკავშირი, რომელიც ძალიან მდიდარი ორგანიზაცია იყო. ტყეებს ფლობდნენ. ამ ერთი კანონით ჩვენ ცივილიზებული სახე მივეცით ნადირობას, რაც ახლა დასაშვებია   წესების დაცვით სატყეო მეურნეობებში.  ჩვენ მაშინ არავითარი ვალდებულებები არ გვქონდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის,  თუმცა ჩვენ მიერ მიღებული კანონები, ძალიან იყო დაახლოვებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან.  როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი,  ჩვენ მიერ მიღებულ  კანონებში  მხოლოდ  კოსმეტიკური ცვლილებების შეტანა დაგვჭირდა იმდენად ახლოს იყო ჩვენი კანონმდებლობები.  ორი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ნაციონალური ხელისუფლების მიერ დანგრეული კანონმდებლობა აღგვედგინა და ნორმალურ მდგომარეობამდე  მოგვეყვანა. ეს რთული პროცესი  იყო.  გარემოს დაცვის სფერო იმდენად დიდია და იმდენად ბევრ კანონს მოიცავს, ერთ კანონში ცვლილების შეტანა, მოითხოვს პარალელურად 60 მდე კანონში ცვლილების შეტანას, რაც დიდ სამუშაოებთან არის დაკავშირებული.

-  რა გეგმები აქვს „მწვანეთა პარტიას“ და როგორია პარტიიის სამოქმედო პროგრამა  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ? 

 - ჩვენთვის ახლა მთავარია საქართველო  გამორჩეული ქვეყანა იყოს არა მარტო დემოკრატიული იმიჯით,  ევროპისკენ სწრაფვით და ნატოში გაწევრიანების  მზაობით, ჩვენ გვინდა რომ საქართველოს ჰქონდეს განსაკუთრებული ადგილი მთელ მსოფლიოში, რაც არის ჩვენი პარტიის სამოქმედო გეგმის და საარწევნო პროგრამის მთავარი ნაწილი.  საქართველო უნდა გახდეს ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა ყველა მიმართულებით:  სამრეწველო თვალსაზრისით, სოფლის მეურენობის  და კვების  პროდუქტების, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით და ა.შ. ჩვენ უკვე ჩადებული გვაქვს გარკვეული საფუძველი ამ მიმართულებით, მაგალითად, სოფლის მეურენეობის მიმართულებით, 2015 წელს საქართველოში აიკრძალა გენმოდიფიცირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ეს უდიდესი ნაბიჯია, რომლისკენაც 20 წელი მივდიოდით.

პროცესი  დავიწყეთ 1995 წელს, როდესაც ამერიკულმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ შემოიტანა გენმოდიფიცირებული კარტოფილი. ჩვენ ვაიძულეთ  ეს ფირმა  წასულიყო ქვეყნიდან და უკან  გაეტანა თავისი  პროდუქცია. მხოლოდ  2015 წელს მოხერხდა  კანონის მიღება, რის საფუძველზეც  დღეს აკრძალულია გენმოდიფიცირებული პროდუქტები.  დღეს უკვე მოქმედებს ეკოლოგიურად  სუფთა პროდუქციის კანონმდებლობა,  მიღებული  გვაქვს ბიომეურნეობების შესახებ კანონმდებლობა, ჩვენ გვინდა სტიმულირება  მივცეთ ადგილობრივ ფერმერებს, რომ მოხდეს ამ მიმართულების განვითარება  საქართველოში, ფერმერებმა  აწარმოონ ბიოპროდუქცია, რომელზეც ევროკავშირში დიდი მოთხოვნაა.

 „მწვანეთა პარტიას“ 30 წლის ისტორია აქვს. პარტიას ჰქონდა ბევრი ნაყოფიერი  და წარმატებული პერიოდი  თავისი არსებობის  განმავლობაში.  ჩვენ ვართ სტრუქტურულიზებული  ორგანიზაცია საქართველოში.  ჩვენ ვართ დაკავშირებული ევროპის პოლიტიკურ სისტემასთან,  გვაქვს  ფრაქცია ევროპის პარლამენტში. ეს იშვიათი მოვლენაა საქართველოს პოლიტიკური სპექტრისთვის.  სამწუხაროა,  რომ ჩვენთვის საინფორმაციო ველი  ღია არ არის, სამწუხაროდ, ქართულ  პოლიტიკაში ხმაურიანი პარტიები უფრო მეტად ახერხებენ მუდმივად იყვნენ საინფორმაციო ველზე, ვიდრე პროფესიული, საქმეზე ორიენტირებული პარტიები.

- მეცნიერების ნოსტალგია გაქვთ? 

-  რა თქმა უნდა, მეცნიერება გაძლევს მშვიდად მუშაობის საშუალებას,  რაც არ ახასიათებს პოლიტიკას, პოლიტიკაში მუდმივად დაძაბული ხარ. ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე  დიდი   მახასიათებელი არის  უსამართლობა.მუდმივი კონკურენციის პირობებში  ყოველთვის არის მცდელობა დაასუსტონ, დაამცირონ პარტიები, რომლებიც საქმეზე არიან ორიენტირებული,  სხვათაშორის ამას  მხოლოდ ოპონენტები არ აკეთებენ, ამაზე ხშირად არსებული პარტნიორი პარტიებიც კი არ ამბობენ უარს. ეს რთული პროცესია, გულწრფელად გეტყვით, ამას ბევრი გამძლეობა სჭირდება. პოლიტიკური  ბულინგის შედეგად წავიდა ედუარდ შევარდნაძე, ამის გამო ბევრმა პოლიტიკურმა  პარტიამ დაიხურა ქუდი  და გავიდა ასპარეზიდან.  ძალიან მოტივირებული უნდა იყო,  რომ ქართული პოლიტიკის სირთულეს  და სიბინძურეს გაუძლო.  თუ ჭეშმარიტი პოლიტიკოსი ხარ  და პოლიტიკა შენთვის არის ასპარეზი ემსახურო ქვეყანას, ეს ამსუბუქებს სიტუაციას. როცა იცი,  რომ ერთი აგური მაინც გაქვს დადებული ქვეყნისთვის, შეძლებ, რომ  გაძლო. ჩვენმა პარტიამ გააკეთა უზარმაზარი  საქმე გარემოს დაცვაში. ჩვენ შევქმენით   გარემოსდაცვითი პოლიტიკა,   ჩავატარეთ საკანონმდებლო რეფორმა, შევიტანეთ ცვლილებები კონსტიტუციაში და განვსაზღვრეთ  სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით. ეს დიდი მოტივაციაა,  გააგრძელო გზა.  ჩემი  შეგნებული ცხოვრების ფაქტიურად ნახევარი   ამ ბრძოლაში გავატარე.  იმის მიუხედავად, რომ ვიცი, ბევრს არ მოვწონვართ ჩვენი წარმატებების გამო, რაც  ბოლო ორ  ათეულ წლებში გვქონდა, მაინც კმაყოფილი ვარ გავლილი გზით, ეს მაძლევს საშუალებას და ძალას, კვლავ  დავრჩე  პოლიტიკაში.

ხანდახან ძნელია შეეგუო და არ გამოხატო პროტესტი იმ უსამართლობის გამო, რაც შენ საწინააღმდეგოდ ხდება.  როგორც პოლიტიკოსს მაქვს თმენის ვალდებულება, და ეს ყოველთვის მახსოვს, მაგრამ  ხანდახან  ვერ ვახერხებ თავის შეკავებას.  ძნელია არ გამოხატო შენი დამოკიდებულება, მით უფრო,  როდესაც ხედავ რომ  ვიღაც თაღლითები, ფულის ტომრები, ცდილობენ თავი წარმოაჩინონ შენი დამცირების ხარჯზე. არ დავასახელებ კონკრეტულ  სახელ-გვარებს, მაგრამ ახალშექმნილი პარტია ორ მილიონს რომ დახარჯავ მარტო პიარში, ასეთ ადამიანს რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს  ხელისუფლებაში მოსვლის?  ეს ხომ ყველასთვის ნათელია. მე დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც სამშობლოს სიყვარული მთავარი ღირებულება იყო. ეს ოჯახი მაძლევს გამძლეობას დღესაც.  მამაჩემი ამბერკი გაჩეჩილაძე იყო  ცნობილი  ლიტერატურმცოდნე, პროფესორი,  უამრავი სახელმძღვანელოს ავტორი. დედა ექიმი პედიატრი იყო. ჩემი უფროსი დაც  - ფილოლოგი, პროფესორი. ჩვენს ოჯახში ქვეყნის სიყვარული, ლიტერატურის, კულტურისადმი დამოკიდებულება იყო განსაკუთრებული. მამაჩემი მეგობრობდა ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან, მისი ახლო მეგობრები იყვნენ იოსებ გრიშაშვილი, ჩვენს სახლში მოდიოდა გოგლა ლეონიძე.  პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს როგორ საუბრობდნენ საქართველოს მომავალზე. ამან განსაზღვრა ჩემი ცხოვრება.  საბჭოთა კავშირში სტიმულირების მიზნით  მეცნიერებათა აკადემია  აგარაკებით უზრუნველყოფდა მეცნიერებს, ჩვენ გვქონდა პატარა აგარაკი  წაღვერში,  სადაც ჩვენ გვერდით  ცხოვრობდნენ  აკადემიკოსები  სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი  ჭოღოშვილი,ავლიპ ზურაბიშვილი. სამშობლოს სიყვარული ამ ხალხისგან ვისწავლე, ეს არის  ჩემი შინაგანი მოტივაცია. საქმისადმი დამოკიდებულება, რისი დეფიციტიც არის ჩვენს ქვეყანაში.

ძალიან მაწუხებს, როდესაც ვხედავ  თუ ვის აქვს ახალ პარლამენტში მოხვედრის შანსი. ეს  პარლამენტი, რომელიც ახლა შედგება   წინასწარ ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე,  მახსენებს 90- იანი წლების პარლამენტს. უკვე ტრადიციად იქცა, როცა ოჯახებით მოდიან   ქართულ პოლიტიკაში და  რჩებიან წლები. ეს არ არის სწორი. ყველამ თავისი გზა უნდა გაიაროს. ჩემმა ქალიშვილებმა  სხვა პროფესიული არჩევანი  გააკეთეს, თუმცა ჩემ გვერდით არიან და ძალიან მეხმარებიან. არც  მინდოდა, ისინიც რომ პოლიტიკაში ყოფილიყვნენ, ეს არ არის იოლი სფერო.  7 შვილიშვილი მყავს, არ ვიცი როგორი გარემო იქნება წლების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა  მე არც  მათ არ ვუსურვებდი  ასეთ  პოლიტიკაში ყოფნას. სამწუხაროდ, დღეს ქართული პოლიტიკა  არაფრისმცოდნე პოპულისტებით არის სავსე და  არა საქმეზე ორიენტირებული ადამიანებით,  ასეთი  პოლიტიკოსების მოტივაცია  მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი  ინტერესებია, რაც  ძალიან ცუდია. ეს ვერც  გარემოს შეცვლის და ვერც ქვეყნის  განვითარებას შეუწყობს ხელს.  მინდა მჯეროდეს, რომ ქართულ პოლიტიკაში ეს მიდგომები შეიცვლება და წლების შემდეგ მაინც სხვა პოლიტიკური სტანდარტი იქნება დამკვიდრებული.   

თამარ გუნია

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის